[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ინფოგრაფიკა

რა პრობლემები გამოავლინა საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის 2022-2023 წლების მონიტორინგმა?

საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში დაინერგა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე იყო. სისტემის მთავარი დანიშნულება პროცესის მიუკერძოებლობა, გარე ჩარევებისგან დაცვა და დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება იყო;

სამწუხაროდ, ბოლო წლებში, საქმეთა განაწილების სისტემის დახვეწა პრიორიტეტი აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ სისტემის სრულყოფა ევროკომისიის მიერ გაცემული სასამართლო რეფორმის რეკომენდაციის ერთ-ერთი ნაწილია;

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქმეთა განაწილების სისტემის მონიტორინგს 2018 წლიდან ახორციელებს. წარმოგიდგენთ ჩვენს რიგით მე-4 ანგარიშს, რომელიც მოიცავს 2022-2023 წლების პერიოდს. ამ პერიოდში კანონმდებობასა და პრაქტიკაზე დაკვირვებამ არაერთი სისტემური ხარვეზი და ბუნდოვანება გამოავლინა, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის რისკებს ქმნის.

საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემაზე ბოლო წლების დაკვირვებამ აჩვენა, რომ განაწილების წესის დახვეწა პარლამენტისა და იუსტიციის საბჭოსთვის პრიორიტეტი აღარ არის;

საქმეთა შემთხვევითად განაწილების წესი კვლავ არაერთ გამონაკლისს მოიცავს. ამიტომ, სასამართლოში შესული საქმეების თითქმის 1/3 შემთხვევითობის პრინციპის დაუცველად ნაწილდება;

ბუნდოვანი რჩება საქმეთა განაწილების წესში სასამართლოების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებები, მათი გადაწყვეტილებები კი, უმეტესად, არ საბუთდება. ეს, სისტემაში არსებული არაფორმალური გავლენების გათვალისწინებით, საფრთხეს უქმნის მოსამართლეთა საქმიანობას და მხარეთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საქმეთა განაწილების სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა თანაბარ დატვირთულობას, რაც უარყოფითად აისახება მათ დამოუკიდებლობაზე და მართლმსაჯულების ხარისხზე;

პრივილეგირებულები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სასამართლოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეები. მათი დატვირთულობის მაჩვენებლები 5-20 კვლავ პროცენტის ფარგლებში მერყეობს;

ადმინისტრაციული პოზიციის არმქონე მოსამართლეების დატვირთვა კი 2022-2023 წლებში 300 პროცენტამდე გაიზარდა.

საქმეთა განაწილების სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა თანაბარ დატვირთულობას, რაც უარყოფითად აისახება მათ დამოუკიდებლობასა და მართლმსაჯულების ხარისხზე;

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გასცა ინფორმაცია მოსამართლეთა დატვირთულობის თაობაზე, თუმცა უზენაესმა სასამართლომ და პირველი ინსტანციის რამდენიმე სასამართლომ დატვირთულობის რაოდენობრივი მაჩვენებლები გაასაჯაროვა;

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებზე განაწილებული საქმეების რაოდენობა წელიწადში 0-350 საქმის ფარგლებში მერყეობს, პირველი ინსტანციის სასამართლოებში კი - 300-დან 3000 საქმის ფარგლებში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გასცემს ინფორმაციას მოსამართლეთა დატვირთულობის თაობაზე;

საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, წლის განმავლობაში რამდენ საქმეს განიხილავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სასამართლოს თავმჯდომარეები და სხვა გავლენიანი მოსამართლეები;

უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში მითითებული არ არის ამავე სასამართლოს და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - ნინო ქადაგიძის მიერ განხილული საქმეების რაოდენობა.

სასამართლო სისტემის მზარდად ჩაკეტილობის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაუარესდა საქმეთა განაწილების სისტემის გამჭვირვალობის ხარისხიც;

2022-2023 წლებში საქმეთა განაწილების სისტემაში არსებული მდგომარეობის ანალიზისთვის აუცილებელი ინფორმაცია იუსტიციის საბჭომ საერთოდ არ გასცა;

სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ვალდებულებების მსგავსი უგულებელყოფა ზიანს აყენებს სასამართლოს მიმართ ნდობას და შეუძლებელს ხდის მის ეფექტიან მონიტორინგს.

საქმეთა განაწილების სისტემის დახვეწა წარმატებული სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია;

საქმეთა განაწილების გამართული სისტემა უზრუნველყოფს მოსამართლის დამოუკიდებლობას, პროცესის შიდა და გარე ჩარევისგან დაცვას და მიუკერძოებელი, დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას;

საქმეთა განაწილების სისტემის დახვეწა და შემთხვევითი პრინციპის დაუცველად განაწილებული საქმეების წილის შემცირება ევროკომისიიის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების ნაწილია. თუმცა იუსტიციის უამღლესმა საბჭომ და პარლამენტმა კომისიის რეკომენდაცია არც ამ ნაწილში შეასრულეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“