[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / სტატია

ყოველთვის ნიშნავს თუ არა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას?

შესავალი

“ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით” - ამ წინადადებით იწყება საქართველოს მთავრობის 2024 წლის მაისში მომზადებული ანგარიშის ის თავი, რომელიც ეკონომიკას ეხება.[1]

შეფასებების თვალსაზრისით, ეს მოხსენება არ განსხვავდება წინა წლებში გაკეთებული ანალოგიური შეფასებებისგან. ათწლეულებია, საქართველოს  ხელისუფლებაში მოსული ყველა ძალა, მისდამი ლოიალურად განწყობილ ექსპერტებთან და მედიასთან ერთად, ისეთი მაჩვენებლებით იწონებს თავს, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის შემცირება, საშუალო ხელფასის ზრდა და სხვა. პერიოდულად კი საერთაშორისო ორგანიზაციების რამდენიმე რეიტინგში საქართველოს მიერ დაკავებულ მოწინავე პოზიციებს გვამცნობს და ამით ცდილობს წარმატებული იმიჯის გამყარებას.

მთავრობების მსგავსად, საქართველოს ეროვნული ბანკიც საკუთარ ანგარიშებში მუდმივად გვამცნობს, რომ წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მისიას, რომელიც ფასების სტაბილურობის და ფინანსური სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფით, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილურ განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.[2]

მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ აღწერილი წარმატებების პარალელურად, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის დასტურად მხოლოდ ორ მონაცემს მოვიყვან. პირველი, სოციალური მომსახურების სააგენტოს  2024 წლის ივლისის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 677,495 ადამიანი იღებდა,[3] რაც მოსახლეობის 18%-ზე მეტია. მეორე, საქსტატის მონაცემებით, $6.85-ის შესაბამის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე ქვემოთ, 2021 წელს, მოსახლეობის 55.4% იმყოფებოდა. ეს მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ მხოლოდ 1.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა[4] და რვაწლიან შუალედში, 2014 წლიდან 2021 წლამდე, 58.3%-სა და 53.9%-ს შორის მერყეობდა. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის სწორედ ეს ზღვარი შეესაბამება ქვეყნების იმ ჯგუფს, რომელსაც OECD მიაკუთვნებს საქართველოს (Upper Middle Income Countries).[5]

ხელისუფლების ოპტიმისტურ განწყობასა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილის რეალურ მდგომარეობას შორის არსებული დიდი ნაპრალის და განსხვავებულ რეალობებში ყოფნის განცდის მიზეზი მმართველი ძალის მიერ ცალკეული ტერმინებითა და მონაცემებით მანიპულირება და სხვა, მათთან დაკავშირებული მაჩვენებლებისა და ინფორმაციის უგულებელყოფაა, რაც რეალური სურათის დანახვაში გვიშლის ხელს, არასწორად წარმოაჩენს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და მისი განვითარების დინამიკას. ხელისუფლებები იცვლება, ეს მიდგომა კი უცვლელი რჩებოდა.

მოტივი და მოქმედების მთავარი ლოგიკა

საქართველოს ხელისუფლებების მოქმედებების მთავარი მოტივის და მოქმედების ლოგიკის ასახსნელად სითიგრუპის ორ ანალიტიკურ ანგარიშს დავიხმარ, რომელიც წამყვანი ეკონომიკების ანალიზის საფუძველზე, ზოგად მდგომარეობას აღწერს და ახასიათებს.

სითიგრუპი ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ამერიკის საბანკო სფეროს ეგრეთწოდებულ დიდ ოთხ ბანკში შედის. ის უცვლელად არის G20-ის ფინანსური სტაბილურობის საბჭოს მიერ შედგენილი გლობალური სისტემური ბანკების[6] ჩამონათვალში, რომელიც 2011 წლიდან იწარმოება.

ვფიქრობ, რომ სითიგრუპის ანგარიშები ყველაზე კარგად ხსნის საქართველოს არსებული და წინა ხელისუფლებების მოტივებს და მოქმედების ლოგიკას. ეს ორი ანგარიში სითიგრუპმა 2005[7] და 2006[8] წელს გამოაქვეყნა. მიზანი, სითიგრუპის მომავალი ორიენტირების განსაზღვრა და კლიენტების მომავალი პოლიტიკის განსაზღვრისთვის საჭირო რეკომენდაციების მიცემა იყო, ამისთვის კი სითიგრუპმა ეკონომიკის გლობალური სურათი და მდიდრების მცირე ჯგუფების მიერ მართული ეკონომიკები განიხილა.

სითიგრუპს, 2005 წლის ანგარიშის ერთ-ერთ დოკუმენტში ახალი ტერმინი, პლუტონომია, შემოაქვს და განმარტავს, რომ მსოფლიო ორ ბლოკად იყოფა - პლუტონომია და დანარჩენი. პლუტონომია ისეთი საზოგადოებაა, სადაც ეკონომიკა მდიდრების მცირე ჯგუფს ეყრდნობა და ეკონომიკის მოხმარებაც დიდწილად მცირე ჯგუფის მიერ ხდება.[9] პლუტონომიის დახასიათების დროს სითიგრუპი აღნიშნავს, რომ პლუტონომიაში არ არსებობს „ამერიკელი მომხმარებელი,“ ან „რუსი მომხმარებელი,“ პლუტონომიაში არის მცირე რაოდენობის მდიდარი მომხმარებელი, რომელიც წარმოუდგენლად დიდი ოდენობის სიმდიდრეს ფლობს და არიან დანარჩენი არამდიდრები, რომლებიც საერთო ეროვნული „ნამცხვრის საოცრად მცირე ნაჭერს“ ფლობენ. პლუტონომიისთვის ფიქრის საგანს არ წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა, მისთვის მდიდრების ჯგუფია მნიშვნელოვანი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე იქნება ის, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს გარშემო, საზოგადოება პერიოდულად გამოხატავს უკმაყოფილებას პლუტონომიის მიმართ, არჩევნებში მძიმე დაპირისპირებების სახით, პლუტონომიას მანამ არ ემუქრება საფრთხე, სანამ ეკონომიკა იზრდება და ასევე იზრდება ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის შემოსავლების აბსოლუტური სიდიდეც, იმის მიუხედავად, რომ ამ შემოსავლების მსყიდველობითი უნარი მცირდება. ამ საფრთხეს ნაწილობრივ ისიც არბილებს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს თავად აქვს ზედა ფენებში გადასვლის იმედი. ანგარიში ამბობს, რომ რაღაც მომენტში, მცირერიცხოვანი მდიდრების ჯგუფის საზოგადოებასთან დაპირისპირება აუცილებლად მიიღებს კრიტიკულ ხასიათს, მაგრამ მათი აზრით, 2005 წელს ამ მომენტისგან ჯერ შორს ვიყავით. შესაბამისად, ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური კრიზისის საფრთხეც  არ იყო და პლუტოკრატებისთვის ყველანაირად ხელსაყრელი დრო იყო.

თუ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შემოსავლების განაწილებით ვიმსჯელებთ, თანამედროვე საქართველოს ეკონომიკა პლუტონომიის ლოგიკით ვითარდება და, აქედან გამომდინარე, არსებული და ყოფილი ხელისუფლებებისთვის პრიორიტეტი სწორედ მოსახლეობის მდიდარი 10 ან 1 პროცენტია და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების პროცესში, საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ინტერესების გატარებისთვის ადგილი აღარ რჩება.

მმართველი გუნდებისთვის, ამ პროცესში არსებული ერთადერთი, ან შესაძლოა მთავარი უხერხულობა არჩევნების პროცესია, რადგან ხელისუფლების შენარჩუნების ფორმალური გზა არჩევნებზე გადის. სწორედ არჩევნების გამო უხდებათ ხელისუფლებებს გარკვეული ფორმალური მიზეზების მოძებნა საკუთარი საქმიანობის წარმატებულობის ილუზიის შესაქმნელად. მათ სჭირდებათ, არასახარბიელო და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფები დაარწმუნონ, რომ მომავალი კეთილდღეობისთვის სწორედ ამ პროცესების გავლაა აუცილებელი. ეს კი, ობიექტური ანალიზის შემთხვევაში, შეუძლებელია და მხოლოდ სასურველი ნაწილის განხილვით შეიძლება ილუზიის შექმნა, თუნდაც დროებით. ყველაზე ხშირად ამისთვის გასაშუალოების მეთოდს იყენებენ, მშპ ერთ სულზე, საშუალო ხელფასი და ა.შ. სითიგრუპის ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი 2005 წლის ანგარიში კი ამბობს, რომ  პლუტონომიაში ანალიზი, რომელიც საშუალო მომხმარებელზეა ფოკუსირებული თავიდანვე მცდარია.[10]

ინდიკატორები

ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად, ყველაზე ხშირად მოიხმობენ შემდეგ ინდიკატორებს: ეკონომიკური ზრდა, მშპ და მშპ ერთ სულ მოსახლეზე, უმუშევრობის შემცირება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება და ინფლაციის დაბალი დონე და ა.შ. სტატიაში მხოლოდ რამდენიმე მათგანს შევეხები.

ეკონომიკური ზრდა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-სგან წარმოებული ინდიკატორებია, ამიტომ ისინი ერთად შეგვიძლია განვიხილოთ. საქართველოს მთავრობა და ექსპერტების ნაწილი ამ მაჩვენებლებს ყველაზე ხშირად იშველიებს. ამ მაჩვენებლების განყენებულად განხილვა, საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის რეალურ სურათს არ გვაჩვენებს, უფრო ნათელ ფერებში ხატავს მას და ისეთ წარმოდგენას ქმნის, თითქოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციას დადებითი ხასიათი აქვს და გარკვეული დროის შემდეგ მთელი საზოგადოება იგრძნობს ეკონომიკის წინსვლის შედეგებს. სინამდვილეში კი ეკონომიკის ზრდის ის მაჩვენებლები, რასაც მთავრობა გვამცნობს, მხოლოდ საზოგადოების ყველაზე შემოსავლიან (ზედა) 10-20%-ზე აისახება დადებითად, დანარჩენ მოსახლეობაზე კი სოციალურ და მატერიალურ წნეხს ზრდის.

პანდემიის დროს დაფიქსირებული კლების შემდეგ, 2021 წლიდან, მშპ კვლავ გაიზარდა და ეკონომიკურმა ზრდამ (მუდმივ ფასებში მშპ-ის პროცენტულმა მატებამ წინა წელთან შედარებით) 2021 წელს - 10.6%, 2022 წელს - 11%, ხოლო 2023 წელს კი - 7.5% შეადგინა. მიმდინარე ფასებში მშპ-ის ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო და იგივე წლებში, მშპ ერთ სულზე, შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 2021 – 16,374₾; 2022 - 19,626₾; 2023 – 21,598₾.[11] მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად უთანასწოროდ არის გადანაწილებული ხელფასები დასაქმებულების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, როცა მაგალითად 2023 წელს, შემოსავლების სამსახურის მონაცემების[12] დამუშავებით ვიღებთ, რომ ქვედა-50%-ის ჯამური ხელფასი, ხელფასების მთლიანი ოდენობის მხოლოდ 13%-ს შეადგენდა, ხოლო ქვედა-86%-მა ჯამში იგივე ხელფასი აიღო რაც ზედა-14%-მა, მაშინ მარტივად დავინახავთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი, არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენად აისახა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის კეთილდღეობაზე. მეტიც, ხელფასების განაწილების ზემოთ მოყვანილი მონაცემების გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშპ-ის არსებითი ნაწილი, მცირე, ზედა ჯგუფის სასარგებლოდ მუშაობს, დანარჩენი მოსახლეობა კი ფაქტობრივად მხოლოდ ღირებულების შექმნის პროცესში იღებს მონაწილეობას, ისე რომ, თავად სარგებელს არ იღებს.

ეკონომიკის მეინსტრიმული მოდელი, დასაშვებად, ლოგიკურად და ბუნებრივად მიიჩნევს, მთავრობის წინაშე ისეთი ალტერნატივის არსებობას, როგორიც არის - „ეკონომიკური ნამცხვრის სიდიდესა“ და თანასწორობას შორის არჩევანი. ანუ არჩევანი ეკონომიკის სიდიდესა და შედეგების სამართლიან განაწილებას შორის. მეტიც, ეს მოდელი „ეკონომიკური ნამცხვრის სიდიდისკენ“ უფრო ხშირად იხრება და არა სამართლიანობისკენ.[13] ასეთი ალტერნატივის დაშვება იმის აღიარებაა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, სამართლიანობაზე უარის თქმაც კი დასაშვებია და რომ მოსახლეობის კეთილდღეობა, სულ მცირე, უმთავრესი მიზანი არ არის. სამართლიანობაზე დროებითი უარის თქმის გამართლება ძირითადად გრძელვადიან პერსპექტივაში კეთილდღეობის მატებით ხდება. თუმცა, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. მაგალითად ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევარმა, დევიდ ჰოუპმა, აჩვენა, რომ მდიდრებისთვის გადასახადების შემცირება, რაც ეკონომიკის მეინსტრიმული თეორიით, ეკონომიკის ზრდას იწვევს, მხოლოდ მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრება გამოიწვია, ხოლო უმუშევრობასა და ეკონომიკურ ზრდაზე საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია.[14]

ასევე არასრულ და არაობიექტურ სურათს გვაჩვენებს საქსტატის მიერ აღრიცხული უმუშევრობის დონის განყენებულად განხილვა და ამ მაჩვენებლის შემცირების წარმატებად წარმოჩენა იმ პირობებში, როცა უმუშევრების და დასაქმებულთა აღრიცხვის დროს არ ხდება მინიმალური ხელფასის, საარსებო მინიმუმის, სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის, საცხოვრებელი ხელფასის, სამუშაო ძალის გარეთ მყოფთა რაოდენობის და მათი მოტივების, და სხვა სიდიდეების გათვალისწინება.

დასაქმების შეფასებისთვის ხელისუფლება, ეკონომიკის მეინსტრიმული თეორიის მომხრე ექსპერტები და მედია, ძირითადად უმუშევრობის დონეს იყენებენ. რატომ ვაფასებთ დასაქმების დონეს უმუშევრობის და არა თავად დასაქმების დონით? შესაძლოა, ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის, რომელიც ამ მაჩვენებლების გამოთვლის წესში კარგად არ არის გათვითცნობიერებული, უმუშევრობის დონის ცოდნა ავტომატურად დასაქმებულთა რაოდენობის ცოდნას ნიშნავს და ფიქრობს, რომ სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უმუშევართა კატეგორიას არ ეკუთვნის - დასაქმებულია. საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის სტატისტიკაში არ შედიან 15 წლის და უფროსი ასაკის ემიგრაციაში მყოფი (ვინც 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში არ იმყოფებიან შინამეურნეობაში) პირები. ანუ, როცა ვამბობთ, რომ 2023 წელს უმუშევრობის დონე 16.4% იყო, მოსახლეობის დიდ ნაწილს უჩნდება ასოციაცია, რომ საქართველოში მყოფი დანარჩენი 83.6% დასაქმებული იყო (სამხედროების და პატიმრების გამოკლებით). მაგრამ თუ იგივე საქსტატის 2023 წლის მაჩვენებლებს ვნახავთ, როცა უმუშევრობის დონე 16.4% იყო, დასაქმების დონე 44.5%-ს შეადგენდა.[15] დასაქმების შეფასებისთვის, დასაქმების დონის გამოყენების შემთხვევაში, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იფიქრებდა, რომ უმუშევარი დანარჩენი 55.5% იყო. რაც ხელისუფლების საქმიანობას უარყოფით ელფერს შესძენდა.

დასაქმების დონესა და უმუშევრობის დონეს შორის ასიმეტრიის მიზეზი ის არის, რომ უმუშევრობის დონე ასახავს უმუშევრების წილს სამუშაო ძალაში, ხოლო დასაქმების დონე კი დასაქმებულთა წილს სამუშაო ასაკის მოსახლეობაში. სამუშაო ძალა და სამუშაო ასაკის მოსახლეობა კი ორი განსხვავებული სიდიდეა.[16] სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქსტატი უმთავრესად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ განმარტებებსა და დაანგარიშების წესებს იყენებს. ოღონდ, მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა სახით და რა ფორმებით ხდება ამ განმარტებებისა და წესების შედეგად მიღებული მაჩვენებლების პრეზენტაცია მთავრობების, ძალაუფლების და გავლენის მქონეთა მიერ (მედიებში), აკადემიური წრეების მიერ, და ა.შ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მონაცემების იზოლირებულად და არასრულად წარდგენა, მანიპულაციისთვის დიდ სივრცეს ტოვებს.

ასევე, საყურადღებოა დასაქმებულთა აღრიცხვის წესი, როცა ანაზღაურების სიმცირე გავლენას არ ახდენს დასაქმებულთა კატეგორიაში მოხვედრა-არმოხვედრაზე და ყველა ვისაც კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაიმე სახის, ნებისმიერი ოდენობის ანაზღაურება აქვს აღებული, ამ კატეგორიაში აღირიცხება.

არსებული მონაცემების პრეზენტაციის დროს არც იმის აღნიშვნა ხდება, რომ ამ წესში, ანაზღაურების მინიმალური ზღვრის არარსებობას, ქვეყნების დიდი ნაწილი, სხვა საშუალებებით აკომპენსირებს, რომელთა შორის არის, ე.წ. უმუშევრობის ბენეფიტები, მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობა და სხვა საშუალებები. ჩემი გამოთვლებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურების მქონე პირები დასაქმებულთა კატეგორიაში არ აღირიცხებოდნენ, შემოსავლების სამსახურის და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, უმუშევრობის დონე 2023 წელს, დაახლოებით 2-ჯერ მეტი იქნებოდა და 30%-ს გადააჭარბებდა, ხოლო დასაქმების დონე 44.5%-ის მაგივრად 37%-მდე შემცირდებოდა,

დასაქმებულების და უმუშევრების გარდა, ქვეყანაში ცხოვრობენ სამუშაო ასაკის მქონე ადამიანები, რომლებსაც არც დასაქმებულების კატეგორიას მიაკუთვნებენ და არც უმუშევრების. მათ სამუშაო ძალის გარეთ მყოფებს უწოდებენ. მართალია ამ ჯგუფის წევრები არ არიან დასაქმებული, მაგრამ რადგან გამოკითხვამდე 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდნენ სამუშაოს ან გამოკითხვის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში არ იყვნენ მზად მუშაობის დასაწყებად, ისინი უმუშევართა კატეგორიაშიც არ შეჰყავთ. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვნახოთ, რომ მათი რაოდენობა, პენსიაზე გასულთა რაოდენობის გამოკლებით, 2023 წელს 560 ათასი იყო, 2.15-ჯერ მეტი, ვიდრე უმუშევართა რაოდენობა.

სამუშაო ძალის გარეთ მყოფთა კატეგორიის არსებული წესით გამოთვლა ლოგიკური იყო 1970-იან წლებამდე, როცა ცხოვრების წესი განსხვავდებოდა დღევანდლისგან და სამუშაო ასაკის მქონე ქალების უდიდესი ნაწილი საოჯახო საქმით იყო დაკავებული, როგორც მაგალითად 1950-იანების ბრიტანეთში, როცა ყოველი დაოჯახებულები 5 ქალიდან მხოლოდ 1 ქალი მუშაობდა.[17] ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს შორის, რაღაც პროცენტმა შეიძლება დღესაც ნებაყოფლობით თქვას უარი დასაქმებაზე, რადგან ამის მატერიალური აუცილებლობა არ არსებობს. მაგალითად, ზედა-10%-ში შემავალთა ოჯახის წევრებმა. მაგრამ იმ პირობებში, როცა 2023 წელს, დასაქმებულთა 25%-ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა, როცა იგივე საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს, $6.85-ის შესაბამისი სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 55.4% იყო,[18] როცა არ არსებობს უმუშევრობასთან დაკავშირებული შეღავათების (Unemployment Benefits) არანაირი ფორმა, და როცა 15 წელზე უფროსი და არასაპენსიო ასაკის მოსახლეობა 2 მილიონზე ოდნავ მეტია, ძნელი წარმოსადგენია, რომ 560 ათასი ადამიანის დიდ ნაწილს, მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე ეთქვა დასაქმებაზე უარი. შესაძლოა, ასეთ „პასიურობას“, ნაწილის შემთხვევაში მაინც, სამუშაოს პოვნასთან დაკავშირებული უიმედობა, დაბალი ხელფასები და მძიმე სამუშაო პირობები იწვევს.

სასკია სასენი, ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს განდევნილებს უწოდებს. ის ამბობს, რომ  თანამედროვე სახელმწიფოს საზომები მათ ვერ აღიქვამს და ისინი უხილავნი ხდებიან.[19]

საერთაშორისო რეიტინგები

ამჟამინდელ ხელისუფლებას, ისევე როგორც მის წინამორბედს, საკუთარი საქმიანობის წარმატებულად წარმოსაჩენად და ეკონომიკის და ბიზნესის სწორი ორიენტირების დამამტკიცებელ არგუმენტად, პერიოდულად სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის გარკვეულ კატეგორიებში საქართველოს მიერ დაკავებული მოწინავე პოზიციები მოჰყავს. ამ რეიტინგებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აწარმოებენ, შესაბამისად მათ სისწორეში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ რა იზომება კონკრეტულად ამ რეიტინგებით და ვისთვის არის ის გამიზნული?

ქვემოთ მოცემულია რეიტინგების ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოჰყავს თავის ერთ-ერთ ანგარიშში:[20]

  • ბიზნესის ადვილად კეთების ინდექსი - მსოფლიო ბანკი;
  • ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - Heritage Foundation;
  • მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი - Fraser Institute;
  • მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - მსოფლიო ბანკი;
  • გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI) - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი;
  • მცირე და საშუალო საწარმოების პოლიტიკის ინდექსი - SME Policy Index  - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD);
  • FDI Regulatory Restrictiveness Index - Investment Policy Review of Georgia - OECD;
  • Gender Gap - გენდერული თანასწორობა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად.

მოცემული ჩამონათვალიდან, Gender Gap-ის გარდა, რომელიც ეკონომიკაში მონაწილეობის კუთხით არსებულ გენდერულ ნაპრალს აფასებს, და რომელზეც მთავრობა ამ რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესების გამო ამახვილებს ყურადღებას (95-დან 49 ადგილზე გადანაცვლება), ყველა დანარჩენი, უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალურია საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონეთა მიმართ, უარეს შემთხვევაში კი ამძიმებს მათ მდგომარეობას. ,  საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ ადგილობრივი და, განსაკუთრებით, უცხოელი ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის წყაროა.

მაგალითად, ბიზნესის ადვილად კეთების (Ease of Doing Business) რეიტინგში, რომელიც ამ ინდექსს, ათი მაჩვენებლის გასაშუალოებით ითვლის,[21] საქართველოს მაღალი პოზიციის მთავარი განმსაზღვრელი ბიზნესის დარეგისტრირების სისწრაფე და ქონების რეგისტრაციის სისწრაფეა.[22] ისევე როგორც ეს ორი მაჩვენებელი, დანარჩენი რვაც კაპიტალის მქონე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფებისთვის ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ფორმალობების გაადვილებას აფასებს და არა მცირე კაპიტალის, ან კაპიტალის არმქონეთათვის ბიზნესის დაწყების შესაძლებლობის გაადვილებას.

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, რომელიც ჰერითეჯ ფაუნდეიშენის მიერ ტარდება და რომელშიც საქართველო 2020 წელს მე-12 პოზიციას იკავებდა, ზომავს ბიზნესის თავისუფლებას და მას რეგულაციების სიმცირის და გადასახადების სიმარტივის მიხედვით აფასებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას უწოდებს.[23]

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, საქართველოს სხვა ქვეყნებთან უპირატესობას სამ კატეგორიაში ანიჭებს. ესენია, უმაღლესი ზღვრული გადასახადის განაკვეთი, მიწის და მასზე მდგარი შენობების გაყიდვის სიმარტივე და ბიზნეს ნებართვების სიმარტივე,[24] რომლებშიც საქართველოს 10-დან, შესაბამისად 10, 9.98 და 9.98 შეფასებები აქვს. მიწის და მასზე მდგარი შენობების გაყიდვის სიმარტივე და ბიზნეს ნებართვების სიმარტივე ტექნიკური პროცესის გაადვილებას აფასებს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში, სწორედ ეს სიმარტივე გულისხმობს მოსახლეობაზე უარყოფით გავლენებს, განსაკუთრებით მსხვილი პროექტების შემთხვევაში, როგორც მაგალითად „ნამოხვანის“ ან „რაჭის ტყეების“ შემთხვევებში იყო, ან სამთომომპოვებელი საქმიანობის დროს გვხვდება ჭიათურაში, ქვემო ქართლში ან სხვა რეგიონში. ხოლო იმის საჩვენებლად, რომ ზღვრული გადასახადის განაკვეთის სიდიდე არ არის ეკონომიკის სიჯანსაღის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი, განვითარებული ეკონომიკის მქონე რამდენიმე ქვეყნის შეფასებას მოვიყვან იგივე რეიტინგის, იგივე კატეგორიაში, სადაც საქართველოს რეიტინგი 10-დან 10-ია: აშშ - 5; გაერთიანებული სამეფო - 3; ისრაელი - 5; იტალია - 2.5; საფრანგეთი - 3. სამივე კატეგორიაში, მაღალი მაჩვენებელი მატერიალურად უფრო ძლიერს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - მსოფლიო ბანკი ამ ინდიკატორს 6 მიმართულებით აფასებს. ამ ექვსიდან საქართველოს მხოლოდ ერთში აქვს შედარებით მაღალი, 37-ე პოზიცია, რომელიც ინვესტიციების თავისუფლებას, ფინანსურ თავისუფლებას და ფასების ლიბერალიზაციას აფასებს.[25]

ეს მაჩვენებლები მხოლოდ საქართველოში ბიზნესის კეთების ტექნიკურ სიმარტივეს ზომავს. ტექნიკური სიმარტივე, რიგ საკითხებში სასურველი და აუცილებელიც კია, მაგრამ ისეთ საკითხებში, როგორიც ეკოლოგიასთან, შრომით უფლებებთან და მსგავს საკითხებთან არის დაკავშირებული, ზედმეტი სიმარტივე, შესაძლოა, დამღუპველიც კი იყოს.

ზემოთ ჩამოთვლილ რეიტინგებში მოწინავე პოზიციები მეინსტრიმული ეკონომიკის მიმდევრების მიერ ითარგმნება, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში მდიდრებისთვის ბიზნესის კეთების ხელსაყრელი და მიმზიდველი პირობების შექმნა. რაც, მათი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალო და ღარიბი ფენების კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება. თუმცა თუ ნობელიანტ ეკონომისტს, ჯოზეფ სტიგლიცს დავუჯერებთ და „უფრო ყურადღებით დავაკვირდებით სიმდიდრის განაწილების მწვერვალზე მყოფებს, დავინახავთ, რომ მათი გენიალურობის არც თუ ისე პატარა ნაწილი ბაზრის ძალების და ნაკლოვანებების უკეთ გამოყენებაშია და, ბევრ შემთხვევაში, იმის უზრუნველყოფის მოძებნაში, რომ პოლიტიკამ მათზე იმუშაოს და არა ზოგადად საზოგადოებაზე.“[26]

ეკონომიკის სექტორები

ხუთი ძირითადი სექტორი, რომელზეც საქსტატის მონაცემების მიხედვით, მშპ-ს სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი მოდის 2023 წელს, იყო  დამამუშავებელი მრეწველობა (ძირითადად ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები) – 17.8%, საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 13.7%, მშენებლობა - 12%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა - 6.6% და ტრანსპორტი და დასაწყობება - 6.6%.[27] იგივე სექტორებს გამოყოფს საკუთარ ანგარიშში საქართველოს მთავრობაც.[28]

2023 წელს, ამ ხუთ სექტორზე მშპ-ს 56.7% და დასაქმებულთა დაახლოებით 42% მოდიოდა. მშპ-ს სტრუქტურის შემადგენელი ხუთი ძირითადი სექტორიდან სამი - დამამუშავებელი მრეწველობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, მშენებლობა - დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, დამსაქმებელთა ხუთეულშიც შედის და მათზე, ჯამში დასაქმებულთა 36% მოდის. საშუალო ხელფასის მიხედვით კი საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, ამ ხუთიდან მხოლოდ ორშია დაქირავებულთა საშუალო ხელფასი საერთო საშუალოზე მაღალი, რომელიც 2022 წელს 1,543 ლარი იყო.[29]

იგივე საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს დასაქმების ძირითადი სექტორები იყო: სოფლის მეურნეობა - 17%, საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 15%, მრეწველობა 12%, განათლება - 12% და მშენებლობა - 9%. ამ ხუთიდან მხოლოდ მშენებლობის სექტორშია დაქირავებულთა საშუალო ხელფასი საერთო საშუალოზე მაღალი. განათლების სექტორში არსებული საშუალო ხელფასი კი სექტორებს შორის მუდმივად ყველაზე დაბალია.[30] ამ ხუთიდან ოთხი სექტორი დაქირავებულთა საშუალო ხელფასის მიხედვით, 18 სექტორისგან შემდგარი სიის ქვედა ნახევარში ხვდება. ამასთან, სოფლად დასაქმებულთა მხოლოდ 30%-ია დაქირავებული, დანარჩენი კი ხელფასების სტატისტიკაში არ მონაწილეობს.[31]

ასევე უნდა ითქვას, რომ ის სექტორები, რომლებიც ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფენ, არ ქმნიან მაღალ დამატებით ღირებულებას, როგორც მაგალითად ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე ორიენტირებული დარგები, შესაბამისად არსებული სექტორებისთვის მაღალი მოგების მისაღებად ყველაზე ქმედითი საშუალება, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე უარის თქმა და დასაქმებულების ხელფასების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებაა. ამის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება, ხელფასების სხვადასხვა ჯგუფებს შორის განაწილებაც არის, როცა ზედა-10%-ის ჯამური ხელფასი ქვედა-80%-ის ჯამურ ხელფასზე მეტია.

მაღალი დამატებითი ღირებულების შემქმნელი დარგების განსავითარებლად აუცილებელია ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტების და ორიენტირების ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკისკენ გადამისამართება. ეს გრძელვადიანი ხედვის და გეგმის არსებობას, ასევე ახალ ორიენტირებს მოითხოვს. აღნიშნულის წარმატებულად განსახორციელებლად კი მოსახლეობის ჩართულობის ძალიან მაღალი დონე და გრძელვადიანი ხედვების და გეგმების არსებობაა საჭირო. სამწუხაროდ, ამ ათწლეულების განმავლობაში საამისო მზადყოფნა და ნება არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუვლენია.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობა და სანდოობა

1991 წლიდან დაწყებული, საქართველოს ყოველი მთავრობა ეკონომიკის პოლიტიკის თავისუფალი ბაზრის პრინციპზე აგების სურვილის დეკლარირებას ახდენს და ბევრ გადაწყვეტილებას ამ პრინციპისადმი ერთგულებით ასაბუთებს. არსებული ხელისუფლებაც ამ პრინციპების ერთგულებას აცხადებს.[32]  მიუხედავად ამისა, ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობის მხრივ მაინც ბევრ შეუსაბამობას ვაწყდებით.

მაგალითად, 2020 წლის დეკემბერში მიღებულ, 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ „პრიორიტეტული იქნება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება,”[33] ხოლო ჩინეთი, პრიორიტეტული ქვეყნების ზოგად ჩამონათვალშიც არ არის. 2024 წლის პირველ ნახევარში კი ამისგან 180 გრადუსით საპირისპირო ქმედებებს ვხედავთ და პროგრამის შეუსაბამო განცხადებებს ვისმენთ.[34]

იგივე პროგრამა ერთ-ერთ პრიორიტეტად მცირე ბიზნესის ხელშეწყობას განსაზღვრავს, რაც სავარაუდოდ ევროკავშირთან დაახლოების საჭიროებით იყო ნაკარნახევი, თუმცა ერთადერთი ქმედება, რაც პროგრამაში იყო ჩაწერილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ტრენინგი და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაა.

ეკონომიკური პოლიტიკის არასტაბილურობა და მისი ხშირი ცვლილება, ქვეყნისადმი ნდობას ამცირებს. ქვეყანა გრძელვადიან პროექტებზე ორიენტირებულ სანდო და საიმედო ბიზნეს კომპანიებისთვის მიმზიდველობას კარგავს, ხოლო მოკლევადიან და სწრაფ მოგებაზე ორიენტირებულ, ნაკლებად საიმედო კომპანიებში პოპულარობა მატულობს, რაც გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის დამღუპველია და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის გაუარესებას და მის მატერიალურ გაღარიბებას უწყობს ხელს.

დასკვნა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყოველი ხელისუფლება (მთავრობების, მსხვილი ბიზნესის, მათდამი ლოიალურად განწყობილი ექსპერტები და მედია) ეკონომიკის წარმატებული განვითარებით იწონებს თავს. იმის გამო, რომ ეკონომიკის მეინსტრიმული მოდელი, დასაშვებად, ლოგიკურად და ბუნებრივად მიიჩნევს, მთავრობის წინაშე ისეთი ალტერნატივის არსებობას, როგორიც არის - „ეკონომიკური ნამცხვრის სიდიდესა“ და თანასწორობას შორის არჩევანი. ანუ არჩევანს ეკონომიკის სიდიდესა და შედეგების სამართლიან განაწილებას შორის,[35] რაც იმის აღიარებაა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, სამართლიანობაზე უარის თქმაც კი დასაშვებია ეკონომიკის ზრდის სასარგებლოდ.

ეკონომიკის ზრდა და სხვა ინდიკატორები, დამატებითი გარემოებების და ფაქტორების გათვალისწინების გარეშე რეალური სურათის შეფასებას აძნელებს და მანიპულაციისთვის დიდ სივრცეს ტოვებს. იგივე დამატებითი გარემოებების და ფაქტორების გაუთვალისწინებლობა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას აუარესებს, ზრდის უსამართლობის განცდას და შესაბამისად, უკმაყოფილებას. იზრდება ხელისუფლებასა დ მოსახლეობას შორის არსებული ნაპრალი.

ეკონომიკის განვითარებას, მსხვილი ბიზნესი განსაზღვრავს, ოღონდ ისე, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებაც და მსხვილი ბიზნესიც აბსტრაქტულ თავისუფალ ბაზარს აკისრებს. არჩევნების წინ კი ტერმინების და მაჩვენებლების მანიპულაციით საკუთარი საქმიანობის წარმატებულად წარმოჩენას ცდილობს.

მდგომარეობის გამოსასწორებლად პრიორიტეტების გადააზრება, საზოგადოების კეთილდღეობის და ჯანსაღი გარემოს უმთავრეს, რეალურ და არა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ პრიორიტეტებად დასახვა, ყველა დანარჩენის კი ამ პრიორიტეტებისადმი დაქვემდებარებაა საჭირო. სამართლიანობის განცდის გარეშე, შემოსავლების თანასწორობის გარეშე, არც სატრანსპორტო დერეფნად, არც ენერგო და საკომუნიკაციო დერეფნად, არც ნებისმიერი სახის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება, მოსახლეობის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას არ გამოასწორებს. პირიქით, სოციალური სამართლიანობის პრიორიტეტად გამოცხადების გარეშე, საზოგადოების სოციალური და მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და რაღაც მომენტში აუცილებლად მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება, 2024, გვ.72, https://civil.ge/wp-content/uploads/2024/06/363328.pdf

[2]  ეროვნული ბანკის მისია, ეროვნული ბანკის მისია (nbg.gov.ge)

[3] საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა, სოციალური მომსახურების სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტო (moh.gov.ge)

[4] სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი, საქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done

[5] How do the 2017 PPPs change our understanding of global and regional poverty? World Bank, https://blogs.worldbank.org/en/opendata/how-do-2017-ppps-change-our-understanding-global-and-regional-poverty?_gl=1*smv3si*_gcl_au*MTI5NjA2Mzg1NC4xNzE3NDk5OTg5

[6] Global Systemically Important Financial Institutions (G-SIFIs), 2023 List of Global Systemically Important Banks (G-SIBs) - Financial Stability Board (fsb.org)

[7] Plutonomy: Buying Luxury, Explaining Global Imbalancies, Equity Strategy, Citigroup, October 16, 2005, plutonomy-1.pdf (typepad.com)

[8] Revisiting Plutonomy: The Rich Getting Richer, Citigroup, March 5, 2006, kapur_2006.pdf (wtf.tw)

[9] Plutonomy: Buying Luxury, Explaining Global Imbalancies, Equity Strategy, Citigroup, October 16, 2005, p.1, plutonomy-1.pdf (typepad.com)

[10] Plutonomy: Buying Luxury, Explaining Global Imbalancies, Equity Strategy, Citigroup, October 16, 2005, p.1, plutonomy-1.pdf (typepad.com)

[11] მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), საქსტატი, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge)

[12] შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მონაცემები, www.rs.ge - სტატისტიკა

[13] გრეგორი მენქიუ, ეკონომიკის პრინციპები, დიოგენე - ქართული გამოცემა, 2008, გვ.5

[14] David Hope, Tax cuts for the wealthy only benefit the rich: debunking trickle-down economics, LSE, 24 Jan, 2023, Tax cuts for the wealthy only benefit the rich | LSE Research

[15] სამუშაო ძალის მაჩვენებლები, დასაქმება და უმუშევრობა, საქსტატი, 01-samushao-dzalis-machveneblebi.xlsx (live.com)

[16] სამუშაო ძალის გამოკვლევა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სამუშაო-ძალის-გამოკვლევა.pdf (geostat.ge)

[17] Helen McCarthy, The Rise of the Working Wife, History Today, Volume 70 Issue 5 May 2020, The Rise of the Working Wife | History Today

[18] სიღარიბის საერთაშორისო ზღვრებს ქვეშ მყოფი მოსახლეობის წილი (%), სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი, საქსტატი, სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტები - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge)

[19] სასკია სასენი, განდევნები, ქართული გამოცემა, გამომცემლობა ალტერბრიჯი, თბილისი, საქართველო, 2021, გვ.274

[20] საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გვ.19-22, sme_development_strategy_2021_2025_.pdf (economy.ge)

[21] Methodology, Doing Business, The World Bank Group, Methodology for Doing Business

[22] Ease of Doing Business, The World Bank Group,  Rankings (doingbusiness.org)

[23] საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გვ.20, sme_development_strategy_2021_2025_.pdf (economy.ge)

[24] Economic Freedom of the World, Fraser Institute, 2023, economic-freedom-of-the-world-2023.pdf (fraserinstitute.org)

[25] Regulatory Quality, The World Bank, rq.pdf (worldbank.org)

[26] Joseph Stiglitz, Says American Inequality Didn’t Just Happen, Evonomics, It Was Created, Nobel Laureate Economist Says American Inequality Didn’t Just Happen. It Was Created. - Evonomics

[27] ეკონომიკის მთლიანი გამოშვება მიმდინარე ფასებში, მშპ, საქსტატი, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp

[28] სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება, 2024, გვ.72, https://civil.ge/wp-content/uploads/2024/06/363328.pdf

[29]  დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით, საქსტატი, ხელფასები - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge), 02_xelpasi_wliuril_sakmianoba.xls (live.com)

[30] დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო წლიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით, საქსტატი, 02_xelpasi_wliuril_sakmianoba.xls (live.com)

[31] OECD (2020), OECD Investment Policy Reviews: Georgia, OECD Investment Policy Reviews, OECD Publishing, Paris, p.19, https://doi.org/10.1787/0d33d7b7-en

[32] სამთავრობო პროგრამა 2021-2024 – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, საქართველოს მთავრობა, 2024, გვ.26, https://www.gov.ge/files/68_78117_645287_govprogramme2021-2024.pdf

[33] სამთავრობო პროგრამა 2021-2024 – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, საქართველოს მთავრობა, 2024, გვ.25, https://www.gov.ge/files/68_78117_645287_govprogramme2021-2024.pdf

[34]  ირაკლი კობახიძე ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ადარებს, რადიო თავისუფლება, 23 თებერვალი, 202, ირაკლი კობახიძე ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ადარებს (radiotavisupleba.ge)
მადლობა ჩინეთს, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია, პუბლიკა, 5 ივნიხი, 2024, კობახიძე რეზოლუციაზე: მადლობა ჩინეთს, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია (publika.ge)

[35] გრეგორი მენქიუ, ეკონომიკის პრინციპები, დიოგენე - ქართული გამოცემა, 2008, გვ.5

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“