საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
(თავდაპირევლად გამოქვეყნდა liberali.ge-ზე)
საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებში შექმნილ მძიმე ვითარებას პირველად ოთხი წლის წინ გავეცანი. რა თქმა უნდა, ქვეყნის დანარჩენ ნაწილშიც, არანაკლებ უჭირს მოსახლეობას, მაგრამ ამ ქალაქებში მაინც ყველაზე მძიმე ვითარებაა. ადამიანები ყოველდღე აკეთებენ არჩევანს მონურ პირობებში შრომასა და შიმშილს შორის. ოთხი წლის წინ ვფიქრობდი, რომ მთავარი იყო იქ შექმნილ პრობლემებზე ინფორმაცია აქტიურად გავრცელებულიყო და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა სოლიდარობა. იმედი მქონდა, მოქალაქეები არ შეეგუებოდნენ, რომ ადამიანები ასე აშკარად ხდებიან ექსპლუატაიციის მსხვერპლნი და მსხვილი კაპიტალის მფლობელის კიდევ უფრო გამდიდრებას ეწირებიან. როდესაც ამ თემაზე ვინმეს ესაუბრები, უმეტესად გულთან მიაქვთ დასაქმებულთა პრობლემები და შესაძლოა ცრემლიც მოადგეთ თვალზე.
სამწუხაროდ, ეს სპონტანურად გაჩენილი თანაგრძნობა მალევე ქრება. ყველაზე უფრო საშინელი ტრაგედიაც კი, ძველი ფილმის კადრებივით ავიწყდება ყველას. ამიტომაც, ამჯერად, ტრაგედიებზე არ ვისაუბრებ. საჭიროა საკითხის რეალური გააზრება და არა წუთიერი თანაგრძნობა.
ბოლო დროს, ერთი შეხედვით, ეს თემა უფრო აქტუალურიც გახდა, მედიასივრცეში გაჩნდა გადაცემები, რომლებიც დროს უთმობენ ამ საკითხებს, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. ინდუსტრიულ გეტოებში ისევ განუკითხაობაა და თუ ჩარევა გარედან არ მოხდა, ეს უსამართლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ადგილზე კაპიტალის მფლობელს გააჩნია ყველა ბერკეტი და საშუალება საფუძველშივე ჩაახშოს ნებისმიერი სახის პროტესტი.
ივლისში, სტუდენტები, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან“ ერთად, ტყიბულში ვიყავით. შევხვდით პროფკავშირის წარმომადგენლებს, მუშებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქალაქში უმძიმესი სოციალური და ეკოლოგიური პრობლემებია. მიუხედავად ყველაფრისა, იქ არ არსებობს არანაირი ორგანიზებული წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, არის მცირე გამონაკლისები - რამდენიმე ადგილობრივი ღიად საუბრობს უსამართლობაზე, ჩაგვრაზე. ისინი მზად არიან, თანადგომის შემთხვევაში, დღესვე დაიწყონ წინააღმდეგობის მოძრაობა. იციან, რომ ქვანახშირის ნარჩენების გორებისა და მტვრის სქელი ფენის ქვეშ, ჯერ კიდევ არსებობს მათი ქალაქი. ასეთი ადამიანები რეალურად ცხოვრობენ. შეგხვდებიან ქუჩაში თუ გაგიმართლებს, მაგრამ ისინი უკიდურეს უმცირესობაში არიან, მძიმე პირობებში ცხოვრებით დაუძლურებულნი.
ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია. ისინი არ აპირებენ ბრძოლას. მეტიც, საერთოდ ერიდებიან პრობლემებზე საუბარს. უნდობლად უყურებენ ყველას, ვინც ტყიბულში შექმნილ ვითარებაზე იწყებს საუბარს. დედაქალაქიდან ჩასულ ასეთ ჯგუფებთან შესახვედრად სულ რამდენიმე ადამიანი მოდის. ისინიც ძალიან ფრთხილად საუბრობენ, ყველა სიტყვა ყელში ეჩხირებათ, რადგან ღარიბ ადამიანებს სახელმწიფო და კაპიტალის მფლობელები დიდი ხანია შიშს აჭმევენ.
ასეთ სიტუაციაში, შეგვიძლია დავსხდეთ და ველოდოთ სასწაულს. დავიტოვოთ იმედი, რომ ადგილობრივები ერთხელაც შეძლებენ ორგანიზებას და ბრძოლას. ეჭვგარეშეა, რომ თუ ჩაგრულმა თვითონ არ დაიწყო საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერება და წინააღმდეგობა, მის ნაცვლად სხვა ამას ვერ გააკეთებს.
ეს ყველაფერი ცხადია, თუმცა შესაძლოა დიდხანს მოგვიწიოს ლოდინი. აუცილებელია სხვა გზების პოვნა. საჭიროა კარგად შევისწავლოთ ის ფაქტორები და ბერკეტები, რომლის მეშვეობითაც მსხვილი კაპიტალის მფლობელი და ბიუროკრატიული აპარატი ახერხებს, რომ ჩანასახშივე მოსპოს ყველანაირი პროტესტი.
თემით დაინტერესებული ადამიანების ერთი ნაწილი საუბრობს ყალბ ცნობიერებაზე, რომელიც ჩაგრულებს ჩამოუყალიბდათ. ბევრ ადამიანს უკიდურესი სიღარიბის გამო, წაერთვა ყველა შესაძლებლობა მიიღოს ღირებული ინფორმაცია. ასეთ სიტუაციაში ისინი იოლად ექცევიან ნაციონალისტური რიტორიკით მოსაუბრე, პარტიული ინტერესებით მოტივირებული ან ფაშისტური მედიასაშუალებების გავლენის ქვეშ. ამის შედეგად შეიძლება, ვინმემ საკუთარი გაუსაძლისი მდგომარეობის მიზეზად დაასახელოს: ''ერის ზნეობრივი გადაგვარება'', რომელიმე პოლიტიკოსი, სექსუალური უმცირესობები ან სულაც ცხოველთა უფლებების დამცველები. ზოგიერთი სწორედ ამით ხსნის, რომ ადგილობრივებს რეალური საპროტესტო მოძრაობა არ დაუწყიათ.
ეს ყველაფერი დიდი პრობლემაა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, საქმე ცოტა სხვაგვარადაა. თბილისსა და შედარებით დიდი ქალაქებში მცხოვრები ადამიანები მეტად გამოირჩევიან ფობიებით. უშუალოდ ინდუსტრიაში მომუშავე ხალხის უმრავლესობამ კარგად იცის ვინ არის მთავარი დამნაშავე მათ სიღარიბეში. ნაკლებად ეცნობიან ფაშისტურ მედიასაშუალებებს. ამის მიზეზი მუშების გაუცხოებაც არის და ეს უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ ფაქტია, ისინი ნაკლებად ირგებენ ''ზნეობის დამცველის'' როლს. ამ ყველაფრისთვის მათ უბრალოდ არ რჩებათ დრო.
მუშების დიდ ნაწილს კარგად ახსოვს საბჭოთა კავშირის დროს არსებული ვითარება. მდგომარეობა მაშინაც არ იყო სახარბიელო, მაგრამ მაშინ სახელმწიფო მაინც ახერხებდა მათი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ისინი ახლაც თვლიან, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ისევ სახელმწიფომ უნდა აიღოს.
ამ ეტაპზე ეს მაქსიმუმია, რისთვისაც შეიძლება მუშებმა იბრძოლონ. სამწუხაროდ, ჯერ მათ არ აქვთ გამოცდილება საკუთარ თავზე აიღონ წარმოების მართვა.
გადავიდეთ უმთავრეს პრობლემაზე. ადამიანებთან ადგილზე გასაუბრების შემდეგ, შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი ვარაუდი, რომ მუშების უმრავლესობა აცნობიერებს საკუთარ მძიმე მდგომარეობას და მის მიზეზებს, მაგრამ არ იწყებს პროტესტს. დარწმუნებულია, რომ მინიმალურ შედეგსაც ვერ მიაღწევს და მძიმე სასჯელსაც მიიღებს.
ქვემოთ განვიხილოთ რამდენიმე ბერკეტი, რომლის დახმარებითაც კაპიტალის მფლობელი ახერხებს მუშებიდან წამოსული, ნებისმიერი სახის პროტესტის საფუძველშივე მოსპობას. პროტესტის გამოხატვა თითქმის შეუძლებელი ხდება. სისტემა ჩაკეტილია და იმდენად დიდ რეპრესიულ აპარატს ფლობს, რომ მცირე წინააღმდეგობაც კი არნახული სისასტიკით ისჯება. მაგალითად: მუშამ შეიძლება დაკარგოს სამუშაო, საცხოვრებელი სახლი და რაც ყველაზე მთავარია: დაუპირისპირდნენ თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
ამ პირობებში არაგონივრულია, გმირობა მოთხოვო კონკრეტულ ადამიანს.
ერთ-ერთი პრობლემა არის დაშავებული და დაღუპული მუშების ოჯახების დახმარების საკითხი.
ერთი შეხედვით ლოგიკურია, რომ მორიგი კატასტროფის შემდეგ, მოსახლეობაში გაჩნდეს პროტესტი და ისინი დაუპირისპირდნენ დამსაქმებელს.
სწორედ ამ დროს, მსხვილი კაპიტალის მფლობელი იწყებს ბინძურ თამაშს. სამწუხაროდ, არსად არაა გაწერილი თუ რა ოდენობის დახმარება უნდა მიიღოს დაღუპული ან დაშავებული მუშის ოჯახის წევრებმა. თანხაზე შახტის მეპატრონე და დაზარალებულის ოჯახი საიდუმლოდ თანხმდებიან. მარჩენალდაკარგული ოჯახისთვის თითოეულ თეთრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ქალაქში, რომელშიც შახტის გარდა პრაქტიკულად არაფერი ფუნქციონირებს, ეს დახმარება მათთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ინვესტორიც იწყებს ვაჭრობას. ყოფილა შემთხვევები, როცა ოჯახთან შეუთანხმებლობის შემდეგ, მათ უბრალოდ შეწყვიტეს დახმარების მიცემა ან შეამცირეს თანხა. ყოველ ჯერზე, როცა ოჯახს გადაუდებელი საჭიროებისთვის (დაშავებული მუშის მკურნალობისთვის ან რეაბლიტაციისთვის) დასჭირდება თანხა, იძულებულია კიდევ ერთხელ სთხოვოს დახმარება კომპანიას.
სხვა მუშები ცდილობენ ამ ურთიერთობაში არ ჩაერიონ, რადგან მათმა აქტიურობამ, პროტესტმა შესაძლოა, დაზარალებულებს უკანასკნელი სარჩო წაართვას.
ეს პრობლემა სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს დამსაქმებლისა და მუშის ურთიერთობაში და გაიწეროს კონკრეტულად რა ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს დამსაქმებელმა დაშავებული ან დაღუპულის ოჯახის წევრებს.
მუშების მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის საბანკო კრედიტები. ბანკებმა მოახერხეს მეშახტეების დაყოლიება არახელსაყრელი პირობებით აეღოთ სესხი. ამ ყველაფერმა მუშების ისედაც მცირე შემოსავალი კიდევ უფრო მიზერული გახადა.
ადამიანი გახდა სამუშაო ადგილზე მიჯაჭვული. პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში, მას აუცილებლად გაათავისუფლებენ სამსახურიდან. შემდეგ კი დიდი შანსია, ბანკმა მას სახლი წაართვას.
პროტესტის გაჩენას ხელს უშლის პატარა ქალაქისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი გარემოება. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მუშა და ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც მას ძალიან უსამართლოდ ექცევა, ახლო ნათესავები იყვნენ. ადმინისტრაციის წარმომადგენელი თუ პასუხს უსაფრთხოების საკითხებზე აგებს, ამ შემთხვევაში დიდი შანსია, მეშახტემ შეგნებულად დახუჭოს თვალი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე, რათა მის ნათესავს პრობლემები არ შეექმნას.
ჩემი დაკვირვებით, მძიმე ვითარებაა პროფკავშირთან დაკავშირებითაც. დასაქმებულთა დიდი ნაწილი პირად საუბარში ამბობს, რომ პროფკავშირთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ რიგითი მუშები პრობლემებზე საუბრისას უფრო თამამები არიან, ვიდრე პროფკავშირის წევრები.
რაც შეეხება გაფიცვების პრაქტიკას, ბოლო გაფიცვა, რომელიც 2012 წელს იყო, ადმინისტრაციაში გავლენის ახალი გადანაწილებისთვის მოხდა და არა მუშების მდგომარეობის გამოსწორებისთვის.
იმ სიტუაციაში, როცა არ არსებობს ძალა, რომელიც წარმოადგენს დასაქმებულთა უფლებებს დამსაქმებელთა წინაშე, ინვესტორი იოლად, ათასგვარი ხრიკებით ახერხებს მუშების მოტყუებას.
მაგალითისთვის, მუშებს აწვდიან ინფორმაციას, რომ ტყიბულის შახტა „სოციალური პროექტია“, მფლობელისთვის არანაირი მოგება არ მოაქვს და თუ უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ბევრ ფულს დახარჯავენ, მოუწევთ საერთოდ დახურონ შახტა.
შახტის მეპატრონის კიდევ ერთი ხრიკი - უბედური შემთხვევები მუდმივად დაზარალებულს დააბრალო. ამის ერთი შეხედვით ლოგიკურ საფუძველსაც იოლად პოულობს, რადგან ხშირ შემთხვევაში მუშებს აკლიათ გადამზადება და ისინი მართლაც უშვებენ შეცდომებს.
სინამდვილეში კი, შახტაში ისე უნდა იყოს მოწყობილი სამუშაო პროცესი, რომ ყოველი პატარა შეცდომა მუშას სიცოცხლის ფასად არ უჯდებოდეს.
მაგალითად: რიგ დავალებებზე მუშა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს მარტო. ერთ-ერთი უკანასკნელი ფატალური შემთხვევის მიზეზი სწორედ ეს გახდა. მეშახტე მარტო იმყოფებოდა ელმავალში, რომელიც დაგორდა. უბედურების აცილება მარტივად შეიძლებოდა. საჭირო იყო მხოლოდ მეორე ადამიანის ყოფნა შემთხვევის ადგილზე.
შახტის მეპატრონეს არ სურს გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა. მეშახტეები ხშირად მიდიან კონკრეტულ დავალებაზე მარტო.
მუშების თქმით, თითქმის ყველა ელმავალი გაუმართავია. მეპატრონემ დაზოგა ფული და ჩინეთში შეისყიდა იაფფასიანი პროდუქცია, რომელსაც საგარანტიო ვადა დიდი ხანია გაუვიდა. მათი შეკეთება ხდება კუსტარული წესით. სწორედ ეს იწვევს ხშირ უბედურ შემთხვევებს.
მუშები ასევე საუბრობენ, რომ აპარატი, რომელიც მეთანის დონეს ზომავს, როგორც წესი, გაუმართავია.
სწორედ ამ და სხვა მწვავე პრობლემებს უნდა აყენებდეს პროფკავშირი დამსაქმებლის წინაშე, მაგრამ მათ არ აქვთ საჭირო გამოცდილება და მხარდაჭერა ამის გასაკეთებლად.
ასეთ სიტუაციაში ცენტრალური პროფკავშირი ვალდებულია, საჭირო ცოდნა მისცეს ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მათ შეასრულონ თავიანთი ვალდებულება. ცენტრალურ პროფკავშირსაც თუ არ შესწევს ძალა გადაამზადოს და ჩაანაცვლოს კადრები, მაშინ საჭიროა, ცვლილებები სათავეში მოხდეს. ფაქტია, პროფესიული კავშირები საქართველოში ძალიან სუსტადაა განვითარებული. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე კონკრეტული საქმე, როცა პროფესიულმა კავშირებმა თავიანთი პრინციპული პოზიცია უშიშრად დააფიქსირეს, მაგრამ ეს შემთხვევები საერთო სურათს მაინც ვერ ცვლის.
ტყიბულში მოსახელობის დიდი ნაწილი შეწუხებულია მძიმე ეკოლოგიური პრობლემებითაც. ქალაქში ყრია ნარჩენები, რომელიც პერიოდულად ალდება. მუდმივი ხმაური კი ზოგიერთ უბანში ცხოვრებას გაუსაძლის ხდის. დაბინძურებულია მდინარეები. ადგილობრივები ამ თემაზეც გაჩუმებას არჩევენ, რადგან ეშინიათ მათმა პროტესტმა შახტის დახურვა არ გამოიწვიოს.
ტყიბულში ჩასულები კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შრომის კოდექსში ძალიან ბევრი ხარვეზია. ამის დასადასტურებლად ერთი მაგალითიც კმარა. კანონში წერია, რომ ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდეს, მაგრამ არაა მითითებული კონკრეტულად რა ოდენობით. ამ ყველაფერს დამსაქმებელი სათავისოდ იყენებს და დამატებითი სამუშაო საათებისთვის მუშამ შესაძლოა. მიიღოს მხოლდ ერთი თეთრი. ასეთი შემთხვევა კი არაერთხელ ყოფილა.
ზემოთ ნახსენები ბერკეტებით აღჭურვილი კაპიტალის მფლობელი ადვილად ახერხებს ჩანასახშივე გაანადგუროს პროტესტის ყველა კერა. საჭიროა ჩაგვრის სისტემას ეს ბერკეტები გამოეცალოს. მაგალითად, მოვითხოვოთ მეშახტეებს ჩამოწეროთ კრედიტები. საუბედუროდ, ეს მუშების სამსახურზე მიჯაჭვულობის პრობლემას ბოლომდე ვერ მოხსნის, რადგან ქალაქში პრაქტიკულად არაა სხვა სამუშაო. სამაგიეროდ, დასაქმებულთა ფინანსურ მდგომარეობას ოდნავ მაინც გააუმჯობესებს. ასეთ შემთხვეაში, ისინი უფრო მეტ დროს დაუთმობენ უსაფრთხოებაზე ფიქრს. უკიდურესად გაღარიბებული მუშა ყველანაირ საფრთხეზე წამსვლელია, ოღონდაც მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილოს ოჯახს.
სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ქმედება რეალურად მოქმედი პროფკავშირის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულის უფლებების წარმოდგენას და დაცვას. საჭიროა ერთი კონკრეტული პრეცედენტი, როცა კაპიტალის მფლობელი მუშას ვერ გაათავისუფლებს სამსახურიდან. ეს ყველაფერი სიგნალი გახდება იმისა, რომ ადგილობრივებს თამამად შეეძლებათ ისაუბრონ პრობლემებზე.
აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევიდეს ცვლილებები შრომის კოდექსში და შეიქმნას რეალურად მოქმედი შრომის ინსპექცია.
შრომის ინსპექციის ამუშავებამდე კი, მუშებს უნდა მიეცეთ გარანტია, რომ შახტა არცერთ შემთხვევაში არ დაიხურება, რადგან თუ ისინი სამსახურის დაკარგვის საფრთხის ქვეშ იქნებიან, შესაძლოა, თვითონ შეაფერხონ ინსპექციის მუშაობა, არ ითანამშრომლონ მასთან და დამალონ კონკრეტული ფაქტები
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი ის არის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ადგილზე დაიწყოს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. შრომის კოდექსი თუ ისეთივე გაუმართავი დარჩა, როგორიც დღესაა, ის ჩვენთვისაც სავალალო შედეგებს მოიტანს. ჩაგვრის შემთხვევები გვხვდება თითქმის ყველა სფეროში და არა მხოლოდ მძიმე მრეწველობაში. მაშასადამე, ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა ნიშნავს, სხვებიც დავიცვათ უსამართლობისაგან.
-----------------------------------------------
პუბლიკაცია მომზადებულია EMC-ისა და „ასოციაცია მწვანე ალტერნატივას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით“
ავტორის მიერ ტექსტში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ის, „მწვანე ალტერნატივასა“ და „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს“ პოზიციას.
ინსტრუქცია