[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

კრიტიკული ფემინისტური აზრი / სტატია

პროგრესული ნეოლიბერალიზმი და ულტრამემარჯვენე პოლიტიკა: რატომ უნდა ვეძებოთ ემანსიპაციის და სამართლიანობის სხვა გზა?!

წინამდებარე ესეის მიზანია, მჩაგვრელი რეალობის გააზრება და მისი თანმდევი პროცესების ანალიზი. ძირითადი კითხვაა: თუ რისი გამოძახილი და შედეგია თანამედროვე ულტრამემარჯვენე პოლიტიკა? თუმცა, საკითხი, რომელიც მსურს ამ ესეიში მიმოვიხილო, არის არა მხოლოდ ის, თუ რა უდევს საფუძვლად ულტრამემარჯვენე პოლიტიკას, არამედ რატომ და როგორ ხდება ეს პოლიტიკა მიმზიდველი მისი რიგითი მხარდამჭერებისთვის? ესეიში „ულტრამემარჯვენე“, „ულტრაკონსერვატიული“ და „ანტი-ემანსიპატორული“ ურთიერთჩანაცვლებადი სახელდებებია. ანტიემანსიპატორული ტენდენციები გულისხმობს მოძრაობებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს, რომლებსაც გააჩნიათ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ეწინააღმდეგება სხვადასხვა ემანსიპატორულ საკითხს და იდეას. ანტი-გენდერულ, ისევე როგორც მიგრანტების და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებსაც განვიხილავ ზოგადად ანტი-ემანსიპატორული მოძრაობების შემადგენელ ნაწილად. ანტი-ემანსიპატორული პოლიტიკა ტრანსნაციონალური, გრძელვადიანი და მრავალშრიანი პრობლემაა (Grzebalska, 2015).

საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფები არაერთგვაროვანია და მოიცავს, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ჯგუფებს და ორგანიზაციებს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არაფორმალურ გაერთიანებებს და მოძრაობას. იკვეთება არამარტო ჯგუფებს შორის განსხვავებები, მაგალითად, მათ სტილში, ფორმასა და ტაქტიკებში, არამედ შიდა ჯგუფური განსხვავებებიც. ამგვარად, ანალიზისას მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ ულტრამემარჯვენე ჯგუფების ავანგარდი და რიგითი მონაწილეები. ავანგარდი არის პასუხისმგებელი დღის წესრიგის შექმნაზე და ამ დღის წესრიგის გარშემო ხალხთა მობილიზებისთვის, მაშინ როდესაც რიგითი მონაწილეები განსხვავებული მიზეზებით, ან სხვადასხვა მიზეზის კომბინაციის შედეგად ხდებიან ულტრამემარჯვენე პოლიტიკის მხარდამჭერები. ამ ესეის ფოკუსი სწორედ ამ მხარდაჭერის მიზეზების და ხელშემწყობი ფაქტორების ძიებაა.

თავდაპირველად, წინამდებარე ესეი მოკლედ მიმოიხილავს იმ თეორიულ მიდგომებს, რომლებიც ცდილობენ, ახსნან ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხარდამჭერთა გააქტიურების ხელშემწყობი ფაქტორები; შემდეგ, ესეი შეისწავლის იმ გარემოებებსა და განმაპირობებელ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, რომლებიც ქმნიან ამ ხელშემწყობი ფაქტორებისთვის ნიადაგს და ბოლოს, თეორიულ მიდგომებსა და გარემოებების მიმოხილვაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ულტრამემარჯვენე პოლიტიკის გააქტიურების ანალიზს.

ლიტერატურაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხარდამჭერთა მობილიზების ამხსნელ ფაქტორთა შორის, ძირითადად, გვხვდება შემდეგი პერსპექტივები:

1) სოციალური ქსოვილის რღვევის პერსპექტივის თანახმად, იზოლირებული ინდივიდები, რომლებიც ცხოვრობენ ატომიზირებულ, არაინტეგრირებულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ულტრამემარჯვენე ძალების მხარდაჭერისკენ (Rydgren, 2007).

2) ფარდობითი დეპრივაციის პერსპექტივის თანახმად, მატერიალური დეპრივაციისგან გამოწვეული ფრუსტრაციები ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების აღზევების (Rydgren, 2007, McAdam, 1986).

3) მოდერნიზაციის „ლუზერების“/“წაგებულების” ხედვა აერთიანებს, როგორც სოციალური ქსოვილის რღვევის, ასევე ფარდობითი დეპრივაციის თეორიას. ამ თეორიული მიდგომის თანახმად, ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღზევება შეიძლება განვიხილოთ, როგორც “რადიკალური მცდელობა მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სოციალური ცვლილების ანულირების,” რადგან ეს ცვლილებები არ აისახება მათ კეთილდღეობაზე (Gupta, 2011; Minkenberg in Rydgren, 2007).

4) ეთნიკური კონკურენციის დებულება მიგრაციას განიხილავს ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღზევების ხელშემწყობ ფაქტორად. ამ დებულების თანახმად, ხალხი იხიბლება ულტრამემარჯვენე პოლიტიკით, რადგან მათ სურთ მიგრაციის შედეგად გაზრდილი კონკურენციის შემცირება სამუშაო ბაზარზე (Rydgren, 2007).

5) პოპულარული ქსენოფობია გულისხმობს “საფრთხის” წინაშე მყოფი ეროვნული იდენტობის დაცვას.

6) მასკულინობები. “ნაციონალიზმი მასკულინური მეხსიერების, მასკულინური შეურაცხყოფისა და მასკულინური იმედის ნიადაგზე აღმოცენდა” (Enloe, 1990). კონელი ასხვავებს ჰეგემონიურ, კომპლიციტურ, მარგინალურ და დაქვემდებარებულ მასკულინობებს (Connell, 2005). ჰეგემონიური მასკულინობა წარმოადგენს იდეალს, რომლისკენაც მიისწრაფიან. იგი გულისხმობს ისეთი თვისებების ერთობლიობას, რომელიც წარმოჩინდება, როგორც კაცის არსებითი და ბუნებრივი მახასიათებელი. კაცი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ნორმატიული მასკულინობის სტანდარტებს, რაც დიდწილად გულისხმობს წარმატებისა და სიმდიდრის მოპოვებას, ასევე ის კაცები, რომლებიც სწრაფად ცვალებად და არამყარ სოციო-პოლიტიკურ ვითარებაში განიცდიან მასკულინობის კრიზისს, ამ დანაკლისის საპირწონედ იყენებენ “კაცურ ღირსებებს” და ტოქსიკურ მასკულინობას.

7) პოლიტიკური შესაძლებლობების სტრუქტურების თანახმად, არსებობს გარე გავლენები რესურსებისა და იდეოლოგიის სახით, რომელიც აძლევს ულტრამემარჯვენე ძალებს ამ პოლიტიკური შესაძლებლობის გამოყენების საშუალებას (Rydgren, 2007).

8) მედია ასევე თამაშობს დიდ როლს და ჰეგემონიის განხორციელებისთვის საკვანძო ადგილი უკავია.

9) პოლიტიკური წინააღმდეგობის პერსპექტივის თანახმად, საზოგადოებაში წარმოქმნილი პოლიტიკური გაუცხოება ქმნის მმართველი კლასის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისადმი სიმპატიისთვის ნიადაგს, რაც სხვა, ალტერნატიული წინააღმდეგობის არარსებობის ფონზე, ულტრამემარჯვენეებს აძლევს ხალხის ორგანიზების საშუალებას (Rydgren, 2007).

ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორის კონფიგურაცია და შეთანხმებულად მოქმედება. სანამ ქართულ კონტექსტში ულტრამემარჯვენე პოლიტიკისთვის ნოყიერი ნიადაგისა და პოლიტიკური ვითარების მიმოხილვაზე გადავალ, მსურს, ყურადღება გავამახვილო ფაშიზმის ეპოქაში ფართოდ განხილულ ისეთ საკითხზე, როგორიცაა ფაშიზმისა და კაპიტალიზმის კავშირი. შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი პერსპექტივა:

ა) ფაშისტური მოძრაობა წარმოადგენდა მმართველი კლასის ინტერესებს, რომელთაც სურდათ, დაქვემდებარებული ჩაგრული ჯგუფების წუხილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და მათი ისეთი დღის წესრიგების გარშემო გაერთიანება, რომელიც ჩაგრულებს განარიდებდა მათი წუხილების რეალური სამიზნეს - მმართველი კლასის წინააღმდეგ ამბოხებისგან. (Davidson, 2014; Banaji, 2002). ტროცკისთვის (1975) ფაშიზმი არის “მონოპოლისტური კაპიტალის ყველაზე ულმობელი დიქტატურა.” (Davidson, 2014).

ბ) ფაშიზმსა და კაპიტალიზმს შორის ნეგატიურ კავშირზე წერენ, როგორც მემარცხენე ავტორები, ისე ლიბერალი ეკონომისტები, რომლებიც, სხვადასხვა არგუმენტით, ფაშიზმს კაპიტალიზმის ნეგაციად/უარყოფად და მასთან რეაქციაში მყოფ პროცესად განიხილავენ (Davidson, 2014; Hayek, 1944). თუმცა, ფაშიზმი თავისთავად არ წარმოადგენს ანტი-კაპიტალისტურ პოლიტიკას.

გ) მესამე თვალსაზრისი ფაშიზმს განიხილავს როგორც ავტონომიურ პოლიტიკურ ფენომენს, რომლსაც ამოძრავებს ნაციონალისტური, იმპერიალისტური და მილიტარისტული მოტივები და რომელიც ახდენს ეკონომიკური ასპექტის ინსტრუმენტალიზებას. (Davidson, 2014). “ნაციონალ-სოციალიზმის და დიდი ბიზნესის ინტერესები იდენტურია. ნაცონალ-სოციალიზმი იყენებს ინდუსტრიული ხელმძღვანელობის გაბედულობას, ცოდნას და აგრესიულობას, მაშინ როდესაც ინდუსტრიული ხელმძღვანელობა იყენებს ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის ანტი-დემოკრატიულობას, ანტი-ლიბერალიზმს და ანტი-„იუნიონიზმს“ (გაერთიანება), რომლებიც გადაიქცა მასების კონტროლისა და დომინაციის ტექნიკებად.” (Neumann, 1942, in Davidson, 2014).

შეიძლება დავასკვნათ, რომ ფაშიზმსა და კაპიტალისტურ ინტერესებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის, ან არარსებობის მიუხედავად, მათ შორის არსებობს თანადამთხვევა. ისევე როგორც, ფაშისტურ და ანტი-კაპიტალისტურ ინტერესებს შორის არის ხოლმე თანადამთხვევა (Davidson, 2014). მსგავსი დინამიკა შეინიშნება 1980-იანი და 1990-იანი წლების ულტრამემარჯვენე პარტიების პოლიტიკაშიც: 1980-იან წლებში მათი დიდი ნაწილი ნეოლიბერალური ეკონომიკური წესრიგის მხარდამჭერი იყო, ხოლო 1990-იანებში ულტრამემარჯვენე პარტიების დიდი ნაწილი უფრო ცენტრისტული ეკონომიკური პოზიციებით გამოირჩეოდა (Rydgren, 2007). შემდეგი კითხვაა, რა მიმართებაა საქართველოში ულტრამემარჯვენე პოლიტიკასა და ნეოლიბერალურ ინტერესებს შორის, ასევე ულტრამემარჯვენე პოლიტიკასა და ანტი-ნეოლიბერალურ ინტერესებს შორის?

გაეცანით სტატიის სრულ ვერსიას⇓

სხვა_გზა_1525779297.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“