საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი: ილა სიხარულიძე
„მშვიდობა სასაფლაოზეც კი არის, მაგრამ იმის უკან მე ხომ ვიცი, რაცაა!“ - მითხრა 70 წელს მიღწეულმა კაცმა, აფხაზეთიდან დევნილმა, ზუგდიდში, როდესაც „ქართული ოცნების“ შეკრებისა და პოლიტიკური დაპირებების შესახებ ვკითხე. თავიდან დამაბნია მისმა კომენტარმა, ამიტომაც ამიხსნა, რომ მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკა მისთვის მისაღები იყო - „დიდ პოლიტიკაში ჩვენ როგორმე უნდა გავძვრეთ და თავი გადავირჩინოთ,“ აღნიშნა მან, მაგრამ ამავდროულად ვერ ეგუებოდა ფაქტს, რომ ხელისუფლება მხოლოდ მშვიდობაზე აკეთებდა აქცენტს და უყურადღებოდ ტოვებდა ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ სურათს. სწორედ ამიტომ, ჩემი რესპონდენტი „ქართული ოცნების“ შეხვედრას არ დასწრებია და ხელისუფლების გზავნილები პროპაგანდად შეაფასა, შემდეგ კი დაამატა: „მაგათი დაპირებები ისეთია, ბავშვს რომ „სოსკა“ მისცე და ცოტა ხანს გააჩერო.“ აშკარა იყო, რომ ინფორმანტი უნდობლობას უცხადებდა მმართველ პარტიას და, შესაბამისად, მათ პერფორმანსს, რომელიც მოსახლეობის გაბითურებას ისახავდა მიზნად.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი რეგიონული შეხვედრა ზუგდიდში 15 ოქტომბერს ჩატარდა. აღნიშნული სტატიის მიზანია ღონისძიებაზე დაკვირვებისა და ზუგდიდელ მოსახლეობასთან გასაუბრების ანთროპოლოგიური ანალიზი. ზუგდიდში მიმდინარე პროცესების განსახილველად გამოვიყენებ უნდობლობის ცნებას, რომელიც ნათლად აჩვენებს მოსახლეობისა და ხელისუფლებას შორის არსებულ დინამიკას.
შეხვედრის წინა საღამოდან მოყოლებული უშედეგოდ ვეკითხებოდი გამვლელებს, თუ რომელ საათზე დაიწყებოდა ღონისძიება. ძირითადად შემთხვევაში არ იცოდნენ, ხანდახან კი ხელის ჩაქნევით, ან ირონიული ღიმილით დასძენდნენ: „ის ჩამოდის, ივანიშვილი.“ საინტერესოა, რომ მათი ადრესატი ყოველთვის ერთი ადამიანი იყო, რომელსაც ან „ბიძინათი“ მოიხსენიებდნენ, ანაც „ივანიშვილით,“ თუმცა არაფერი ისმოდა იმის შესახებ, რომ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლებიც უნდა ჩამოსულიყვნენ.
დილიდანვე დაიწყო მზადება უკვე დადგმული ორი სცენის გარშემო „თავისუფლების მოედანზე.“ ტერიტორიას ორი მხრიდან შემოვლებული ჰქონდა რკინის ღობე, სცენის მოპირდაპირე მხარეს კი დიდ კედელში რამდენიმე შესასვლელს დაინახავდით, რომლებიც შეხვედრის დაწყებამდე კონტროლდებოდა. მოედნიდან დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში, სხვადასხვა მხარეს იდგა პოლიციის მანქანა, თუმცა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მაინც არ შეინიშნებოდა. მზადებას დიდ ყურადღებას არ უთმობდა მოსახლეობა; მხოლოდ იშვიათად თუ შეჩერდებოდა გამვლელი, რაც ან ფოტოს გადაღებით, ან შეხვედრასთან დაკავშირებით ვინმესთვის ორი სიტყვის გაცვლით შემოიფარგლებოდა.
ნაშუადღევს აქა-იქ მოვისმინე, რომ ღონისძიება 7-ზე ან 8-ზე დაიწყებოდა: „ბიძინა 8-ზე გამოვაო, მანამდე კონცერტი იქნებაო,“ - მითხრეს ქუჩაში. ამასობაში, ქალაქის ცენტრში ხალხთან არაფორმალურმა საუბარმა გარკვეული წარმოდგენა შემიქმნა მოახლოებული შეხვედრის მიმართ მათი განწყობების შესახებ. საინტერესოა, რომ ნებისმიერ პრობლემაზე საუბარს თან ახლდა უნდობლობა, რომელსაც ისინი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ იჩენდნენ.
უნდობლობა
ფ. მულფრიდის მიხედვით, უნდობლობა, ნდობის მსგავსად, მიუთითებს სამყაროსთან მიმართებას. მათ შორის ერთ-ერთი სხვაობა ის არის, რომ უნდობლობით სავსე ადამიანი მზად არის შეხვდეს მისთვის უცნობ შედეგებს - როგორც დადებითს, ისე უარყოფითს (Mühlfried 2018:10-11). ამავდროულად, თუ კი ნდობა სიახლოვეს ქმნის, უნდობლობას თან ახლავს დისტანციის გაჩენა (Mühlfried 2018:16). გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ავტორისთვის უნდობლობა არა პრობლემას, არამედ უნარს წარმოადგენს, რომლის შეძენაც სიტუაციურად არის შესაძლებელი (Mühlfried 2019:8). უნდობლობა არ უნდა აღვიქვათ, როგორც უმოქმედობა, არამედ ქმედების სპეციფიკური ფორმა (Mühlfried 2018:16). იგი შეიძლება გამოიხატებოდეს გაქცევაში. ამ დროს თავის არიდება ხდება კონკრეტული ქმედების საშუალებით. ეს ქმედება კი თავისი არსიდან გამომდინარე შეფარდებითია და მასზე გავლენას ახდენს უნდობლობის ობიექტი (Mühlfried 2019:28)
საუბრების დროს ჩემი ყურადღება მიიქცია დამოკიდებულებამ, რომ ინფორმანტების აზრით, ზუგდიდელები თავიანთი სურვილით არ მივიდოდნენ ღონისძიებაზე. „ყველას აქ მოყრიან, ვინც სახელმწიფო სამსახურშია,“ „თავიანთ ხალხს მოიყვანენ სოფლებიდან,“ - ამბობდნენ საუბარში. მათ ფრაზებში ჩანდა კრიტიკა „მოყვანილი“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ადამიანების მიმართ. მოვისმინე შეფასება, რომ „ოცნებამ ყველაფერი იყიდა და არჩევნები უკვე მოიგო, „ხალხი ფულზე გაიყიდა,“ რომ „მოსახლეობა ფულს იღებს, თუმცა მომავალზე აღარ ფიქრობს.“ მიუხედავად ზემოთქმულისა, ასევე გამოჩნდა მოსაზრებები, რომლებიც აღნიშნულ რეალობის ახსნას ცდილობდა და კრიტიკის ნაცვლად თანაგრძნობას აჩვენებდა. პარკში ვიჯექი, როდესაც შუა ხნის ქალმა მკითხა, თუ რა ხდებოდა მოედანზე. პასუხის მოსმენის შემდეგ გულდაწყვეტილად ჩაილაპარაკა „ნეტა, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. რატომ მაძალებენ, იქნებ ისე ვაძლევ ამათ ხმას? პასპორტს რომ მართმევ, ეს როგორ შეიძლება? ვიჩივლებ, მაგრამ ვისთან ვიჩივლო? 90%-ს არ უნდა ამათი არჩევა, მაგრამ სამსახურის გამო უწევთ, მეტი გზა არ აქვთ.“ მათ შეფასებაში ნათლად გამოჩნდა, რომ ჩემი რესპონდენტები უნდობლობას უცხადებდნენ „ქართული ოცნებას“ - არჩევნები თავისუფლად არ ჩატარდება და ხელისუფლებამ მისი ბედი უკვე გადაწყვიტა შესაბამისად, დემონსტრაციულად უარს ამბობდნენ შეხვედრაზე დასწრებაზე, რასაც ჩემთანაც არ მალავდნენ. ამასთან ერთად, კრიტიკულად უყურებდნენ მოსაზრებას, რომ ღონისძიებას ზუგდიდელები თავიანთი ნებით დაესწრებოდნენ.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ აფხაზეთის საკითხის მიმართ ზუგდიდელების დამოკიდებულება. 50 წლამდე კაცმა მითხრა, რომ შემთხვევით გაიგო შეკრების შესახებ. დრო ჰქონდა და ამიტომაც ჩემთან ერთად აკვირდებოდა სცენის მომზადების პროცესს. საუბარში სხვადასხვა საკითხს შევეხეთ, ხოლო აფხაზეთი და ბოდიშის მოხდის ამბავი თვითონვე ახსენა: „რა ბოდიში? ჩემმა მეზობელმა მთელი ოჯახი დაკარგა ომში და ბოდიში ვის უნდა მოუხადოს? ეგ შეიძლება, რომ ჩვენ ვქნათ. მარა ის როგორ იზამს? ომი არ გვინდა და შერიგება საჭიროა, მაგრამ ხომ გააჩნია, ამას როგორ იზამ? ჯერ ის ტერიტორიები ხომ უნდა დაბრუნდეს?“ როცა სხვა რესპონდენტს ვკითხე „ქართული ოცნების“ მოსაზრებებზე აფხაზეთის შესახებ, გაეცინა და მითხრა, რომ აფხაზებს არავინ არაფერს ეკითხება და ეს ყველაფერი დიდი პოლიტიკის ნაწილია. პირველი რესპონდენტი იზიარებდა მშვიდობის ღირებულების მნიშვნელობას, თუმცა, კრიტიკულად იყო განწყობილი ბოდიშის მოხდის პოლიტიკის მიმართ. ხოლო მეორე რესპონდენტი არ ენდობოდა ხელისუფლებას, რომელიც აფხაზეთთან მოლაპარაკებას გვპირდებოდა, რადგანაც მისი აზრით, რეგიონალური პოლიტიკაზე გავლენა არც აფხაზებსა და არც ჩვენ არ გვქონდა.
პოტიომკინის სოფელი
ფ. მულფრიდი საუბრობს ფენომენზე, როდესაც მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ნაჩვენები რეალობის მიღმა სიცარიელეა, რომ ყველაფერი მხოლოდ ფასადია შინაარსის გარეშე ( Mühlfried 2019:79). ასეთ დროს მედიის მიერ წარმოჩენილი სურათი პოტიომკინის სოფელს გვახსენებს. გადმოცემის თანახმად, გრიგორ პოტიომკინმა ეკატერინე დიდს ფიქტიური სოფელი აჩვენა, რაც არასასურველი რეალობის დაფარვას ემსახურებოდა იმ სიდიადის წარმოჩენით, რომელსაც შინაარსი არ გააჩნდა (Mühlfried 2019:80).
სწორედ რომ პოტიომკინის სოფლად გვევლინება ზუგდიდში მოწყობილი მასშტაბური ღონისძიება თავისი ძვირადღირებული ინფრასტრუქტურით, რაც უკმაყოფილებას იწვევდა ადგილობრივებში: „რა დაჯდებოდა ამ ყველაფრის ჩამოტანა და 82 წლის ქალი ისევ ცოცხით დავდივარ!“ - მითხრა პარკში დასუფთავების სამსახურში მომუშავე ქალმა. რესპონდენტებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფო მოხელეების მიერ თანხების მითვისებაზე, ემიგრაციაზე, რაც მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას დაუკავშირეს და მოსახლეობასთან იმ ტიპის შეხვედრებზე, რომლებიც მათ რეალურ პრობლემებს არ პასუხობდა და მწარე რეალობის დამალვას ემსახურებოდა. „ქართული ოცნების“ ღონისძიებისთვის შემოღობილი მოედანი ქალაქის ცენტრის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებდა, თუმცა, რადგანაც ხელისუფლების მიმართ არ არსებობდა ნდობა და მოლოდინი, რომ მათი განცხადებები და შემდეგში პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოსახლეობის წუხილს მხედველობაში მიიღებდა, ზუგდიდელები არ ინტერესდებოდნენ რეგიონალური შეხვედრით.
ნდობის ძიებაში
მ. ბიურგე უნდობლობაზე საუბრის დროს ანაწევრებს სიტყვა “mistrust” და აღიქვამს მას როგორც “miss trust.” აღნიშნულ ფრაზა კი ნიშნავს წარუმატებლობას ნდობის რეალიზებაში, მისთვის სათანადო ადგილის მიჩენაში. ამავე დროს, იგი მოიაზრებს რეალობით უკმაყოფილებას და ალტერნატიული გზების ძებნას, სირთულესთან შეჭიდებას (Bürge 2018:210).
დისტანცირების ნაცვლად ბრძოლის განსხვავებული გზების ძიებას ზუგდიდში რეგიონალური შეხვედრის დაწყებამდე გადავაწყდი. საღამოს 3 საათი იქნებოდა, მოედანზე მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულ ხალხს თუ დაინახავდით, როცა ერთ-ერთ რკინის ღობეს ჩამოყრდნობილი 60 წელს გადაცილებული ქალი შევამჩნიე. როგორც მისი მონაყოლიდან გაირკვა, მის დას მოტყუებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რის შედეგადაც ბრალი უკანონო ვაჭრობაში ედებოდა და საქმე სასამართლომდეც მივიდა. ქალი სოფლის გამგებელსა და მასთან დაახლოებულ პირებს ადანაშაულებდა. საბოლოოდ, მან მოახერხა „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრა, რის შედეგადაც დაკისრებული ჯარიმა მოუხსნეს, მაგრამ დღეს მაინც მოსულიყო აქციაზე, რათა, ჩამოსული პოლიტიკოსებისთვის მოეთხოვა დამნაშავის დასჯა. იმედგაცრუებული ჰყვებოდა, რომ 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო, ახლაც ფიქრობდა, რომ უკეთესი არჩევანი მას არ ჰქონდა, მაგრამ უსამართლობა ვერ აეტანა და თავისი სიმართლის დაცვისთვის სოფლიდან რამდენიმე საათით ადრე ჩამოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი კრიტიკა სოფლის გამგებელს შეეხებოდა, მას პრეტენზიები ჰქონდა „ქართული ოცნების“ ზოგადი მმართველობის მიმართ: „მე არ ვითხოვ ერთი საათით დალაპარაკებას, მაგრამ ხანდახან ხომ უნდა შეხვდნენ ხალხს? ყველას აქვს თქმის უფლება, მაგრამ ზოგს უსმენენ და ზოგს არა.“ მის საუბარში ჩანდა, რომ მადლიერი იყო დახმარებისთვის, რომ აღარ მოუწევდა დაკისრებული ჯარიმის გადახდა, მაგრამ ხედავდა, რომ ეს შემთხვევა დიდი სურათის ნაწილი იყო - უსამართლობის, სადაც თუ კი საჭირო კონტაქტები არ გაქვს, მარტივად შეიძლება, რომ დაგჩაგრონ. ჩემი რესპონდენტი უკვე წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა არც კრიტიკას ერიდებოდა და ითხოვდა, გაეთვალისწინებინათ მისი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის აზრი.
რეგიონალური შეხვედრა
დაახლოებით 6-ის ნახევრისკენ დაიწყო ხალხმა შეკრება მოედნის ირგვლივ. უმეტესობა 40 წელს გადაცილებული კაცი იყო, თუმცა, ასევე მრავლად იყვნენ ქალებიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიიდან, ახალგაზრდა მამაკაცები და ბავშვები. მალევე გაიხსნა რამდენიმე შესასვლელი და ხალხმა ნელა დაიწყო შემოღობილ ტერიტორიაში შესვლა. დიდწილად სიწყნარე იყო, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტსა და რამდენიმე კაცს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც მალევე განიმუხტა. 6 საათი იქნებოდა, ეკლესიის მხრიდან მომავალი ქუჩიდან მოედანს მოადგა ადამიანთა ჯგუფი, რომელთა შორის 25 წლამდე ახალგაზრდები ჭარბობდნენ. მათ წინ მოუძღვებოდა 8 წევრისგან შემდგარი ორკესტრი მუსიკის თანხლებით. უკან მოჰყვებოდათ „ქართული ოცნების“ ფორმაში ჩაცმული ადამიანები მმართველი პარტიისა და საქართველოს დროშებით. კოლონა გრძელდებოდა ჩვეულებრივ ტანისამოსში ჩაცმული ახალგაზრდებით. მუსიკასთან ერთად გაისმოდა შეძახილები: „ საქართველოს გაუმარჯოს,“ თუმცა, მოედანზე მანამდე მყოფი ადამიანებისაგან გამოხმაურება არც შეძახილსა და არც მუსიკას არ მოჰყოლია. კოლონამ გადაინაცვლა სცენის წინ. სიმბოლურია რომ ორკესტრმა შეასრულა ბენდ Europe-ის ცნობილი სიმღერა “The Final Countdown.” ახალგაზრდებისაგან შემდგარმა ჯგუფმა რამდენიმე წუთიანი ინტერვალით შეძახილები გააგრძელა, თუმცა ინტერაქცია მათსა და შეკრების სხვა მონაწილეებს შორის ისევ არ შეინიშნებოდა. თუ არ ჩავთვლით აღნიშნულ ჯგუფს, მმართველი პარტიისა და საქართველოს დროშები მხოლოდ 2-3 ადამიანს ეჭირა ხელში. იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების“ მაისურებსა, თუ ქუდებზე. მალევე დაიწყეს წინასწარ გამზადებული ბანერების დარიგება. ჩემ თვალწინ მისცეს ერთ ახალგაზრდა ბიჭს ბანერი წარწერით „ნაქალაქევი - ერთიანი საქართველოს სიმბოლო სწორ მხარეს.“ სხვა ბანერები ირგვლივ გაავრცელეს. ყოველ მათგანზე მიწერილი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის ერთი მუნიციპალიტეტი და შესაბამისი სლოგანი. მაგალითად: „აბაშა მშვიდობა და ღირსების მხარესაა,“ „სენაკი ირჩევს ღირსებას,“ „ზუგდიდი ირჩევს ღირსებას და ტრადიციულ ღირებულებებს.“ თუ კი აღნიშნული ბანერები შეკრების შუაგულში მიმოფანტეს, იმავეს ვერ ვიტყვით ბანერებზე აფხაზეთის შესახებ. 6 ადამიანს ხელში დაინახავდით წარწერებს: „აფხაზეთელები ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მხარეს ვართ,“ და „აფხაზეთიდან დევნილები ვირჩევთ ქართულ ოცნებას.“ მუდმივად ხდებოდა მონიტორინგი, რომ აღნიშნული ბანერების მქონე ადამიანები გვერდიგვერდ მდგარიყვნენ და წარწერაც კარგად გამოჩენილიყო. საინტერესოა, რომ დაღლილ ადამიანებს ხშირად ენაცვლებოდნენ ბავშვები.
7 საათი ხდებოდა, როცა მეორე სცენიდან ახალგაზრდა გოგომ მიკროფონით მოგვიწოდა, რომ გადავნაცვლებულიყავით მარჯვნივ, მეორე სცენასთან, სადაც ღონისძიების მთავარი ნაწილის დაწყებამდე ბენდი დაუკრავდა. რამდენიმე წევრისგან შემდგარი მუსიკალური ჯგუფი ასრულებდა როგორც ქართულ, ისე უცხოურ სიმღერებს. მუსიკოსები გამუდმებით მოუწოდებდნენ მსმენელს, რომ მათ აჰყოლოდნენ, რომ სიმღერა საკმაოდ ცნობილი და იოლად სამღერი იყო, თუმცა მათ ენთუზიაზმს შედეგი არცერთ ჯერზე არ მოჰყოლია და პროცესში მხოლოდ ის ახალგაზრდა ჯგუფი ჩაერთო, რომელიც სცენასთან ახლოს იდგა. კონცერტმა 50 წუთს გასტანა და იქმნებოდა განცდა, რომ ბენდი თავისთვის უკრავდა, შეკრებილი ხალხი კი რაღაც სხვა მიზნით იყო მოსული. შედეგად, თითქმის ვერ გაიგონებდით ტაშს როგორც კონკრეტული სიმღერის, ისე მთელი კონცერტის დასრულების შემდეგ.
7-კენ შეკრებილი ადამიანები დაუბრუნდნენ მთავარი სცენის მიმდებარე ტერიტორიას. ერთ-ერთი ორგანიზატორი მიკროფონის საშუალებით სთხოვდა მხარდამჭერებს, რომ დროშებიანი ადამიანები სცენის მარცხენა ნაწილში დამდგარიყვნენ, რათა მარტივი ყოფილიყო მათი ტელევიზიით გამოჩენა.
რამდენიმე წუთში დაიწყო შეხვედრა, რომელიც გახსნა ზუგდიდის მაჟორიტარმა ირაკლი ჩიქოვანმა. რადგანაც აღნიშნული ტექსტის მიზანი მოხსენებების ანალიზი არ არის, ყურადღებას გარემოსა და შეკრებილ ადამიანებზე გავამახვილებ.
მთავარ სცენაზე ორი ადგილი იყო გამოყოფილი მომხსენებლებისთვის: ერთი ბიძინა ივანიშვილისთვის - განსაკუთრებით დაცული (ცენტრიდან ცოტა მარჯვნივ) და მეორეც დანარჩენი გამომსვლელებისთვის (უფრო მარცხნივ). ირაკლი ჩიქოვანი წარადგენდა ყოველ ახალ მომხსენებელს, რომლებიც თავიანთი სიტყვის დასრულების შემდეგ სცენაზე რჩებოდნენ. სცენაზე ასევე იდგა საქართველოს რამდენიმე დროშა. ორ დიდ ეკრანზე დაინახავდით „ქართული ოცნების“ საარჩევნო სლოგანს, ხოლო დანარჩენ 4 ეკრანზე გადაიცემოდა მომხსენებლების სიტყვა.
შეკრებამ საკმაოდ მონოტონურად, ინტერაქციის გარეშე ჩაიარა. მომხსენებელთა გამოსვლასა და სიტყვის დასრულებას თან ახლდა ტაში, თუმცა ისიც სცენის წინ მდგარი მცირე ჯგუფის საშუალებით. მოედნის სხვა ნაწილში მხოლოდ კანტი-კუნტად თუ გაიგონებდით შეძახილს, ან ტაშს. იშვიათი გამონაკლისი იყო შეხვედრის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა და ასევე რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიტიკოსებმა ორიოდე სიტყვა წარმოთქვეს მეგრულად და სვანურად. იშვიათად გაიგონებდით კომენტარებს შეკრებილთა მხრიდან ღონისძიების დროს. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა მოსახლეობამ გადაწყვიტა, ერთმანეთში აზრის გაცვლა, ან უბრალოდ რამის ჩალაპარაკება. ერთი-ერთი ასეთი მაგალითი მაშინ იყო, როცა სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი პოლიტიკის დეტალური აღწერის დროს ჩემ გვერდით მდგომმა ქალმა უკმაყოფილოდ გამოხატა თავისი რეაქცია: „რა საჭიროა გახსენება!“ მეორე შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საუბრობდა მმართველი პარტიის ეკონომიკურ მიღწევებზე, რა დროსაც გავიგონე: „ცოტა დაუკლონ გაზს [ფასი], რად მინდა, თუ ვერ მოვიხმარე?!“
შეხვედრა გაგრძელდა საათზე ცოტა დიდხანს, ხოლო დასრულების შემდეგ, სცენაზე მდგარი ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინვე დაემშვიდობნენ მოსახლეობას ისე, რომ მათ შორის სხვა სახის კომუნიკაცია არ შემდგარა. შედეგად, 5 წუთში თითქმის მთელი მოედანი დაცარიელდა. დარჩა მხოლოდ სცენის წინ მდგარი ასეული მხარდამჭერი.
ზუგდიდში რეგიონალურ შეხვედრაზე დაკვირვებამ ნათლად წარმოაჩინა, რომ უნდობლობა, რომელზეც ზემოთ გავამახვილე ყურადღება, ორმხრივია. მთელი ღონისძიება პოტიომკინის სოფელს წარმოადგენდა, რომელსაც ტელევიზიის საშუალებით განცდა უნდა შეექმნა მთელი საქართველოსთვის, თუ როგორი ენთუზიაზმით უჭერდნენ მხარს ქართულ ოცნებას ზუგდიდში. ამის ნათელი მაგალითია ბანერების დარიგება, მათი მონიტორინგი, კონცერტის დროს მუდმივი მოწოდება, რომ მსმენელი აქტიურად ყოფილიყო პროცესში ჩართული, დროშიანი ადამიანების კონკრეტულ ადგილას შეკრება, ახალგაზრდა მხარდამჭერების სცენის წინ კონცენტრაცია. შეკრების ფასადურობას კი კიდევ უფრო ააშკარავებდა დამსწრეთა დამოკიდებულება: დისტანცია და ინდიფერენტულობა როგორც კონცერტის, ისე გამომსვლელების მიმართ, დროშების, „ქართული ოცნების“ სიმბოლოების სიმცირე მათ რიგებში, ღონისძიების დასრულებიდან რამდენიმე წუთში დაშლა.
საინტერესო იყო მოსახლეობასთან გასაუბრება შეკრების მეორე დღესაც. რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ რეგიონალურ შეხვედრას არ დასწრებიან. მათ დამოკიდებულებაში ისევ შეინიშნებოდა უნდობლობა მმართველი პარტიის მიმართ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ასევე მეორე დღესაც გავრცელებული იყო აზრი, რომ „ხალხი მოიყვანეს.“ შევხვდი ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც დასწრებოდნენ ღონისძიებას და კითხვაზე, თუ რა მოისმინეს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, მიპასუხეს, რომ მშვიდობას დაჰპირდნენ. პარალელები გაავლეს უკრაინასთან, გაიხსენეს გამსახურდია და დაპირისპირებები ზუგდიდში. როგორც ერთმა კაცმა აღნიშნა, მამამისმა ორი ძმა დაკარგა მეორე მსოფლიო ომში; მთელი ცხოვრება მათ მისტიროდა, ამიტომ მისთვის უცხო არ იყო ომის სიმწარე.
დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელსაც გავესაუბრე, უნდობლობას გამოხატავდა მმართველი პარტიის მიმართ. მათი პოზიცია კი აქტიური ქმედებით იყო გამოხატული - არ დასწრებოდნენ „ქართული ოცნების“ შეხვედრას და ამის შესახებ ღიად განეცხადებინათ უცხო ადამიანთან. „ქართული ოცნება“ მათთვის ასოცირდებოდა კონკრეტულ ადამიანთან - ბიძინა ივანიშვილთან. ხოლო მის მიერ წარმოებული პოლიტიკა მათი აზრით, უფრო მეტად ხელს უწყობდა ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებას, დაუცველობის, უსამართლობის განცდის განმტკიცებას. არაფორმალურმა საუბრებმა აჩვენა, რომ მანიპულაციური ნარატივი ომის თავიდან არიდებისა და მშვიდობის შენარჩუნების შესახებ მეტ-ნაკლები წარმატებით მოქმედებს. თუ კი ზოგიერთ შემთხვევაში მშვიდობის დაპირება ის მთავარი სათქმელია, რომელსაც ხალხი იზიარებს, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებისთვისაც ომის პრევენცია საჭირო, მაგრამ არასაკმარისი ფაქტორია, რაც მათ „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობას გააჩენდა. საუბართან ერთად ინფორმაციული იყო უშუალოდ პროცესებზე დაკვირვება. არ იქმნებოდა განცდა, რომ ადამიანები შეხვედრის მოლოდინში იყვნენ. თითქოს, რაღაც დაიგეგმა დედაქალაქში და ახლა მოსახლეობას თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევდა მასში მონაწილეობის მიღება. თუ კი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს არ გავითვალისწინებთ, შეკრებილი ადამიანები სრულიად ინდიფერენტულად ხვდებოდნენ როგორც გამართულ კონცერტს, ისე პოლიტიკურ განცხადებებს. მეორე მხრივ, არც მმართველ პარტიას გამოუვლენია ნდობა ზუგდიდელი ხალხის მიმართ, ამიტომაც პოტიომკინის სოფლის მოწყობით თვალი აუხვიეს იმ საზოგადოებას, რომელიც სამეგრელოში გამართულ ღონისძიებას ტელევიზიით უყურებდა. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შუა ნაწილში უკვე დაიწყო ხალხმა დაშლა, ხოლო შეხვედრის დასრულებიდან მალევე ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სულ რამდენი წუთის წინ მთელი მოედანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით იყო სავსე.
დამოწმებული ლიტერატურა:
Bürge, M. (2018). Mis(sing) Trust for Surviving Confronting Complexity and the Un/Known in Makeni, Northern Sierra Leone. F. Mühlfried-ში, Mistrust: Ethnographic Approximations (105-128). Bielefeld: Transcript Verlag.
Mühlfried, F. (2018). Introduction. F. Mühlfried-ში, Mistrust: Ethnographic Approximations (7-22). Bielefeld: Transcript Verlag.
Mühlfried, F. (2019). Mistrust: A Global Perspective. Cham: Springer Nature.
ინსტრუქცია