[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

პოსტკომუნისტური რეჟიმების ანატომია: კონცეპტუალური ჩარჩო

ლიკა ჩხეტიანი 

  • შესავალი

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლურ აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში ოპტიმიზმმა დაისადგურა, რომელიც თვალსაჩინოდ გამოიხატა 90-იანი წლების ემბლემატურ სიმბოლოდ ქცეულ ფრაზაში - „ისტორიის დასასრული“ (ფრენსის ფუკუიამა). გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ცივი ომი ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდა. ამ არგუმენტს ორი - გეოპოლიტიკური და ნორმატიული -  განზომილება ჰქონდა. გეოპოლიტიკური განზომილების თანახმად, დიქტატურასა და დემოკრატიას შორის დაპირისპირების შედეგად ცივი ომის დროს დამკვიდრებული ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდა. ნორმატიული განზომილების თანახმად კი, ლიბერალურმა დემოკრატიამ, როგორც მორალურად უპირატესმა, ადამიანის უფლებების უნივერსალურ დაცვაზე ორიენტირებულმა მმართველობის ფორმამ, გლობალურ გამარჯვებას მიაღწია. შესაბამისად, კომუნიზმის დამარცხებამ და საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოქცეული სახელმწიფოების განთავისუფლებამ ამ ქვეყნებს დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიის აშენების უნიკალური შესაძლებლობა მისცა. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, ჩამოყალიბდა რწმენა, რომ დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობისთვის ახალგანთავისუფლებული ერების დემოკრატიული მისწრაფებები საკმარისი უნდა ყოფილიყო.

პოსტკომუნისტური სახელმწიფოების დემოკრატიზაციის შესწავლა აკადემიაში ტრანზიტოლოგიის ტრადიციით იწყება. ტრანზიციის პარადიგმის მიხედვით, პოსტკომუნისტური ქვეყნები დიქტატურიდან ლიბერალური დემოკრატიისკენ ერთმხრივად „მიემართებიან“. მიუხედავად ტრანზიციის პროცესისთვის თანმდევი ჩავარდნებისა და უკუსვლებისა, ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გეზი მაინც ნარჩუნდება.

ამ აკადემიურ ტრადიციაში რამდენიმე სხვადასხვა მიმართულება განვითარდა. ერთ-ერთია თავად ტრანზიტოლოგია, რომელიც დემოკრატიზაციისა და ტრანზიციის უშუალო პროცესის შესწავლით არის დაკავებული. ამ მიმართულების კლასიკური წარმომადგენლები არიან სემულ ჰანტინგტონი, გილერმო ო’ დონელი, ფილიპ შმიტერი და ადამ პრჟევორსკი. მეორე მიმართულებაა კონსოლიდოლოგია, რომელიც პოპულარული 90-იანი წლების მეორე ნახევარში გახდა. კონსოლიდოლოგია კონცენტრირებულა დემოკრატიული ტრანზიციის ფინალური, კონსოლიდაციის ფაზის შესწავლით. ამ მიმართულების კლასიკური წარმომადგენლები არიან ხუან ლინცი, სკოტ მეინვერინგი, ლარი დაიმონდი და სხვ. მესამე მიმართულებაა ევროპეიზაცია, რომელიც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით არის დაინტერესებული. ამ საკითხების ცნობილი მკვლევრები არიან ფრენკ შიმელფენიგი და ულრიხ ზედელმაიერი. ტრანზიტოლოგიის ეს ქვე-მიმართულება ისტორიულად ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და რელევანტურობა იქამდე შეინარჩუნა, სანამ დემოკრატიული ტრანზიციისა და ევროპეიზაციის ყველაზე წარმატებულ შემთხვევებში, პოლონეთსა და უნგრეთში, დემოკრატიის უკუსვლა დაიწყებოდა, ანუ მინიმუმ 2008 წლამდე.

ტრანზიტოლოგიის ტრადიცია ნელ-ნელა ჩაანაცვლა ჰიბრიდოლოგიის ტრადიციამ. ამის მიზეზი პოსტკომუნისტური ქვეყნების უდიდეს ნაწილში დემოკრატიზაციის გაჭიანურებული პროცესი აღმოჩნდა. 2000-იანი წლების დასაწყისში უკვე აშკარა იყო, რომ ამ ქვეყნების დიდმა ნაწილმა ტრანზიტული მდგომარეობა უკან მოიტოვა და პოლიტიკური რეჟიმისთვის სტაბილურ მდგამარეობას მიაღწია, თუმცა ეს განზომილება მეტნაკლებად თვითმყოფადი ჩანდა და  ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე „გაჩერებას“ ნაკლებად ჰგავდა. ამ „ნაცრისფერ ზონებს“ ჰიბრიდოლოგიის ტრადიციაში დემოკრატიასა და დიქტატურას შორის არსებულ „შერეულ“, „ჰიბრიდულ“ რეჟიმებად ახასიათებენ. 

ჰიბრიდული რეჟიმის ქოლგის ქვეშ დემოკრატია-დიქტატურის ღერძზე მდებარე სხვადასხვა ტიპის რეჟიმებს განსხვავებული სახელდებები მოეძებნება. ისინი დემოკრატიის, დიქტატურისა და ავტორიტარიზმის კლასიკური ღერძის გარშემო აგებულ ტიპოლოგიაში არიან ინტეგრირებულნი. ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, ლიბერალური დემოკრატიების რიგში შემავალი კლასიფიკაციებია: წარმომადგენლობითი დემოკრატია (კონსენსუალური და მაჟორიტარული), პოლიარქია (რობერტ დალი), წარმომადგენლობითი დემოკრატია (კაროლ ფეითმანი), დელიბერაციული დემოკრატია (იურგენ ჰაბერმასი), ელიტისტური დემოკრატია (ჯონ ჰიგლი) და სხვ. დიქტატურის ქოლგის ქვეშ ექცევა ისეთი დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა: კომუნისტური და ფაშისტური ტოტალიტარული დიქტატურა (ჰანა არენდტი, კარლ ფრიდრიხი, ზბიგნევ ბრჟეჟინსკი), პოსტ-ტოტალიტარიზმი (ვაცლავ ჰაველი), ავტორიტარიზმი (ხუან ლინცი). ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია დემოკრატიისა და დიქტატურის მრავალფეროვანი შერეული ფორმები, როგორებიცაა: დემოკრადურა და დიქტაბლანდა (გილერმო ო’დონელი და ფილიპ შმიტერი), დელეგაციური დემოკრატია (გილერმო ო’დონელი), ილიბერალური დემოკრატია (ფარიდ ზაქარია), მართული დემოკრატია (არჩი ბრაუნი), შეჯიბრებითი ავტორიტარიზმი (სტივენ ლევიცკი და ლუკან ვეი), საარჩევნო ავტორიტარიზმი (ანდრეას შედლერი), ნახევრად-დემოკრატია (ლარი დაიმონდი), ლიბერალური ავტოკრატია (ლარი დაიმონდი), დეფექტური დემოკრატია (ვოლფგანგ მერკელი), პლებისციტური ლიდერული დემოკრატია (ანდრას კოროსენი), გარედან შებოჭილი ჰიბრიდული რეჟიმი (ბოზოკი, ჰეგედუსი) (იხ. ცხრილი, გვ. 6).

ამდენად, ჰიბრიდოლოგიის ტრადიცია მოიცავს მდიდარ და მუდმივად პროგრესირებად აკადემიურ ლიტერატურას, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმების მრავალფეროვანი სახეების  სისტემურად მოწესრიგებასა და მათი მახასიათებლების საერთო ინდიკატორებით ახსნას ესწრაფვის. ამასთან, ჰიბროდოლოგია, ტრანზიტოლოგიისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული მცდარი წინასწარგანწყობის ტყვეობაში, რომ არადემოკრატიული სახელმწიფოები აუცილებლად ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით უნდა ვითარდებოდნენ.

ჰიბრიდოლოგია, ისევე როგორც ტრანზიტოლოგია, ჰიბრიდული რეჟიმების კლასიფიკაციისას ძირითად ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, ინსტიტუციონალურ რეფორმებზე და მმართველი პოლიტიკური ელიტის გაცხადებულ მისწრაფებებზე. ჰიბრიდოლოგიის ტრადიცია დაფუძნებულია დათქმაზე, რომ პოლიტიკური რეალობის განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს პოლიტიკური სფერო თამაშობს. საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებისგან პოლიტიკური სფეროს დამოუკიდებლობა თავისთავად მიღებული მოცემულობაა, რომელიც დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიების მახასიათებლებსა და მათი ჩამოყალიბების ისტორიულ გამოცდილებაზეა მორგებული.

წიგნის ავტორები საზოგადოებრივ ცხოვრებას კლაუს ოფეს კლასიფიკაციის შესაბამისად, სამ ნაწილად ყოფენ. ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური და კომუნალური აქტივობების სფეროები. პოლიტიკური ქმედება სახელმწიფო ინსტიტუტების სტრუქტურაშია განსხეულებული და შემოსაზღვრულია ისეთი ცნებების ლოგიკით, როგორიცაა: ლეგიტიმაცია, იერარქია, ანგარიშვალდებულება, კანონისმიერი ძალაუფლება და სხვ. ეკონომიკური ქმედება დაფუძნებულია კონტრაქტუალისტური ტიპის ურთიერთობებზე, რომლისთვისაც რელავანტურია საკუთრების უფლება და საბაზრო რეგულაციები, ხოლო კომუნალური ქმედებების სივრცე დაფუძნებულია საერთო კულტურული კუთვნილებისა და იდენტობის მქონე ადამიანებს (მაგ. საერთო რელიგიური, ეთნიკური კუთვნილება) შორის ორმხრივი ურთიერთვალდებულების გრძნობის არსებობაზე.

სფეროების გამიჯნულობა ორ - 1) აქტორების და 2) ფორმალური ინსტიტუტების - დონეზე ყალიბდება. აქტორების დონეზე, „გამიჯვნის დონე“ გამოიხატება აქტორის მიერ კონკრეტული სფეროს ფარგლებში საკუთარი როლის, ფუნქციების, ვალდებულებების გაგებაში. გამიჯვნის იდეალურ ვერსიაში, ერთი სფეროს ფარგლებში აქტორის მოტივები და ინტერესები ზეგავლენას არ ახდენს სხვა სფეროში იმავე აქტორის მოტივებსა ინტერესებზე. მაგალითად, კომუნალური სფერო (მაგ. საოჯახო ურთიერთობები) არ ზემოქმედებს აქტორის სამსახურეობრივ საქმიანობაზე პოლიტიკურ სფეროში. ინსტიტუტების დონეზე „გამიჯვნის დონე“ გამოიხატება აქტორისთვის თითოეულ სფეროში ფორმალურად მინიჭებულ როლებში, რომელიც სხვადასხვა გარანტიებით, რეგულაციებითა და კონტროლის მექანიზმებით არის განცალკევებული სხვა სფეროებისგან.

საზოგადოებრივი ცხოვრების ამ სამი სფეროს ერთმანეთისგან გამიჯვნა დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. დასავლური ტიპის ლიბერალურ დემოკრატიებში ამ სფეროების ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა მრავალფეროვანი გარანტიებით არის დაცული. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, პოლიტიკური, ეკონომიკური და კომუნალური სფეროების გამიჯნულობის ხარისხი ნელ-ნელა კლებულობს. ავტორების აზრით, პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების გამიჯვნის პროცესი იძულებით შეწყდა ამ ქვეყნების საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ან მისი გავლენის სფეროში მოქცევის შემდეგ, რადგან საბჭოთა ტოტალიტარიზმმა კერძო საკუთრების, პირადი საკუთრების სფეროს, ავტონომიური საზოგადოებრივი ერთეულების სრულად გაუქმების შედეგად საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო იძულებით გააერთიანა და ერთგვაროვანი კონტროლის ქვეშ მოაქცია.

ამდენად, დასავლური ლიბერალური დემოკრატიებისგან განსხვავებით, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნამ პოლიტიკურ სფეროს ფორმალურ და არაპერსონალიზებულ სისტემაში ფუნქციონირების შესაძლებლობა მისცა, პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში, სადაც მსგავსი გაყოფა არასრულყოფილია, პოლიტიკურ სფეროში დომინანტური ადგილი არაფორმალურ და პერსონალიზებულ ურთიერთობებს უჭირავთ, რომლები პატრონ-კლიენტური იერარქიებისა და პატრონული ქსელების ფარგლებში ფუნქციონირებს.

სწორედ ამიტომ, ჰიბრიდოლოგიის ტრადიციაში ჩამოყალიბებული რეჟიმის ინდიკატორები, რომლებიც დასავლური ლიბერალური დემოკრატიების გამოცდილებასა და ფორმალური პოლიტიკური ინსტიტუტების დომინაციის თეზისზეა დაფუძნებული,  მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა, სათანადოდ ვერ ახერხებენ პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დახასიათებას, რადგან ისინი ავტომატურად ეპყრობიან პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, როგორც დასავლურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლური ლიბერალური დემოკრატიების აღსაწერად შექმნილი ლექსიკური ერთეულები პოსტკომუნისტური სახელმწიფოების პოლიტიკური რეჟიმების „სათარგმნად“ შეუსაბამოა და ამ ქვეყნების უნიკალურ ისტორიულ და პოლიტიკურ გამოცდილებას ყურადღების მიღმა ტოვებს. მაგალითად, დასავლურ პოლიტიკურ კონტექსტში, თუ ტერმინი „პოლიტიკური პარტია“ გამოიყენება პოლიტიკის სფეროში მოქმედი პოლიტიკური ინსტიტუტის აღსაწერად, რომელსაც კონკრეტული მიზნები და სამოქმედო პოლიტიკა გააჩნია, პოსტკომუნისტურ კონტექსტში „პოლიტიკური პარტია“ ასევე აღწერს ორგანიზაციას, რომელიც არაფორმალური პატრონული ქსელის ლეგიტიმაციისთვის შექმნილი პოლიტიკური ფასადია, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური და კომუნალური სფეროების შეერთების შედეგად ჩამოყალიბდა (მაგალითი: გვ. 9). 

ავტორების აზრით, პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების არასრულყოფილი გამიჯნულობის გამო, ამ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აღსაწერად ახალი, კონცეპტუალურად განსხვავებული ლექსიკონისა და პოლიტიკური რეჟიმების ახალი კლასიფიკაციის შემოღებაა საჭირო, რომელიც სათანადოდ აღიბეჭდავს რეგიონის უნიკალურ გამოცდილებას. მათი მოცულობითი ნაშრომი სწორედ ამას ისახავს მიზნად.

სიზუსტისთვის, ნაშრომი გეოგრაფიულად ცენტრალური ევროპიდან აღმოსავლეთ აზიამდე, ანუ უნგრეთიდან ჩინეთამდე სახელმწიფოებზეა კონცენტრირებული.

  • თავი 1: მტკიცე სტრუქტურები

ავტორების აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტკომუნისტური სახელმწიფოების პოლიტიკური განვითარების ამხსნელი მთავარი ფემომენი „მტკიცე სტრუქტურების“ არგუმენტია. „მტკიცე სტრუქტურები“ პოსტკომუნისტური სახელმწიფოების ისტორიის და კულტურის კომბინაციას მიემართება. კომუნისტურ გავლენის სფეროში მოქცევამდე ამ რეგიონში სახელმწიფოები, მათი ისტორიული და კულტურული მახასიათებლებისა და ცივილიზაციური კუთვნილების შესაბამისად, საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების გამიჯვნის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებოდნენ. პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების ადგილობრივი წესები საბჭოთა ტოტალიტარიზმს დაექვემდებარა და „დიქტატურის სარქველის“ ქვეშ მოექცა.  სარქველის ქვეშ მოქცეული, „გაყინული“ და „დატყვევებული“, სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი ძალით გამოთავისუფლდა. თუმცა, მათ პარალელურად ასევე გამოთავისუფლდნენ კომუნისტური დიქტატურის პირობებში ჩამოყალიბებული, ახალი ტიპის სოციალური სტურუქტურებიც. ამდენად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტრანზიტულ სახელმწიფოებში შეიცვალა არა მარტო ფორმალური პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურები, არამედ ასევე გარდაიქმნა საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების გამიჯნულობის დონეები და ამ დონეების ფარგლებში მოქმედი აქტორების ცნობიერება. შედეგად, ჩამოყალიბდა პოლიტიკური სტრუქტურა, რომელშიც ფორმალური პოლიტიკური ინსტიტუტები დაექვემდებარა არაფორმალური ურთიერთობის წესებს, მათ შორის ისეთ არაფორმალურ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა შეძენილი პოლიტიკური ოჯახები, პატრონულ-მფარველობითი კავშირები და პოლიტიკურ-ეკონომიკური კლანები. ამ მახასიათებლების მიხედვით განისაზღვრა რეგიონში აღმოცენებული ადგილობრივი პოლიტიკური რეჟიმები, რომლებიც, ერთი მხრივ, „გზაზე დამოკიდებულების“ ლოგიკით ვითარდებიან - პრეტოტალიტარული და ტოტალიტარული სოციალური სტრუქტურები ახალი ძალით იჩენენ თავს პოსტტოტალიტარულ საზოგადოებებში. თუმცა, „გზაზე დამოკიდებულება“ დეტერმინისტულ ლოგიკას არ მოიაზრებს: ისტორიული „მტკიცე სტრუქტურების“ გვერდით ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც „გზის შექმნისა“ და განვითარების განსხვავებული ტრაექტორიების პერსპექტივას ქმნიან.  ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველო, სადაც „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმები პოლიტიკური, ეკონომიკური და კომუნალური სფეროების ერთმანეთისგან რადიკალურ გამიჯვნას ისახავდა მიზნად. საპირისპირო, ანუ გამიჯნული სფეროების კვლავ გაერთიანების მცდელობაა 2010-იანი წლებიდან უნგრეთში ვიქტორ ორბანის ქმედებები.

ავტორების აზრით, პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში კომუნისტური დიქტატურის დამყარებამდე საზოგადოებრივი ქმედების სფეროთა „გამიჯვნის დონე“ ცივილიზაციურ საზღვრებს ემთხვეოდა. ცივილიზაციური საზღვრები, თავის მხრივ, დიდწილად რელიგიური მიკუთვნებულობითა და რელიგიური ინსტიტუტების საზოგადოებრივ-პოლიტიკური როლით იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები ფეოდალიზმის ხანაში იმყოფებოდნენ, დასავლური ქრისტიანული სახელმწიფოები პოლიტიკური, ეკონომიკური და კომუნალური სფეროების გამიჯვნის ყველაზე მაღალი დონით გამოირჩეოდნენ, რომელიც შედარებით დაბალი იყო უფრო აღმოსავლეთ ევროპაში, მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარ ქვეყნებში, ყველაზე დაბალი კი - ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, ანუ მუსლიმურ და ჩინურ ცივილიზაციებში.

პრეკომუნისტურ ფეოდალურ საზოგადოებებში, მმართველი პოლიტიკური ელიტის შიგნით ურთიერთობას პატრონიზმის სტრუქტურა გააჩნდა, როგორც ამას მანამდე ჰენრი ჰეილი თავის ცნობილ ნაშრომში, „პატრონულ პოლიტიკაში“, აღწერს. პატრონიზმი გულისხმობს სოციალური კავშირების იერარქიულ წესრიგს, რომელშიც იერარქიის სათავეში პატრონების მცირერიცხოვანი წრეა, ხოლო ბოლოში - მათზე დამოკიდებული უმრავლესობა - კლიენტები. პატრონისა და კლიენტების ურთიერთობა პერსონალურად დაჯილდოებისა და დასჯის ლოგიკაზეა აგებული, ნაცვლად აბსტრაქტული და არაპერსონალური პრინციპებისა.

კიდევ ერთი ფენომენი, რომელიც პრეკომუნისტური ფეოდალური საზოგადოებების, განსაკუთრებით აღმოსავლეთევროპული, მართლმადიდებლური ცივილიზაციის საზოგადოებრივ სტრუქტურას განსაზღვრავდა, არის პირველად მაქს ვებერის მიერ აღწერილი ფენომენი -  პატრიმონიალიზმი. ეს უკანასკნელი აღწერს პოლიტიკური რეჟიმის ისეთ განზომილებას, რომელშიც შეუძლებელია საზოგადოებრივი და კერძო სფეროების ერთმანეთისგან გამიჯვნა: პოლიტიკური ძალაუფლების მქონე აქტორები საზოგადოებრივ სფეროს ისე აღიქვამენ, როგორც თავიანთ კერძო სამფლობელოს. უმეტეს შემთხვევაში ეს გულისხმობს პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებით ქონების დაგროვებას და, პირიქით, ეკონომიკური ძალაუფლების გამოყენებას პოლიტიკურ სფეროზე გავლენის მოსახდენად. პატრიმონიალიზმი რაღაც ფორმით არსებობდა დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციაშიც, თუმცა მას უფრო შეზღუდული ხასიათი ჰქონდა და ინდივიდუალური თავისუფლების პატივისცემის უფრო მაღალი დონით გამოირჩეოდა.

კომუნისტურმა სისტემამ ფეოდალურ ხანაში ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურები და არაფორმალიზმის ისეთი შემთხვევები, როგორიც პატრონიზმი და პატრიმონიალიზმია, ბუნებრივი განვითარების ფაზას მოწყვიტა, კომუნისტური დიქტატურის მიზნებს დაუქვემდებარა, ერთგვარონ სოციალურ სტრუქტურაში მოაქცია და მეტ-ნაკლებად ჰომოგენური ხასიათი მიანიჭა. თუმცა, საზოგადოებრივი სფეროების კომუნისტური შერწყმა თვისობრივად განსხვავდებოდა ფეოდალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი განუვითარებელი გამიჯვნისაგან. კომუნისტურ რეალობაში ამ შერწყმას საფუძვლად მარქსისტ-ლენინისტური იდეოლოგია, პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროში სახელმწიფოს სრული დომინაცია და ვრცელი ბიუროკრატიული კოორდინაცია ედო.

აღნიშნულის შედეგად კომუნისტურ სივრცეში პერსონალური ურთიერთოებების ფორმალური, ბიუროკრატიული ქსელი  ჩამოყალიბდა, არაფორმალური ურთიერთობები კი ფორმალური ქსელის შიგნით მოექცა. სხვა სიტყვებით, არაფორმალურ კავშირები და პერსონალური ურთიერთობები მნიშვნელობას ფორმალური როლებისა და  ბიუროკრატიული ორგანიზაციის პირობებში იძენდა, თუმცა, არაფორმალიზმის ლოგიკა დომინაციას კვლავ ინარჩუნებდა. ავტორები ამის მაგალითად ასახელებენ ალენა ლედენავას ერთ-ერთ კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირში ზეპირი და პერსონალურად გაცემული ბრძანებები უფრო მეტ პოლიტიკურ ძალას ატარებდა, ვიდრე წერილობითი დავალებები და ინსტრუქციები.

კომუნისტურ რეალობაში პატრონკლიენტურმა ურთიერთობებმაც ბიუროკრატიზებული ფორმა შეიძინა. ბიუროკრატიზებულ პატრონკლიენტურ ქსელს ხშირად „ნომენკლატურადაც“ მოიხსენიებენ. ნომენკლატურას პირამიდისებური ფორმა ჰქონდა, რომელიც, პოლიტბიუროდან დაწყებული, ადგილობრივი ქარხნების დირექტორებით დამთავრებული, ყველა ბიუროკრატიულ რგოლსა თუ პოზიციას მოიცავდა.

კომუნისტურ დიქტატურაში ფეოდალური ინსტიტუტების ამგვარმა გარდასახვამ რამდენიმე ინსტიტუციონალური ცვლილება გამოიწვია. პირველ რიგში, კერძო საკუთრების უფლების გაუქმების შემდეგ, საკუთრების უფლება და პოლიტიკური ძალაუფლება პარტიისა და ბიუროკრატიის ფართო ქსელის ხელში მოექცა, რამაც ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების თავისთავადი შერწყმა გამოიწვია. ასევე, კომუნისტური პარტიისთვის საზოგადოება, რომელიც ვრცელი პარტიული აპარატისა და ბიუროკრატიული ქსელის წყალობით ეფექტურად იყო ათვისებული, კერძო სამფლობელოდ გადაიქცა, რასაც სხვაგვარად „პატრიმონიალიზმის ბიუროკრატიული ვერსია“ შეიძლება ეწოდოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  საზოგადოებრივი სფეროების გამიჯვნის პრეკომუნისტური დონისა და კომუნისტური დიქტატურის მეტ-ნაკლებად განსხვავებული გამოცდილების გათვალისწინებით, პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში პატრონალიზმის მემკვიდრეობა სხვადასხვა ინტენსივობის იყო. ყველაზე ნაკლებად პატრონალისტური ქვეყნები აღმოჩნდნენ: ხორვატია, ჩეხეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ), უნგრეთი, პოლონეთი, სლოვენია. შედარებით მეტად პატრონალისტური იყვნენ: ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, სერბეთი, სლოვაკეთი, ხოლო ყველაზე მეტად პატრონალისტური: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბულგარეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი. (იხ. ცხრილი, გვ. 50).

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება მოიცავდა მხოლოდ ფორმალური ინსტიტუტების გარდაქმნას, თუმცა საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების გამიჯნულობის შესახებ პოლიტიკური აქტორების წარმოდგენები არ შეცვლილა. ლიბერალური დემოკრატიის მიღწევის მცდელობა რეალისტური აღმოჩნდა მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, რომლებშიც პოლიტიკურ აქტორებს სჯეროდათ, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და კომუნალური სფეროები ერთმანეთისგან უნდა გამიჯნულიყვნენ. სხვა შემთხვევებში ამ სფეროების შერწყმაზე დამყარებული, ახალი ტიპის პატრონული რეჟიმები ამოიზარდა.

ავტორების აზრით, პოსტკომუნისტური ქვეყნების განვითარების ტრაექტორია, მიაღწევდნენ ისინი ლიბერალურ დემოკრატიას თუ ავტორიტარიზმს, ორ ფაქტორზე იყო დამოკიდებული: 1) საპრეზიდენტო მმართველობის და პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა/არარსებობა და 2) დასავლური კავშირებისა და ბერკეტების არსებობა/არარსებობა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში განვითარებული პროცესები რამდენიმე ფენომენით გამოიხატება. ერთ-ერთი მათგანია „ძალაუფლებისა და საკუთრების“ კომბინაცია, რომელიც მანამდე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონების კერძო პირებს შორის გადანაწილებას მოჰყვა შედეგად. მასობრივი პრივატიზაციის ადგილობრივი პრაქტიკა არა საკუთრების რეალური, გამჭვირვალე და ობიექტური განკერძოება გამოდგა, არამედ მესაკუთრეთა ახალი კასტის შექმნა, რომლის რიგებში მოხვედრაც არაფორმალური „კონტაქტებისა“ და პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალაუფლების გამოყენებასთან იყო დაკავშირებული. ამ ფენომენს ეფექტურად გამოხატავს რუსული ტერმინი „პრიხვატიზაცია“, რომელიც ორი სიტყვის, „პრივატიზაციის“ და „ხელში ჩაგდების“ ერთობლიობისგან არის ნაწარმოები.

პოსტკომუნისტური პოლიტიკური რეალობის განმსაზღვრელი კიდევ ერთი ფენომენია ახლად დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების პატრიმონიალიზაცია, რომელიც პოლიტიკური კაპიტალიზმისა და კორუფციის მასობრივი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში გამოიხატა.

პოსტკომუნისტური ქვეყნების უნიკალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ავტორები გვთავაზობენ პოლიტიკური რეჟიმების კლასიფიკაციის ახალ სქემას, რომელიც პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ერთად, არაფორმალიზმის როლსაც აირეკლავს. ისინი გამოყოფენ რეგიონისთვის რელევანტურ დემოკრატიის ორ ფორმას: ლიბერალურ დემოკრატიას და პატრონულ დემოკრატიას, ავტორიტარიზმის ორ ფორმას: კონსერვატიული ავტოკრატია და პატრონული ავტოკრატია და დიქტატურის ორ ფორმას: კომუნისტური დიქტატურა და ბაზრის ექსპლუატაციის დიქტატურა. ლიბერალურ დემოკრატიაში ბალანსი პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და არაფორმალურ კავშირებს შორის მტკიცედ არის დაცული, პატრონულ დემოკრატიაში კი ის არაფორმალური კავშირების სასარგებლოდ არის დარღვეული. კონსერვატიულ ავტოკრატიაში პოლიტიკური სფერო მმართველი ელიტის მიერ მონოპოლიზებულია, თუმცა ეკონომიკური სფერო პოლიტიკური სფეროსგან დამოუკიდებელი რჩება, მაშინ, როცა პატრონულ ავტოკრატიაში პოლიტიკური და ეკონომიკური სფერო პოლიტიკური ელიტას სრულად ექვემდებარება. კომუნისტური დიქტატურა საზოგადოებრივი ცხოვრების სამივე სფეროს სრულ შერწყმას გულისხმობს, ბაზრის ექსპლუატაციის დიქტატურაში კი, პოლიტიკური მიზნების გამო, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გარკვეული ელემენტები შენარჩუნებულია (იხ. ცხრილი, გვ. 71).

  • თავი 2: სახელმწიფო

პატრონული კავშირის პირამიდისებური იერარქიის სათავეში „მთავარი პატრონი“ დგას, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებიან „ქვე-პატრონები“. ამ უკანასკნელების მორჩილებაში კლიენტთა მთელი ქსელი დგას. მათი ერთიანობა „შეძენილ პოლიტიკურ ოჯახს“ აყალიბებს, რომელშიც ძალაუფლების განმსაზღვრელი მთავარი ხაზი „მთავარ პატრონთან“ პირდაპირი კომუნიკაციის უფლების ქონაზე დგას. კომინისტურ დიქტატურაში იერარქია მკაცრად განსაზღვრულ ბიუროკრატიულ სტრუქტურას მიუყვება, ხოლო პატრონულ ავტოკრატიაში იერარქია არაფორმალურია და აქტორის ფორმალურ პოზიციასთან შესაბამისობაში შეიძლება სულაც არ იყოს. იერარქიის შიგნით შესაძლებელია კონკურენცია არსებობდეს, თუმცა ის არასოდეს მიემართება „მთავარ პატრონს“.

სახელმწიფოს ფუნქციონირების ტრაექტორია შესაძლებელია სამ პრინციპს ეფუძნებოდეს. ესენია: საზოგადოებრივი, იდეოლოგიური და ელიტის ინტერესები. იმის მიხედვით, რომელი პრინციპი უფრო მეტი ძალით არის გამოხატული საზოგადოებაში, სახელმწიფოს ფუნქციონირება სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეალური ტიპია ლიბერალურ დემოკრატიაში კონსტიტუციური სახელმწიფო. იდეოლოგიურ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეალური ტიპია კომუნისტური დიქტატურის წიაღში პარტიული სახელმწიფო. პოსტკომუნისტური სახელმწიფოების უმეტეს ნაწილში წამყვანი ადგილი ელიტის ინტერესებს უჭირავს. ამ მიმართულებით ავტორები სახელმწიფოს სხვადასხვა ტიპებს გამოყოფენ, სადაც ელიტის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები სხვადასხვა დოზით არის გამოხატული, თუმცა ყველაზე „სრულყოფილი“ ტიპია პატრონული ავტოკრატიის წიაღში აღმოცენენებული „მაფია სახელმწიფო“. ეს უკანასკნელი იმართება „შეძენილი პოლიტიკური ოჯახის“ მიერ, რომელიც ფლობს პატრიმონიალიზებულ პოლიტიკურ ძალაუფლებას (ანუ საზოგადოებრივ სივრცეს ეპყრობა, როგორც საკუთარ სამფლობელოს), რუტინულად უგულვებელყოფს ფორმალურ წესებს და სახელმწიფოს ისე მართავს, როგორც კრიმინალური ტიპის ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ „მაფია სახელმწიფო“ ორგანიზებულ დანაშაულსა და კრიმინალთან ახლო კავშირს აუცილებლად არ მოიაზრებს. ის უფრო ზოგადად მიანიშნებს მმართველი ელიტის ფუნქციონირების მიმტაცებლობასა და შერჩევითობაზე დაფუძნებულ შინაგან კულტურაზე. ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში ასევე შეიძლება ფუნქციონირებდეს სუბ-სუვერენული მაფია სახელმწიფოებიც.

  • თავი 3: აქტორები

ავტორები გამოყოფენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კომუნალურ სფეროში მოქმედ აქტორებს, მათ მოტივაციებსა და შედარებით მახასიათებლებს ლიბერალურ დემოკრატიაში, პატრონულ ავტოკრატიასა და კომუნისტურ დიქტატურაში, როგორც რეჟიმების რადიკალურ, არაშერეულ ტიპებში.

პოლიტიკურ სფეროში აღსანიშნავია აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის როლი. თუ ლიბერალურ დემოკრატიებში ასეთ აქტორს, პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს, ფორმალური აღმასრულებელი ძალაუფლება გააჩნია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკის სფეროთია შემოსაზღვრული, პატრონულ დემოკრატიებში მისი შესატყვისია „მთავარი პატრონი“, რომელიც ფორმალურად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიცაა, თუმცა მისი ძალაუფლება შედარებით შეუზღუდავად ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებზეც და ნაკლებად ემორჩილება ხელისუფლების დანაწილებისა და  ანგარიშვალდებულების ფორმალურ პრინციპებს. კომუნისტურ დიქტატურაში რელევანტური შესატყვისია კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, რომლის ძალაუფლება უკონტროლოდ ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე.

ასევე, საინტერესოა, აღინიშნოს, როგორც ცვალებადობს „პოლიტიკოსის“ ცნება რეჟიმის იდეალურ ტიპებში. თუ ლიბერალურ დემოკრატიაში „პოლიტიკოსი“ მხოლოდ პოლიტიკის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი აქტორია, პატრონულ დემოკრატიაში მისი შესატყვისია „პოლიგარქი“, რომელიც ფორმალურ პოლიტიკურ ძალაუფლებასთან ერთად არაფორმალურად და არალეგიტიმურად ეკონომიკურ ძალაუფლებასაც ფლობს. მასთან ერთად ასევე არსებობს „პოლიტიკური საჯარო სახის“ (political front man) ფენომენიც, რომელსაც პატრონულ ავტოკრატიაში ფორმალური ძალაუფლება უჭირავს, თუმცა, პოზიციის შესაბამისი რეალური ძალაუფლება არ გააჩნია, რადგან არაფორმალურ პატრონულ იერარქიაში, როგორც კლიენტი, პატრონს  ექვემდებარება. მისი რეალური დანიშნულება საჯარო სივრცეში მხოლოდ პატრონის დავალებების შესრულებაა.

ეკონომიკურ სფეროში განსაკუთრებით საინტერესოა პატრონულ ავტოკრატიებში გავრცელებული ოლიგარქის ფენომენი. ლიბერალურ დემოკრატიაში მისი საპირისპირო ცნებაა „ანტერპრენერი“ (entrepreneur), რომელიც ფორმალური ეკონომიკური ძალაუფლების მქონე პირს წარმოადგენს. ოლიგარქი კი, ფორმალურ ეკონომიკურ ძალაუფლებასთან ერთად ფარულ და არაფორმალურ პოლიტიკურ ძალაუფლებასაც ფლობს. ფაქტობრივად, „ოლიგარქის“ ცნება „პოლიგარქის“ ანტონიმია: თუ პოლიგარქი ისეთი პოლიტიკოსია, რომელსაც არაფორმალური ეკონომიკური ძალაუფლება გააჩნია, ოლიგარქი ისეთი ეკონომიკური აქტორია, (მაგ., ბიზნესმენი), რომელსაც არაფორმალური პოლიტიკური ძალაუფლება აქვს. ოლიგარქის წარმატების მთავარი წინაპირობა ფორმალურ პოლიტიკურ აქტორებთან ახლო კავშირების შენარჩუნებაა.

კომუნალურ სფეროში პოსტკომუნისტური სივრცისთვის განსაკუთრებით საინტერესო ფენომენია „გონგო“ (მთავრობის მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაცია), რომელიც პატრონულ ავტოკრატიებშია გავრცელებული. მისი საპირისპირო ცნება ლიბერალურ დემოკრატიაში არასამთავრობო ორგანიზაციაა (NGO). ასევე, ლიბერალური დემოკრატიისთვის ტრადიციული „მოქალაქის“ ცნების შესატყვისი პატრონულ ავტოკრატიაში „კლიენტია“, ხოლო კომუნისტურ დიქტატურაში - „დაქვემდებარებული“ (subject). ლიბერალურ დემოკრატიაში არსებული სეკულარული, დამოუკიდებელი ეკლესიის საპირისპიროდ, პატრონულ ავტოკრატიაში „კლიენტური ეკლესია“ ფუნქციონირებს, რომელიც მმართველ პოლიტიკურ ელიტასა და მასთან არაფორმალურ კავშირებზეა დამოკიდებული, კომუნისტურ დიქტატურაში შესაბამისი აქტორი „რეპრესირებული ეკლესიაა“, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ აკრძალულია.

  • თავი 4: პოლიტიკა

ავტორები განიხილავენ პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში პოლიტიკური ლეგიტიმაციის განმსაზღვრელ მთავარ საფუძვლებს. ლიბერალურ დემოკრატიაში საზოგადოებრივი სიკეთის ინტერპრეტირებისა და პოლიტიკური ქმედების ლოგიკა კონსტიტუციონალიზმს, პატრონულ ავტოკრატიაში პოპულიზმს, ხოლო კომუნისტურ დიქტატურაში - მარქსიზმ-ლენინიზმს ეფუძნება.

პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილების დონის მიხედვით, საჯარო-პოლიტიკურ განხილვაში მონაწილე პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მოპყრობა განსხვავებულია. ლიბერალურ დემოკრატიაში მმართველი პოლიტიკური ელიტა ამგვარ ინსტიტუტებს უნივერსალური პატივისცემით ეპრყობა და ინსტიტუციონალური მექანიზმებით იცავს. პატრონულ ავტოკრატიაში „შეძენილი პოლიტიკური ოჯახი“ ამგვარი ინსტიტუტების პრაგმატულ ნეიტრალიზაციას ამჯობინებს, ანუ მხოლოდ იმ ინსტიტუტებს ზღუდავს, რომლებიც მოცემულ მომენტში რეჟიმის სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. კომუნისტურ დიქტატურაში კი ნომენკლატურა საჯარო-საზოგადოებრივ ინსტიტუტებს პარტიულ დოქტრინაზე დაფუძნებული რეპრესიებით უსწორდება.

პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში სამი ტიპის პოლიტიკური პროცესი წარმოებს. ლიბერალურ დემოკრატიებში საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკა (public policy), პატრონულ ავტოკრატიებში - პოლიტიკური ელიტის მიერ ქონების დაგროვებასა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული პატრონული პოლიტიკა (patronal policy), ხოლო კომუნისტურ დიქტატურაში - იდეოლოგიის რეალიზაციასა და პოლიტიკური ელიტის ძალაუფლების მონოპოლიზებაზე ორიენტირებული ძალაუფლების პოლიტიკა (power policy).

აქედან გამომდინარე, განსხვავებულია კანონმდებლობის ბუნებაც. თუ ლიბერალურ დემოკრატიებში „ლიმიტირებული კანონი“ მოქმედებს, რომელიც მასზე ზემდგომ საკანონმდებლო აქტებსა და კონსტიტუციას შეესაბამება და კონკრეტული საზოგადოებრივი ინტერესის გატარებას ისახავს მიზნად, პატრონულ დემოკრატიაში წამყვანი ადგილი „ინსტრუმენტულ კანონს“ უჭირავს, რომელიც მმართველი პოლიტიკური ელიტის ინტერესების რეალიზაციაზეა მორგებული.

  • თავი 5: ეკონომიკა

ეკონომიკურ სფეროსთან მიმართებით ავტორები აღწერენ ეკონომიკურ და საბაზრო ურთიერთობებში ეკონომიკური, პოლიტიკური და კომუნალური აქტორების სხვადასხვა ტიპის ინტერაქციას, მათ შორის კორუფციის განსხვავებულ ტიპებს. წვრილმანი და ელიტური კორუფციის გარდა, ასევე რელევანტურია კორუფციის ისეთი ფორმა, როგორიცაა კრონიზმი, რომელიც აღწერს კერძო ელიტის ინიციატივით საჯარო ადმინისტრაციული ან სამთავრობო ელიტის ჩართვას კორუფციულ აქტივობებში. კრონიზმში მთავარი სუბიექტია „კრონი“, რომელიც ადმინისტრაციულ და სამთავრობო ელიტასთან დაახლოებული პირია და ამის გამო პრივილეგიებითა და  განსხვავებული მოპყრობით სარგებლობს.

ავტორები ასევე აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შემუშავებულ კორუფციის აღქმის გლობალური ინდექსის გამოსათვლელ მეთოდოლოგიას. მათი აზრით, ჰიბრიდოლოგიის მსგავსად, კორუფციის დონის დასადგენად გამოყენებული კრიტერიუმები მხოლოდ ფორმალურ ინსტიტუტებსა და რეგულაციებზეა კონცენტრირებული. ეს უკანასკნელნი კი ეფუძნებიან პრეზუმფციას, რომ სახელმწიფო მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ კორუფცია არა ნორმალურ მოვლენას, არამედ ნორმიდან გადახრას უნდა წარმოადგენდეს.

აღნიშნული მიდგომა სათანადოდ ვერ აღბეჭდავს პოსტკომუნისტურ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ კორუფციის სხვადასხვა ფორმას და სახელმწიფოს არაფორმალურ იდენტობას, რომელიც მის ფორმალურ იდენტობასთან ერთად თანაარსებობს. დამკვიდრებული მეთოდოლოგია განსაკუთრებით მოუქნელია ზემოდან ქვემოთ მართული კორუფციის ფორმების დასაფიქსირებლად, სადაც კორუფციის ინიციატორი არა კერძო აქტორები ან ცალკეული საჯარო მოხელეები, არამედ მთლიანად მმართველი პოლიტიკური ელიტა, ან უფრო ზოგადად, კრიმინალური პოლიტიკური სისტემაა.

  • თავი 6: საზოგადოება

 ლიბერალურ დემოკრატიაში  კომუნალური აქტივობის სფერო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებისგან გამიჯნულია, მოქალაქეებს რესურსებსა და ინფორმაცია შეუზღუდავი წვდომა და თანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ. პატრონულ ავტოკრატიაში ღია წვდომაზე დაფუძნებული წესრიგი და პლურალიზმი შეზღუდულია და სოციალური სტრუქტურა ძალაუფლების პირამიდისებური იერარქიის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ამ უკანასკნელში ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტეგრაცია მათი არაფორმალური კავშირების სიძლიერეზეა დამოკიდებული. პატრონული ავტოკრატიაში პოლიტიკური ელიტა მკაცრად შემოფარგლული არ არის და მზადაა სხვა ტიპის ელიტარულ ჯგუფებთან კონტაქტი დაამყაროს, ხოლო კომუნისტურ დიქტატურაში პოლიტიკური ელიტა მკაცრად გამოყოფილია დანარჩენი საზოგადოებისგან და სხვა ელიტური ჯგუფები ან პოლიტიკურ ელიტაში არიან სრულად შერწყმულნი, ან რეპრესიას განიცდიან.

რესურსებსა და შესაძლებლობებზე წვდომის შეზღუდულობა და საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების არასაკმარისი გამიჯვნა პატრონულ ავტოკრატიებში საზოგადოებრივ პატრონიზაციას იწვევს. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქის გარშემო სოციალური გარემო პატრონალიზებულია, ანუ რესურსებისა და შესაძლებლობების მოსაპოვებლად საჭირო ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსები მმართველი პოლიტიკური ელიტის ხელშია მოქცეული და ალტერნატივები უკიდურესად შეზღუდულია. შესაბამისად, ჩვეულებრივ მოქალაქეებს უწევთ, რომ პატრონკლიენტური იერარქიის პირამიდაში შეაბიჯონ. რაც უფრო მაღლა მიიწევს იერარქიულ კიბეზე, მოქალაქეს მით უფრო მეტი წინაღობა ხვდება - მან ნებართვები და ჯილდოები უფრო და უფრო ძლიერი ქვე-პატრონებისგან უნდა მოიპოვოს. შესაბამისად, მისი ავტონომიურობის საზღვრებიც უფრო ვიწროვდება. ამდენად, პატრონულ ავტოკრატიაში საზოგადოება „კლიენტურა“, ანუ პოლიტიკური ელიტის მიერ გაღებულ რესურსებზე დამოკიდებული კლიენტების ფართო ჯგუფი ხდება.

ძალაუფლების შესანარჩუნებლად პოლიტიკური ელიტა მკვლევარ იოჰანეს გერშევსკის მიერ კონცეპტუალიზებულ სამსვეტოვან სტრატეგიას ეყრდნობა. პირველი სტრატეგია რეჟიმის ლეგიტიმაციაა, რის მისაღწევადაც პოპულისტური დისკურსი, იდეოლოგია, პროპაგანდა და მსგავსი საშუალებები გამოიყენება. შემდეგი სტრატეგია პოლიტიკური აქტორების გადმობირებაა (კოოპტაცია). ეს გულისხმობს რეჟიმისთვის სახიფათო ფიგურების, მაგალითად, ბიზნესმენებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსყიდვას, თანამდებობებზე დანიშვნას ან სხვა მატერიალური დაპირებებით მათ ნეიტრალიზაციას. მესამე სტრატეგია ძალადობაა (რეპრესია), რომელიც შერჩევითად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტებისა და დაუმორჩილებელი მოქალაქეების მიმართ.

  • თავი 7: რეჟიმები

ავტორები სიღრმისეულად განიხილავენ პოსტკომუნისტური რეგიონისთვის რელევანტური პოლიტიკური რეჟიმების ტიპებს, რომლებიც დემოკრატიის, ავტორიტარიზმისა და დიქტატურის კლასიკურ ღერძზეა დაფუძნებული, თუმცა რეგიონის უნიკალურ ისტორიულ და პოლიტიკურ გამოცდილებასაც აღბეჭდავს. რეჟიმის ინტენსიური და პოლარული ტიპებია: ლიბერალური დემოკრატია, პატრონული ავტოკრატია და კომუნისტური დიქტატურა, ხოლო შუალედური და შერეული ტიპებია: პატრონული დემოკრატია, კონსერვატიული ავტოკრატია და ბაზრის ექსპლუატაციის დიქტატურა.

პოლიტიკური რეჟიმის ტიპებისა და მათი ცვალებადობის ტრაექტორიების თეორიული მიმოხილვის შემდეგ ავტორები მათ პრაქტიკულად იყენებენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტკომუნისტური სახელმწიფოების პოლიტიკური განვითარების ლოგიკის აღსაწერად. ერთ-ერთი განხილული შემთხვევაა საქართველო, რომელიც „რეჟიმის ციკლის გარღვევის მცდელობად“ არის დასათაურებული.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში მალევე სამოქალაქო ომსა და სახელმწიფოს ჩავარდნას (state failure) ჰქონდა ადგილი. არჩეული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, წინააღმდეგ მიმართული სამხედრო გადატრიალების  თანმდევი მასობრივი არეულობების შემდეგ, 1992 წელს პარლამენტის თავმჯდომარე, 1995 წლიდან კი ქვეყნის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე გახდა. პრეზიდენტად გახდომის შემდეგ შევარდნაძემ იერარქიის არაფორმალური, პატრონული ქსელის მშენებლობა და საკუთარი ფორმალური ძალაუფლების არაფორმალურ ძალაუფლებად გარდაქმნის ხანგრძლივი პროცესი წამოიწყო. მან გადმოიბირა გავლენიანი პირები (მაგ. ასლან აბაშიძე) და პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების საკუთარი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და დაახლოებული პირებს შორის გაანაწილა.

ამის მიუხედავად, შევარდნაძემ პატრონულ-ავტოკრატიული ძალაუფლების კონსოლიდაცია ვერ შეძლო. აქტიური სამოქალაქო საზოგადოების,  ოპოზიციისა და საპროტესტო გამოსვლების დამსახურებით, 2003 წელს ვარდების რევოლუცია მოხდა, რომელიც რეჟიმის ცვლილების პირველი რადიკალური მცდელობა იყო. რევოლუციის შემდგომმა მთავრობამ, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, აქტიური ბრძოლა გამოუცხადა პატრონიზმს. სააკაშვილის რეფორმები, რომლებიც იდეოლოგიური ინტერესებით იყო მოტივირებული,  ეფუძნებოდა რწმენას, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები ყოველთვის მოწყვლადი არიან არაფორმალური კავშირების მიმართ, საიდანაც გამოსავალი, სააკაშვილის აზრით, მასობრივი დერეგულაცია და კორუფციის მიმართ მკაცრი კრიმინალური პოლიტიკა იყო. რეფორმების მიუხედავად, საქართველო პატრონიზმის პრაქტიკისგან სრულად ვერ გათავისუფლდა, რადგან სააკაშვილის მმართველობის დროს პოლიტიკურ ძალაუფლებას ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი კვლავ ინარჩუნებდა. ამასთან, პატრონიზმის წინააღმდეგ მიმართულ რეფორმებს თან არ ახლდა დემოკრატიზაციის ხელშემწყობი რეფორმები. უფრო მეტიც, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. ამდენად, სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეჟიმის შეიძლება კონსერვატიული ავტოკრატიად დახასიათდეს.

2012 წელს მშვიდობიანი არჩევნების შედეგად სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყანაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაანაცვლა. ივანიშვილი პოლიტიკურ სფეროში გამოჩენიდანვე პატრონულ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. 2016 წელს კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ივანიშვილმა არაფორმალური იერარქიაზე დაფუძნებული პირამიდის ჩამოყალიბება დაიწყო, თუმცა მწვავე პოლიტიკური კონკურენციის, აქტიური ოპოზიციისა და  მმართველობის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პროტესტების სიხშირის გამო პატრონული იერარქია საკმარისად მონოპოლიური და კონსოლიდირებული არ არის. ამიტომ, ივანიშვილი მმართველობის პერიოდში საქართველოში არსებული პოლიტიკური რეჟიმი ბუნებით პატრონულ დემოკრატიას უფრო უახლოვდება.

  • დასკვნა

ნაშრომის მთავარი კონტრიბუცია პოსტკომუნისტური სახელმწიფოების პოლიტიკური განვითარებისა და აქ არსებული პოლიტიკური რეჟიმების ავთენტური აღწერისთვის ახალი კონცეპტუალური ჩარჩოსა და ვრცელი ლექსიკონის შემოტანაა. ნაშრომი შესაძლებლობას იძლევა, დასავლური სახელმწიფოებისთვის ენდემური ლიბერალური დემოკრატიების ლოგიკაზე ჩამოყალიბებული ჰიბროდოლოგიის აკადემიური ტრადიციის მიღმა შევაფასოთ პოსტკომუნისტური სახელმწიფოების უნიკალური გამოცდილება და თავისებურებები.

ნაშრომმა წარმოაჩინა, რომ ფორმალური კავშირები, შეძენილი პოლიტიკური ოჯახები, პატრონიზმი და პატრიმონიალიზმი, რომელიც პოლიტიკური ინსტიტუტების დომინაციაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიური პრიზმიდან დევიაციად გამოიყურება, სინამდვილეში პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის პოლიტიკისთვის ნორმალური მოვლენაა.

ავტორების მცდელობა, ორიგინალური და ავთენტური ლექსიკონით ახსნან პოსტკომუნისტური პოლიტიკური სტრუქტურა, იძლევა შესაძლებლობას, რომ ახლებური და მრავალფეროვანი კონცეპტუალური ჩარჩოებით გადავიაზროთ სხვა რეგიონების, მაგალითად ლათინური ამერიკის, სუბ-საჰარული აფრიკის და სხვების, პოლიტიკური რეალობაც. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია

  1. Balint Magyar, and Bálint Madlovics. 2020. Anatomy of Post-Communist Regimes: A Conceptual Framework. Budapest, Hungary: Central European University Press. https://www.postcommunistregimes.com/book/.

 

  1. Magyar, Bálint, and Bálint Madlovics. 2022. A Concise Field Guide to Post-Communist Regimes: Actors, Institutions, and Dynamics. Budapest, Hungary: Central European University Press.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“