საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2022 წლის 20 ივლისს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე მყოფმა ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა ერთ-ერთ ბრიფინგზე ნიშანდობლივად აღნიშნა: “როდესაც ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, წამოიჭრება ხოლმე ერთი სიტყვა და ეს არის პოლარიზაცია. ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და სურვილის არქონით დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, იმ მიზნისთვის რაც ქვეყანას აქვს დასახული“ (რადიო თავისუფლება 2022).
მართლაც, პოლიტიკური პოლარიზაცია ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ამხსნელ მთავარ ანალიტიკურ, თუ ნორმატიულ ინსტრუმენტად იქცა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელ ანგარიშში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მიუთითებს, რომ „2 ოქტომბრის არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ საარჩევნო პროცესი გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა და გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა“ (2021, 2). 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადზე პასუხად მომზადებულ ევროკომისიის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში „საპარლამენტო პროცედურები არასათანადოდ ფუნქციონირებს, რაც მეტწილად ორ ძირითად პარტიას შორის პოლიტიკური დიალოგის პოლარიზებით არის გამოწვეული“ (2022, 5). ევროპული კომისია პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას „სასწრაფო საჭიროების“ (16) საკითხად მიიჩნევს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი რეკომენდაციების რიგში მას პირველ საკითხად ასახელებს (17).
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში პოლარიზაცია გლობალურ გამოწვევად გვევლინება, რომელიც თანაბრად პრობლემურია დემოკრატიის ხარისხის, პოლიტიკური ტრადიციების, პარტიული სისტემებისა თუ სხვა სტრუქტურული მახასიათებლებით რადიკალურად განსხვავებული ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, აშშ, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ბრაზილია და სხვ. კვლევები აჩვენებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია 1960-იანი წლებიდან გლობალურად მატულობს, 2010-იანი წლებიდან კი მისი ხარისხი ხუთი ერთეულით გაიზარდა (Bertoa, Rama 2021). განსხვავებული ადგილობრივი კონტექსტების მიუხედავად, პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხი აღრმავებს უნდობლობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, ხელს უშლის საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას და ახალისებს განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციას (Carothers, O`Donohue 2019).
წინამდებარე სტატიის მიზანია, მკითხველს მოკლედ გააცნოს სამეცნიერო ლიტერატურაში პოლიტიკური პოლარიზაციის კვლევისთვის გამოსადეგი ანალიტიკური ცნებები და კონცეფციები, კერძოდ, პოლიტიკური პოლარიზაციის გავრცელებული განმარტებები, სახეები, დონეები, გამომწვევი მიზეზები, შედეგები და აღმოფხვრის შესაძლო გზები. ამ თეორიულ ბაზაზე დაყრდნობით კი ნაშრომის მეორე ნაწილში გაანალიზდება საქართველოს შემთხვევაც.
საკმაოდ ხშირად (და არამართებულად) მედიასა და ყოველდღიურ საუბრებში პოლიტიკურ პოლარიზაციად მოიხსენიებენ საზოგადოებრივ ჯგუფებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ ნებისმიერი ტიპის უთანხმოებას, აზრთა სხვადასხვაობას თუ დაპირისპირებას. პოლარიზაციის ამგვარი, ზედმეტად ფართო მნიშვნელობით გამოყენება მას „ცარიელ აღმნიშვნელად“ აქცევს და ამხსნელობით ფუნქციას აკარგვინებს. აკადემიურ ლიტერატურაში პოლიტიკური პოლარიზაციის შედარებით ვიწრო განმარტებებია გავრცელებული, რომლებიც ძირითადად ურთიერთშემავსებელ ხასიათს ატარებენ.
ეტიმოლოგიურად, პოლარიზაცია ორ საპირისპირო ჯგუფად, პოლუსად დაყოფას გულისხმობს. პოლიტიკურ სისტემაში პოლარიზაციის მთავარი აქტორები, ამომრჩევლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიები არიან. ერთ-ერთი განმარტებით, პოლიტიკური პოლარიზაცია გულისხმობს რადიკალური, ექსტრემალური პოლიტიკური შეხედულებების მზარდ მხარდაჭერას ცენტრისტული, ზომიერი შეხედულებების მხარდაჭერის შემცირების ხარჯზე, რის შედეგადაც საზოგადოება და პოლიტიკური ლიდერები მკვეთრად არიან დაყოფილი საჯარო პოლიტიკის საკითხების, პოლიტიკური იდეოლოგიისა თუ პარტიული კუთვნილების გამო (McCarty 2019, 20).
პოლიტიკური პოლარიზაცია თავს იჩენს მაშინ, როცა ნორმალური პოლიტიკური, იდეოლოგიური, თუ პარტიული განსხვავებები გადაიზრდება პოლიტიკური სივრცის ერთგანზომილებიან ველად აღქმაში, სადაც დაპირისპირებული აქტორები პოლიტიკასა და საზოგადოებას მხოლოდ „ჩვენ“ და „სხვა“ ჯგუფებად აღიქვამენ. ამგვარ მოცემულობაში დაპირისპირებული ბანაკების წევრებს შორის მიმღებლობის, დათმობის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკების ხარჯი განსაკუთრებით მაღალი ხდება. მწვავე პოლარიზაციის დროს „სხვა“ მხარე არა ნორმალურ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ, არამედ ეგზისტენციალურ მტრად აღიქმება და მიზანი არა უბრალოდ მისი დამარცხება, არამედ განადგურება ხდება (Mccoy 2018, 19-22).
მკვლევრები ძირითადად გამოყოფენ პოლიტიკური პოლარიზაციის ორ ტიპს: იდეოლოგიურსა და აფექტურს.
იდეოლოგიური პოლარიზაცია გულისხმობს პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკური პარტიებისა და მათი ამომრჩევლების იდეოლოგიურ ღირებულებებში ისეთ განსხვავებას, რომელშიც პოლარიზებულ მხარეებს კლასიკურ მემარცხენე-მემარჯვენეობის ღერძზე რადიკალური პოზიციები უჭირავთ, განსხვავებით არაპოლარიზებული საზოგადოებებისგან, სადაც, ჩვეულებრივ, ამომრჩევლებისა და პოლიტიკური პარტიების ძირითადი ნაწილი მეტ-ნაკლებად ცენტრის გარშემოა განლაგებული (Dalton, 2008, 899-902). ამ დროს ასევე შესაძლებელია, რომ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გატარებისას პარტიებს შორის იდეოლოგიური განსხვავება რეალურად არც ისე მკვეთრი იყოს, თუმცა ერთმანეთის იდეოლოგიური ღირებულებების არალეგიტიმურად მიჩნევისა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიუღწევლობის გამო საზოგადოებაში ისინი პოლარიზებულად აღიქმებოდნენ და ამომრჩევლის ქცევაზეც შესაბამისად ზემოქმედებდნენ (Vegetti, 2018).
აფექტური პოლარიზაციის შესახებ აკადემიური ლიტერატურა ძირითადად ეფუძნება სოციალური იდენტობის თეორიას (Tajfel, Turner 1986). ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ ინდივიდის იდენტობისა და დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკუთარი ჯგუფის გარე ჯგუფებთან შედარება და პირველის უპირატესობის ხაზგასმა. პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ პარტიასთან მიკუთვნებულობა ამომრჩევლის სოციალური იდენტობის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც საკუთარი პარტიის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, ხოლო მოწინააღმდეგე პარტიების მიმართ ნეგატიური განწყობილების ქონას გულისხმობს (McCarty 2019, 62). აფექტური პოლარიზაციის დროს საკუთარი პარტიის მოწონება და მოწინააღმდეგე პარტიის არმოწონება განსაკუთრებით მაღალია და ამომრჩევლებს შორის სოციალური დისტანცირებაც კი ახლავს თან. ხშირად აფექტური პოლარიზაციის თანმდევი მოვლენაა ნეგატიური პარტიული მიკუთვნებულობა (negative partisanship), რაც ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე პარტიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უფრო ძლიერია, ვიდრე საკუთარი პარტიის მიმართ - დადებითი (Mccoy 2018). მაგალითად, A პარტიის ამომრჩეველი არჩევნებზე A პარტიას ხმას არა A-ს მოწონების, არამედ B-ს არმოწონების გამო აძლევს.
ხშირად აფექტური პოლარიზაცია იდეოლოგიური პოლარიზაციის თანმდევი მოვლენაა და მაღალია იმ საზოგადოებებში, სადაც იდეოლოგიურ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა გართულებულია. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ აფექტური პოლარიზაცია დამოუკიდებლადაც განვითარდეს ისე, რომ პარტიებს შორის იდეოლოგიური პოლარიზაციის დონე დაბალი დარჩეს. მაგალითად, აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი წლების განმავლობაში სტაბილურად შედარებით ცენტრისტულ შეხედულებებს იზიარებდა, მაშინ, თუმცა აფექტური პოლარიზაციის ხარისხმა საზოგადოებაში მკვეთრად მოიმატა (Reiljan 2019).
მონაწილე ჯგუფებისა და გავრცელების დონეების მიხედვით, პოლიტიკური პოლარიზაცია შეიძლება იყოს ორი სახის: ელიტის და მასობრივი.
როდესაც განხეთქილებებისა და ანტაგონიზმის მთავარი წყაროები პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები არიან, საქმე ელიტის პოლარიზაციასთან გვაქვს, ხოლო როცა ეს პროცესები ფართო საზოგადოებაში მიმდინარეობს - მასობრივ პოლარიზაციასთან (Hetherington 2009). სიცხადისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა აფექტური პოლარიზაციის განმარტებისას მეტწილად ამომრჩეველსა და მის სოციალურ იდენტობაზე ვსაუბრობდით, აფექტური პოლარიზაციის ელემენტები შეთავსებადია ელიტების პოლარიზაციასთანაც და გამოიხატება ნეტაგიურ პოლიტიკურ კამპანიებში, მოწინააღმდეგის მიმართ მტრული რიტორიკის გამოყენებაში, აგრესიულ ქცევაში და სხვ.
იმის დასადგენად, რამდენად განაპირობებს ელიტების პოლარიზაცია ამომრჩევლის პოლარიზაციას და პირიქით, ადგილობრივი პოლიტიკური კონტექსტის სიღრმისეული შესწავლაა საჭირო. შესაძლებელია, ამომრჩევლის პოლარიზაცია პოლიტიკოსების რადიკალიზაციის და ექსტრემიზმის შედეგი იყოს, როდესაც მოქალაქეებს ისღა დარჩენიათ, დაყაბულდნენ პოლარიზებულ გარემოს და თავადაც პოლარიზებული არჩევანი გააკეთონ. მეორე მხრივ, შესაძლებელია, საზოგადოებაში ღრმა კულტურული, ისტორიული, ღირებულებითი თუ იდეოლოგიური დაყოფებები არსებობდეს და პოლიტიკური ელიტის პოლარიზაცია ამას ეხმაურებოდეს.
იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში ელიტის პოლარიზაციას მასობრივი პოლარიზაცია თან არ ახლავს, მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქალაქეები გაუცხოვდნენ დემოკრატიული ინსტიტუტებისგან, შემცირდეს საარჩევნო აქტივობის დონე და პოლიტიკოსებმა ნაკლებად უპასუხონ ამომრჩევლის საჭიროებებს (Hetherington 2009). მასობრივი პოლარიზაციის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ამომრჩევლის საარჩევნო აქტივობა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის დონე გაიზარდოს (Muñoz, Meguid 2021), თუმცა პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციის თანმხლები საკანონმდებლო ჩიხებისა და ინსტიტუტების პროდუქტიულობის შემცირების გამო მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათი ინტერესები კვლავ უპასუხოდ დარჩეს.
პოლიტიკური პოლარიზაცია კომპლექსური სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ფენომენია, რომელიც სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
პოლიტიკური პოლარიზაციის გაჩენაში შეიძლება წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა (რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე, შემოსავლების უთანასწორობა, სახელმწიფო ხარჯების დონე), სოციალურ-ისტორიულმა განმსაზღვრელებმა (მედია გარემო, ეთნოლინგვისტური დაყოფა, ნდობა სოციალურ ჯგუფებს შორის, გეოგრაფიული განსხვავებები), პოლიტიკურ-სამართლებრივმა გარემოებებმა (დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი, კონსენსუსური ან მაჟორიტარიანული გადაწყვეტილების მიღების პროცედურები) და სხვ. 66 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ერთ-ერთი რაოდენობრივი კვლევის შედეგად პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევ ყველაზე ძლიერ ფაქტორებად შემოსავლის უთანასწორობა და ნდობის ნაკლებობა გამოვლინდა (Grechyna 2016). საზოგადოებაში შემოსავლის უთანასწორობის ზრდასა და პოლიტიკური პოლარიზაციის დონის მატებას შორის საკმაოდ მაღალი კორელაცია დასტურდება სხვა კვლევებითაც. (Gu, Wang 2022) ამის ამხსნელი ფაქტორი შეიძლება იყოს მოქალაქეებში კლასობრივი განსხვავების განცდის გაღრმავება, საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის სხვებთან შედარებით უფრო მწვავედ აღქმა და, აქედან გამოწვეული იმედგაცრუების, ბრაზისა და უსამართლობის გრძნობის გამოხატვა რადიკალური პოლიტიკური შეხედულებების მხარდაჭერაში.
პოლიტიკური პოლარიზაცია მწვავეა ისეთ საზოგადოებებში, სადაც მაღალია უსამართლობისა და უკმაყოფილების განცდა, ერთი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მომავლის ხედვა რადიკალურად განსხვავდება მეორისაგან და გამორიცხავს ერთმანეთის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებას (Mccoy 2019). ამ ანგატონიზმს შეიძლება საფუძვლად ედოს სხვადასხვა ადგილობრივი გარემოება, როგორიცაა: დომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს შორის კონფლიქტი (მაგ. ბანგლადეში), საპირისპირო ხედვები ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე (მაგ. თურქეთი), ეთნიკური დაყოფები (მაგ. ნიგერია), იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც ვლინდება როგორც სოციალურ-ეკონომიკური (მაგ. არგენტინა), ასევე კულტურული ღირებულებების ჭიდილში (მაგ. პოლონეთი) და სხვ. (Carothers 255-260).
პოლიტიკური პოლარიზაციის გარკვეული ხარისხი დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგან ის ხელს უწყობს პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავებების გამოკვეთას, ამომრჩევლისთვის მკაფიოს ხდის პარტიების შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე და უბიძგებს მათ პოლიტიკაში აქტიური ჩართულობისთვის, თუმცა, პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხი დემოკრატიული მმართველობის საფრთხედ და თანამედროვე დემოკრატიების დაღმასვლის გლობალური ტრენდის განმაპირობებელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევა.
ერთი მოსაზრებით, პოლარიზებული გარემო პოლიტიკური პარტიებისთვის მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან მოწინააღმდეგე პარტიის მიმართ უარყოფითად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებში კვლავ საკუთარი პარტიის ერთგული რჩება, და, შესაბამისად, პარტიები ამომრჩევლის სტაბილურ მხარდაჭერას იღებენ. თუმცა, პოლიტიკური სისტემა, რომელსაც ურთიერთგამომრიცხავი სოციალური იდენტობის მატარებელი ამომრჩევლები და პოლიტიკური პარტიები მტრულ ბანაკებს შორის დაპირისპირების ორპოლუსიან ბრძოლის ველად მიიჩნევენ, მუდმივად ხანგრძლივი კრიზისებისა და კოლაფსის რისკის წინაშე დგას. პოლარიზაციის მაღალი ხარისხი აჭიანურებს საკანონმდებლო პროცესებს, ართულებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას, მოწინააღმდეგის დასამარცხებლად პოლიტიკოსებს უბიძგებს, რომ იმოქმედონ მხოლოდ პარტიული და არა საჯარო ინტერესების მიხედვით, ზრდის უნდობლობას თამაშის საერთო წესების მიმართ, შესაბამისად ნდობას აცლის დემოკრატიულ პროცედურებს და საჯარო ინსტიტუტებს, იწვევს საზოგადოების ფრაგმენტაციას და ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოპულიზმის, პოლიტიკური ძალადობის, ექსტრემიზმისა და ავტორიტარული ტენდენციების გასაძლიერებლად.
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დასახასიათებლად პოლიტიკური პოლარიზაციის ანალიტიკური აპარატის გამოყენება შეცდომაში შემყვანია, რადგან ეს უკანასკნელი დაპირისპირებულ პოლუსებს შორის სიმეტრიული ბალანსის არსებობაზე მიანიშნებს, აღნიშნული კი უგულვებელყოფს საქართველოში ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, შევიწროებას და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, დომინაციას პოლიტიკურ ველზე (Gutbrod, 2022). აღნიშნული კრიტიკა ნაწილობრივ სამართლიანია, რადგან, პოლიტიკური პოლარიზაცია მხოლოდ დემოკრატიულ რეჟიმებში მიმდინარე პროცესების აღსაწერად გამოდგება და აკადემიური ლიტერატურაც სწორედ ამგვარ ქვეყნებზეა კონცენტრირებული (Veen, 2021, 22), თუმცა პოლარიზაცია შეიძლება დაგვეხმაროს იმგვარი პოლიტიკური რეჟიმების პოლიტიკური რეალობის ასახსნელადაც, რომლებიც, როგორც საქართველო, არ არიან სრულყოფილი დემოკრატიები, მაგრამ პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები მეტ-ნაკლებად დემოკრატიულია და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა გააჩნიათ (ჰიბრიდული რეჟიმები).
საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ინტენსიური ზრდა 2016 წლიდან შეინიშნება (Casal, Enyedi 2022, 196). პოლიტიკური სივრცე „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირების პლატფორმაა, სადაც დანარჩენი, შედარებით მცირე ზომის პოლიტიკური პარტიების ხმა ნაკლებად ისმის, ან ისინიც ადგილის პოვნას რომელიმე დაპირისპირებული ბანაკის გამოსხივების არეალში ცდილობენ.
პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო არჩევნებს, შემდეგ კი ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაბების შედეგად მიღწეული „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულებაზე უარი სხვადასხვა დროს მმართველმა პარტიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მართალია მემარცხენე-მემარჯვენე იდეოლოგიურ ღერძზე გარკვეულ განსხვავებს ამჟღავნებენ, თუმცა მათ საჯარო გამოსვლებსა და პოლიტიკურ სტრატეგიებში წამყვანი როლი ერთმანეთზე პერსონალისტურ თავდასხმებსა და აგრესიულ რიტორიკას უჭირავს, იდეოლოგიური საკითხების წილი კი მინიმალურია. 2021 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის (კახიშვილი და სხვ.) თანახმად, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ 30 საკითხიდან 15-ზე ანალოგიური პოზიცია აქვთ. მათ შორის ღირებულებითი განსხავებები ძირითადად ლიბერალურ-კონსერვატორული დაყოფის ღერძზეა განთავსებული. მაგალითად, „ქართული ოცნება“ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სკოლაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის სწავლება სავალდებულო უნდა იყოს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად არ ეთანხმება. ასევე განსხვავებულია მათი მოსაზრებები რელიგიური ინსტიტუტების დაფინანსებისა და ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის საკითხებზე. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ტრადიციულ-კონსერვატორული ღირებულებებისკენ იხრება, „ნაციონალური მოძრაობა“ კი - ლიბერალურისკენ (გვ. 26). მათ შორის ღირებულებითი განსხვავების კიდევ ერთი წყაროდ შეიძლება დასახელდეს საქართველოს უახლოესი ისტორიის, განსაკუთრებით კი „ვარდების რევოლუციისა“ და 2008 წლის აგვისტოს ომის მემკვიდრეობის განსხვავებული შეფასებაა. ამ განსხვავებების მიუხედავად, კვლევა აჩვენებს, რომ იდეოლოგიურად პარტიებს შორის მკვეთრი განსხვავები არ არსებობს, ხოლო ამომრჩეველთა პრეფერენციებში არ იკვეთება პოლარიზებული სოციალური ჯგუფების არსებობა (გვ. 36). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციას იდეოლოგიურთან შედარებით, უფრო მეტად აფექტური ელემენტები გააჩნია, რაც ძირითადად ნეგატიური და მტრული რიტორიკის, „გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს“ ლოგიკაზე დაფუძნებული სტრატეგიისა და პერსონალისტური პარტიული პოლიტიკის შედეგიაამასთან, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის მმართველი პარტიის მხრიდან ეფექტურად გამოიყენება კოლექტიური შიშებისა და ტრავმების (მაგ. ომის საფრთხე) მანიპულაციაზე დაფუძნებული კონსპირაციული და პოპულისტური ლექსიკა.
რაც შეეხება მოსახლეობას, საქართველოში მასობრივი პოლარიზაციის მთავარი წინაპირობა - პარტიული კუთვნილება მხოლოდ ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი. 2022 წლის კვლევის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს ( CRRC, NDI, 30), პარტიების მხარდაჭერა კი იმდენად დაბალია, რომ „არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება “(35). ამასთან, მოსახლეობაში ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე შეთანხმების დონე საკმაოდ დიდია (მაგ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 52% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 59% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს; გამოკითხულთა 76% მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და სხვა.) (NDI, CRRC 2021, 33, 44). ქართველი ამომრჩევლის იდეოლოგიური პრეფერენციების შესახებ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევაც აჩვენებს, რომ მოსახლეობაში რადიკალური პოლარიზაცია არ შეინიშნება (კახიშვილი და სხვ. 2021, 36). ზოგიერთი ავტორი საუბრობს ქართულ საზოგადოებაში კულტურული კონსერვატიზმისა და პროგრესივიზმის დაპირისპირებასა და სოციალურ პოლარიზაციაზე, რომელიც პოლიტიკურ ელიტაშიც აღწევს (Gegeshidze, De Waal 2021, 10). აღნიშნული წინააღმდეგობები მართლაც არსებობს, თუმცა მათი ზეგავლენა ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე არა პოლარიზაციის, არამედ სხვა ფორმების (მაგ. პოპულიზმი) მეშვეობით უფრო გამოიხატება.
ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში მასობრივი პოლარიზაცია არ შეინიშნება. მეტიც, თვალსაჩინოა პოლარიზებული პოლიტიკური ელიტისა და არაპოლარიზებული საზოგადოების ერთმანეთისგან გაუცხოება.
როგორც დასაწყისშიც აღინიშნა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და წარმატებული ევროპული ინტეგრაციის აუცილებელ მთავარ წინაპირობად დეპოლარიზაცია სახელდება. გლობალური შედარებითი პერსპექტივიდან დეპოლარიზაციის წარმატებული შემთხვევების მიმოხილვა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი სისტემური შოკის, ან რადიკალური ცვლილებების შედეგად ხდება, თუმცა საკმაოდ მაღალია დემოკრატიულ სახელმწიფოებში „მართული დეპოლარიზაციის“ წარმატებული შემთხვევების რიცხვიც (Mccoy 2022).
საქართველოს პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, დეპოლარიზაციას შეიძლება ხელი შეუწყოს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაში დაბალი საარჩევნო ბარიერის შემოღებამ, რომელიც მცირე ზომის პარტიებს საპარლამენტო მმართველობაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ამავდროულად, პარტიული სისტემა პოლარიზაციის აღმოფხვრის თავისთავადი საშუალება არ არის: მართალია, ერთი შეხედვით, პოლარიზაციის არსებობა ორპარტიულ სისტემებში (მაგალითად, აშშ) უფრო მოსალოდნელია, თუმცა ის არანაკლებ გავრცელებულია მულტიპარტიულ სახელმწიფოებშიც. ამდენად, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები დეპოლარიზაციას მხოლოდ იმ შეთხვევაში გამოიწვევს, თუ ამას პოლიტიკური ელიტის ქცევის ცვლილებაც მოჰყვება. დეპოლარიზაციას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის ინსტრუმენტების ზრდამ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გამკაცრებამ, პოლიტიკურ პროცესებზე არაფორმალური ჯგუფების ზეგავლენის შემცირებამ, კანონმდებლობაში კონსენსუსზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღების გზების ინტეგრირებამ და სხვა. თუმცა, ამ შემთხვევებშიც გადამწყვეტი როლი კვლავ პოლიტიკური ელიტის პოლიტიკურმა ნებამ და მასზე ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცილებით უფრო აქტიურმა და მობილიზებულმა ზეწოლამ უნდა ითამაშოს.
ბიბლიოგრაფია
doi: 10.1007/s11366-021-09772-1. ბოლო წვდომა: 17.10.2022.
ინსტრუქცია