საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
ნადია ურბინატი იტალიური წარმოშობის პოლიტიკის თეორეტიკოსია, რომელიც მოდერნისტულ და თანამედროვე პოლიტიკურ აზრს, დემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ტრადიციებს, დემოკრატიის თეორიასა და პოპულიზმს იკვლევს. ურბინატი ლექციებს კითხულობს კოლუმბიის უნივერსიტეტში და ავტორია წიგნებისა: „მე - ხალხი: როგორ გარდაქმნის პოპულიზმი დემოკრატიას“ (2019), „თანამედროვეთა ტირანია“ (2014), „წარმომადგენლობითი დემოკრატია: პრინციპები და წარმოშობა“ (2006) და სხვ.
სონია ალონსოს, ჯონ კინის, ვოლფგანგ მერკელისა და მარია ფოტუს რედაქტორობით 2011 წელს გამოცემული კრებული, „წარმომადგენლობითი დემოკრატიის მომავალი“, აერთიანებს დემოკრატიის ცნობილი მკვლევრების სტატიებს წარმომადგენლობითი დემოკრატიის მახასიათებლების, გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების შესაძლებლობების შესახებ. კრებულის პირველი სტატია - „წარმომადგენლობითი დემოკრატია და მისი კრიტიკოსები“ - ნადია ურბინატს ეკუთვნის. სტატიაში იგი ეხმაურება წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიტიკის ორ მთავარ ტრადიციას პირდაპირი დემოკრატიისა და პროცედურული დემოკრატიის სახით და მათთან წინააღმდეგობაში განსაზღვრავს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნქციონირების არსს.
თანამედროვე დემოკრატია
წარმომადგენლობითი დემოკრატია თანამედროვე პოლიტიკის კომპლექსურობის ყველაზე მძლავრი გამოვლინებაა, რადგან იგი საკუთარ თავში აერთიანებს ორ, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო, ცნებას: 1) დემოკრატიას, რომელიც თავდაპირველი ძველბერძნული მნიშვნელობით გულისხმობდა ხალხის პირდაპირ მმართველობას და 2) წარმომადგენლობას (repraesentatio) რომელიც ლათინური სიტყვაა (ბერძნული ექვივალენტის გარეშე) და საქმის სხვაზე გადაბარების გზით შესრულებას გულისხმობს. თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატია ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს: 1) ხალხის სუვერენულობა, რომელიც გამოიხატება არჩევნების გზით წარმომადგენლების არჩევაში; 2) წარმომადგენლობა, როგორც თავისუფალ მანდატზე დაფუძნებული ურთიერთობა; 3) იმგვარი ელექტორალური მექანიზმების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ხალხის წინაშე წარმომადგენლების გარკვეული ხარისხით ანგარიშვალდებულებას; 4) საყოველთაო საარჩევნო უფლება, როგორც პოლიტიკური თანასწორობის მთავარი გამოვლინება.
წარმომადგენლობითი დემოკრატია დამყარებულია დაშვებაზე, რომ ხალხი, როგორც სუვერენი, ირჩევს რა თავის წარმომადგენლებს, ანიჭებს მათ უფლებამოსილებას, გამოხატონ ხალხის ნება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში რეალურად შეიძლება ასე სულაც არ მოხდეს. სწორედ ამ შინაგანი წინააღმდეგობის გამო, წარმომადგენლობა არის თანამედროვე დემოკრატიის დინამიურობის მთავარი კერა, სადაც ამომრჩეველსა და არჩეულ ხელისუფალს შორის ინტერაქცია, კომუნიკაცია და ხშირად კონფლიქტიც ხდება, თუმცა ისინი არასოდეს ერწყმიან ერთმანეთს.
არჩევნების შედეგად წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღების (decision-making) ფუნქცია ენიჭებათ, ხოლო ხალხი - მხოლოდ განსჯის (deliberation) და შეფასების (judgement) არაფორმალური მექანიზმების ამარა რჩება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, სახალხო სუვერენიტეტი ხალხს არა აქტიურ მარწმუნებლად (principal), არამედ პასიურ დამკვირვებლად აქცევს. წარმომადგენელთა მინიმალური ანგარიშვალდებულება მხოლოდ არჩევნების მოგების ინტერესითაც შეიძლება მიიღწეს და საამისოდ არჩევნებს შორის პერიოდში ხალხის ზედაპირული ჩართულობაც საკმარისი იყოს. ამის მიუხედავად, მართებული არ იქნება ვამტკიცოთ, რომ წარმომადგენლობა დემოკრატიის მისაღწევად საკმარისი პირობაა, ვინაიდან იგი არ მოიცავს მექანიზმებს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა წარმომადგენლობითი ინსტიტუტების გადაგვარებისა და დემოკრატიის ოლიგარქიად გარდაქმნის საფრთხეების თავიდან აცილება. წარმომადგენლობითი დემოკრატიის თეორია გვიბიძგებს, მეტი ყურადღება დავუთმოთ ხალხის ხელთ დარჩენილ განსჯისა და შეფასების არაფორმალური მექანიზმების მნიშვნელობას და არჩევნების შემდგომ პერიოდში პოლიტიკოსებზე მათი მეშვეობით ზემოქმედების გამოვლინებებს. ამდენად, წარმომადგენლობითი დემოკრატია უნდა აღვიქვათ არა როგორც ერთჯერად აქტზე (არჩევნების გზით წარმომადგენლობის გადაცემა) დაფუძნებული მმართველობის ფორმა, არამედ კონტინუუმი, რომელშიც მოქალაქეთა პოლიტიკური განსჯის შედეგად ჩამოყალიბებული ძალაუფლებრივი კონფიგურაციები და გავლენები მუდმივად ზემოქმედებენ წარმომადგენლობით ინსტიტუტებზე.
წარმომადგენლობა, პლურალიზმი და ლეგიტიმაცია
წარმომადგენლობა, როგორც სამართლებრივი კატეგორია, რომის იმპერიაში ჩამოყალიბდა; როგორც პოლიტიკური ფორმულა - იგი შუა საუკუნეების ევროპაში დაიბადა და სამეფო ხელისუფლებასა და ახლად შექმნილ სამოქალაქო საზოგადოებას შორის დაპირისპირების მთავარ საგნად იქცა. მისი ფუნქცია თავიდანვე ფართო და მრავალფეროვანი საზოგადოების გაერთიანება იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თომას პეინის არგუმენტის შესაბამისად, არასწორია წარმომადგენლობის პრინციპის გამართლება მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ დიდი მოცულობის საზოგადოებაში პირდაპირი დემოკრატიის პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელია. პეინის აზრით, ათენის პირდაპირი დემოკრატიის არასტაბილურობის მიზეზი ინდივიდუალური თავისუფლების შემზღუდველი მექანიზმების არარსებობა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი დემოკრატიის ფარგლებში, მრავალფეროვანი ჯგუფების განსხავებული ინტერესების შეთანხმებულ, გამაერთიანებელ გადაწყვეტილებებად გადაქცევა უკიდურესად რთული იყო. წარმომადგენლობის პრინციპი სწორედ კონსოლიდაციის ფუნქციას ასრულებს: მას პლურალისტურ საზოგადოებაში ინკლუზიურობისა და ერთობის ელემენტები შემოაქვს, რადგან არჩეულები არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩევლებს, არამედ მთელ სახელმწიფოს წარმოადგენენ და ლეგიტიმაციის შესანარჩუნებლად გამაერთიანებელი პოლიტიკა უნდა აწარმოონ.
წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიტიკა
1.1 სუვერენული ნება წარმომადგენლობის წინააღმდეგ
მე-18 საუკუნის დასასრულამდე დემოკრატიის ცნება არ მოიცავდა შეკავება-გაწონასწორების ინსტიტუციური მექანიზმების არსებობას და მხოლოდ პირდაპირი დემოკრატიის მნიშვნელობას ატარებდა. ამ უკანასკნელის მიხედვით, კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეები თვითონ არიან ჩართულნი. ამ კონცეპტუალურ ბაზაზე ჩამოყალიბდა სუვერენიტეტის თანამედროვე კონცეფციაც, რომელიც გულისხმობს ხალხის მიერ გადაწყვეტილების უშუალოდ, პირდაპირ მიღებას. სწორედ სუვერენიტეტის ამგვარი გაგების საფუძველზე, წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიტიკოსები სვამენ კითხვას, როგორ შეიძლება სუვერენად რჩებოდეს ხალხი, თუ არჩეული წარმომადგენლები არ იმოქმედებენ ხალხის პირდაპირი ინსტრუქციების მიხედვით? მათი არგუმენტის თანახმად, ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს სუვერენის ძალაუფლებას, თუ იგი პოლიტიკის განსახორციელებლად უშუალო მითითებების მიხედვით მოქმედ დელეგატებს აირჩევს და არა წარმომადგენლებს, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტობას ატარებენ. თუმცაღა სხვადასხვა პერსპექტივიდან, საბოლოოდ სწორედ ამ მიზეზით აკრიტიკებენ მონტესკიე და რუსო წარმომადგენლობით დემოკრატიას. მონტესკიეს აზრით, ხელისუფლება მაშინ არის დემოკრატიული, თუ „ხალხი არის სუვერენი” და „კანონებს მხოლოდ ხალხი იღებს”, ამიტომ წარმომადგენლობითი დემოკრატია სინამდვილეში „არჩევითი არისტოკრატიაა”. რუსო კი წარმომადგენლობით დემოკრატიას არალეგიტიმურ მმართველობის ფორმად მიიჩნევს, რადგან სუვერენიტეტი არ შეიძლება გასხვისდეს, ან სხვაზე გადაიცეს, რადგან იგი ძევს ხალხის საერთო ნებაში, ნების მატარებელი კი მხოლოდ ხალხი შეიძლება იყოს და იგი შეუძლებელია სხვამ წარმოადგინოს. რუსოს აზრით, წარმომადგენლობით დემოკრატიაში სუბიექტია არა მოქალაქე, როგორც საერთო ნების მატარებელი, არამედ მიკერძოებული „სოციალური ადამიანი”.
რუსო ერთმანეთისგან აცალკევებს განსჯის (deliberation) და გადაწყვეტილების მიღების (decision-making) ელემენტებს. იგი დასაშვებად მიიჩნევს პოლიტიკაში ხალხის მონაწილეობას დელეგატების მეშვეობით, რომლებიც განიხილავენ, აფასებენ და მსჯელობენ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხი იღებს. ამ აზრს იზიარებს კარლ შმიტიც, რომლის აზრით დელეგატებსა და მოქალაქეებს შორის განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების ფუნქციების განაწილება ის რეალური დემოკრატიული მოდელია, რომელშიც ხალხი სუვერენიტეტს ინარჩუნებს.
რუსოს (და შმიტის) პარადიგმის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოო შედეგით დემოკრატიაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი სულაც არ იზრდება. უფრო პირიქით, მოქალაქეთა ჩართულობა მხოლოდ პერიოდული ხმის მიცემის საჭიროებამდე დაიყვანება. შესაბამისად, ვიღებთ არა ძლიერ მონაწილეობით დემოკრატიას აქტიური მოქალაქეებით, არამედ ელექტორალურ დემოკრატიას, სადაც მოქალაქეთა მონაწილეობა მხოლოდ ხმის მიცემით შემოიფარგლება.
1.2 პროცედურული დემოკრატია წარმომადგენლობის წინააღმდეგ
წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიტიკის შემდეგი ტრადიცია გამომდინარეობს დემოკრატიის, როგორც იდეოლოგიის, კრიტიკიდან. კრიტიკის ამ ტრადიციაში ნადია ურბინატი ყურადღებას ამახვილებს ორ მიმართულებაზე: დემოკრატიულ ელიტიზმსა და დემოკრატიულ ფორმალიზმზე.
დემოკრატიული ელიტიზმის მიმდევრების აზრით, მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საჭიროა დემოკრატიის გათავისუფლება მასების მობილიზაციის მიდრეკილებისგან და ამგვარად მისი დაცვა ნაციზმის, ფაშიზმის, ნაციონალიზმისა და მსგავსი მოვლენებისგან. ამ ტრადიციაში დემოკრატიის გაგება ორ ნაწილადაა გაყოფილი: რუსოს „არარეალისტური” „კლასიკური დოქტრინა” საერთო ნების შესახებ და „რეალისტური” შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება პრეზუმფციას, რომ ხალხის საერთო ნება არჩეული წარმომადგენლების ნებაშია „გადათარგმნილი”. ამ უკანასკნელ ვერსიაში დემოკრატიის საკმარისი პირობა მხოლოდ მინიმალისტური სამართლებრივი თანასწორობაა, რომელიც საყოველთაო ხმის უფლებას, რეგულარულ არჩევნებს და პოლიტიკურ პარტიებს შორის თავისუფალ კონკურენციას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში წარმომადგენლობის არსებობა მხოლოდ კანონების მიღების საჭიროების დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს გაგება ფაქტობრივად იმეორებს შუმპეტერის მინიმალისტური დემოკრატიის იდეას.
დემოკრატიული ფორმალიზმის მთავარი წარმომადგენელია ავსტრიელი სამართლის თეორეტიკოსი ჰანს კელზენი, რომელიც ავტორიტარული ტენდენციების, ფინანსური კორპორაციებისა და სხვა საფრთხეების წინაშე მოქალაქის თავისუფლების დაცვის საშუალებად კონსტიტუციური დემოკრატიის იდეას მიიჩნევს. კელზენი ცდილობს, წარმომადგენლობითი დემოკრატია გაათავისუფლოს „პოლიტიკური ფიქციისგან” (პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური „დანამატები”) და წამყვანი მნიშვნელობა მიანიჭოს მის ფორმალურ და პროცედურულ მხარეს. „დემოკრატიის იდეოლოგიას” კელზენი უპირისპირებს წარმომადგენლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივ გაგებას. ამ უკანასკნელის მიხედვით, წარმომადგენელი ვალდებულია, შეასრულოს წარმოდგენილის მითითებები. წარმომადგენლობითი დემოკრატია ლეგალისტური პერსპექტივიდან ოქსიმორონია, რადგან იგი არათუ არ მოიცავს სამართლებრივ გარანტიებს, რომელიც არჩეულ ხელისუფალთ დაავალდებულებდა, შეესრულებინათ მოქალაქეების ნება, არამედ მათ დამოუკიდებლად მოქმედების თავისუფლებასაც ანიჭებს (თავისუფალი მანდატი). ამდენად, კელზენი ეთანხმება რუსოს, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია, სადაც წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება და ამომრჩევლის ნების მორჩილების მხოლოდ პოლიტიკური, „ფიქტიური” ვალდებულება აქვთ, ხალხის სუვერენულობას გამორიცხავს. კელზენის აზრით, დემოკრატიაში წარმომადგენლობას აზრი მხოლოდ მისი სამართლებრივი გაგებით შეიძლება ჰქონდეს.
დემოკრატიული ელიტიზმისა და ფორმალიზმის მხარდამჭერები ყურადღებას ამახვილებენ ნების სამართლებრივ გაგებაზე და არა სახალხო წარმომადგენლობის იდეაზე. წარმომადგენლობა, როგორც სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა, თავისთავად არის პოლიტიკური წარმომადგენლობის უარყოფა, რადგან პოლიტიკა, როგორც მოსაზრებათა ჩამოყალიბების პროცესი, მოიცავს „პოლიტიკურ ფიქციათა” (რომელსაც კელზენი უარყოფითი მნიშვნელობით იყენებს) მუდმივ განვითარებას. პოლიტიკური წარმომადგენლობაც, ისევე როგორც პროცესი, ამავე მოცემულობაში უნდა წარმოვიდგინოთ.
ნებისა და ხელშეკრულების მიღმა: წარმომადგენლობა, როგორც პოლიტიკური პროცესი
წარმომადგენლობითი დემოკრატია არ შეიძლება აიხსნას სახელშეკრულებო-სამართლებრივი წარმომადგენლობის პრინციპებით, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს კერძო ურთიერთობას რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის, ხოლო წარმომადგენლობით დემოკრატიაში არჩეული პოლიტიკოსები წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩევლებს, არამედ მთელ სახელმწიფოს. გარდა ამისა, ისინი იღებენ კანონებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის და, სახელშეკრულებო ურთიერთობისგან განსხვავებით, არ არის დამოკიდებული მხარეების თანხმობაზე. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ამ მახასიათებელს გვერდს უვლის რუსოც, რომელიც ხალხის საერთო ნების მატარებელ სუბიექტად მოქალაქეს მიიჩნევს და არა სახელმწიფოს.
მოცემულობა, რომ წარმომადგენლობით დემოკრატიაში, განსხვავებით რწმუნებულისა და მარწმუნებლის სახელშეკრულებო ურთიერთობისგან, არჩეული პოლიტიკოსები მოქალაქეთა წინაშე სამართლებრივ ვალდებულებებს არ ატარებენ, არ ნიშნავს, რომ ისინი სრულად ანგარიშვალდებულების მიღმა არიან. არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი „შემოწმებისა” და „გაკონტროლების” მექანიზმები პოლიტიკური ხასიათისაა და მინიჭებული მანდატიც სწორედ ამ გაგებას ეფუძნება.
პოლიტიკური წარმომადგენლობის უნიკალური ბუნება იმაში გამოიხატება, რომ პოლიტიკური მანდატი გულისხმობს არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის, ან საარჩევნო ოლქის, არამედ მთელი სახელმწიფოს წარმომადგენლობას, შესაბამისად, პოლიტიკოსები ვერ უგულებელყოფენ ხალხის საერთო ნებას. წარმომადგენლობითი დემოკრატიის მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკოსების მიერ ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირებებია, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ნორმები უდევს საფუძვლად. იდეოლოგიურ-პოლიტიკური შესატყვისობები არჩეულ ხელისუფლებსა და ამომრჩევლებს შორის და მათ საფუძველზე მიმდინარე კომუნიკაცია პოლიტიკური წარმომადგენლობის მთავარი მახასიათებელია.
წარმომადგენლობა დემოკრატიულ პოლიტიკაში ნიშნავს არა უბრალოდ „სხვის ნაცვლად მოქმედებას”, არამედ ამომრჩეველსა და არჩეულებს შორის იდეოლოგიურ მსგავსებებსა და ღირებულებით მსჯელობებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობას. პოლიტიკური წარმომადგენლობის არსი პოლიტიკურ პროცესში გამოიხატება, სადაც სუვერენიტეტი გვევლინება არა როგორც კოლექტიური პოლიტიკური სხეულის მიერ ნების გადაცემის ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც პლურალისტური და გამაერთიანებელი პროცესი. ამ დროს პოლიტიკოსები უნდა ცდილობდნენ, მათ მიერ მიღებულ კანონებს მორალური და პოლიტიკური ლეგიტიმაცია არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის, არამედ მთელი საზოგადოების თვალში მიანიჭონ. პოლიტიკურ წარმომადგენლობაში ხალხის სუვერენულ ნებასთან ერთად ხალხის პოლიტიკური განსჯაც მონაწილეობს.
ეპილოგი
არჩევნების გზით ირჩევიან წარმომადგენლები, თუმცა პოლიტიკური წარმომადგენლობის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის. წარმომადგენლობითი დემოკრატია ყალიბდება პოლიტიკური პროცესის ფორმით, რომელშიც მუდმივად ცირკულირებს წარმომადგენლობითი ინსტიტუტების ქმედებები და საზოგადოების შემხვედრი შეფასებები. წარმომადგენლობითი დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური პროცესის, შეუფერხებელი და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს წარმომადგენელთა და წარმოდგენილთა შორის შეუფერხებელ და გამჭვირველე კომუნიკაციას, საარჩევნო კამპანიებსა და კანონშემოქმედებით პროცესზე კორპორატიული და ფინანსური ელიტების გავლენის შემცირებას, მედიის დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს და, ამგვარად, თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი საჯარო სივრცის შექმნას, რომელშიც მოქალაქეები ზეწოლისა და მანიპულაციების გარეშე შეძლებენ პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებასა და გამოხატვას.
ინსტრუქცია