[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

პოლარიზებული ქვეყანა და ნაციონალური ნარატივი

საქართველოში ეროვნული დაპირისპირების ყველაზე მკაფიო ხატები რუსთაველის გამზირს უკავშირდება (იხ. „არილი“ 4:320, 2024). როცა სიტყვა „პოლარიზაცია“ გვესმის, თვალწინ გვიდგება კაკაფონიური კადრები, სადაც ხან ჯვარი, ხან ხატი, ხან დროშა და ხანაც სკამი ძალადობის ბლაგვ და უგვან იარაღად გადაიქცევა. ბოლო ათწლეულების ეს დაპირისპირებები კოლექტიური სირცხვილის უშრეტი წყაროა, მაშინაც კი, როცა აგრესორები უმცირესობას მიეკუთვნებიან. ამ სირცხვილის განცდას რამდენიმე მიზეზი აქვს. აქედან ზოგი ჩვენს ისტორიულ გამოცდილებებს უკავშირდება, მათ შორის, 1990-იანი წლების ომებს და თბილისის ომის უსახელო ტრავმას (უსახელოს იმიტომ, რომ ჯერ მის სახელზეც კი არ შევთანხმებულვართ: „თბილისის ომი“, „სამოქალაქო ომი“, „პუტჩი“, „ძმათამკვლელი ომი“. ამ სახელდებებში სულ პოლემიკური შინაარსებია ნაგულისხმები).

დაპირისპირებით გამოწვეული სირცხვილის[1] ზოგი მიზეზი უფრო საყოველთაოა და, ზოგადად, ერის, როგორც სოლიდარული და ღირებულებებით გაერთიანებული ერთობის დათქმიდან მოდის.2 ეს დათქმა, მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ დათქმად რჩება. ისტორიას ჯერ არ უნახავს ერი, რომელიც სრულად იქნებოდა საერთო ფასეულობებისა და იდეების გარშემო კონსოლიდირებული და, განსაკუთრებით კრიზისების დროს, დაპირისპირებულ კონტრპუბლიკებად არ დაიბზარებოდა. ამიტომ, ერთი მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ კიდეც, რომ ეროვნული პოლარიზაცია არც ისე დიდი ტრაგედია ან გადახრაა. ამაზე, ნებისმიერ სხვა დროს და სხვა ადგილას, შეიძლება ბევრი არც გვედარდა, მაგრამ დღეს და სამყაროს ამ გეოგრაფიულ წერტილში, რომელსაც აფოფრილი რუსული იმპერიალიზმი სვავივით ადგას თავს, გახლეჩილი ეროვნული პუბლიკები ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისთვის, ისევე, როგორც რუსული ექსპანსიონისტური პროგრამისთვის, ყველაზე ნოყიერი წყაროა.

ეს ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის. მათაც, ვინც დახლეჩილობას ძალადობისთვის იყენებს და მათაც, ვინც ამ ძალადობის მსხვერპლია. რაც კარგად არ ვიცით, უფრო სწორად, საერთოდ არ ვიცით, ამ დახლეჩილობის სოციოკულტურული ნიშნულებია. ჩვენი ცოდნა ეროვნულ პოლარიზაციაზე სპორადულია - რუსთაველზე კონფრონტაციების აფექტით გამსჭვალული, ხანდახან სოციალური მედიით და ტროლ-ბოტებით გაყალბებული, ხანაც რუსული ან სახელისუფლებო პროპაგანდით ნაკვები. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი, მეთოდური ცოდნა იმის შესახებ, თუ რა დემოგრაფიული კონტურები აქვს ამ პოლარიზაციას, რა სოციოეკონომიკური, გეოგრაფიული თუ სუბკულტურული პარამეტრები განაპირობებს ღირებულებით და მნიშვნელობათა ხლეჩას. უფრო მარტივად, ზუსტად არასდროს ვიცით „ვინ ვისკენაა“ და რატომ. ეს არცოდნა, ან ნახევარცოდნა თავად არის მუდმივი კოლექტიური შფოთვის წყარო იმიტომ, რომ თან გვჯერა და თან - არა, რომ ქართველები სხვადასხვა კუნძულზე ვცხოვრობთ. ხან ბრუტალურად ვეჯახებით ამ კედელს და ხანაც ვფიქრობთ, რომ ეს კედელი პროპაგანდის მიერ შეკოწიწებული ილუზიაა და საერთოდ არ არსებობს. ხან გვწამს, რომ ყველას უნდა რუსეთისგან თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა და ხანაც ეჭვი გვეპარება, ეს „ყველა“ რამდენად ბევრია. ეს მუდმივი ყანყალი, ორ სავარაუდო ჭეშმარიტებას შორის, თავად არის ეროვნული შფოთვის მდგომარეობა, რომელიც ვერ ადგენს, დაიყვანება თუ არა პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სუბკულტურული სხვაობები გადაულახავ შეუთანხმებლობებზე.

რაზე ვთანხმდებით?

ანთროპოლოგებს ასეთ ზოგადსაკაცობრიო კითხვებზე პასუხის გაცემა არ გვიყვარს. მე პირადად არც პოლარიზაციაზე, როგორც ეგზისტენციურ თუ ნაციონალურ პრობლემაზე ლაპარაკი მინდება ხოლმე. საზოგადოების იდეური, იდეოლოგიური თუ ღირებულებითი დანაწევრება პოლიტიკურ და კულტურულ ნორმად მიმაჩნია. ის არსად, არასდროს გადაულახავს რომელიმე პოლიტიკურ ერთეულს, გარდა უტოპიური ფანტაზიისა, რომელიც ბოლოს აუცილებლად დისტოპია აღმოჩნდება ხოლმე. მაგრამ, ცხადია, რომ ეს ნორმა ამ წუთას საიდანღაც საწამლავს ჟონავს და პოლარიზაციაზე მკაფიო ცოდნის არქონა კიდევ უფრო გვაზიანებს იმპერიულ ძალასთან ბრძოლაში. რა შემიძლია მე, როგორც ანთროპოლოგმა, შევმატო ამ გამოცანას?

თითქმის ოცი წელია, ვიკვლევ, თუ როგორ მოვიხმართ მეხსიერებას და კულტურულ ნარატივებს სოციოპოლიტიკური არასტაბილურობის დროს.3–6 ამ „მოხმარებას“ ბევრი განზომილება აქვს. მათ შორის, კოლექტიური მეხსიერების თანმდევი ფენომენებია გაცხარებული პოლემიკა და დებატი იმაზე, თუ რა უნდა გვახსოვდეს და რა - არა, ბრაზი და ზიზღი მათ მიმართ, ვინც გვგონია, რომ „ისტორიას“ გვართმევს ან გვიმახინჯებს, შფოთვა იმის შესახებ, თუ რა ვიყავით ადრე და რა უნდა ვიყოთ მომავალში. კოლექტიური მეხსიერება ბევრ ცალკეულ ამბავს მოიცავს, მაგრამ ნაციონალური ნარატივის მკვლევრებს აინტერესებთ ის საერთო ელემენტები, რომლებიც განმეორებადია ყველა ამ ამბავში და რომლებიც საფუძვლად უდევს თხრობის, სიუჟეტის და მოვლენების განვითარებას - იქნება ეს მონღოლთა შემოსევა, თუ დიდი თურქობა.[2] ეს განმეორებადი ელემენტებია, რასაც ნარატიულ შაბლონს უწოდებს ჯეიმს უერჩი, ერთგვარი სცენარი, რომელსაც უსასრულოდ იმეორებს ერის მეხსიერება.[3]

ასეთ ნარატივებს ხილული დისკურსის მიღმაც შეუძლიათ ჩვენზე ზემოქმედება. მათი ძალა ის არის, რომ ცნობიერი პროცესების ზღურბლზე შეუძლიათ ფუნქციონირება. ამიტომ ამბობენ მისი მკვლევრები, რომ ნარატივები კოგნიტური ინსტრუმეტენტებია, რომელიც გვკარნახობს, რა დავინახოთ და რა - ვერა, რა სცენარით ვიმოქმედოთ, რა ლექსიკური მარაგი გამოვიყენოთ, რა ვიგრძნოთ და რა ემოციებს ავყვეთ.[4] ნარატივები განსხეულებული სიმბოლოებია, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი სომატური და კოგნიტური ყურადღების ფილტრად იმუშაონ.

ქართული ნაციონალური ნარატივიც ასეთი კოგნიტური ინსტრუმენტია. ისტორიულად, მისი, როგორც ერთგვარი კოლექტიური შაბლონის ფორმირება, სხვადასხვა ძალაუფლებრივი რეჟიმის პირობებში მოხდა - იქნებოდა ეს რუსული იმპერიული დისკურსის, თუ საბჭოთა ისტორიოგრაფიული პრაქტიკის კვალდაკვალ. ამ ნარატივს (ისევე, როგორც, მაგალითად, რუსულ, სომხურ, თუ ამერიკულ ნაციონალურ ნარატივებს) სულ რამდენიმე განმეორებადი ელემენტი ქმნის:

  • საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც მუდმივად თავს ესხმის მასზე ძლიერი მტერი;
  • ქართველები თავდაუზოგავად იბრძვიან მტრის წინააღმდეგ;
  • ქართველების ბრძოლას ძირს უთხრიან მოღალატეები ან შიდა გახლეჩილობა;
  • საქართველო გადარჩა და ინარჩუნებს კულტურულ იდენტობას.

როგორც ყველა ამბავს, ამ ნარატივსაც აქვს დასაწყისი, შუა და ბოლო. მისი დასაწყისი გარდაუვალია, ბოლო კი - ბუნდოვანი, ტრიუმფალიზმსა და რაღაც სხვას შორის გადღაბნილი. მის შუა ორი მთავარი მოტივია, რომელიც აღწერს ქართველი ხალხის ბუნებას. ეს ბუნება ორხმოვანია (ბივოკალური, როგორც სხვაგან ვუწოდე6) - ის ერთდროულად არის „თავდაუზოგავი მებრძოლიც“ და „მოღალატეც“, თავისუფლებისმოყვარეც და „კოლაბორაციონისტიც“. ეს ორი ერთდროული, ერთნაირი ალბათობის მქონე პოტენციალია, რომელსაც ყველა კრიტიკულ მომენტში გამოამჟღავნებს ქართველი ერი (ამიტომაა ეს იდენტობის ნარატივიც და სცენარიც, რომელიც გვკარნახობს რა (მო)ხდება).

როგორც ანთროპოლოგი, ბევრი წელია ვაკვირდები, როგორ „მოიხმარება“ ეს კოლექტიური შაბლონი სხვადასხვა სოციალურ ველში: პოლიტიკური ელიტის რიტორიკაში, ინსტიტუციურ რეფორმებში, პროზაში, პუბლიცისტიკაში, ყოველდღიურ დიალოგებში, რუსთაველზე პროტესტისას, სკოლის სახელმძღვანელოებსა თუ სამუზეუმო გამოფენებში. ასევე ვაანალიზებდი, როგორ იყენებენ ამ შაბლონს სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები პოლიტიკურ, იდეოლოგიურ ან, თუნდაც, ეგზისტენციალურ პრობლემაზე მსჯელობის ასაგებად; როგორ გამოიყენება ის სუბვერსიული, წინააღმდეგობრივი პრაქტიკებისას სვანეთში და როგორ მიემართებიან საქართველოს სომხები ამ ნარატიულ შაბლონს.

მთავარი ის არის, რომ ნაციონალური ნარატივით არა მხოლოდ მოინიშნება ის, თუ რაზე - რა ისტორიულ გამოცდილებებზე, რა პათოსსა და მორალურ იმპულსზე - დგას ე.წ. „ქართველობა“, არამედ ამ კულტურულ ინსტრუმენტს ჩვენი გონება იყენებს იმისთვის, რათა უპასუხოს კითხვას „რა ხდება?“ ან „რა მოხდება?“ და ამას ხშირად ისე აკეთებს, რომ ჩვენ ვერც ვიაზრებთ, როდის და როგორ მოვარგეთ რეალობა ამ კოლექტიურ შაბლონს.

ჩემი დაკვირვებით, ეს შაბლონი საყოველთაოა. ნებისმიერი სოციოეკონომიკური შრის, სუბკულტურული წრის თუ პოლიტიკური მიკუთვნებულობის ადამიანი ასე მოიაზრებს ამ ქვეყნის წარსულს (და აწმყოსაც). საზიაროა ის ლექსიკაც, რომელსაც ადამიანები იყენებენ პოლიტიკური ან ეროვნული მოვლენების გასააზრებლად. „ღალატის“ რიტორიკა აქედან ყველაზე თვალშისაცემია.3 მაგრამ ასევე ფესვგადგმულია „თავდაუზოგავი ბრძოლის“ და „გარდაუვალი გამარჯვების“ (თუნდაც ბუდნოვნის) რწმენა.

რაზე ვიყოფით?

ამ საზიაროობის მიუხედავად, შაბლონი სწორედ იმიტომაა შაბლონი, რომ ის ცარიელი ადგილებითაა სავსე, რომლებიც ბევრნაირი შინაარსით შეიძლება შეივსოს. მას ახასიათებს ლოგიკური მკაფიოობა, მაგრამ არა - შინაარსობრივი. მისი ძალაც და გამძლეობაც ის არის, რომ როგორც თარგი, ის ბევრნაირ ნაჭერს ერგება და მნიშვნელობის მხრივ, საკმარისად ბუნდოვანია. მაგალითად, ეს შაბლონი არ აკონკრეტებს, საქართველოს „გადარჩენაში“ რა უფრო მნიშვნელოვანია, ან ზუსტად რას ნიშნავს გადარჩენა - სახელმწიფოებრიობის, ტერიტორიების, პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცებას თუ ტრადიციების, ენის, სარწმუნეობის და სხვა კულტურული მახასიათებლების შენარჩუნებას, თუნდაც პოლიტიკური ავტონომიურობის ხარჯზე. ვინაა მოღალატე: ის, ვინც კულტურას და ტრადიციებს „აკნინებს“, თუ ის, ვინც სახელმწიფოებრიობას ასუსტებს?

ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატომ არ ივსება შაბლონი შინაარსებით? იქნებ, ისტორია არ ვისწავლეთ თუ ვიკვლიეთ კარგად? იქნებ, ძალაუფლებაში მყოფთ არ უნდოდათ გამოტოვებული ადგილების შევსება? იქნებ, უფრო სიღრმისეული ინსტიტუციური მიზეზები აქვს, თუ რატომ არ ჰქვია ყველაფერს თავისი სახელი და რატომ არ გვაქვს საზიარო სიღრმისეული შინაარსებით გაჯერებული ისტორიული წარმოსახვა, ბუნდოვანებებით სავსე კოლექტიური მეხსიერების ნაცვლად? ყველა ეს ვერსია შეიძლება სწორი იყოს. ჩვენი ისტორია მიზანმიმართულად ცუდად დაიწერა საბჭოთა ისტორიოგრაფიის წიაღში, რადგან ის მარქსისტული დიალექტიზმის თარგსაც უნდა მორგებოდა და თან რაღაც კვაზი-ნაციონალური სენტიმენტიც უნდა ჰყოლოდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ყველა ძალაუფლებას თავის ხედვა ჰქონდა, რა იყო „სწორი წარსული“, „სინამდვილეში რა ხდებოდა“, რა ისტორიულ გაკვეთილებზე უნდა „გვესწავლა ჭკუა“ და უმეტესობა ჩვენგანსაც ასე ჰგონია, რომ თუ ერთხელ და სამუდამოდ შევიგნებთ, რა იყო ჩვენი წარსული - გამოტოვებული ადგილების გარეშე - მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება რაღაც არის სწორი ამ დათქმაში, მაგრამ საკვანძო ის არის, რომ რამდენი შინაარსიც არ უნდა შევქმნათ, ნარატივი კოგნიტური ინსტრუმენტი მხოლოდ მაშინაა, თუ ის სქემატური ჩონჩხია, რომელიც ბევრნაირ სპეციფიკურ შინაარსს ითავსებს, მაგრამ მის სტრუქტურას, რომელიც ყოველთვის ერთ მარტივ ამბავს ყვება - გმირზე და მტერზე, საფრთხესა და გადარჩენაზე, ერთობასა და ღალატზე - მაინც არაფერი ცვლის. მით უმეტეს, ერთბაშად. კოგნიტური ინსტრუმენტები გამჭვირვალე, უხილავი კოდებივითაა, რომლებიც რეალობის კალიბრაციაში გვეხმარება. მისი ეფექტიანობის გასაღები - კოგნიტურისაც და პოლიტიკურისაც - მისი დრამატურგიული მკაფიოობა და შინაარსობრივი ბუნდოვანებაა.

ხშირად ის სასარგებლო ინსტრუმენტია რეალობის კომპლექსურობასა და სირთულეებთან გასამკლავებლად. ის გვეხმარება მრავალშრიანი, კომპლექსური და უთავბოლო პროცესები მენტალურად გარდავქმნათ მარტივ ამბებად და გავცეთ კითხვას პასუხი: რა ხდება? ისტორიულად, წარსულის ინსტრუმენტალიზების ყველაზე უხეში მეთოდები ავტორიტარულ რეჟიმებს უკავშირდება. საბჭოთა მმართველობის პერიოდი გაჯერებულია წარსულის გამოგონების, ამოშლისა და  გადაწერის მცდელობებით. თუმცა, მეხსიერების ნარატივებს ყველა ვიყენებთ, როგორც კოგნიტურ, კულტურულ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რეალობის ინტერპრეტაციისა და იდეოლოგიური მორალის განსამტკიცებლად.

ნარატივისათვის თანმდევ ბუნდოვანებას (და ორხმოვანებასაც) წარმატებით იყენებს ისეთი პროპაგანდისტული რეჟიმი, როგორიც „ქართული ოცნებაა“. მას შეუძლია სუვერენობის სახელით დათმოს ქვეყნის სუვერენიტეტი, უგულებელყოს ხალხის ნება და მაინც არ ამოვარდეს ამ ნარატიული შაბლონიდან. მას შეუძლია ბრაზის და აგრესიის კულტივირება მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ, ნარატივის იმ ლოგიკაზე აპელირებით, რომელიც ამბობს, რომ დაუმორჩილებლობა ან შიდა გახლეჩილობის გაღრმავება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ამით, პროტესტი ღალატის ტოლფასია. ანუ ის, რაც ერთისთვის „სამშობლოსთვის თავდაუზოგავი ბრძოლაა“, მეორესთვის „ქვეყნის ღალატია“.

ამ ნარატივის წყალობით, „ომის“ ორნაირი სცენარი ერთმანეთთან არის ურთიერთგადაჯაჭვული და ლოგიკური აუცილებლობით შერწყმული. ერთი, ეს არის გარე აგრესორის თავდასხმით გამოწვეული ომი და მეორე - შიდა არეულობით გამოწვეული დესტაბილიზაცია. ქართულ ისტორიულ წყაროებშიც და მეცხრამეტე საუკუნის დისკურსშიც ამ ორი მდგომარეობის ერთობლიობა მოიხსენიება „შფოთიანობად“. უფრო კონკრეტულად, „შფოთიანობა“ აღწერს შიდა ამბოხსა და დაპირისპირებას, რომელიც მტრის მიერ ქვეყნის განადგურების საფრთხით არის გამოწვეული. ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში, „შიდა გახლეჩილობის“ იდეას ერთგვარად გადამწყვეტი ადგილი უკავია ქვეყნის ბედისწერის მოაზრებაში. ანუ ის, რომ „ქართველები ერთმანეთს დაჭამენ“, კოლექტიურ წარმოსახვაში თითქმის გარდაუვალ ალბათობად მოიაზრება, მაგრამ, ამავე დროს, ეს ალბათობა არის ის, რაც ყველაზე მეტ შფოთვასა და შიშს აღძრავს ადამიანთა უმეტესობაში. ყველა აქცია და კონტრაქცია სიგნალია, რომელიც ასეთ შიშს აღვიძებს, მაშინაც კი, როცა მისი არტიკულირება ან მასზე რეფლექსია არ ხდება.

1990-ანი წლების მეხსიერებამ და თბილისის ომის ტრავმამ განსაკუთრებით გააღრმავა შიდა დაპირისპირების და სამოქალაქო ომის შიში. „ოთხმოცდაათიანების“ მეხსიერება უკავშირდება კოლექტიურ განცდას, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ყოველთვის შეიძლება ისე გამწვავდეს და ისე აფეთქდეს, რომ „ძმათამკვლელ ომში“ გადაიზარდოს. ეს ერთადერთი კვანძია, სადაც ქართულ ნაციონალურ ნარატივსა და იდენტობის მოდელში, შიში, როგორც ქმედითი აფექტი, ფიგურირებს და ის ძალიან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული დანაშაულის განცდასთან, რომელიც კიდევ უფრო დიდ ინტენსივობასა და ქმედუნარიანობას სძენს ამ შიშს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ დაპირისპირებებს ყველა ისტორიულ ეპოქაში თავისი უნიკალური კონტექსტი და მახასიათებლები აქვს და რა თქმა უნდა, ყველა აქცია და კონტრაქცია არ არის იმის სიგნალი, რომ ქართველები ჭკუიდან გადავლენ და ერთმანეთს დახოცავენ. მაგრამ ნარატივის კოგნიტური ხრიკი ეს არის, რომ ის სხვადასხვა ეპოქის, მოვლენის და ფენომენის ერთმანეთთან ასიმილირებას ახდენს და ამ ასიმილირებით ადგენს პატერნს, რომელიც მომავლის პროგნოზირების ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ნარატივის სწორედ ამ ასიმილაციურ ბუნებას ეფუძნება. კერძოდ, მან ძალიან მკაფიო და, ამავე დროს, ნაცნობ სქემაზე მორგებული რეალობის ვერსია შექმნა. მათი ანტიდასავლური, კონსპირაციული თუ ანტიდემოკრატიული ნარატივები შემდეგ საკვანძო პოსტულატებამდე დაიყვანება:

  1. დასავლური სამყარო ახლა არ არის იმ მორალურ პედესტალზე, სადაც უნდა იყოს. ის არ არის ტრანსპარანტული და მისი გეოპოლიტიკური ტაქტიკაც და პერიფერიული ქვეყნების დახმარების პოლიტიკაც ორსახოვანი, მლიქვნელურია. ბევრს გპირდება და სანახევროდ ასრულებს. ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.
  2. ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ რუსეთი ტანკებს მოგვაყენებს (გაიხსენეთ შალვა პაპუაშვილის პოსტი, რომელშიც აღწერს ამერიკის ელჩთან შეხვედრას).
  3. ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს „რადიკალები“, „მოღალატეები“ და „აგენტები“, რომლებიც ეხმარებიან გარე ძალებს შიდა არეულობის პროვოცირებით.
  4. ახლა სხვა არაფრის დროა, გარდა ძალაუფლების კონსოლიდირებისა და ქვეყნის ომისგან გადარჩენისა.

ამ პოსტულატებიდან პირველი ორი ადვილად მისაღებია თითქმის ნებისმიერი ქართველისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ ინტერპრეტაციას გვკარნახობს  უკრაინის დაუსრულებელი ომის, გაწელილი და გამოზოგილი დახმარებების გამოცდილება, ისევე როგორც 2008 წლის ომი და ბევრი სხვა მეხსიერება სულხან-საბადან პირველ რესპუბლიკამდე. არამედ იმიტომ, რომ ის ადვილად ერგება ნაციონალური ნარატივის შაბლონსაც, რომელიც ამბობს, ერთი, რომ საქართველოს სულ ჰყავს მტერი (2) და მეორე, გარე სამყარო სანდო არ არის და ჯერ არ ყოფილა არც ერთი ძლიერი სახელმწიფო, რომელზეც სრულად მინდობა უსაფრთხო იქნებოდა. ეს ისტორიული მორალია და არა მხოლოდ პროპაგანდისტული „დიფ სთეითის“  ფიქცია.

ასევე ნარატიულ შაბლონს ეფუძნება მესამე პოსტულატი. ქართული ისტორიული ცნობიერება და კოლექტიური იდენტობის განცდაც ფუნდამენტურად დგას ქართველობის ასეთ გაგებაზე, რომ ჰიპოთეტურად ამ ქვეყანაში ყოველთვის არიან მოღალატეები და კოლაბორაციონისტები, რომლებიც ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ ან პირადი სარგებლისთვის ან სიშტერის გამო მიდიან. ასევე, ისტორიულად მოღალატეების ქცევის პატერნს მიეწერება ქვეყნის შიგნიდან არევა და ერთობისათვის ხელის შეშლა. ამიტომ სდებს ბრალს „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „რადიკალიზმში“, „პოლარიზაციის გამწვავებასა“ და „მიამიტობაშიც“.

„რადიკალური პროტესტი“ ე.წ. ნარატიული „თრიგერია“, რომელიც ზოგისთვის შეიძლება „ვარდების რევოლუციის“ მშვიდობიანი ცვლილების სცენარს აღვიძებს. ამ სქემასთან არის დაკავშირებული გარღვევისა და სახალხო ერთობის რომანტიზმი. მშვიდობიანი რევოლუციის სცენარი, რომელიც ჩვენს ლექსიკაში „ხალხის მუხტის“ ტერმინით მოინიშნება, ერთგვარი გამეორებაა ნაციონალური ნარატივის პათოსისაც, რომ ერთიანობით ქართველი ხალხი ყოველთვის ახერხებს ძალადობის და ძალაუფლების დაჯაბნას.

მაგრამ ამ სცენარზე უფრო ძლიერი და საყოველთაო მეხსიერება უკავშირდება უფრო საშიშ „შფოთიანობის“ ეპოქას. ეს მართლა სახელდაურქმეველი ეპოქაა, რომელსაც „ბნელი ოთხმოცდაათიანები“ ალბათ იმიტომ დავარქვით, რომ მორალურად და სემანტიკურადაც ბნელი წარსულია. ამ პერიოდთან დაკავშირებით თითქმის ვერაფერზე ვთანხმდებით, ვერც იმაზე, ჩვენი ბრალი იყო, თუ რუსეთმა მოგვიწყო. ნაციონალიზმი მოგვივიდა ბევრი, თუ ქურდული მენტალიტეტი, ყველაფერი ზვიადის ბრალი იყო, თუ ზოგი რამ მართლაც „სუკის აგენტებს“ უნდა დავაბრალოთ. თუ რამე შაბლონი შეიქმნა ამ მეხსიერების საფუძველზე, ალბათ ეს არის: მთავრობა არ მოგვეწონა, რუსთაველზე გამოვედით და იმდენად ვერ შევთანხმდით, რომ გავიყავით და ერთმანეთი დავხოცეთ. ეს არის ტრავმატული სცენარი და მასთან იმდენი დანაშაულის გრძნობა და სირცხვილია დაკავშირებული, რომ ქართველების უმეტესობა ყველაფერს დათანხმდება, ოღონდ კი ეს ამბავი არ განმეორდეს. ეს ტრავმა აქტიურია მაშინაც, როცა სპეცრაზმელს უპირისპირდები და მაშინაც, როცა რუსთაველზე რია-რიას შორიდან უყურებ. ის გაკავებს, გამწყვდევს საკუთარ შიშში და ზოგს აიძულებს მშვიდობისთვის „ოცნებას“ მისცეს ხმა და ზოგსაც „მშვიდობიან პროტესტზე“ მეტი არ დაგეგმოს არაფერი.

სამოქალაქო დაპირისპირების შიშიც და მასთან დაკავშირებული დანაშაულის განცდაც დიდწილად საყოველთაოა და, ჩემი აზრით, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, გაუაზრებელია ის, თუ როგორ მონაწილეობს ეს ტრავმა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და კოლექტიური მოლოდინების ფორმირებაში.

შეიძლება მშვიდობიანი რევოლუციების გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, მიგვეჩქმალა პოლარიზაციისა და რადიკალური დაპირისპირების ნამდვილი და ფესვგადგმული იარა. მაგრამ ქუჩაში პროტესტთან დაკავშირებული გარღვევის მითიური მოლოდინი არ ეფუძნება კონკრეტულ სცენარებს. ის არ გულისხმობს, არც ამ ავადსახსენებელ „პოლიტიკურ გეგმას“, არც მოქმედების სტრატეგიას და ქუჩაში გათოშილი ერთადერთ რამეს შესჩერებია იმედით - ხალხის მუხტის ეფემერულ განცდას. მიუხედავად იმისა, რომ გარღვევის ეს რომანტიზებული სცენარი სამოქალაქო პროტესტის და შეუპოვრობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივატორია, ის ვერ აბათილებს „ძმათამკვლელი ომის“ ტრავმას, პოლარიზაციის შიშს, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით დაიწყო და შემდეგ, ხელი შეუწყო გადატრიალებასა და სისხლისღვრას.

ამ გამოცდილების ტრავმატულობის მიუხედავად, არც პოლიტიკურ და არც იდენტობის დისკურსში, მას საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. მაგალითად, ის, თუ რა ფორმით ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესში, ვის ვაძლევთ ხმას, როგორ ვგეგმავთ აქციებს, რა სცენარებს წარმოვისახავთ ან რა მოლოდინებით ვდგავართ რუსთაველზე, არ გვგონია, რომ რამენაირად ნაკარნახევია იმ „უშნო გრძნობებით“[5], რომლებიც თბილისის ომის გამოცდილებას უკავშირდება.

2024 წლის არჩევნებამდე, მეხსიერებასა და შფოთვაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპეიზაციისა და დემოკრატიული გარღვევის კოლექტიურ მოლოდინებს მშვიდობისა და ომის რიტორიკა დაუპირისპირა, ამით მან არა მხოლოდ რუსეთთან ომის შიში, არამედ შიდა დაპირისპირებისა და სამოქალაქო კონფრონტაციის ჩაბუდებული ტრავმაც გაააქტიურა.[6] ამ კვლევის მონაცემების თანახმად, რომელიც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის „მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის“ დაკვეთით, „ანოვამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა (კვლევაში 800-ზე მეტი რესპონდენტი მონაწილეობდა), საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შფოთვა „შფოთიანობის“ მოლოდინს უკავშირდება. კერძოდ, რესპონდენტების დიდი ნაწილის მოლოდინები, მათი პოლიტიკური პრეფერენციისა და სოციოეკონომიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, უკავშირდებოდა „შიდა დაპირისპირების“, „ქაოსის“, „შეუთანხმებლობის“, „სამოქალაქო კონფრონტაციის“, „არეულობის“ და ა.შ., საფრთხეს. აქ ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ ეს საფრთხე თითქმის თანაბრად მოსალოდნელი იყო, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. ამ საფრთხის განცდას მრავალფეროვანი ლექსიკა აქვს. კითხვაზე, რა მოხდება „ქართული ოცნების“/ან ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში[7], ზოგი ამბობდა, „90-იანებში დავბრუნდებითო“, ზოგი - „ქაოსს დავუბრუნდებითო“, ზოგისთვის გარდაუვალი იყო „შიდა დაპირისპირება“, „რევანში“ ან „სამოქალაქო ომი“. მაგალითად, ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც მოსალოდნელ საფრთხედ „ოპოზიციური პარტიის დესტაბილიზაცია“ დაასახელა, მოგვიანებით, მითითებაზე, რომ მის შფოთვასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენა დაესახელებინა, „9 აპრილი“ და „სამოქალაქო ომი“ გაიხსენა. კითხვაზე, „რატომ არის ეს მოვლენა თქვენთვის მნიშვნელოვანი?“, მისი პასუხი იყო, რომ „ძმების სისხლი დაიღვარა“. ამიტომ, ამ 27 წლის იმერელ კაცს, „ქართული ოცნების“ გამარჯვების წარმოდგენა ახარებდა, მაგრამ თან საფრთხედ აღიქვამდა „დაპირისპირებასა“ და „პოლარიზაციას“. 1990-იანებსა და თბილისის ომს იხსენებდა 49 წლის თბილისელი ქალი, რომელსაც ოპოზიციის გამარჯვების იმედი ჰქონდა.

ალბათ, ცალკე განხილვის თემაა, რატომ არაფერი დაუპირისპირა ოპოზიციურმა სპექტრმა ომის დაპირებას, რატომ არ არსებობდა კონტრნარატივი, რომელიც ადამიანებს დაარწმუნებდა, რომ დემოკრატიის გამარჯვება და ევროპული არჩევანი მშვიდობის ყველაზე სარწმუნო გარანტიაა და არა ომიანობის წინაპირობა. მოლოდინი, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები „ერთმანეთს დაჭამდნენ“, როგორც ეს ბევრმა რესპონდენტმა ახსენა, გაუბათილებელი დარჩა და კიდევ უფრო განამტკიცა ვარაუდი, რომ ასეთი „არეული“ ქვეყანა ადვილი სამიზნე გახდებოდა რუსული აგრესიისათვის.  

სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“, „არეულობის“ დათქმით განძარცვა მომავლის ყველა ალტერნატიული მოლოდინი და ამით განაიარაღა ევროპეიზაციის დაპირებაც. რას გვიშველის ევროპა, თუ ერთმანეთს დავჭამთ? და, საერთოდაც, „რას გვიშველის ევროპა?“ ეს კითხვაც და „ქართული ოცნების“ პროპაგანდით კულტივირებული ანტიევროპული სენტიმენტი ნაწილობრივ ნასაზრდოებია ქართული ნაციონალური ნარატივით და იმ შინაარსით, რომელიც მის გამოტოვებულ ადგილებში ჩნდება. მეხსიერების კოლექტიურ შაბლონში (რომელიც ზევით ვახსენე) არ არსებობს მოკავშირე სახელმწიფო, რომელიც როდისმე, რამეში ეხმარება საქართველოს. ქართველების ბედი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ისინი მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას და მოღალატეების დაჯაბნას. მეხსიერების ამ ფაბულაში, ყველა გარე აქტორი პოტენციური მტერი ან მჩაგვრელია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი იმპერიალისტური სიხარბე ამოძრავებს. ასეთი კოლონიური უნდობლობის კულტივირება ძალიან აადვილებს რუსეთის და ევროპის ერთმანეთთან გაიგივებას, როგორც ერთნაირად არაკეთილსინდისიერი, არასანდო, ექსპანსიონისტური ძალებისა.

ამავე დროს, ის ლოგიკურად აფუძნებს იმ დაშვებას, რომ გარე ძალაზე დამოკიდებულება კოლაბორაციონიზმისა და სუვერენიტეტის დათმობის ფორმაა. ამ პერსპექტივაში, ე.წ. „რუსული კანონი“ სხვა არაფერია, თუ არა ნაციონალური ნარატივით დაკისრებული ვალდებულების შესრულება: მოღალატეების ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა. შემთხვევითი არ არის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები შიგადაშიგ, რეპრესიული აპარატისა და სადამსჯელო ღონისძიებების გაძლიერების კვალდაკვალ, დავით აღმაშენებელს შეგვახსენებენ ხოლმე.[8]

იმავე მიზეზით ქართულ პოლიტიკურ წარმოსახვაში ადგილი არ უკავია „მეგობარი ქვეყნის“ იდეას. ამ სიცარიელეზე აყრდნობს „ქართული ოცნება“ ანტიუკრაინულ სენტიმენტსაც. ამ სიცარიელითვე ხდება ანტისომხური სენტიმენტის მუდმივი განახლება[9] და სოლიდარობისკენ მიმართული ყველა მცდელობის არმენოფობიით დაბიძნურება (რასაც ყველაზე ხშირად ტიკ-ტოკსა და სხვა სოციალურ მედიაზე აწყდებიან ჩვენი სომეხი თანამოქალაქეები).

რუსული ავტორიტარიზმის ექოები, რომლებიც ასეთი მკაფიო და აშკარაა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, კვალს არ ტოვებს პროპაგანდით დაოკებულ „ქართული ოცნების“ მომხრეებში. „რატომ უნდა შემოვიდეს რუსეთი?“ - მითხრა რუსეთისკენ მიმავალმა ტრაილერის მძღოლმა. ის ეჭვქვეშ აყენებდა არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრორუსულ განზრახვას, არამედ თავად რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასაც. მიმდინარე პროტესტების კვალდაკვალ, მისი მთავარი არგუმენტი, რომელიც აბათილებდა რუსეთის დამპყრობლურ სტრატეგიას და ამართლებდა პრორუსულ ლტოლვას, იყო „აბა, რატომ არ დაეხმარა ევროპა უკრაინას?“ ეს კითხვა, ისევე, როგორც მისი ტყუპისცალი „აბა, 2008-ში რატომ არ დაგვეხმარნენ?“ მოხელთებული კონტრაპუნქტია, რომელიც არა მხოლოდ პროპაგანდითაა გამოკვებილი, არამედ ნაციონალურ შაბლონშიცაა დაფუძნებული: „ქართველებს არასდროს არავინ ეხმარება, მხოლოდ ერთმანეთს აძიძგნინებს“.

უნდობლობა და ბუნდოვანება ევროპეიზაციის პერსპექტივისადმი, რომელიც ნაპრალს აჩენს ამ ახალგაზრდა კაცსა და რუსთაველზე გამოსულ ახალგაზრდებს შორის, შინაარსობრივ ვაკუუმშია გაჩენილი, რომელიც პროევროპულ დისკურსს უნდა ამოევსო სუვერენობასა და ღირსებაზე სწორი აპელირებით. ჩვენ უნდა დაგვესწრო ამ ტერმინების განმარტება იქამდე, სანამ პროპაგანდა გახრწნიდა ამ სიტყვებს. ასევე უნდა დაგვესწრო იმის დამარცვლა, რატომ არის რუსული სახელმწიფოს მოდელი ფუნდამენტურად არათავსებადი ქართველობასთან, ტრადიციებთან, კულტურასთან და ყოფასთან, მათ შორის, „კაი კაცობის“, „ქალობის“ და „ვაჟკაცობის“ ყველაზე არაემანსიპირებულ გაგებასთანაც კი. სანაცვლოდ, ახლა გვაოგნებს, რა არ აძრწუნებს ამ ტრაილერის მძღოლს გარუსების პერსპექტივაში, რაც ასე თავზარდამცემია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის.

მაგრამ ყველაზე მთავარი, რატომაც პროევროპულმა ძალამ „ქართულ ოცნებასთან“ საინფორმაციო და აფექტური ომი წააგო, ის არის, რომ პროპაგანდისტული ნარატივი ძალიან მკაფიოდ ეყრდნობოდა იმ მორალურ იმპულსს და ნარატიულ ლოგიკას, რომელიც ნაციონალური შაბლონის სცენართან თანხვედრაშია. მტრის ის ხატები, რომლებიც პროპაგანდამ გააძლიერა - „გლობალური ომის პარტია“, „deep state“, „რადიკალი ძალები“, მოღალატე ქართველები თუ „არასანდო პარტნიორები“ - ადვილად ერგება ისტორიულ შაბლონს. ისტორიული მორალით, როდესაც ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დგება, მმართველობის ყველაზე გამართლებული მეთოდი „ხელის მოჭერა“ და „ურჩების დასჯაა“. მათ შორის, დავით აღმაშენებელიც, როგორც მითიური მოდელი ამ სიმბოლური სანქციის ინსტრუმენტია - ხელისუფალს აქვს მორალური უფლება (თუ არა ვალდებულება) იყოს დესპოტი, როცა ეს ქვეყანას სჭირდება.

ამის საპირწონედ, რას სთავაზობდა „პროევროპული“ ლტოლვა? რა ნარატივი იყო ნაგულისხმევი ამ წინააღმდეგობაში? რა სცენარები? გადარჩენის, ომის არიდების, რუსეთის დამარცხების ან პატარა ქვეყნის გამარჯვების რა ტრაექტორიები? კონტრნარატივს მკაფიოდ უნდა წარმოეჩინა, რას შვრება და იზამს მტერი, ჩვენ რას დავუპირისპირებთ, რაში დაგვეხმარება და რაში არ დაგვეხმარება დასავლეთი, რისი იმედი შეიძლება გვქონდეს და რისი - არა ევროპისკენ ხელგაშვერილებს; და რაც მთავარია, მკაფიო უნდა ყოფილიყო ამ ლტოლვის მიზანი, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა ნაციონალურ ნარატივთან, ეროვნულ მისიასთან და ქართული იდენტობის პარადიგმებთან (და არა ევროპის იდეალიზაციასთან).

რა უნდა ვქნათ?

ნარატივის მკვლევრები ხშირად ამბობენ, რომ „ფაქტები ვერ ამარცხებენ ნარატივებს“. ნარატივს მხოლოდ ნარატივით შეიძლება აჯობო. „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ ნაციონალური შაბლონი, რომელიც მტერთან თავდაუზოგავ ბრძოლას გვკარნახობს, სათავისოდ გადადრიკა ორი ძირითადი ტაქტიკით.

პირველი, მან შიში, როგორც ქმედითი აფექტი, ჩაგვინერგა ქვეყნისთვის ბრძოლის მოტივაციაში. ამის შედეგია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ პუბლიკები (და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებში), რომელთათვისაც ქუჩის მშვიდობიანი პროტესტი და ხალხის ნების გამოხატვის მცდელობები „არეულობის“, „ქაოსის“, „დესტაბილიზაციის“, „ერთმანეთის დაჭმისა“ და ყველანაირი უბედურების მომასწავებელია (ამ ტერმინებს იყენებდნენ ჩვენი კვლევის რესპონდენტებიც). „ნუცა, მითხარი, რომ არ იქნება სამოქალაქო ომი და ქართველები არ დახოცავენ ერთმანეთს?“, - მეკითხება ინა, რომელიც მეშვიდე თაობის ქართველი სომეხია. „შიდა გახლეჩილობის“ საფრთხე თითქმის ერთადერთი რამაა, რაც მიმდინარე პროტესტების ფონზე, ინას ძილს უფრთხობს და ისტორიულად დამახსოვრებულ შფოთს უღვიძებს. ეს შფოთი დეჟავუსავით გამოცდილებაა, რომელიც წარსულიდან მოდის, მაგრამ ავიწროებს როგორც აწმყოს, ისე მომავლის ხედვას.

ინასგან განსხვავებით, ბევრ სხვა შემთხვევაში, ასეთი შიში შეფარული და არავერბალიზებულია. მაგალითად, ისეთ თემებში, რომლებმაც ყველაზე მტკივნეულად გამოსცადეს ურთიერთძალადობით გამოწვეული სოციალური ქსოვილის რღვევა, ასეთი შიში მთვლემარე აფექტივით ბინადრობს ადამიანების სხეულებში. ის კითხვებს კი არ ასმევინებს, რომლითაც ამ პოტენციურ საფრთხესთან რაციონალურ კონფრონტაციას შეძლებდნენ ადამიანები, არამედ პირიქით, ანესთეზიური ეფექტი აქვს და სიჩუმის, სიფრთხილის ან კონფორმისტული მდგომარეობისკენ უბიძგებს. მაგალითად, სვანეთში[10], სადაც ძალადობრივი დაპირისპირებების მეხსიერება ყველაზე ცოცხალი და ქმედითია, ადამიანები ძნელად რისკავენ თემის შიგნით არსებულ სტაბილურობას, პოლიტიკური განახლებისა და დემოკრატიის ბუნდოვანი დაპირებისათვის. შეიძლება დავუშვათ, რომ პოზიტიური კორელაცია არსებობს მტკივნეულ მეხსიერებასა და ხელისუფლებისადმი ლოიალობას შორის, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ეს მეხსიერება სომატურია, ფიზიკურ სივრცეებსა და ყოფაში განსხეულებული და არა მხოლოდ ნარატიული.  

მეორე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ ნაციონალურ შაბლონში არსებული ბუნდოვანებები ბუტაფორიული შინაარსებით და კონსპირაციული სქემებით ამოავსო. მან ისარგებლა იმით, რომ ნარატივი არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რა მიზნები ამოძრავებს სხვადასხვა გარე აგენტს, რა სხვაობაა ერთ „მტერსა“ და მეორეს შორის, რა პოლიტიკური გარემოებები და ისტორიულად სპეციფიკური პირობები განაპირობებს იმას, რომ საქართველო სხვადასხვა ძალის ინტერესთა გადაკვეთაზე ხვდება. ამ ხერხის მთავარი მიზანი ის იყო, რომ კიდევ უფრო ბუნდოვანი გაეხადა დასავლეთსა და რუსეთს შორის ის ფუნდამენტური სხვაობა, რომელიც მათ სხვადასხვა გეოპოლიტიკური კონცეფციისა და პოლიტიკური მორალის განფენილობაში ათავსებს. ამით პატარა ქვეყნის დიდი სახელმწიფოებისადმი ისედაც არსებული კოლონიური უნდობლობა კიდევ უფრო სათავისოდ მოიხელთა. ერთგვარი პარადოქსული პარადიგმა შექმნა, რომელშიც რუსეთის ძალადობრივი მიზნების სიცხადე და გამჭვირვალობა ნაკლებ აღმაშფოთებელია (მაგალითად, ზემოხსენებული ტრაილერის მძღოლისათვის), ვიდრე დასავლეთის ორსახოვანი აპარატი, რომელიც გლობალური ომის პარტიის, ან ე.წ. deep state-ის შეფარულ ზრახვებს დემოკრატიისა და კეთილდღეობის დაპირებით ნიღბავს.

ამ გადაღუნული ნარატივის პასუხი მხოლოდ უკან გადმოღუნული ნარატივი შეიძლება იყოს, რომელიც ბუტაფორიებსა და კონსპირაციებიდან აქცენტს ამ ნარატივის ჭეშმარიტ ქვაკუთხედზე - თავისუფლებისა და კარგი ცხოვრებისათვის მებრძოლ ხალხზე გადაანაცვლებს.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს დისკურსული ჭიდილი (ან ინფორმაციული ომი) უნდა ეფუძნებოდეს არა უკუგებას, რომელიც ფაქტებით აბათილებს ნარატიულ ჭეშმარიტებას, არამედ პირიქით, ნარატივის გადაუღუნავი ვერსიის განმტკიცებას და მნიშვნელობის იქ დაბრუნებას, სადაც ის ეკუთვნის. ეს რამდენიმე რამეს ნიშნავს:

  • ქართული ნაციონალური ნარატივის ცენტრალური აფექტი არა შიში, არამედ სიმამაცეა. „თავდაუზოგავი ბრძოლა“ - ასე ეწერა და წერია ჩვენს ისტორიის სახელმძღვანელოებში და ეს სახელმძღვანელოებიც იმ ნარატიულ ჩარჩოსა და ლექსიკას დაეფუძნა, რომელიც დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს.
  • ქართველის ბუნება თავისუფლებისთვის ბრძოლაში მჟღავნდება და არა სტაბილურობის ძიებაში.
  • ამ პატარა ქვეყნის მისია არის არა ნებისმიერ ფასად „მშვიდობის შენარჩუნება“, არამედ საკუთარ საზღვრებს შიგნით სახელმწიფოებრიობის გაძლიერება ისე, რომ გლეხიდან თავადამდე ყველასთვის შესაძლებელი იყოს „კარგად ცხოვრება“.
  • ქართული კულტურის უნიკალურობის მსაზღვრელი მისი ცივილიზაციური ამბიციაა. მას აქვს პრეტენზია, რომ იყოს „გზაჯვარედინი“, „კარიბჭე“ და „ოქროს საწმისი“ (და არა იზოლაციაში მომწყვდეული სტაბილური ტყლაპო).
  • და რაც ყველაზე მთავარია, მისი პროტაგონისტი არის „ქართველი ხალხის ნება“. ისტორიულ წარმოსახვაში, ყველა კარგი მეფე, მხოლოდ იმიტომაა კარგი, რომ ის ქართველი ხალხის ნებას ასრულებს (არ აქვს მნიშვნელობა, ისტორიულად ეს სიმართლეა, თუ არა. რა თქმა უნდა, შუა საუკუნეებში „ხალხის ნებასა“ და „სახალხო სუვერენიტეტზე“ ვერავინ ისაუბრებს, მაგრამ ამ მითოლოგემით გაზიარებული შინაარსი მაინც ასეთია).

ეს ყველაფერი თითქოს ნაგულისხმევი იყო პროდასავლურ რიტორიკაში, მაგრამ როდესაც ყველა ფსონი ერთ ცნებაზე - „ევროპულობაზე“ - დაიდო, გაიდღაბნა ის შინაარსები, რომლებიც მკაფიოდ იტყოდა: ვინ ვართ ჩვენ? რისთვის ვიბრძვით? რა საფრთხე გვემუქრება? და რას გავაკეთებთ ამ საფრთხის პირისპირ? საფრთხე, „ქართული ოცნების“ პირობაში, მართლაც  „ქართველობის გადაშენებაა“ იმიტომ, რომ პირველ რიგში ის აუქმებს „ხალხის ნებას“, როგორც პოლიტიკურ მდგენელს და თანმიმდევრულად ანაცვლებს იდენტობის ყველა საყრდენ ღერძს: შიში სიმამაცის ნაცვლად, მორჩილება თავისუფლების ნაცვლად, გუბერნია სახელმწიფოს ნაცვლად, პროვინციულობა ცივილიზაციურობის ნაცვლად.

საკუთარი იდენტობის ნარატივში უკეთ გარკვევის, მისი უკან გადმოღუნვის, ნაწილია იმის განჭვრეტა, თუ რაზე დგას რუსული იდენტობის ნარატივი. ისევე, როგორც ჩვენ, რუსეთსაც თავისი შაბლონი აქვს, რას ნიშნავს და რა ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება „კარგი რუსეთი“. ეს შაბლონი არ გულისხმობს არც თავისუფლებისთვის ბრძოლას, არც ხალხის ნებას და, დიდწილად, არც კულტურულ თვითმყოფადობას (ე.წ. „რუსკი მირი“ სხვა დატვირთვის მატარებელია, ვიდრე, მაგალითად, ქართველისთვის თვითმყოფადი კულტურის გადარჩენის იდეაა). „კარგი რუსეთის“  იდეა ორ რამეზე დგას: ძლიერი მმართველის ფიგურაზე, რომელსაც შეუძლია დაჩაგროს რუსი ხალხი და საზღვრების მუდმივ გაფართოებაზე, რომლის ერთადერთი მიზანია, დაჯაბნოს კონკურენტები.[11] რუსული იდენტობის შაბლონი არ გულისხმობს არათუ ხალხის ნებაზე დაფუძნებულ სუვერენიტეტს, არამედ ელემენტარული კეთილდღეობის - ჩვეულებრივი ადამიანის „კარგი ცხოვრების“ - იდეასაც კი.  „კარგი რუსეთის“ იდეისთვის ომი და ექსპანსია მისი პოლიტიკური და კულტურული შინაარსის ქვაკუთხედია. ანუ რუსეთისთვის ექსპანსია არ არის პროვოცირებული აუცილებლობა, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი წლებია გვიმტკიცებს და გაუთავებლად აპელირებს NATO-ს გაფართოების პოლიტიკაზე, როგორც რუსეთის „გამღიზიანებელზე“.[12] „რუსეთს არ აქვს საზღვრები“, - თქვა ერთხელ ვლადიმერ პუტინმა და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა სიამაყის ის საზიარო განცდა, რომელიც ტერიტორიულ ექსპანსიას და ომით თავის დამკვიდრებას მოაქვს მისთვის და მისი ამომრჩევლისთვისაც. მარტივად რომ ვთქვათ, სტაბილურობა და მშვიდობა წინააღმდეგობაშია რუსული სახელმწიფოებრიობის იდეასთან, არათავსებადია ნაციონალური სიამაყის გრძნობასთანაც. ამიტომ, ის ვერასდროს, ვერავისთვის იქნება მშვიდობის გარანტი.  

ქართულსა და რუსულ შაბლონებს შორის კონტრასტი იმდენად მკაფიოა, იმდენად მჭახე, რომ თავისთავად აშკარას ხდის, რატომ ვერ შეეგუება არათუ ქართველი ლიბერალი მის ნაწილად ყოფნას, არამედ ქართველი „ვაჟკაცი“ და „ძველი ბიჭიც“ კი. ქართულ ნაციონალურ წარმოსახვაში არ არსებობს „გაბრწყინებული იბერიის“ არც ერთი იტერაცია, რომელშიც თუნდაც დავით აღმაშენებელივით ძლიერ მეფეს ქუსლქვეშ ჰყავს ჩვეულებრივი ქართველი გათელილი. ამ კულტურული არათავსებადობის გადაფარვას „ქართული ოცნების“ პროპაგანდა გარყვნილებაზე, LGBTQ უფლებებსა და გენდერის პოლიტიკაზე აპელირებით ახერხებს.[13]

პოლიტიკური პოლარიზაცია „მშვიდობისა“ და „ევროპულობის“ მომხრეებს შორის პირველ რიგში აფექტურ ხლეჩას ეფუძნება. ნარატივი, რომლითაც თითოეული მხარე ხელმძღვანელობს ქვეყნის გადარჩენის გზების ძიებაში (რა თქმა უნდა, თავად ოცნების ლიდერებს არ ვგულისხმობ, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებს) საზიაროა. ის ტრავმაც საზიაროა, რომელიც ერთ მხარეს პროტესტში აფერხებს და მეორეს „რევანშის“, „ქაოსის“, „დესტაბილიზაციის“ შფოთვას უჩენს. მიუხედავად ამ ნარატივის და ტრავმის საზიაროობისა, ომის შიშის საფრთხობელებმა, რომლებიც ნაციონალურ შაბლონში ჩანერგა „ქართულმა ოცნებამ“, აფექტურად პოლარიზებული გახადა საზოგადოება. თითქოს ერთ მხარეს იყვნენ ნორმალური ადამიანები, რომელთაც ომის ბუნებრივად ეშინიათ და მეორე მხარეს - ჭკუიდან გადასული, მოღალატე რადიკალები, რომლებიც ომს გვიქადნიან. ამ პროპაგანდისტული ხრიკის ყველაზე საზიანო მისია ნაციონალური იდენტობის გადაწერის ან გადანაცვლების მცდელობაა. შემთხვევითი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო დროს „გმირობის“ ცნების ახალ ვერსიებზე ალაპარაკდა. შიშის ჩანერგვის მერე, გმირობის ის გაგება, რომელსაც ის ახლა გვთავაზობს (და რომელიც ირონიულად იმეორებს საბჭოთა კომუნისტური გმირის იდეას) ყველაზე საკვანძო საყრდენებს უნაცვლებს ქართველობის ცნებას: გულადი ერის, ბრძოლის, თვითორგანიზების და ცივილიზაციური ამბიციის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ შიშში დამწყვდეულ, დამორჩილებულ და პროვინციალიზმს დაჰყაბულებულ ქვეყანას.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

  1. Khalvashi, T. Peripheral Affects - Shame, Publics, and Performance on the Margins of the Republic of Georgia. (University of Copenhagen, 2015).
  2. Anderson, B. O. R. Imagined Communities: Reflections on the Origin and Spread of Nationalism. (Verso, London, 1983).
  3. Batiashvili, N. Anxiety of treason in a small country: ‘Russian agents’ and disturbed identities in Georgia. Hist Anthropol Chur 1–21 (2022) doi:10.1080/02757206.2022.2116018.
  4. Batiashvili, N. Using a Golden Age: National Memory of Georgia’s Favorite King. in National Memories: Constructing Identity in Populist Times (eds. Roedigger, H. & Wertsch, J.) 324–342 (Oxford University Press, London, 2022).
  5. Batiashvili, N. Sites of Memory, Sites of Contestation: the Tbilisi Museum of Soviet Occupation and Visions of the Past in Georgia. Cultures of History Forum Preprint at (2017).
  6. Batiashvili, N. The Bivocal Nation: Memory and Identity on the Edge of Empire. (Palgrave Macmillan, London, New-York, 2018).
  7. Zerubavel, Eviatar. Time Maps : Collective Memory and the Social Shape of the Past. (University of Chicago Press, Chicago, 2003).
  8. Wertsch, J. V. Voices of Collective Remembering. (Cambridge University Press, Cambridge, U.K., 2002).
  9. Mink, L. Narrative Form as Cognitive Instrument. in The writing of History: Literary forms and historical understanding (eds. Canar, R. H. & Kozicki, H.) 129–149 (University of Wisconsin Press, Madison, WI, 1978).
  10. Bartlett, F. C. (Frederic C. Remembering : A Study in Experimental and Social Psychology. (Cambridge University Press, 1977).
  11. White, H. The Value of Narrativity in the Presentation of Reality. in On Narrative (ed. Mitchell, W. J.) 1–23 (Chicago University Press, Chicago, 1981).
  12. Wertsch, J. V. How Nations Remember: A Narrative Approach. (Oxford University Press, Oxford, UK, 2021).
  13. Aleksidze, N. The Narrative of the Caucasian Schism: Memory and Forgetting in Medieval Caucasia. vol. 666 (Peeters, Leuven, 2018).
  14. Greenfeld, L. Nationalism: Five Roads to Modernity. (Harvard University Press, 1993).

[1] კოლექტიურ სირცხვილზე, როგორც ნაციონალური მიკუთვნებულობისა და მიუკუთვნებულობის აფექტზე, იხილეთ თამთა ხალვაშის შრომა.1

[2] იხ. ევიათარ ზერუბაველის შრომა „დროის რუკები“.7

[3] თავად ჯეიმს უერჩი რუსულ ნაციონალურ ნარატივს იკვლევდა 1970-იანი წლებიდან.8

[4] მაგალითად, იხილეთ ლუის მინკის, ფრედერიკ ბარტლეტის, ჰეიდენ უათის და ჯეიმს უერჩის შრომები.9–12

[5] Ngai, Sianne (2005) Ugly Feelings. Harvard University Press, Cambridge MA.

[6]  ამ კვლევის მონაცემები ჯერ ისევ დამუშავების ეტაპზეა, თუმცა ეს მიგნებები პირველად ანალიზს ეფუძნება. კვლევის შედეგების გამოქვეყნება უახლოეს მომავალში იგეგმება Memory, Mind, Media ჟურნალში, მეხსიერება და შფოთზე სპეციალური გამოცემის ფარგლებში (რედაქტორები: ნუცა ბათიაშვილი, მეიმუნე ტოპჩუ, ჯეიმს უერჩი). 

[7] კითხვის ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო: „საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“/ოპოზიციის გამარჯვებამ, თქვენში ალბათ, აღძრა მღელვარება თქვენი ქვეყნის მომავლის შესახებ. „ქართული ოცნების“ არჩევის შემთხვევაში, თუ შეიძლება გვითხარით, რა იქნება სამი ძირითადი საშინაო ან/და საგარეო საფრთხე ან/და პრობლემა, რომლის წინაშეც დადგება საქართველო მომდევნო 5 წლის განმავლობაში?“ თითოეული რესპონდენტი, მხოლოდ ერთ სცენარში მონაწილეობდა.

[8] „დღეს თუ ვინმე განასახიერებს დავით აღმაშენებლის პოლიტიკას, არის „ქართული ოცნება“, შალვა პაპუაშვილი, 8 თებერვალი 2023 წელი, საპარლამენტო გამოსვლა. ასევე იხ. „შალვა პაპუაშვილი - დავით აღმაშენებლის ცხოვრება არის მაგალითი, თუ როგორ შეძლო 16 წლის ბიჭმა გაჩანაგებული, დანაწევრებული და დაპყრობილი ქვეყნის ფეხზე დაყენება, გამთლიანება და ყველა ხილული თუ უხილავი მტრის დამარცხება“, 8 თებერვალი, 2025. https://rustavi2.ge/ka/news/305614.

[9] ქართულ-სომხური ურთიერთობების და ნარატიული სქიზმის ისტორიაზე იხილეთ ნიკოლოზ ალექსიძის შრომა.13

[10] სვანეთი ჩემი ველის კვლევის ობიექტია 2020 წლიდან, სადაც ვაკვირდები, თუ რა მიმართება აქვს სუვერენობის სუბალტერნულ ფორმებსა ან სოციალური ორგანიზების მკვიდრ სისტემას იდენტობის ნაციონალურ და ლოკალურ ნარატივებთან. ამ კვლევის სხვადასხვა ფაზა დაფინანსებულია შემდეგი ფონდებით - Templeton Foundation, John F McDonnell Foundation, Wenner Gren Foundation.

[11] რუსული ნაციონალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ანალიზისათვის იხილეთ ლია გრინფელდის შრომა.14

[12] ბოლო დროს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ტირაჟირებული ექსპერტი ჯეფრი საქსი ამის თვალსაჩინო მაგალითია.

[13] ზემოხსენებული „მეხსიერებისა და შფოთვის“ კვლევის მონაცემების თანახმად, პროპაგანდის ეს ნაწილი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენს რესპონდენტებს თავიანთ პასუხებში, გენდერთან, რელიგიასთან ან სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები, მოსალოდნელ საფრთხედ, თითქმის არ დაუსახელები

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“