საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ალბათ გინახავთ კადრები, მოკანკალე, დამბლით შეპყრობილი, ერთ დროს უძლეველი მუჰამედ ალი, ორ ადამიანს გაჭირვებით რომ მოჰყავს. ეს პარკინსონის დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თავის ტვინის მრავლობითი, მცირე ინტენსივობის მქონე მექანიკური ტრავმებია. როგორც ჩანს, მუჰამედ ალის დაავადებაც კრივში დარტყმებით მიღებული მცირე ტრამვების ზედდების შედეგია. სპორტული კარიერის მანძილზე მოკრივეს აზრადაც არ მოსდის, რომ მის ტვინში შენელებული მოქმედების ბომბია. როცა პირველი სიმპტომები იჩენს თავს, თავის ტვინში უკვე შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს და ასაკის მატებასთან ერთად მდგომარეობაც მძიმდება.
ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური აპათია და სოციალური პროტესტის ნაკლებობა, უმეტესწილად იმითაა გამოწვეული, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის მნიშვნელობას ვერ ხედავენ. ბოლო 25 წლის განმავლობში, ხალხმა საპროტესტო აქციაც ბევრი ნახა, მიტინგიც და სამოქალაქო ომიც; მიუხედავად ამისა, სოციალური კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა, არც სისტემა დანგრეულა და ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს კვლავინდებურად ძალიან უჭირს.
პირველი მაისის აქციითაც არა გვაქვს იმისი ილუზია, რომ კაპიტალისტურ წყობას დავამხობთ და მას სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოთი ჩავანაცვლებთ. კაპიტალიზმს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სისტემას, სინამდვილეში, თავისივე შინაგანი ლოგიკა ანგრევს. ისევე როგორც არც ერთ ადამიანს არ უწერია მუდამ ახალგაზრდად დარჩენა, კაპიტალიზმსაც დაუდგა სიბერის დრო და ამ პროცესებს ვერანაირი რეფორმა და „შოკური თერაპია“ ვერ შეაჩრებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი ცოცხლად ხრწნის პროცესი, განსაკუთრებით ფინანსური კაპიტალიზმის დაღმავალ ფაზაში, უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. ის შეიძლება ფაშიზმში, ბოლშევიზმში ანდა ოლიგარქიულ, საბაზრო ფუნდამენტალიზმში გადაიზარდოს.
ამიტომაც აუცილებელია ბრძოლა გრამშიანული მეთოდებით. ყოველი სოციალური პროტესტი, დისკუსია თუ ანტიკაპიტალისტური პროპაგანდა ლოკალურ დარტყმას აყენებს სისტემას და მისი სტრუქტურის შიგნით მოლეკულურ ომს, პარტიზანული ტაქტიკით აწარმოებს. მე არ მერიდება სიტყვა „პროპაგანდის“ ხმარება, მისი უარყოფითი კონოტაციებს გამო, რადგან სისტემის ნგრევა რომ შედეგის მომტანი იყოს მას კონსტრუქციული კრიტიკა უნდა ახლდეს და არა უბრალოდ აგრესია. ადამიანი, ბოლომდე რომც იყოს დარწმუნებული საკუთარი პოზიციების მცდარობაში, თავის იდეოლოგიაზე არაფრით იტყვის უარს თუ კი ალტერნატივას ვერ ხედავს.
პირველი მაისი მნიშვნელოვანი მხოლოდ იმით კი არ არის, რომ პოლიტიკური სივრცეში მშრომელთა ხმას წამოწევს, არამედ იმითაც, რომ ის კიდევ ერთი ლოკალური დარტყმაა სისტემის წინააღმდეგ; ერთგვარი უეცარი გამონათებაა, ახალი სივრცეების გაჩენის წინაპირობაა მემარცხენე დიკურსის განვითარებისათვის. დრო კი გადის, სისტემა ბუნებრივად ბერდება, მის წიაღში კი ეს მცირედი სივრცეები იზრდებიან, ძლიერდებიან და მეტასტაზებივით ვრცელდებიან. მედია კი ცდილობს ზედაპირზე ეს პროცესები არ ამოიტანოს და დაპრესოს, მაგრამ მთის გარეგნული სიმშვიდეც ხომ არაფერს ამბობს ვულკანის გამოღვიძებაზე.
არანაირი რევოლუცია, სამხედრო ხუნტა თუ მთავრობის გადარჩევა არ უშველის საქმეს თუ ბიუროკრატიულ აპარატს ისევ „კაპიტალისტური სულით“ ავსებული ჩინოვნიკები შექმნიან. ამიტომაც, ვფიქრობ აუცილებელია, რომ სისტემის ყველა კაპილარსა და უჯრედში სოციალური სამართლიანობის ღირებულებების დასაცავად მებრძოლმა, მემარცხენე იდეოლოგიური პლატფორმის მქონე მოქალაქეებმა შეაღწიონ. ამ შემთხვევაში ერთობ უმნიშვნელოა მათ შორის არსებული განსხვავებები, რადგან ეს არის ბრძოლა არა მონოლითური იდეოლოგიის, არამედ საერთო დისკურსული სივრცისათვის.
აკადემიურ სივრცეებში, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეებში, პროფკავშირებში, მედიაში, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში თუ თანდათანობით მოხდება შეღწევა და სივრცეების ათვისება, ძნელი აღარ იქნება სტრუქტურული ცვლილებების რეალური განხორციელება. ვფიქრობ, ავანგარდული როლი აქ იმ ახალ თაობას შეუძლია შეასრულოს, რომელიც საკუთარ თავში ბრეჟნვის დროინდელ Homo sovieticus აპარატჩიკს არ დაატარებს და სოციალიზმი საბჭოთა კავშირთან არ ასოცირდება. პირველ მაისს ყველა ჯურის მემარცხენეს ერთად დგომით და განსხვავებული აზრის პატივისცემით შეუძლიათ დაუმტკიცოს გარეშე თვალს, რომ ვემიჯნებით ბოლშევიზმს და ტოტალიტარული მოძრაობების ყოველგვარ გამოვლინებას. ტრაგედია ის კი არ არის, რომ მემარცხენეებმა ერთმანეთში კონსოლიდაცია ვერ შეძლონ, არამედ ის, რომ ძირს დაგდებულ ძალაუფლებას ყოველთვის გამოუჩნდება „თავისი კლიენტი“ მოფაშისტო ელემენტების სახით. „მოლეკულარულ ბრძოლაში“ ძალაუფლება ფსონი არ არის, მის უკან დიდი პასუხისმგებლობა და ყველა ადამიანის წინაშე ანგარიშვალდებულება დგას. სოციალური კეთილდღეობა ფუჭი ოცნებაა სოციალისტური „კულტურული ჰეგემონიის“ გარეშე. პირველი მაისის აქცია მისკენ მიმავალი გზაა; მომავალი, შეცვლილი სამყაროს ხატია მათთვის, ვინც კაპიტალისტური ჩაგვრის პირობებს არ ეპუება და უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.
ინსტრუქცია