საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი: გია ნოდია
რადიო „თავისუფლებისთვის“ დავწერე ბლოგი, რომელიც ეხებოდა ახალგაზრდა ქართველი (ულტრა-)მემარცხენეების მიერ პროდასავლელი ლიბერალების კრიტიკას.[1] „ფეისბუქზე“ ერთ-ერთმა კომენტატორმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ბლოგი იყო შეფარული პასუხი ლუკა ნახუცრიშვილის მიერ ჩემი აკადემიური სტატიის კრიტიკაზე, რაც, თავის მხრივ, მოდერნიზაციის თეორიის ჭრილში საქართველოს შემთხვევას განიხილავდა (ნახუცრიშვილის კრიტიკული ტექსტი 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა).[2] მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ეს ტექსტი წაკითხული არ მქონდა და მხოლოდ ახლა ვნახე. შესაბამისად, გადავწყვიტე, ამ კრიტიკას გამოვხმაურებოდი.
ოღონდ, თავიდან ცოტა დავიბენი, სახელდობრ როგორ მეპასუხა. არსებობს აკადემიური დისკუსიის სტანდარტი, რომლის თანახმადაც კრიტიკოსი ავტორის მოსაზრებებს განიხილავს და მათ საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებს. ლუკა ნახუცრიშვილის მიდგომა სხვაა: ეს არის არა კრიტიკა, არამედ მხილება. ჩემი არასწორი წარმოდგენები მოდერნიზაციაზე და საქართველოს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შეადგენს არა შეცდომას ჭეშმარიტების ძიების გზაზე (ასეთ ყავლგასულ ცნებებს ის არ ცნობს), არამედ დასავლური კოლონიალიზმის გამართლებას. მათი მცდარობის საჩვენებლად საკმარისია მინიშნება რამდენიმე ავტორის ნაშრომებზე, რომელთა აზრი ჩემი მამხილებლისთვის ხელშეუვალ ორთოდოქსიას შეადგენს; მისგან გადახვევა არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ მორალური ცოდვაა.
მეორეს მხრივ, თუ ჩემს ტექსტშია მოცემული არგუმენტი, რომელიც რაიმე რეალურ გარემოებებზე მიუთითებს, მას ჩემი ოპონენტი ადვილად იცილებს ჯადოსნური სიტყვით „პოზიტივისტური.“ ზოგადად, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობა „პოზიტივისტურია“, ხოლო ბავშვმაც კი იცის, რომ მეცნიერულობა ანუ „პოზიტივიზმი“ სხვა არაფერია, თუ არა „ძალაუფლების დისკურსი“, რომელიც დასავლური ბურჟუაზიის იარაღია სხვათა ჩაგვრისთვის.
პასუხის ბოლოს, ნახუცრიშვილი გაკვრით ახსენებს, რომ „ნოდიას დებულებათა გასაბათილებლად საკმარისზე მეტი “ფაქტიც“ მოიპოვება, სტატისტიკაც და სისტემური ანალიზიც.“ აქ ჩანს, რომ თუმცა ავტორი სიტყვა „ფაქტს“ ზიზღით ბრჭყალებში სვამს, „პოზიტივისტურ“ მეთოდებზე დაყრდნობილ მსჯელობას რაღაც ღირებულებას მაინც ანიჭებს. უბრალოდ, ჩემს შემთხვევაში ასეთ რამეებზე დაწვრილმანება არ ღირს: ყველაფერი ისედაც ცხადია. არადა, ძალიან გამეხარდებოდა, ვინმე რომ გამოჩნდეს და, ფაქტებით და სტატისტიკით შეიარაღებულმა, მიმითითოს, კონკრეტულად რა შემეშალა: იქნებ, დავინახო ჩემი შეცდომები და ჭეშმარიტების გზას დავადგე.
უნდა აღვნიშნო, რომ პირადად ჩემს საწინააღმდეგოდ რაიმე მიკერძოებაზე ვერ ვიწუწუნებ. მისი მიდგომა შეიძლება ასე შევაჯამო: „არაფერი პიროვნული, მხოლოდ იდეოლოგია“. მორალურ-ინტელექტუალურ დანაშაულში მხილებულ ჩემს გაცილებით უფრო სახელგანთქმულ „თანამზრახველებს“, სემუელ ჰანტინგტონს, ფრენსის ფუკუიამას და ნაილ ფერგუსონს, ნახუცრიშვილი ერთ მოკლე სქოლიოში სასხვათაშორისოდ მიალანძღავს თუ მიასარკასტებს. მეტს არც ისინი იმსახურებენ.
რომ შევაჯამოთ, ამ გამოხმაურების ლაიტმოტივია, რომ ჩემთან კამათს, მეცნიერული დისკუსიის ტრადიციული (თუ ყავლგასული) გაგებით, აზრი არა აქვს. მაშ რას აქვს აზრი, ან რისთვის დაწერა ნახუცრიშვილმა მთელი 16 გვერდი? ესეც ნათქვამია: „ნოდიას მსგავსი საჯარო ფიგურისადმი ერთადერთ მართებულ მიდგომად რჩება, ის აქციო კრიტიკული დაკვირვების ობიექტად.“ ანუ, მე ჩემი აზრებიანად სამუზეუმო ექსპონატი ვარ, რის გასაანალიზებლად სტუდენტების ჯგუფები უნდა გააგზავნო კოლექტიური პრეზენტაციების მოსამზადებლად. პასუხიც, რომელსაც ახლა ვწერ, უადგილოა: წარსულის მუმიებს არ ალაპარაკებენ, მათ შეისწავლიან.
ეს მაბრუნებს ამ ტექსტის პირველ აბზაცთან: რატომ უნდა ჩაეთვალა ვინმეს ჩემი „რადიო თავისუფლებისთვის“ დაწერილი ბლოგი ზემოხსენებული „ანალიზის“ პასუხად? ახლა უკვე ვიცი, რატომაც. თუმცა იმ ბლოგის წერისას ეს ტექსტი წაკითხული არ მქონია, მსგავსი სულისკვეთების „კრიტიკა“ ბევრი მიმიღია და სხვების წინააღმდეგ მიმართულიც მინახავს. ლუკა ნახუცრიშვილი ორიგინალური არ არის: პოლემიკის მისეული მეთოდი ტიპურია მათთის, ვინც თანამედროვე „კრიტიკული თეორიის“ სხვადასხვა ნაირსახეობითაა შეიარაღებული (არა მარტო საქართველოში). მისი მთავარი პრინციპი ზევით უკვე ვახსენე: ოპონენტი კი არ უნდა გააკრიტიკო, როგორც შეცდომაში ჩავარდნილი (კონკრეტული არგუმენტების და ფაქტების მოშველიებით), არამედ ამხილო, როგორც ბოროტების გამმართლებელი, ან, მარქსისტების გამოთქმა რომ ვიხმაროთ, “(დასავლური) ბურჟუაზიის დიპლომირებული ლაქია.“
ჩემს ბლოგში ქართველი ანტილიბერალი მემარცხენეები მეც ისევე ვაქციე „კრიტიკული დაკვირვების ობიექტად,“ როგორც ნახუცრიშვილი ცდილობს, მე მაქციოს: უნებლიედ გამოვიდა, რომ „სიმეტრიულად ვუპასუხე“. საინტერესოა, რომ ამ ურთიერთ-ანალიზში ორივე ვიყენებთ ერთსა და იმავე ტერმინს, „პროვინციელი ინტელექტუალი“. ის მე ასე მიწოდებს, თუმცა ცხადია, თავადაც ამ სახეობას მიეკუთვნება. ეს მომდინარეობს იმ აშკარა ფაქტიდან (ბოდიში, რომ ისევ ჩემი ოპონენტისთვის არმოსაწონ სიტყვას ვხმარობ), რომ საქართველო დღეს დასავლეთის პერიფერიაა, რაც საქართველოში სოციალიზებულ, მისი სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან გამოსული ადამიანების ცნობიერებას დაღს ასვამს - ოღონდ, როგორც ჩემს ბლოგში ვწერ, ეს „დაღი“ ძალიან განსხვავებულია ჩემი თუ ლუკა ნახუცრიშვილის თაობის ადამიანებისთვის. ეს ვითარება არავისთვის სათაკილო არ უნდა იყოს: პერიფერიულობა ხედვის სხვა პერსპექტივას გვძენს, რამაც, თუ გაგვიმართლებს, შეიძლება რაღაც ისეთი დაგვანახოს ან გამოგვათქმევინოს, რასაც „ცენტრში“ სოციალიზებული ინტელექტუალი ვერ ხედავს ან ვერ ამბობს. დასავლეთში მიმდინარე დისკუსიებისთვის „გვერდიდან“ შეხედვის უნარი სინამდვილეში ჩვენი უპირატესობაა. ნახუცრიშვილი ჩემს სტატიაზეც შენიშნავს, რომ მე ზოგ ისეთ რამეს ვამბობ, რასაც დასავლელი ინტელექტუალები, პოლიტკორექტულობის შეზღუდვების გამო, ვერ ამბობენ ასეც რომ ფიქრობდნენ. მე ეს კომპლიმენტად მივიღე, თუმცა ჩემს ოპონენტს (თუ „გამაანალიზებელს“) ეს საქებრად არ უთქვამს.
მაგრამ საკუთარი „პერიფერიულობის“ განცდა კომპლექსებსაც შეიძლება აჩენდეს. „პერიფერიელ ინტელექტუალს“ უნდა, ჩაეწეროს ინტელექტუალური „ცენტრის“ დისკურსში, რადგან ესაა აღიარებისკენ მიმავალი გზა, მათ შორის მის სამშობლოში (როგორც საქართველოში უფრო მეტად ფასობს ის მეცნიერი, რომელსაც დასავლური დიპლომი ან დიპლომები აქვს, საერთაშორისო გამოცემებში ქვეყნდება და ა.შ.). თავისთავად, ეს სურვილი ბუნებრივია, მაგრამ ის შეიძლება გაკიცხვის ან დაცინვის საგანი გახდეს იმ კუთხით, რომ ვიღაც უკრიტიკოდ იღებს „ცენტრიდან“ მომდინარე იდეებს თუ ქცევის წესებს; ეს არასრულყოფილების კომპლექსის გამოვლენად აღიქმება.
ნახუცრიშვილი მაბრალებს, რომ მე, როგორც „პერიფერიული ინტელექტუალი“, ვცდილობ ჩავეწერო დასავლეთის „ჰეგემონურ დისკურსში“, რომელიც, მისი აზრით, დასავლეთის დომინაციას ამართლებს (უფრო ხალხური ენა რომ ვიხმაროთ, დასავლეთს „ვეტენები“). მე კი ჩემს ბლოგში მსგავს რამეს ვამბობ ქართველ ანტილიბერალ მემარცხენეებზე (ახლა უკვე ეს ანალიზი ლუკა ნახუცრიშვილზეც შემიძლია გავავრცელო): ისინი ცდილობენ, აითვისონ „კრიტიკული თეორიის“ (მათ შორის, „პოსტკოლონიური თეორიის“) იდეოლოგიური დოგმატიკა, რომელმაც დასავლურ, განსაკუთრებით ამერიკულ უნივერსიტეტებში, დომინანტური ან თითქმის დომინანტური სტატუსი შეიძინა. ეს საშუალებას აძლევს, ზემოდან შეხედონ თავისი ინტელექტუალური სივრცის იმ წარმომადგენლებს (მაგ., თქვენს მონა-მორჩილს), ვინც, მათი აზრით, უახლეს ინტელექტუალურ მოდას ჩამორჩა და მოძველებულ პარადიგმებშია ჩარჩენილი.
ყველას გვაქვს განსხვავებული ინტელექტუალური გავლენები, ამაში პრობლემური არაფერია - ისევე როგორც იმაში, რომ საქართველოში გავიზარდეთ და არა ამერიკაში ან გერმანიაში. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც საკუთარი ინტელექტუალური „გურუ“ უტყუარი ჭეშმარიტების მატარებლად მიგაჩნია და გგონია, რომ ოპონენტის „გასაჩუმებლად“ მისი ციტირება სრულიად საკმარისია. თუ იმან, გასაჩუმებელმა, თავისი ავტორიტეტი დაგახვედრა, არც ესაა პრობლემა: აუხსნი, რომ „რაღა დროის“ აღნიშნულ ავტორზე დაყრდნობაა, ან რომ წესიერ საზოგადოებაში მისი ხსენება მხოლოდ გასალანძღადაა დასაშვები.
ამ მიდგომით შეიარაღებული ინტელექტუალი (სულერთია, „მეტროპოლიელი“ თუ „პროვინციელი“) მისთვის არმოსაწონ თვალსაზრისს აცხადებს ინტელექტუალურ პერვერსიად, რომელთანაც არგუმენტირებულ დიალოგში შესვლა უაზრობაა. ეს ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ინტელექტუალური დისკუსია: არსებობს მხოლოდ თანამოაზრეთა ჩაკეტილი „ბაბლები“, რომლის წევრები ბაბლის გარეთ მყოფთა გაბიაბრუებით ერთმანეთის წინაშე თავს იწონებენ.
[1] “ახალი ქართველი მემარცხენეები „პერესტროიკის ინტელექტუალების“ წინააღმდეგ, „რადიო თავისუფლება“, 11 თებერვალი 2022, https://www.radiotavisupleba.ge/a/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92/31699561.html?fbclid=IwAR2lSc2DTGLnRlarURyn-7oSznsGk0f7jDFodNSo20UVDLgVvwx9yoLA8co.
[2] ლუკა ნაცუხრიშვილი, „გია ნოდია: საქართველოს ალაგის ძიებაში IV“, https://socialjustice.org.ge/ka/products/gia-nodia-sakartvelos-alagis-dziebashi-iv?fbclid=IwAR0gFQKgSONh-wDRdTfws-eQ9wHpTPouO7ZywZXM5KGLDbCpEJoK3DF69ac.
ინსტრუქცია