საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სტატუსი და სტატია
სიახლე არ არის, რომ დღეს საქართველოში საჯარო სივრცის მიზიდულობის ცენტრი ფეისბუქია. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, როდესაც გსურს, შეეპასუხო პრესტიჟულად მიჩნეული ქართული უნივერსიტეტის პროფესორის მსჯელობას თავის ფეისბუქ გვერდზე, რითაც, აზვირთებული ანტი-რასისტული მოძრაობის კონტექსტში, აშშ-ში სტრუქტურული რასიზმის არსებობას ფარცხავს, დასავლური მონათმფლობელობის ისტორიას კი ისე შემოატრიალებს, რომ თავად დამონებულები გამოვიდნენ დამნაშავენი? წამოიჭრება არსებითი მეთოდოლოგიური პრობლემა: რა კრიტერიუმით უნდა განისაჯოს ფეისბუქ სტატუსი და თანმდევი კომენტარები? როგორი უნდა იყოს შეპასუხება, რათა ზედმეტი ლეგიტიმაცია არ მიენიჭოს მოსაზრებებს, რომლებიც ფორმით ფეისბუქ სტატუსია, შინაარსით კი - სხვა თუ არაფერი, უკიდურესად პრობლემური?
ჩვენ გვაკლია თეორიული ჩარჩო, რომელიც მეცნიერული სიმწყობრით მოგვახელთებინებდა თანამედროვე ქართული საჯარო ინტელექტუალური ველის ძირეულ მანკიერებას, რასაც ფეისბუკის სპეციფიკური ინფრასტრუქტურა განაპირობებს. ამ მხრივ, XXI საუკუნის საქართველოსთვის არ გვაწყენდა იმის მსგავსი კვლევა, როგორიც პოლ მენინგმა მიუძღვნა XIX საუკუნის საქართველოში საჯარო სივრცის წარმოშობას.[i] არაფერი უდგას წინ, ფეისბუკი იყოს მედიუმი, რომელზეც მოხდება სამეცნიერო ნამუშევრის რე-მედიაცია, მისი გადაზიარება. თუმცა, ხშირად, ფეისბუკზე აქტიურობა გარკვეული სოციალური კაპიტალის უკვე მფლობელ მეცნიერთათვის არა - აკადემიური საქმიანობის დანამატი, არამედ აკადემიური საქმიანობის ჩამნაცვლებელიც კია. მაგრამ ასეთი არ არის პოლიტოლოგი გია ნოდია. ის ფეისბუკ-ინტელექტუალობის მიღმა მეცნიერულად პროდუქტიულიცაა და არც საერთაშორისო აღიარება აკლია. თუ ნოდიას ფართოდ კითხვადი ფეისბუკ-სტატუსები ერთგვარი ინტელექტუალური ვალუტაა, ამ ვალუტის გამამყარებელი ოქროს მარაგი ნოდიას სამეცნიერო რენომეა, რისთვისაც, ოღონდ, სულაც არაა საჭირო, ვინმე მის აკადემიურ კვლევებს მართლა კითხულობდეს. მაგრამ იმის გასაგებად, მაინც რა ფუნქციას ასრულებს დასავლეთში რასიზმის შესახებ ნოდიას მსგავსი საჯარო ინტელექტუალის სტატუსები და რა არის ამ ინტელექტუალური ვალუტის ნამდვილი ღირებულება, უმჯობესია, ნოდიას ერთი სტატიის წაკითხვით დავიწყოთ, სადაც დასავლეთის შესახებ თავის მოსაზრებებს უფრო ვრცლად გვიზიარებს.
2018 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემულ კრებულში, რომელიც საქართველოში მოდერნიზაციის ფორმებსა და დისკურსებს ეხება, დაიბეჭდა ნოდიას მოზრდილი ნარკვევიც, სადაც ავტორი უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე საქართველოში დანერგილი მოდერნიზატორული პროექტების თეორიულ კლასიფიკაციას გვთავაზობს.[ii] ის მიიჩნევს, რომ საქართველოს პოსტსაბჭოთა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდგომი, განვითარების ასახსნელად აქამდე გავრცელებული ახსნითი მოდელები: დემოკრატიული ტრანზიცია, ეთნიკური კონფლიქტები და სახელმწიფოს მშენებლობა, თემატურად ზედმეტად ვიწროა და ნორმატიული წანამძღვრებითაა დახუნძლული (29-30). ნაყოფიერ ალტერნატივას ის მოდერნულობისა და მოდერნიზაციის ცნებებში ხედავს მათი სიფართოვის საფუძველზე. თუმცა, იქვე აღიარებს, რომ ეს ცნებებიც არანაკლებ ნორმატიულ დაშვებებს შეიცავს. გამოსავლის სახით, ნოდია გვთავაზობს, მოდერნულობის ცნების ამ შინაგან ნორმატიულობას, წაყრუების ნაცვლად, უბრალოდ თვალი გავუსწოროთ (31). კეთილმოსურნე მკითხველიც ამ საწყის მეთოდოლოგიურ ბუნდოვანებას - მაინც რატომ შეიძლება იყოს მოდერნიზაციის ცნება სხვებზე უპირატესი - იმ იმედით ეგუება, რომ საქმე ავტორის ერთგვარ ჰეგელიანურ ოინთან გვაქვს: შემოთავაზებული ცნების უპირატესობა თავიდან, შესაძლოა, მყიფე, დაუფუძნებელი დებულება იყოს, მაგრამ გრძელი თეორიულ-ისტორიული შემოვლითი გზით ნოდია უსათაოდ მიგვიძღვება იმ წერტილამდე, საიდანაც თავდაპირველი არადამაჯერებელი დაშვება წარმოჩნდება, როგორც კონკრეტული გააზრების პროცესის გავლით გამართლებული შედეგი.
სანამ უშუალოდ ქართული შემთხვევის ანალიზზე გადავიდოდეს, ნოდია სტატიის უდიდეს ნაწილს მართლაც უთმობს მოდერნულობისა და მოდერნიზაციის გაგებათა ისტორიულ და თეორიულ გადააზრებას. იდეოლოგიურად, არა მხოლოდ სტატიის ამგვარი წყობაა სიმპტომური, არამედ ისიც არანაკლებ ნიშანდობლივია, რა აქვს მოსათხრობი XXI საუკუნის ქართველ ინტელექტუალს იმის თაობაზე, თუ რა არის ბოლო საუკუნეების ისტორიის საზრისი - არა იმდენად საქართველოს, რამდენადაც მსოფლიო ისტორიის. სტატიაში ქვეყნის დამსახურებული ტრანზიტოლოგი ჩვენს თვალწინ გარდაისახება ისტორიის ფილოსოფოსად. ამ მეტამორფოზის გასაგებად კი სტატია ბოლოდან დასაწყისისაკენ უნდა წავიკითხოთ. ვიღაცას თავდაყირა მდგომი ჰეგელის გადმოტრიალება ერგო წილად, რათა მისი თეორიის “მისტიკურ გარსს შიგნით რაციონალური მარცვალი“ აღმოეჩინა.[iii] ვიღაცას - გვიანსაბჭოთა თბილისში დოგმატიზირებული მარქსის “გაადამიანურება“ ჰუმანისტური მარქსიზმის მეშვეობით.[iv] ჩვენ კი - ცოდნის საჯარო ლეგიტიმაციის უკუღმართ რეჟიმში, სადაც ფეისბუქ სტატუსი ჯაბნის სამეცნიერო სტატიას, ხოლო სტატიას არავინ კითხულობს - ნოდიას უკუღმა წაკითხვას უნდა დავჯერდეთ.
სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
[i] მენინგი წარმოაჩენს იმ ფუნდამენტურ როლს, რაც 1866-1885 წლებში შეასრულა უშუალოდ გაზეთმა “დროებამ“ ქართულენოვანი საჯარო სივრცის ჩამოყალიბებაში, და ამისთვის კომპლექსურად აანალიზებს გაზეთის ბეჭდვისა და გავრცელების ინფრასტრუქტურას, ჟანრობრივ ფორმებს, გაზეთის დისკურსის მიერ წარმოსახულ (ევროცენტრულ) გეოგრაფიასა თუ სხვადასხვა საავტორო სტრატეგიებს (მაგალითად, არჩევანს ფსევდონიმსა და საკუთარ სახელს შორის), რაც, თავის მხრივ, ავტორთა განსხვავებული სოციალური მიკუთვნებულობებით განისაზღვრებოდა. იხ. Paul Manning, Strangers in a Strange Land: Occidentalist Publics and Orientalist Geographies in Nineteenth‐Century Georgian Imaginaries, Brighton, MA: Academic Studies Press, 2012. 2010-იანი წლებიდან ფეისბუკის როლი კერძოდ ქართველი ჟურნალისტების მუშაობაში და პოლიტიკოსების საჯაროობაში გაანალიზებული აქვს თეო ქავთარაძეს. იხ. Teo Kavtaradze, „Mainstream Media and Facebook: A case Study of Georgian Television Journalists“, MA Thesis, University of Sussex, 2019. ფეისბუკის ინფრასტრუქტურის მენინგისეულ მატერიალურ ანალიზზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა საჯარო ინტელექტუალთა მიერ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ტექნიკებისა და ძალაუფლებრივი დინამიკის კონკრეტული ანალიზიც.
[ii] Ghia Nodia, „Revisiting the concept: Georgia’s multiple modernizations”, in: Giga Zedania (ed.), Modernization in Georgia. Theories, Discourses and Realities, Bern/Berlin: Peter Lang, 2018, გვ. 29-67. ნოდიას სტატიიდან შემდგომში მოყვანილი ციტატების თარგმანი ჩემია და მათი დამოწმებისას ტექსტის შიგნითვე მივუთითებ ორიგინალის გვერდს.
[iii] “ჰეგელის დიალექტიკა თავდაყირა დგას. საჭიროა იგი გადმოვაყირაოთ, რათა მისტიკურ გარსს შიგნით რაციონალური მარცვალი აღმოვაჩინოთ.“ კ. მარქსი, კაპიტალი, ტომი პირველი, სახელგამი, თბილისი, 1954, გვ. 22.
[iv] იხ. მაგალითად, 1980-იანი წლების უაღრესად საინტერესო ნაშრომები გია ნოდიას ავტორობით, მათ შორის: „ფოიერბახის შესახებ მარქსის მეექვსე თეზისის ინტერპრეტაციისთვის“, მაცნე. ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის სერია, 1982/1, გვ. 14-22. გია ნოდიას პუბლიკაციების სია იხ. შემდეგ ბმულზე: https://faculty.iliauni.edu.ge/arts/giorgi-nodia/.
ინსტრუქცია