საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
მსოფლიოს მასშტაბით პოპულისტი მთავრობებისა და აქტორების მომრავლება მნიშვნელოვან რისკებსა და გამოწვევებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, თუმცა ამ მოვლენას შეიძლება თან ახლდეს მოულოდნელი პოზიტიური შედეგიც: საგანგებო გამოწვევებმა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, შესაძლოა, ბიძგი მისცეს, თავიანთი მოქმედებების სტრატეგიებს გადახედონ და დამკვიდრებულ არქიტექტურაში ტრანსფორმაციულ გარდაქმნებზე დაიწყონ ფიქრი.
მულტიპოლარულ პოლიტიკურ სამყაროში, სადაც არადასავლური სახელმწიფოების - რუსეთისა და ჩინეთის - გეოპოლიტიკური როლი მუდმივად მზარდია, ტრადიციული „ბუმერანგის“ მიდგომა, რომელიც გლობალური სამხრეთის არადემოკრატიული ლიდერების ავტორიტარული მიდრეკილებების შესაკავებლად გლობალური ჩრდილოეთის დედაქალაქების საშველად მოხმობას გულისხმობდა, დიდი ხანია შეზღუდული ეფექტურობით მოქმედებს. გლობუსის ორივე მხარეს პოპულისტური ლიდერების მომრავლების პირობებში, რომლებიც ნაციონალისტური განწყობების მობილიზებას ცდილობენ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ფუნდამენტურ უფლებებს თამამად უგულებელყოფენ, „მხილების და შერცხვენის“ (naming and shaming) სტრატეგიის ეფექტურობა კიდევ უფრო შეზღუდული ხდება.
პოპულისტური და არალიბერალური ძალების შეტევა სამოქალაქო საზოგადოების სფეროში არსებულ შიდა ხარვეზებზე უფლებადამცველ აქტორებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის, რადგან პოპულისტები მიზანმიმართულად ცდილობენ გამოამჟღავნონ და სათავისოდ გამოიყენონ ისეთი სისუსტეები, როგორებიცაა: საერთაშორისო დაფინანსებაზე ჭარბი დამოკიდებულება, დღის წესრიგის განსაზღვრის ძალაუფლების კონცენტრაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში; საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გლობალურ სამხრეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეფიციტი; პროფესიულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურ მოძრაობებსა და ონლაინ აქტივისტებს შორის კავშირის ნაკლებობა; ლეგალისტური დისკურსებისა და სტრატეგიების გაუმართლებელი დომინაცია; ეკონომიკური უთანასწორობის საკითხის მიმართ ყურადღების ნაკლებობა; ფართო საზოგადოების შინაარსიან ჩართულობაზე ორიენტირებული, დამაჯერებელი და გამაერთიანებელი უფლებადაცვითი ნარატივების სიმწირე.
ამ პრობლემების არსებობა აჩვენებს, რომ ერთი მხრივ, სკეპტიციზმი, რომელიც გლობალური დასავლეთის გავლენის დაქვეითებასთან ერთად ადამიანის უფლებათა სფეროს, როგორც დასავლურ ტრადიციაში აღმოცენებულ ფენომენს, სწრაფ დასასრულს უწინასწარმეტყველებს, და მეორე მხრივ, თავდაცვითი პოზიცია, რომელიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს სტატუს ქვოს დაცვისკენ მოუწოდებს, თანაბრად ხარვეზიანია. რეალური გამოსავალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოქმედების სტრატეგიების განახლებაა. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კრიტიკულად უნდა გაიაზრონ სფეროს შიდა სისუსტეები, შეისწავლონ პოპულისტი ლიდერების თავდასხმითი ტაქტიკები და წინააღმდეგობის ახალი ფორმები ჩამოაყალიბონ, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტურად იფუნქციონირონ პოპულისტურ კონტექსტშიც.
მოცემული ტექსტი სისტემურად აღწერს პოპულისტი აქტორების მიერ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შექმნილ გამოწვევებს და, აყალიბებს წარმატებულ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, რომლებიც ორგანიზაციებს პოპულისტურ თავდასხმებთან გამკლავებაში შეუწყობენ ხელს. ნაშრომი წარმოაჩენს, რომ პოპულისტმა ლიდერებმა დროთა განმავლობაში ეფექტურად გამოიმუშავეს ერთმანეთის მსგავსი სტრატეგიები, რომლითაც ისინი აქტივისტებს უსწორდებიან. შესაბამისად, მათი ხელწერა სხვადასხვა პოლიტიკურ და რეგიონულ კონტექსტში თვალშისაცემი მსგავსებებით ხასიათდება.
ინსტრუქცია