[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

კრიტიკული ფემინისტური აზრი / თარგმანი

მოსაზრებები ნეოლიბერალიზმისა და ფემინიზმის საკამათო ურთიერთმიმართებაზე

ეოლიბერალიზმი: სავარაუდო დეფინიციები და რელევანტურობა ფემინიზმისთვის.

როგორც სილვია უოლბი ამტკიცებს, “[ნ]ეოლიბერალიზმი თავდაპირველად წარმოადგენდა პროექტს, რომელიც ჯერ სამთავრობო პროგრამად, შემდეგ კი ინსტიტუციონალიზებულ საზოგადოებრივ ფორმაციად გარდაიქმნა”(2011:21). ამ დაკვირვების მსგავსად, ნეოლიბერალიზმის ისტორიისა და გენეალოგიის შესახებ ნაშრომში ტორსენი გვთავაზობს თეზისს, რომლის მიხედვითაც, ნეოლიბერალიზმი წარმოადგენს პოლიტიკურ რწმენათა წყებას, სახელმწიფოს როლის შესახებ (როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეებზე) თავისუფალი ბაზრის (დე)რეგულაციის საკითხთან მიმართებით. ის ხაზს უსვამს თავისუფალი ბაზრებისა და თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობას; დაბოლოს, ნეოლიბერალიზმი გულისხმობს მორალურ პერსპექტივას, რომელიც გამოიყენება ინდივიდთა შეფასების პროცესში (2009:15-16). მაგალითისთვის, - და ამას აჩვენებს ისტორიული შედარებითი პერსპექტივა პოლონეთსა და უნგრეთში სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ენის ცვლილებაზე - ნეოლიბერალური შემობრუნება ტრანზიციის წლებში არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ლინგვისტურიც იყო, რამაც მნიშვნელოვანწილად გააძლიერა სოციალური პოლიტიკის, როგორც ნეგატიური და საზოგადოებრივად დამაზიანებელი ფენომენის აღქმა (Aczél, Szelewa & Szikra 2015).

ჩვენი აზრით, ამ პერსპექტივებზე დაყრდნობით, ნეოლიბერალიზმის სამგვარად გაანალიზებაა შესაძლებელი. პირველი, ნეოლიბერალიზმი გლობალური ეკონომიკური სისტემაა, რომელიც ხასიათდება ბაზრის დერეგულაციით, მძლავრი პრივატიზაციით, გადასახადების შემცირებით, მწვავე ქამრების შემოჭერის პოლიტიკებით პერმანენტული ეკონომიკური კრიზისების ფონზე და სახელმწიფოს ინტერვენციული ფუნქციის ნიველირებით ეკონომიკური დაღმასვლის ნეგატიურ ეფექტთა დაბალანსების მცდელობებში. მეორე, პოლიტიკურ-იდეოლოგიური მნიშვნელობით, ის აგრეთვე განასახიერებს ერთგვარ მმართველობას, რეჟიმს, პოლიტიკურ პრინციპთა და წესთა წყებას, რომელთა მიზანი არსებული არათანაბარი პოლიტიკური და სოციალური ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართებების, გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების მმართველობის და იმ ტექნიკების კვლავწარმოებაა, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესებში დემოკრატიულ პრაქტიკებსა და სამოქალაქო თანამონაწილეობას უშლიან ხელს. დაბოლოს, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გარდა გავლენისა ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ნეოლიბერალიზმი სოციალური ღირებულებებისა და კულტურის ჩამოყალიბებაშიც მონაწილებს. ზემოხსენებული ეკონომიკური და პოლიტიკური პრაქტიკების შემოტანითა და მხარდაჭერით იგი გვევლინება ყოველდღიული ცხოვრების თანმდევი ღირებულებების, პირადი ინტერაქციების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და მათი ქცევის შესახებ წარმოქმნილი იდეების აღმნიშვნელად. ძლიერი ინდივიდუალიზმის მხარდაჭერით იგი აზვიადებს ინდივიდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის როლს არსებულ უთანასწორო სოციალურ სტრუქტურაში ისე, რომ კითხვებს არ უსვამს თავად სისტემის შიგნით არსებულ სტრუქტურულ ჩაგვრას.

მაგრამ, როგორ შემოდის ამ სურათში ფემინიზმის საკითხი? როგორც უოლბი ამტკიცებს (2011:11), ნეოლიბერალიზმის ინტენსიფიკაცია ფემინიზმს ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს, იმდენად, რამდენადაც მისი ეფექტები (მზარდი სოციალური უთანასწორობა, დემოკრატიული მმართველობის შესუსტება) წინააღმდეგობაშია ფემინიზმის ზოგად მიზნებთან. ქამრების შემოჭერის პოლიტიკათა გენდერიზებული ეფექტების თანმდევი პრობლემები, სიღარიბის ფემინიზაცია, დაბალი შემოსავალი, შეუსაბამო ექსპლუატაციური და მყიფე სამუშაო გარემო, ქალთა შრომის გაორმაგებული ტვირთი, შინამეურნეობების პრობლემები, რომელთაც მარტოხელა ქალები აწყდებიან, ნეოლიბერალიზმის გენდერიზებული ფორმებისა და მათი შესაძლო შედეგების შესახებ გვაფრთხილებენ (Smith 2008: 131-132). მაგრამ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ნეოლიბერალიზმის იმ პრაქტიკებზე, რომლებიც განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე ქალებზე განსხვავებულად ზემოქმედებენ: დაბალშემოსავლიანი და მუშათა კლასის წარმომადეგნელი ქალები, მსგავსად სხვა მარგინალიზებული სოციალური ჯგუფებისა, ამ დაბრკოლებებს მეტი სიმძაფრით ეჩეხებიან და, ამავდროულად, იზრდება და მძაფრდება თავად ქალთა შორის უთანასწორობა. როგორც ფოდორმა და ნაგიმ (2014) აჩვენეს, 2008 წლის გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ამ კრიზისის საპასუხოდ ეროვნულ მთავრობათა მიერ შემუშავებულმა ქამრების შემოჭერის პოლიტიკებმა, აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ ქალებზე უფრო მწვავე გავლენა იქონია და ამგვარად, კიდევ უფრო გააღრმავა სოციალური უთანასწორობა ევროპის რეგიონში მცხოვრებ ჯგუფებს შორის. მაგრამ, ჰომოგენური არც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია: ფოდორი და ჰორნი (2015) უჩვენებდნენ, რომ გენდერიზებული უთანასწორობა კიდევ უფრო მეტი სიმწვავით გვევლინება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური ზრდა უცხოური კაპიტალის კარნახით მიმდინარეობს და სადაც სოციალურ კეთილდღეობაზე სახელმწიფო მიზერულ თანხებს ხარჯავს. ნეოლიბერალიზმი საერთაშორისო მოვლენაა და შესაბამისად, მისი ეფექტებიც საერთაშორისოა. მაშასადამე, მასზე ფემინისტური რეაქციაც საერთაშორისო უნდა იყოს, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა ივიწყებდეს ლოკალურ თავისებურებებს, განსაკუთრებულ მიმართებას ცენტრსა და (ნახევარ-) პერიფერიას შორის და ა.შ. (Wallerstein 2004). მაგალითისთვის, ანალიზში, საკუთრივ ჩვენი ლინგვისტური წარმომავლობის ენებზე შექმნილი ლიტერატურის ინტეგრირებით, მიმოხილვის მასშტაბის განვრცობით ისე, რომ არ მოიცავდეს მხოლოდ ყველაზე უფრო ციტირებადი და ძირითადად ანგლოსაქსურ აკადემიურ ლიტერატურას, შევძლებთ არა მხოლოდ დამკვიდრებული ტერმინების მოდიფიცირებას და მათთვის ახალი მნიშვნელობებისა და ამხსნელი ძალის მინიჭებას, არამედ აკადემიური თვითკოლონიზაციის ხაფანგებისგან თავის დაღწევას.

ნეოლიბერალიზმი_და_ფემინიზმი_1683549106.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“