[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

“ოცნების ქალაქში” ბავშვების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 15 თებერვალს, “ოცნების ქალაქში” მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ორი ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა. ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში სტრუქტურული სოციალური და ეკონომიკური უსამართლობებისა და ჩაგვრის, ასევე სახელმწიფოს ხანგრძლივი უმოქმედობისა და გულგრილობის შედეგია. წლების განმავლობაში, ვერც ერთმა პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებამ ვერ შეძლო “ოცნების ქალაქის” დასახლებაში ბავშვებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, 4 და 6 წლის ბავშვები “ოცნების ქალაქის” მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა - ორივე მათგანი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ბავშვების კვალი მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ დაიკარგა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი ისინი საცხოვრებლიდან 10-15 მეტრში, თხრილში ჩავარდნილები, იპოვეს. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ბავშვები გარდაიცვალნენ, ადრე უსახლკაროთა საცხოვრისები იყო განთავსებული, რომლებიც, მოსახლეობის განსახლების პირველი ეტაპის შემდგომ, დაანგრიეს. სწორედ ამ ნანგრევების ქვეშ მდებარეობდა თხრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ოჯახები წარმოშობით ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტებიდან არიან, თუმცა, ეკომიგრაციის მიზეზით, წლების წინ - 2012 და 2018 წლებიდან, “ოცნების ქალაქში” დასახლდნენ და უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ადგილობრივების თქმით, ორივე ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბავშვები სწორედ “ოცნების ქალაქში” დასახლების შემდგომ შეეძინათ.

“ქართული ოცნებისა” და რელევანტური უწყებების წარმომადგენლები ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ სახელმწიფოს გულგრილობის და სტრუქტურული პასუხისმგებლობის საკითხები ასეთი მძიმე ტრაგედიების დროს, ცდილობენ საკუთარი ბრალეულობის გადაფარვასა და ადგილზე მომუშავე მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მუშაობისა და აზრის გამოხატვის ხელის შეშლას.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ადგილობრივები ამბობენ, საცხოვრისების დემონტაჟის შემდეგ, რაც 2024 წლის ზაფხულში მაცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემას მოჰყვა, ადამიანები მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ, შემოღობვა მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ საცხოვრისის მშენებლობის მეორე ეტაპის გახსნის დროს მოხდა, რომელიც მათ მიერ ტერიტორიის დატოვების შემდგომ რატომღაც მოიხსნა. მეტიც, ადგილობრივის განცხადებით, ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც ღონისძიების მიმდინარეობისას დასახლების უსაფრთხოებას ითხოვდა, არა მხოლოდ არ მოუსმინეს, არამედ პოლიციამ იგი განარიდა კიდეც ტერიტორიას.

შემაშფოთებელი და მცდარია ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ იმაზე მითითება, თითქოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ არსებობს სამშენებლო არეალის მიღმა ბავშვების დაღუპვის შემთხვევაში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა არის ბავშვის უფლებების კონვენციის ხელშემკვრელი მხარე და ძალაშია “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომელიც მთავარ მიზნად ბავშვის კეთილდღეობის მიღწევას აცხადებს და ავალდებულებს სახელმწიფო უწყებებს, უზრუნველყოს არასრულწლოვანთა უსაფრთხოების, სიცოცხლის, და ჯანმრთელობის უფლებების რეალიზაცია. მეტიც, კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, “ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას”. თავის მხრივ, ცხოვრების სათანადო სტანდარტი მოიცავს ბავშვის სულ მცირე, საკვებით, წყლით, საცხოვრისით, პირველადი ჯანდაცვით, კატასტროფისა და უბედური შემთხვევებისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას. დამატებით, უფლებამოსილი ორგანოსა და მუნიციპალიტეტისთვის ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულოა ურბანული დაგეგმარების, განაშენიანების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და რეკონსტრუქციული პროექტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს.

მომხდარი ფაქტი ასევე ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებების მნიშვნელობას არა მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, არამედ ღირსეული სოციალური დაცვითა და საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილშიც, რომელიც, თავის თავში, საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოებასაც მოიცავს. მიუხედავად მოსახლეობის მოლოდინისა, “ქართული ოცნების” მთავრობამ ვერ შექმნა ეფექტიანი და ჰარმონიზებული სოციალური დაცვის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებსა და მათ საჭიროებებს გაითვალისწინებდა. სახელმწიფოში ასევე არ არსებობს არც უსახლკარობასთან ბრძოლის და საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა, რის გამოც, სხვადასხვა ჯგუფები, უკვე წლებია, თვითდახმარების ზომებს მიმართავენ, მათ შორის, მუნიციპალურ საკუთრებაში (და არა მხოლოდ) არსებულ მიწებზე თავშესაფრების აგების გზით.

“ოცნების ქალაქის” შემთხვევა ზემოაღნიშნულის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს, ასევე, ეკომიგრანტებსა და სხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, უბიძგა, თვითდახმარების მიზნით, ფრიდონ ხალვაშის N 188 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულიყო.

ადგილზე პირველი დასახლებები 2012 წელს გაჩნდა, რომელთა რაოდენობა მოგვიანებით გაიზარდა. განსახლების პროცესის დაწყებამდე არსებული მონაცემებით, “ოცნების ქალაქის” მოსახლეობა 1 700 ოჯახს აჭარბებდა. დასახლების გაჩენას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია - 2013-2014 წლებში ქოხების დემონტაჟი და მაცხოვრებლების გამოსახლება დაიწყო, თუმცა მოსახლეობის ერთობლივი წინააღმდეგობის გამო, ნგრევის პროცესი აღარ გაგრძელებულა. ამდენი წლის განმავლობაში, ადამიანებს უკიდურეს სიღარიბეში, უმძიმეს ინფრასტრუქტურულ პრობლემებისა (გზის არარსებობა, კანალიზაციის არარსებობა, ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა და სხვა), და ხელისუფლების მხრიდან ობიექტივიზაციის პირობებში უწევდათ ცხოვრება.

დასახლების გაჩენიდან 7 წლის თავზე - 2019 წელს, აჭარის ა/რ მთავრობამ კორპუსების მშენებლობის პროგრამის განხორციელება დაიწყო, ხოლო 2024 წლის ზაფხულში, წინასაარჩევნოდ, 582 ოჯახს ბინები გადასცა. ამ 5 წლის განმავლობაში, მოსახლეობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ბუნდოვანს უწოდებდა მას და უნდობლობას უცხადებდა განსახლების პროცესს. ცხადი ინფორმაციის არქონამ, თუ რომელი ოჯახები მიიღებდნენ საცხოვრისს, ისევე როგორც იმ ფაქტმა, რომ მოსახლეობის მიერ საცხოვრისის გადაცემა აღქმული იყო, როგორც “ქართული ოცნების” საჩუქარი და არა როგორც სახელმწიფოს ვალდებულება სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი მოსახლეობის მიმართ, გაზარდა მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის რისკები.

საყურადღებოა, რომ ტრაგიკულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, “ოცნების ქალაქში” საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მათ განაცხადეს, რომ ბინების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყებოდა, რომლის ფარგლებშიც 1 077 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდებოდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა, რაც საქართველოს მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის ცალკეული პროგრამების წლიურ ბიუჯეტებს შეიძლება რამდენჯერმეც კი აღემატებოდეს.

საზეიმო ღონისძიებებითა და დეზინფორმაციული რიტორიკით, “ქართული ოცნება” ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენიღბვასა და სიღარიბის დამალვას ცდილობს, თუმცა სწორედ ფატალური შემთხვევები და ტრაგედიები აშიშვლებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ უსამართლობებს და სახელმწიფოს გულგრილობას მოქალაქეების სოციალური საჭიროებებისა და უფლებების მიმართ, ისევე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას, მოშლას და მმართველი პოლიტიკური პარტიის რეალურ დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

კიდევ უფრო პრობლემურია ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი ადგილი არსებობს, სადაც ადამიანები კომპაქტურად არიან დასახლებული (მაგ., თბილისის (მათ შორის, აფრიკის დასახლება), ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტები) და სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. მიუხედავად ამისა, საქართველოში უსახლკარო და არასათანადო საცხოვრებელში მცხოვრებ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემებიც კი არ მუშავდება და სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის ფონზე მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობაც საფრთხის წინაშე დგას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ უცხადებს თანაგრძნობას გარდაცვლილთა ოჯახებს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების შედეგად დადგინდეს დამნაშავეთა ვინაობა და მოხდეს მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. თუმცა, ამასთანავე, არსებითია, სათანადოდ მოხდეს ამ ტრაგედიის გამომწვევი სისტემური მიზეზების აღმოფხვრა და სოციალური დაცვის იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისათვის ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტს, უსაფრთხო გარემოსა და ეფექტიან სოციალურ დაცვას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“