[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება

გიორგი დავითური 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის დაწყების შემდგომ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტზე მითითებით რამდენიმე კანდიდატს უარი უთხრა რეგისტრაციაში გატარებაზე.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურისთვის (შესაბამისად აღნიშნული თანამდებობის კანდიდატურისთვის) ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა, მეორე მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რაც აქტიური დისკუსიის დაწყების საფუძველი გახდა.

შევეცდები პასუხი გავცე კითხვას: რა შემთხვევაში და როდის არის შესაძლებელი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირისთვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება?

2014 წლის პირველ იანვრამდე საქართველოში შემდგარ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მოქმედებს ორგვარი, ზოგადი და გამონაკლისი სტანდარტი. ზოგადი წესის მიხედვით, ძირითადი კანონის 70-ე მუხლით დაწესებული ცენზების პარალელურად სახელმწიფო მეთაური უნდა აკმაყოფილებდეს სკ-ის 29-ე 11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. 2012 წლის 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული სტანდარტის პარალელურად განსაზღვრული ვადით მოახდინა განსაკუთრებული წესის რეგლამენტირება. სკ-ის 1044 მუხლის მიხედვით, 2014 წლის პირველ იანვრამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭა პირს, რომელიც არის ევროკავშირის მოქალაქე, დაბადებულია საქართველოში და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. ამასთან, აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვის ზოგადი წესიდან.

ხსენებული ნორმის ბუნდოვანება ბადებს რამდენიმე კითხვას, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შემდეგი: ევროკავშირის მოქალაქე, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა, ექცევა თუ არა 1044-ე მუხლის ქოლგის ქვეშ, თუ იგი მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებზე ვრცელდება?

კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია ნორმის პუნქტობრივი ანალიზი და კონსტიტუციის პრინციპებთან კავშირში მისი განმარტება. კერძოდ, 1044-ე მუხლი პირველი პუნქტი იხსენიებს მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეს, თუმცა ამავე ნორმის მე-2 პუნქტი მიემართება პირველ პუნქტს და მის სუბიექტებს ათავისუფლებს ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვის კონსტიტუციური დანაწესისგან (რაც არ იქნებოდა საჭირო პირველი პუნქტის ქვეშ მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქე, რომ იყოს მოაზრებული). შესაბამისად, 1044 პირველი პუნქტის სუბიექტი შეიძლება იყოს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, არამედ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ევროკავშირში შემავალი ერთერთი ქვეყნის მოქალაქეობითაც სარგებლობს.

აგრეთვე, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოქალაქის ცნების განსაკუთრებულ კონსტიტუციურ სამართლებრივ მნიშვნელობაზე. აღნიშნული სტატუსის მატარებელი პირები, პოლიტიკური უფლებების მხრივ (და არამხოლოდ), ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებიან უცხოელებთან მიმართებით, რასაც 1044 მუხლის სუბიექტთა წრის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქით შემოფარგვლა არაგონივრულად დააკნინებს. მოყვანილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, 2014 წლის პირველ ინავრამდე მოქმედი გამონაკლისი წესით საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად ევროკავშირის წევრი ერთერთი სახელმწიფოს მოქალაქის სტატუსითაც სარგებლობს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ორმაგი მოქალაქის საპრეზიდენტო არჩევნებში ზოგადი წესით მონაწილეობის საკითხი. მომხრეთა არგუმენტაცია ემყარება საქართველოს კოსტიტუციის 29-ე 11 პუნქტისა და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის გრამატიკულ ინტერპრეტაციას. აღნიშნული განმარტების მიხედვით, ვინაიდან პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება ინაუგურაციის მომენტიდან, პრეზიდენტობის კანდიდატზე არ ვრცელდება სახელმწიფო მეთაურისთვის დაწესებული კონსტიტუციური მოთხოვნები, რადგანაც, ამ უკანაკნელს უფლებამოსილების დაწყებამდე შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობა გააჩნია.

კონსტიტუციის, როგორც სამართლებრივი დოკუმენტის განსაკუთრებული ბუნება და სტატუსი განაპირობებს მისი კომპლექსური განმარტების სასიცოცხლო მნიშვნელობას, რისთვისაც აუცილებელია კონკრეტული ნორმის არამხოლოდ სიტყვა-სიტყვითი, არამედ ტელეოლოგიური და სისტემური ანალიზი, როგორც სხვა ნორმებთან, ისე კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან, მიზნებთან და ფუნქციებთან კავშირში.

ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მოტივი ამ თანამდებობის დაკავებაა. კონკრეტული პირი იმიტომ წევს საკუთარ ძალისხმევას საპრეზიდენტო არჩევნებში, რომ საბოლოოდ სახელმწიფოს მეთაურის პოსტი დაიკავოს. რა თქმა უნდა ტერმინები ,,კანდიდატი’’ და ,,პრეზიდენტი’’ სხვადასხვა შინაარსის მატარებელია და კონსტიტუციური პროცესის სხვადასხვა ეტაპს შეესაბამება, მაგრამ სამართალშემფარდებელი უნდა ჩაწვდეს დანაწესის ტელეოლოგიას, მის ნამდვილ მიზანს და ეს მიზანი ,,კანდიდატისა’’ და ,,პრეზიდენტის’’ შემთხვევაში ცენზების იდენტურობაა. პრეზიდენტობის კანდიდატს შესაძლოა კონკრეტული ინდივიდუალური ინტერესის დათმობა არ უღირდეს არჩევებში დამარცხების რისკად, თუმცა ამგვარი „თავგანწირვა“ კონსტიტუციურ მოთხოვნად იქცევა, როდესაც იგი წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ კონკრეტული საფრთხეების მაქსმიმალური დაზღვევის საჭიროებას. აქედან გამომდინარე, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს იმ ცენზებს რა ცენზებიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

რისკებზე (რომლებიც კონსტიტუციის ტელეოლოგიური განმარტების აუცილებლობას წარმოშობს) საუბარი, უნდა დავიწყოთ არსებული ცენზების ბუნებით. ძირითადი კანონი სახელმწიფოს მეთაურისთვის აწესებს არამხოლოდ მოქალაქეობრივ, არამედ ასაკობრივ, და ბინადრობის ცენზებს. დაშვება იმისა, რომ აღნიშნული ცენზების დაკმაყოფილების ვალდებულება მხოლოდ ინაუგურაციის შემდგომ წარმოიშობა, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სახელმწიფოს კონსტიტუციური უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან ვერ იარსებებს მოქალაქეობრივი თუ ბინადრობის ცენზის იანუგურაციამდე დაკმაყოფილების გარანტია (ეს გარანტია აბსოლუტური არასოდეს არ არის, აქ საუბარი რისკების მაქსიმალურ დაზღვევაზეა), რაც ბუნებრივია, უარყოფით ზეგავლენას იქონიებს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობაზე.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ცენზების კონტროლი. კერძოდ, ცესკოს მიერ კანდიდატთა რეგისტრაცია (საწყისი) და იმპიჩმენტი (შემდგომი) წარმოადგენს ცენზების კონტროლის უალტერნატივო მაქანიზმებს. ამ უკანასკნელის გამოყენების უფლება გააჩნია პარლამენტს, თუმცა, იგი არ ვრცელდება ინაუგურაციის პროცესზე. სხვაგვარად, დაშვება იმისა, რომ ცეესკომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა გაათავისუფლოს სახელმწიფოს მეთაურისთვის დაწესებული კონსტიტუციური მოთხოვნებისაგან, აჩენს ერთგვარ „უკონტროლო სივრცეს“, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კონსტიტუციის დარღვევამდე, რომლის საპირისპიროდ ქმედითი მექანიზმი არ იარსებებს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წლამდე შემდგარ საპრეზიდენტო არჩევნებში გამონაკლისის წესით მონაწილეობისა და არჩევის უფლება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქესთან (რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე) ერთად, გააჩნია ორმაგ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად აკმაყოფილებს 1044 მუხლით დადგენილ სხვა პირობებს (საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ევროკავშირის მოქალაქეობა, ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად საქართველოში ცხოვრება და საქართველოში დაბადების ფაქტი), ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ამორიცხულია ხსენებული ნორმის სუბიექტებიდან, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სახელმწიფო მეთაურისთვის დაწესებულ ყოველ მოთხოვნას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“