[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / ინფოგრაფიკა

ნარკოპოლიტიკის ძირითადი ტენდენციები - 2022 წელი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2022 წელს ნარკოპოლიტიკის ძირითად ტენდენციებს აჯამებს.

წინა წლების მსგავსად, ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმირების საკითხი არც 2022 წელს ყოფილა პოლიტიკურად აქტუალური. შესაბამისად, კვლავაც დღის წესრიგში დგას საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობა და საჯარო უწყებების მიერ არასრულყოფილი სტატისტიკის წარმოების პრობლემა.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მხოლოდ ფრაგმენტული და წერტილოვანი პროგრამები ხორციელდება, რაც ვერ უზრუნველყოფს მასშტაბურ და გრძელვადიან შედეგს. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად შემსუბუქებული/მოხსნილი იყო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებები.

ამ ფონზე, წინა წელთან შედარებით, არსებითად არის გაზრდილი რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.

2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა, ასევე გაზრიდლია ნარკოტიკული დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელიც.

2022 წელს 5471 ნარკოდანაშაული დარეგისტრირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 3873-ს შეადგენდა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა სახეებს შორის საანგარიშო პერიოდში დანაშაულის მატების ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი სწორედ ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იკვეთება. რეგისტრირებული დანაშაულის მატება, სავარაუდოდ, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნამ/შემსუბუქებამ განაპირობა.

საჯარო უწყებების დიდი ნაწილი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასრულყოფილად ან/და ვადის არსებითი დარღვევით გასცემს. პრობლემურია სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიაც, რაც ხელს უშლის ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განსაზღვრას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ნარკოვითარების შესაფასებლად 18 უწყებიდან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები. უწყებათა დიდმა ნაწილმა (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური და სხვ.) კანონმდებლობით დადგენილი ვადის არსებითი არასრულყოფილი ფორმით ან საერთოდ არ მოგვაწოდა ინფორმაცია. გაირკვა ისიც, რომ ხელმისაწვდომობა შედარებით მაღალია იმ ინფორმაციის შემთხვევაში, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საქართველოს უზენაესი სასამართლო და საქართველოს გენერალური პროკურატურა ამუშავებს, თუმცა ცალკეული უწყებების დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკის ფონზე, საჯარო ინფორმაციაზე სრულყოფილი წვდომა საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

2015 წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მსჯავრდებულებისთვის სამოქალაქო უფლებების ავტომატური ჩამორთმევის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კანონმდებლობა ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის სასჯელისგან დამოუკიდებლად ე.წ. „სამოქალაქო უფლებების“ ავტომატურად ჩამორთმევას ითვალისწინებს. სამოქალაქო უფლებებში მოიაზრება: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება და სხვა უფლებები.

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი:

1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის ის ნორმები, რომლებიც სამოქალაქო უფლებების ავტომატურ ჩამორთმევას ითვალისწინებს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის;

2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომელიც საჯარო სამსახურში საქმიანობის ბლანკეტურ და აბსოლუტურ აკრძალვას აწესებს მსჯავრდებული პირებისთვის.

სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება თანასწორობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, ღირსების ხელშეუვალობის, აგრეთვე საარჩევნო, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებებსა და შრომის თავისუფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სარჩელებიც, რომელთა განხილვა აგრეთვე ჭიანურდება. მათ შორისაა სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2016 წლის სარჩელიც, რომლითაც სადავოდ არის გამხდარი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა განსაზღვრული ოდენობის კოდეინისა და მორფინის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.

ნალოქსონი ოპიოიდური ნარკოტიკის ზედოზირების სამკურნალო პირველადი დამხმარე საშუალებაა.

საქართველოში დღემდე გამოწვევად რჩება „ნალოქსონზე“ საზოგადოების მაღალი ხელმისაწვდომობა, ვინაიდან სააფთიაქო ქსელებში პრეპარატის მარაგი საკმაოდ მცირეა. 2023 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, ნალოქსონი საერთოდ არ არის ჯიპისის, იმპექსისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელების მარაგში. ავერსისა და პსპ-ს აფთიაქებში კი საკმაოდ დეფიციტურია. ნალოქსონი პსპ-ს აფთიაქებიდან მხოლოდ თბილისის 5 ფილიალშია ხელმისაწვდომი და არ მოიპოვება რეგიონებში. რაც შეეხება ავერსს, თბილისის მასშტაბით პრეპარატი აქაც 5 აფთიაქში გვხდება, რეგიონებიდან კი მხოლოდ ლანჩხუთში, მარნეულსა და ქუთაისშია ხელმისაწვდომი, ისიც განსაკუთრებულად მცირე რაოდენობით.

პრეპარატის ბუნებიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარაგის შევსება ყველა რეგიონში.

⚫️ 2022 წელს ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს ყველაზე ხშირად სასჯელის სახით ჯარიმა ენიშნებოდათ, ყველაზე იშვიათად კი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის მაჩვენებელი ბოლო წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2022 წელს ჯამში 415 პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, რაც ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 11%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2021 წელს 13.7% იყო, 2020 წელს კი - 20%.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“