საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
19 ნოემბერს გამოქვეყნდა ენერგეტიკული გაერთიანების[1] მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც აღნიშნული უწყება ნამახვანი ჰესის გარშემო მთავრობის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის 2021 წლის 12 ივნისს დაწყებულ ე.წ. მედიაციის პროცესს დასრულებულად აცხადებდა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ პროცესში ენერგეტიკული გაერთიანების მანდატს, მთავრობის წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებების წარმართვასთან ერთად, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო წარმოქნილი საზოგადოებრივი წინააღმდეგობისა და სოციალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის, პროექტის შესახებ დამოუკიდებელი შეფასებების მომზადება წარმოადგენდა. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 2021 წლის 19 ნოემბერს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ გამოქვეყნებული, ზემოთ აღნიშნული, მედიაციის შემაჯამებელი ანგარიშიდან შეიტყვეს, რომ დამოუკიდებელი შეფასებების განხორციელება შეჩერდა. მიგვაჩნია, მედიატორის ეს გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სათანადო კონსულტაციებისა თუ დისკუსიების გარეშე მიიღეს, რამაც წარმოშვა კრიტიკული საჭიროება იმისა, რომ პროცესის შესახებ ალტერნატიული ანგარიშიც გამოქვეყნებულიყო.
დამოუკიდებელი შეფასებების შესახებ საკუთარი სამუშაოების შეწყვეტა ენერგეტიკულმა გაერთიანებამ 2021 წლის 20 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით ახსნა, რომლის მიხედვითაც ,,ენკამ“ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. თუმცა იმის გამო, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნისას მისი საფუძვლები თუ შედეგები საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობია, ენერგეტიკული გაერთიანების მიერ შეფასებების გადავადება მნიშვნელოვან კითხვებს პასუხგაუცემელს ტოვებს პროექტთან დაკავშირებით. პასუხგაუცემელი კითხვები შესაძლოა პროექტის განახლების შემთხვევაში კვლავ აქტუალური გახდეს. ამ ეტაპზე ენერგეტიკული გაერთიანების მიერ პროცესის დატოვება დიდი ალბათობით მთავარ გამოწვევებთან მარტო დარჩენას ნიშნავს, თუმცა პირობა, რომლის მიხედვითაც პროექტის განახლების შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანება დამოუკიდებელ შეფასებებს მაინც განხორციელებს, აღნიშნული მედიაციის პროცესის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად რჩება.
წინამდებარე ანგარიშში ერთი მხრივ აღწერილია ის გარემოებები, რომელიც ვერ მოხვდა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მომზადებულ ანგარიშში. ისინი სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობის მთავარ ფოკუსს წარმოადგენდა აღნიშნულ პროცესში და ვერ გასაჯაროვდა მედიაციის მსვლელობის ექვსი თვის მანძილზე იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკების პროცესი არ დაზიანებულიყო. მეორე მხრივ წინამდებარე ანგარიში გვთავაზობს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საკვანძო საკითხების შესახებ გაკეთებული დასკვნების ხელახლა გააზრებას და მათ გავრცობას სოციალური სამართლიანობის ცენტრის პერსპექტივიდან.
[1] ენერგეტიკული გაერთიანება არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. 2017 წლიდან ენერგეტიკულ გაერთიანებას 10 წევრი ჰყავს: ევროკავშირი და ცხრა ქვეყანა - ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდავეთი, მონტენეგრო, სერბეთი და უკრაინა. სომხეთი, ნორვეგია და თურქეთი კი დამკვირვებელი ქვეყნებია. წყარო: https://www.energy-community.org/aboutus/whoweare.html; ბოლო ნახვა 16 იანვარი, 2022
ინსტრუქცია