საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კავიტა კრიშნანი - მარქსისტი ფემინისტი აქტივისტი და ავტორი
მულტიპოლარულობა არის კომპასი, რომლითაც ხელმძღვანელობს მემარცხენეობა საერთაშორისო ურთიერთობების განხილვისას. მემარცხენეობის ყველა განშტოება - როგორც ინდოეთში, ისე გლობალურად - დიდი ხანია მოითხოვს მულტიპოლარულ მსოფლიოს ნაცვლად უნიპოლარულისა, რომელზეც იმპერიალისტური აშშ დომინირებს.
ამავდროულად, მულტიპოლარულობა იქცა გლობალური ფაშიზმებისა და ავტორიტარიზმების საზიარო ენის ქვაკუთხედად. ის არის დესპოტების საბრძოლო ყიჟინა, რომელმაც დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა იმპერიალიზმთან ომად უნდა მოკაზმოს. დესპოტიზმის შენიღბვისა და ლეგიტიმიზებისთვის მულტიპოლარულობის გამოყენებას განუზომლად უწყობს ხელს გლობალური მემარცხენეობის მხრიდან ამ ცნების - მულტიპოლარულობის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მისასალმებელი, ანტი-იმპერიალისტური დემოკრატიზების გამოხატულების - მხურვალე მხარდაჭერა.
წარმოადგენს რა ერი-სახელმწიფოების შიგნით თუ მათ შორის გამართულ პოლიტიკურ დაპირისპირებზე რეაგირებას როგორც ნულოვან-ჯამოვან არჩევანს მულტიპულარულობის ან უნიპოლარულობის მხარდაჭერას შორის, მემარცხენეობა განამტკიცებს მცდარ წარმოდგენას, რომელიც ყოველთვის იყო, უკეთეს შემთხვევაში, გზის ამბნევი და მცდარი. თუმცა დღეს ეს ფიქცია უკვე ცალსახად სახიფათოა, მოქმედებს რა როგორც ნარატიული და დრამატული ხერხი ფაშისტებისა და ავტორიტარების სახარბიელოდ წარმოსაჩენად.
უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მემარცხენეობის რეაქცია აშკარას ხდის ღირებულებითად ნეიტრალური მულტიპოლარულობის მხარდაჭერის სავალალო შედეგებს. გლობალურმა და ინდურმა მემარცხენეობამ ლეგიტიმაცია შესძინა და გააძლიერა (სხვადასხვა ზომით) რუსული ფაშისტური დისკურსი, გაამართლა რა უკრაინაზე თავდასხმა როგორც მულტიპოლარული გამოწვევა აშშ-ს მიერ მართული უნიპოლარულ იმპერიალიზმისთვის.
უფლება, იყო ფაშისტი
30 სექტემბერს, უკრაინის ოთხი ოლქის არალეგალური ანექსიის გამოცხადებისას, ვლადიმირ პუტინმა განმარტა, რას გულისხმობენ მულტიპოლარულობა და დემოკრატია მის იდეოლოგიურ ჩარჩოში. მან განსაზღვრა მულტიპოლარულობა როგორც თავისუფლება დასავლური ელიტების მცდელობებისგან, თავს მოგვახვიონ და უნივერსალურ ღირებულებებად გამოაცხადონ თავიანთი “დეგრადირებული” ღირებულებები - ადამიანის უფლებები და დემოკრატია; ღირებულებები, რომლებიც “უცხოა” ადამიანების უმეტესობისთვის დასავლეთში და მის გარეთ.
ამ რიტორიკული ხრიკით, პუტინმა განაცხადა რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი, დემოკრატია და სამართლიანობა სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთის იდეოლოგიური და იმპერიალისტური ძალმომრეობის გამოხატულებები, რომლებიც სხვა სახელმწიფოების სუვერენულობის შელახვის საბაბად გამოიყენება.
რაკი პუტინი გამოეხმაურა სამართლიან აღშფოთებას დასავლური ქვეყნების მიერ ჩადენილი დანაშაულების მთელი წყებით - მათ შორის კოლონიალიზმით, იმპერიალიზმით, თავდასხმებით, ოკუპაციებით, გენოციდებით და სახელმწიფო გადატრიალებებით - ადვილად შეიძლებოდა გამოგვრჩენოდა, რომ მისი სიტყვა არ მოითხოვდა სამართლიანობის აღდგენას, რეპარაციებს ან ამ დანაშაულების აღკვეთას. მეტიც, დაიმოწმა რა ისედაც ცხადი ფაქტი, რომ დასავლურ ქვეყნებს არ აქვთ “მორალური უფლება აზრი გამოთქვან ან ერთი სიტყვა მაინც წარმოთქვან დემოკრატიის შესახებ”, პუტინმა მოხერხებულად გამორიცხა ხალხი ამ დისკუსიიდან.
თავისუფლებისთვის კოლონიზებული ქვეყნების ხალხი იბრძოდა, და ისინივე აგრძელებენ ბრძოლას. იმპერიალისტური ქვეყნების ხალხი ქუჩაში გამოდის დემოკრატიისა და სამართლიანობის მოთხოვნით და აპროტესტებს რასიზმს და ომებს, თავიანთი მთავრობების მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და ოკუპაციებს. მაგრამ პუტინი ამ ხალხს არ უჭერდა მხარს.
ამის სანაცვლოდ, პუტინმა მიანიშნა “თანამოაზრე” ძალებს მსოფლიოს გარშემო - ულტრამემარჯვენეებს, რასისტებს, ანტი-ფემინისტებს, ჰომოფობებს და ტრანსფობებს - რომ [უკრაინაზე] თავდასხმისთვის მხარი უნდა დაეჭირათ, რაკი ეს პროექტი ყველა მათგანისთვის ხელსაყრელი იქნებოდა; პროექტი, რომელიც გულისხმობს უნივერსალური დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უნივერსალური ღირებულებების დამხობას და “ჭეშმარიტი თავისუფლების, ისტორიული პერსპექტივის მოპოვებას”.
პუტინის თავად არჩევს “ისტორიულ პერსპექტივას”, რათა ზურგი გაუმაგროს რუსეთის, როგორც “ქვეყანა-ცივილიზაციის”, სუპრემატისტულ ვერსიას; “ქვეყანა-ცივილიზაციის”, სადაც ლგბტ ადამიანები კანონმდებლობის მიერ არიან დეჰუმანიზებულები და სადაც ისტორიული მოვლენების ხსენება კრიმინალიზებულია “[რუსეთის] სუვერენულობის განმტკიცების” მოტივით. პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს აქვს უფლება, უარყოს და უგულებელყოს დემოკრატიული ნორმები და საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელთაც გაერო და მსგავსი ინსტიტუციები ადგენენ “უნივერსალურად”.”ევრაზიული ინტეგრაციის” პროექტი, რომელსაც პუტინი “იმპერიალისტ” ევროკავშირთან და დასავლურ უნიპოლარულობასთან მულტიპოლარულ დაპირისპირებად წარმოსახავს, უნდა აღვიქვათ მხოლოდ როგორც მისი ცხადად ანტი-დემოკრატიული იდეოლოგიური და პოლიტიკური პროექტის ერთ-ერთი ნაწილი. სხვა საკითხია, რომ რუსეთსა და ამერიკას, როგორც დიდ ძალებს, შორის კონკურენციის გააზრებას უფრო კომპლექსურს ხდის არსებობა საერთო პოლიტიკური პროექტისა, რომლის წარმომადგენლებიც არიან ტრამპი აშშ-ი და პუტინი - რუსეთში.
საერთო ენა
“მულტიპოლარულობის” და “ანტი-იმპერიალიზმის” ენა გამოხმაურებას ჰპოვებს ჩინურ ჰიპერ-ნაციონალისტურ ტოტალიტარიზმშიც.
თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაში პუტინმა და სი ძინპინმა აღნიშნეს, რომ ორივენი უარყოფენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უნივერსალურად აღიარებულ სტანდარტებს და უპირატესობას ანიჭებენ ამ ცნებების რელატივისტურ განსაზღვრებებს: “ერს შეუძლია აირჩიოს დემოკრატიის იმპლემენტაციის ისეთი ფორმები და მეთოდები, რომლებიც ყველა უკეთ ესადაგებიან [...] მის ტრადიციებსა და უნიკალურ კულტურულ მახასიათებლებს… მხოლოდ ქვეყნის ხალხის გადასაწყვეტია, დემოკრატიულია თუ არა მისი სახელმწიფო”. განცხადება ხაზგასმით მიაწერდა ამ იდეებს “რუსული მხარის ძალისხმევას, ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ურთიერთობების სამართლიანი, მულტიპოლარული სისტემა”.
სი ძინპინის თვალსაზრისით, “თავისუფლების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ‘უნივერსალური’ ღირებულებები გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის ჩამოშლის, აღმოსავლეთ ევროპაში დრამატული ცვლილებების, “ფერადი რევოლუციებისა” და “არაბული გაზაფხულის” გამოსაწვევად - ყველა ამათგანის მიზეზი იყო აშშ-სა და დასავლეთის ინტერვენცია”. ნებისმიერი სახალხო მოძრაობა, რომელიც მოითხოვს საზოგადოდ აღიარებულ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, მიიჩნევა არსებითად არალეგიტიმურ იმპერიალისტურ ფერად რევოლუციად.
“ნული-კოვიდის” პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული რეპრესიის წინააღმდეგ პროტესტების მონაწილეები, მთელი ჩინეთის გარშემო, მოითხოვდნენ, რომ [ჩინური] დემოკრატია შესაბამისებოდა უნივერსალურ სტანდარტებს. ეს მოთხოვნა საყურადღებოა იმ კულტურულად რელატივისტური სტანდარტების ფონზე, რომელთაც ჩინეთის მთავრობა ანიჭებს უპირატესობას. 2021 წელს გამოქვეყნებული“თეთრი წიგნი” სახელწოდებით “ჩინეთის მიდგომა დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან და ადამიანის უფლებებთან” განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს როგორც “ბედნიერებას” კეთილდღეობითა და პრივილეგიებით, და არა როგორც დაცულობას მთავრობის აულაგმავი ძალაუფლებისგან. ადვილი შესამჩნევია, რომ თეთრი წიგნი გამოტოვებს მმართველობის, წინააღმდეგობის, შეკრების თავისუფლების საკითხებს.
“ჩინეთისთვის სპეციფიკური” დემოკრატიის “კარგ მმართველობად” და ადამიანის უფლებების - “ბედნიერებად” განსაზღვრა სი ძინპინს აძლევს საშუალებას, გაამართლოს უიღური მუსლიმების ოპრესია. ის ამტკიცებს, რომ საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ეს უმცირესობები “ხელახლა უნდა აღზარდონ” და მათი ისლამური ცხოვრება ისეთ ყალიბში მოაქციონ, რომელიც “ჩინური იქნება თავისი ორიენტაციით”, “კარგი მმართველობის” და “მეტი ბედნიერების” გამოხატულებაა უიღურებისთვის.
“მულტიპოლარული სამყაროს” ავტორიტარულ და ფაშისტურ დისკურსს ძლიერი გამოძახილი აქვს ინდოეთის ინდუისტ-ნაციონალისტ ლიდერებს შორისაც კი; მულტიპოლარულ სამყაროს, სადაც ცივილიზაციური ძალები კვლავ აღზევდებიან და დაიბრუნებენ ოდინდელ იმპერიულ დიდებას და სადაც ლიბერალური დემოკრატიის ჰეგემონიას მემარჯვენე ნაციონალიზმი ჩაანაცვლებს.
მოჰან ბჰაგვატმა, რაშტრია სვაიამსევაკ სანგჰ-ის[1] ხელმღვანელმა, აღტაცებით აღნიშნა რომ “მულტიპოლარულ სამყაროში”, რომელიც აშშ-ს უპირისპირდება, “ჩინეთი აღზევდა. მას არ აღელვებს რას ფიქრობს სამყარო მასზე. ის თავის მიზნებს მისდევს… (უბრუნდება რა) ოდინდელი იმპერატორების ექსპანსიონიზმს”. ამგვარადვე, “დღევანდელ მულტიპოლარულ სამყაროში, რუსეთიც თავის თამაშს თამაშობს. ის ცდილობს წინ წავიდეს დასავლეთის შეზღუდვით”.
პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდიც არაერთხელ დაესხა თავს და “ანტი-ინდოელებად” მოიხსენია ადამიანის უფლებების დამცველები; ამავდროულად, მოდი აცხადებს რომ ინდოეთი “დემოკრატიის დედაა”. ამას შესაძლებელს ხდის ინდური დემოკრატიის განხილვა არა “დასავლური” გადმოსახედიდან, არამედ როგორც მისი “ცივილიზაციური ეთოსის” ნაწილის. მთავრობის მიერ გავრცელებული ნოტა ერთმანეთთან აკავშირებს ინდურ დემოკრატიას “ინდუისტურ კულტურასა და ცივილიზაციას”, “ინდუისტურ პოლიტიკურ თეორიას”, “ინდუისტურ სახელმწიფოს”, და ტრადიციულ (და ხშირად რეგრესულ) კასტურ საბჭოებს, რომლებიც გენდერულ და კასტურ იერარქიებს აწარმოებენ.
ამგვარი იდეები აირეკლავენ ულტრამემარჯვენე და ავტორიტარული ძალების გლობალურ ქსელში ინდუისტური ნაციონალიზმის ჩართვის მცდელობებსაც. რუსი ფაშისტი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი აცხადებს (პუტინის მსგავსად), რომ “მულტიპოლარულობა… მხარს უჭერს თითოეული არა-დასავლური ცივილიზაციის თავის ცივილიზაციურ საწყისებთან დაბრუნებას და ლიბერალური დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იდეოლოგიის (უარყოფას)”.
ეს გავლენები ორმხრივია. დუგინი უპირატესობას ანიჭებს კასტურ იერარქიას, როგორც საზოგადოებრივი მოწყობის მოდელს. პირდაპირ რთავს რა ბრაჰმანულ ღირებულებებს საერთაშორისო ფაშიზმში, დუგინი თვლის რომ “საგანთა ამჟამინდელი წესრიგი”, რომლის გამოხატულებებიცაა “ადამიანის უფლებები, ანტი-იერარქიულობა და პოლიტკორექტულობა” არის “კალი იუგა”: განსაცდელი, რომელსაც თან სდევს კასტების შერევა (სისხლის აღრევა, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია კალი იუგას კიდევ ერთი საზარელი ასპექტით, ქალების თავისუფლებით) და იერარქიის ჩამომხობა. დუგინმა არჩევენებში მოდის გამარჯვება შეაფასა როგორც “მულტიპოლარულობის” გამარჯვება, “ინდური ღირებულებების” სასიხარულო თვითგანმტკიცება და “ლიბერალური დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იდეოლოგიის” მარცხი.
და მაინც, მემარცხენეობა აგრძელებს “მულტიპოლარულობის” გამოყენებას ისე, რომ ოდნავადაც ვერ ამჟღავნებს იმის აღქმას, თუ როგორ ნიღბავენ ფაშისტები და ავტორიტარები თავიანთ მიზნებს ამავე ენით.
სადაც მემარცხენეობა მემარჯვენეობას ხვდება
“მულტიპოლარულობის” პუტინისეული ლექსიკის სამიზნე გლობალური მემარცხენეობაა. ეს სასიამოვნოდ ნაცნობი ენა ხელს უშლის მემარცხენეობას - რომელსაც ყოველთვის ჩინებულად გამოსდიოდა იმ ტყუილების გამომზეურება, რომლებიც საფუძვლად ედო აშშ-ელი იმპერიალისტი ომის გამჩაღებლების მტკიცებებს “დემოკრატიის დაცვის” შესახებ- ამგვარივე კრიტიკული თვალთახედვით განიხილოს პუტინის ანტიკოლონიური და ანტიიმპერიალისტური რიტორიკა.
უცნაურია, რომ მემარცხენეობამ პოლარულობის ენა გაითავისა. პოლარულობის დისკურსი საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტური სკოლის კუთვნილებაა. რეალიზმი ხედავს საერთაშორისო ურთიერთობებს როგორც კონკურენციას საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შორის, იმ დაშვებით, რომ ეს ამოცანები აირეკლავენ სულ რამდენიმე “პოლუსის” - დიდი ძალების ან პერსპექტიული დიდი ძალების - ობიექტურ “ეროვნულ ინტერესებს”. რეალიზმი ფუნდამენტურად ართავსებადია მარქსისტულ თვალთახედვასთან, რომელიც ეფუძნება წარმოდგენას, რომ “ეროვნული ინტერესი” არ არის ობიექტური და ღირებულებრივად ნეიტრალური ფაქტი და მას სუბიექტურად განაპირობებს “პოლიტიკური (და, შესაბამისად, მორალური) ბუნება იმ მმართველი ფენისა, რომელიც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას და იღებს გადაწყვეტილებებს მის შესახებ” (Vanaik 2006).
მაგალითისთვის, ვიჯაი პრასადი, რომელიც მულტიპოლარულობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი და დამცველია მსოფლიო მემარცხენეებს შორის, მოწონებით შენიშნავს რომ “რუსეთი და ჩინეთი ესწრაფვიან არა გლობალურ ძალაუფლებას, არამედ სუვერენულობას”. პრასადი არაფერს ამბობს იმაზე, რომ ამ სახელმწიფოების ინტერპრეტაციით, სუვერენულობა არის თავისუფლება დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე ანგარიშვალდებულებისგან.
ინდოეთის მარქსისტ ლენინისტური კომუნისტური პარტიის (იკპ) გენერალური მდივნის, დიპანკარ ბჰატაჩარიას ესეიში ვხვდებით მსგავს პრობლემებს, რომლებიც ნათელს ხდიან, რატომ გადაწყვიტა პარტიამ დაებალანსებინა უკრაინისადმი სოლიდარობა მულტიპოლარულობის მხარდაჭერით და ინდოეთის შიგნით ფაშიზმთან დაპირისპირების პოლიტიკით (შენიშვნა: მე 30 წლის განმავლობაში ვიყავი იკპ-ს აქტივისტი და მისი პოლიტბიუროს წევრიც ამ წლის დასაწყისამდე, როდესაც პარტია დავტოვე აზრთა სხვადასხვაობების გამო, რომელთაც თავი იჩინეს უკრაინისადმი პარტიის ნელ-თბილი სოლიდარულობის ნიადაგზე).
ბჰაჩატარიას ფორმულირებით, “ერთმანეთთან დაპირისპირებული გლობალური ძალების შინაგანი ბუნების მიუხედავად, მულტიპოლარული სამყარო ცალსახად უფრო სახარბიელოა მთელი მსოფლიოს პროგრესული ძალებისა და მოძრაობებისთვის და მათი ამოცანებისთვის, როგორებიცაა ნეოლიბერალური რეფორმების უკან გაწვევა, სოციალური ტრანსფორმაცია და პოლიტიკური წინსვლა”. სხვა სიტყვებით, იკპ მიესალმება არა-დასავლური დიდი ძალების აღზევებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი შინაგად ავტორიტარული ან ფაშისტურია, რადგან თვლის, რომ ეს ძალები წარმოადგენენ მულტიპოლარულ გამოწვევას აშშ-ს უნიპოლარულობისთვის.
ამგვარი მემარცხენე პოზიცია მცირედ წინააღმდეგობასაც კი არ უწევს ავტორიტარულ/ფაშისტურ პროექტებს, რომლებიც თავს ანტი-იმპერიალისტური “მულტიპოლარულობის” მებაირაღეებად აცხადებენ. მეტიც, ის ლეგიტიმურობის საფარველს ქმნის მათთვის.
ბჰატაჩარიას აღქმით, უკრაინის მხურვალე მხარდაჭერა რთულად შეთავსებადია “ინდოეთში ფაშიზმთან ბრძოლის” “ეროვნულ პრიორიტეტთან”. წარმოდგენა, რომ მემარცხენეობის საერთაშორისო ვალდებულებები უკანა პლანზე უნდა გადაიწიოს “ეროვნული პრიორიტეტის” წინაშე ის შემთხვევაა, როდესაც მარქსისტული ინტერნაციონალიზმი რეალიზმის “ეროვნული ინტერესით” იმღვრევა, ოღონდ ამჯერად არა ერი-სახელმწიფოების, არამედ თავად მემარცხენე პარტიების დონეზე.
მაგრამ რატომ მოდის უკრაინის ცალსახად მხარდაჭერა წინააღმდეგობაში ინდურ ფაშიზმთან ბრძოლასთან? ბჰატაჩარიას დასაბუთება ნაძალადევი, მიკიბულ-მოკიბული და ირიბია. გაურკვეველია რატომ, მაგრამ ის შორიდან მოუვლის საკითხს და განიხილავს კომუნისტური მოძრაობების ვალდებულებას, გაითვალისწინონ “ეროვნული სიტუაციის ხარჯზე საერთაშორისოს პრიორეტიზების” საფრთხეები. ბჰატაჩარია არაზუსტად ასკვნის, რომ იკპ-ს 1942 წლის მცდარი გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა კამპანიას “დატოვე ინდოეთი”[2], დაკავშირებული იყო იკპ-ს მიერ თავისი საერთაშორისო მოვალეობების, ანუ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხების და არა საშინაო მიზნის, ანუ ბრიტანული კოლონიალიზმის დამხობის პრიორეტიზებასთან (ბრიტანეთი ამ დროს მოკავშირე იყო ფაშიზმთან ბრძოლაში).
ამ გადახვევის ერთადერთი შესაძლო გამართლება ისაა, რომ ბჰატაჩარიას სურს პარალელი გაავლოს ინდური მემარცხენეობის ამჟამინდელ, უკრაინის ომთან დაკავშირებულ დილემასთან. რაკი ნარენდრა მოდის მთავრობის მთავარი პოლიკური მოკავშირე დასავლეთია - აშშ-ით სათავეში, ბჰატაჩარიას აზრით ნარენდრა მოდის ფაშიზმთან ბრძოლა შეშუსტდება, თუკი უკრაინელთა წინააღმდეგობა რუსეთს, აშშ-ს “მულტიპოლარულ მეტოქეს”, უკან დახევას აიძულებს.
ეს ჩახლართული გაანგარიშება გადაფარავს მარტივ ფაქტს: პუტინის ფაშისტური თავდასხმის მარცხი გამბედაობას შესძენს მათ, ვინც ცდილობენ ინდოეთში მოდის ფაშიზმი დაამარცხონ. ამგვარად, სი ძინპინის მაჟორიტარიანული ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხის გამარჯვება გაამხნევებს მათ, ვინც მოდის მაჟორიტარიანული ტირანიის წინააღმდეგ იბრძვიან ინდოეთში.
მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით, “უსამართლობა ერთგან, საფრთხეს ქმნის სამართლიანობისთვის ყველგან”. ჩვენ ვასუსტებთ ჩვენსავე წინააღმდეგობას როცა ვირჩევთ, სხვების წინააღმდეგობა გამრუდებული, კემპისტური პერსპექტივიდან დავინახოთ. ჩვენ არ ვდგავართ ნულოვანჯამოვანი არჩევანის წინაშე მულტიპოლარულობას და უნიპოლარულობას შორის. თითოეულ შემთხვევაში ცხადია, რა შეგვიძლია ავირჩიოთ: ან მხარი დავუჭიროთ ჩაგრულთა წინააღმდეგობას და გადარჩენას, ან ვიზრუნოთ მჩაგვრელის გადარჩენაზე.
როცა მემარცხენეობა კისრულობს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს “მულტიპოლარული რეჟიმების (რუსეთის, ჩინეთის, და, ზოგი მემარცხენისთვის, ირანისაც კი) გადარჩენას, ის ვეღარ ასრულებს თავის ჭეშმარიტ მოვალეობას, მხარი დაუჭიროს ადამიანებს, ვინც ცდილობენ გადაურჩნენ ამ რეჟიმების მიერ განხორციელებულ გენოციდს. ნებისმიერ სარგებელს, რომელიც აშშ-მა შეიძლება მიიღოს ასეთი წინააღმდეგობების მატერიალური ან სამხედრო მხარდაჭერით, სავსებით გადაწონის სიკეთე, რომელსაც მოიტანს იმ ხალხის გადარჩენა, ვინც სხვა შემთხვევაში გენოციდის მსხვერპლი გახდებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის მიერ საბჭოთა კავშირის მატერიალურმა და სამხედრო მხარდაჭერამ თავისი როლი ითამაშა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში.
ტირანიული რეჟიმები თავიანთ მიმართ წინააღმდეგობის მხარდაჭერას წარმოსახავენ, როგორც უცხო/იმპერიალისტური ძალების მიერ ამ რეჟიმების “სუვერენულობის” “შელახვის” მხარდაჭერას. როცა ჩვენ, მემარცხენეები, ამავეს ვაკეთებთ, მაშინ ამ ტირანიების ხელშემწყობების და აპოლოგეტების როლს ვასრულებთ. მათ, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვიან, სჭირდებათ, რომ ჩვენ პატივი ვცეთ მათ ავტონომიასა და სუვერენულობას, თავად გადაწყვიტონ, რა სახის მორალურ/მატერიალურ/სამხედრო მხარდაჭერას მოითხოვენ/დათანხმდებიან/უარყოფენ. გლობალური და ინდური მემარცხენეების მორალური კომპასი სასწრაფოდ საჭიროებს შეკეთებას, რათა მემარცხენეობამ გადაუხვიოს კატასტროფული გეზიდან, სადაც ის იმავე ენაზე საუბრობს, რომელზეც ტირანები.
ინსტრუქცია