[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანგარიში

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა ( 2022 - 2023 წლების შეფასების ანგარიში )

ანა პაპუაშვილი 

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის მომწესრიგებელ კანონმდებლობაზე, პერსონალის ცვლილებებსა და არსებულ პრაქტიკაზე დაკვირვებამ 2022-2023 წლების პერიოდში არაერთი პრობლემა გამოავლინა. ევროპული ინტეგრაცია და ამ პროცესში ევროკომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმა კარგი შესაძლებლობა იყო სასამართლო სისტემაში ძირეული ცვლილებების გასატარებლად, რომლის ნაწილი დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემაც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა სათანადო პოლიტიკური ნება არ გამოავლინა და ამ პროცესში არაარსებითი ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებებით შემოიფარგლა. აღნიშნულისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა სისტემაში მონაწილე ორგანოების პერსონალურ შემადგენლობაში, თუმცა მათი უმრავლესობა დაუსაბუთებელი და გაუმჭვირვალე იყო. რაც შეეხება დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკას, ამ მიმართულებით არსებითი გაუმჯობესება საანგარიშო პერიოდში არ შეიმჩნევა. უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებათა ნაწილი კვლავ არ არის ხელმისაწვდომი, საჯარო აქტები კი უმეტესად შაბლონურია და ფორმალური დასაბუთებით შემოიფარგლება. დაბოლოს, დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა მართლმსაჯულების სფეროს ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ბოლო წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაუარესებული.

წინამდებარე მონიტორინგის ანგარიში რიგით მეოთხეა და მოიცავს 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. მასში განხილულია მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებები და შეფასებები, დისციპლინურ სამართალწარმოებაში მონაწილე ორგანოების დაკომპლექტების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და ამ ორგანოების მიერ განვითარებული პრაქტიკა. ანგარიშის ძირითადი მიგნებებია:

  • გრძელდება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემაში არსებული პერსონალური ცვლილებების მანკიერი პრაქტიკა, როდესაც სასამართლოში ადმინისტრაციულ პოზიციებზე მყოფი პირები თანამდებობებს ვადაზე ადრე და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ტოვებენ. ამგვარი საგანგაშო ტენდენცია უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ისედაც დაბალ საზოგადოებრივ ნდობაზე და ძირს უთხრის სისტემის ეფექტურ ანგარიშვალდებულებას;
  • დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მონაწილე ორგანოები, ინფორმაციის საჯაროობის თვალსაზრისით, სულ უფრო ჩაკეტილები ხდებიან, რაც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის როგორც მათი საქმიანობის მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ისე ინდივიდუალური მოსამართლეების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით; პირველად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, ხელმისაწვდომი არ არის დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში;
  • საანგარიშო პერიოდში მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემაში გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ისევე როგორც მთლიანად მართლმსაჯულების რეფორმამ, კვლავ არსებითი გაუმჯობესების გარეშე შეცვალა რელევანტური კანონმდებლობა; ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილების თანახმად, გაუქმდა რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში მისი საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების შესაძლებლობა;
  • კვლავ პრობლემურია დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევის წესი, რაც სრულად ვერ უზრუნველყოფს მის სათანადო ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამასთან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ინსპექტორის შერჩევის მიზნით ჩასატარებელი კონკურსისა და მასში მონაწილეთა მონაცემების საჯაროობას;
  • დისციპლინური სამართალწარმოება ვადების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, რაც უარყოფითად აისახება როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის ეფექტიანობაზე, ასევე ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

GEO_-_System_of_Disciplinary_Liability_of_Judges__1727881843.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“