[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ვიდეო / რეპორტაჟი

მოქალაქეობის გარეშე

პანკისში მცხოვრები ჩეჩნები უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეობას ვერ იღებენ. შესაბამისად, ისინი ვერ სარგებლობენ საბაზისო სოციალური და ჯანდაცვის სერვისებით, არ აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და სხვა. ლტოლვილის სტატუსის მქონეთა ნაწილი საქართველოში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს შემოვიდა, ნაწილი კი, აქ ისტორიულად ცხოვრობდა, ჰყავს ადგილზე ნათესავები და აქვს ახლო კავშირები.

პანკისელებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარს უპირობოდ და ავტომატურად ეუბნებიან. მათთვის გაუქმდა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების უპირატესობა და სავალდებულო გახდა ენის გამოცდების ჩაბარება, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია. გარდა ამისა, დღეს რუსეთის მოქალაქე, ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ვალდებულია უარი თქვას რუსეთის მოქალაქეობაზე და წარმოადგინოს ცნობა, აგრესორი ქვეყნიდან მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ, რაც ხშირად, შეუძლებელია. გარდა პროცედურული და ფინანსური სირთულეებისა, რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობა ავალდებულებს მათ უშუალოდ, მინდობილობის გარეშე ჩავიდნენ რუსეთში და პირადად აიღონ ასეთი ცნობა.

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა პირველი ნაკადი 1999 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის გამო, საქართველოში შემოვიდა და მასობრივად ჩასახლდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, სადაც მათი მონათესავე ქისტები ცხოვრობდნენ.

2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოს მთავრობასა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩეჩნეთიდან ლტოლვილთათვის დაიწყო ინტეგრაციის პროგრამა. ამ პროგრამის უმთავრესი კომპონენტი იყო მათთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, საგამონაკლისო წესით, ქართული ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე. თუმცა, ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა მიმართ 2009 წელს დაწყებული ინტეგრაციის პოლიტიკა 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა, მაგრამ 2015 წლამდე ინერციით კიდევ რამდენიმე ადამიანს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით. ახლა კი ეს საგამონაკლისო წესი, ფაქტობრივად აღარ მუშაობს.

ვიდეოს გადაღება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს. ვიდეოს შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს შვეიცარიის საელჩოს პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“