[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / სტატია

დომინანტური მზერა - პანკისი

მარიამ შალვაშვილი 

ამ სტატიების სერიაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური თემის წარმომადგენლების ხედვებს მათ მიმართ გაბატონებულ მზერასთან, პოლიტიკასთან და მის სოციალურ და კულტურულ შედეგებთან დაკავშირებით.

ინტერვიუერი: მარიამ შალვაშვილი

რესპონდენტი: მელსი ბაღაკაშვილი

მელსი ბაღაკაშვილი არის სამოქალაქო აქტივისტი. აქვს პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრის და რეგიონალური კვლევების მაგისტრის ხარისხი კავკასიის რეგიონის მიმართულებით. წლების განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის, არის პანკისის ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

  • როგორ არის პანკისი და ქისტი თემი დანახული გაბატონებული წარმოდგენით?

ქისტები ისტორიულად ქართველების მონათესავე ხალხად მიიჩნეოდა - შთამბეჭდავია ქისტების სახე ვაჟა-ფშაველას პოემებში, სადაც ქისტი და ქართველი მთიელების ურთიერთობებით ღირსეული წინააღმდეგობისა და მეგობრობის მაგალითებია წარმოდგენილი. საერთო კავკასიური წარმომავლობა და ისტორიული გამოცდილება მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართული საზოგადოების მზერას ქისტი თემის მიმართ და ქისტები აღქმულნი არიან , როგორც ქართველების მოძმე ხალხი. აღნიშნული მზერა ერთის მხრივ ემოციური და სასიამოვნოა ქისტებისთვის, თუმცა მეორეს მხრივ აქცევს მათ „შინაურ უცხოდ“ და აფერხებს სამოქალაქო თანასწორობის მიღწევას. აღნიშნული მზერის ნათელი მაგალითია, როცა 21 აპრილს ჰესების საკითხზე დაპირისპირების შემდგომ პანკისში ჩასულმა, დღეს უკვე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ადგილზე შეკრებილ პანკისელ საქართველოს მოქალაქეებს უწოდა „ძმებო“ და ამით მოახდინა ხაზგასმა მათ ეთნიკურ კუთვნილებაზე, ვიდრე მოქალაქეობაზე.

აღსანიშნავია, რომ ჩემი მშობლების თაობაში ქართული საზოგადოება ნაკლებად იყო ინფორმირებული ქისტების შესახებ, ეს თემი წყნარად ცხოვრობდა პანკისის ხეობაში და ყოველდღიურ, ყოფით ჯაფას ეწეოდა. 90-იანი წლებში საქართველოში ომი და ეკონომიკური კოლაფსი ერთმანეთს ასაზრდოებდა, ეს პერიოდი ხასიათდება უკონტროლო ზონებით, ორგანიზებული დანაშაულით, კორუფციით და იმ კრიმინალური კგუფების გაძლიერებით, რომლებმაც მმართველ პოლიტიკურ ელიტაშიც შეაღწიეს [1]. ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე ეს მძიმე ვითარება პანკისზეც მალე აისახა და 90-იანი წლების მიწურულიდან მასმედიაში პანკისი აქტიურად შუქდება. მედიაში ხეობის აქტუალიზება ჩეჩენი ლტოლვილების შემოსვლამაც გამოიწვია. 1999-2002 წლები კი მოინიშნება, როგორც „პანკისის კრიზისი“ და ამ პერიოდიდან იწყება პანკისის დაკავშირება საფრთხესთან. დროთა განმავლობაში იცვლება საფრთხის შინაარსი კრიმინალიდან ტერორიზმამდე, თუმცა უცვლელი რჩება საფრთხედ აღქმა. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ დღეისთვის პანკისის მიმართ დომინანტური მზერა არის უსაფრთხოების მზერა. სიმპტომატურია, რომ ცალკეული პანკისელის კანონდარღვევა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით არ შემოიფარგლება და მორალურ ნაწილში თემს კოლექტიურ პასუხისმგებლობას აკისრებს. ასევე ცალკეული პანკისელის დაკავშირება რადიკალიზმისა და ტერორიზმის საფრთხესთან სრულიად თემს მონიშნავს საფრთხედ, რაც თავის მხრივ ზღუდავს პანკისელების უფლებრივ მდგომარეობას, რესურსებზე წვდომის შესაძლებლობებს, სამოქალაქო ჩართულობას თუ მათ ღირსეულ ყოფას.

ამის საპირისპიროდ, შესამჩნევია პანკისის გაშუქება ან აღქმა მხოლოდ პოზიტიურად, მისი ეგზოტიზაცია. თითქოს უარყოფითი ნარატივის საპირისპიროდ პოზიტივის შესაქმნელად. ეს დამოკიდებულებაც ხშირად აზიანებს თემს. ხეობის რეალური ხედვა და შეფასება იშვიათია.

მესამე ტიპის მზერად შეიძლება მივიჩნიოთ აღქმა იმისა, რომ მუსლიმი არის „სხვა,“ პანკისის ეთნიკურ-რელიგიური სტიგმატიზება იყო ის საფასური, რომელიც საქართველომ „ტერორისტი“ ქვეყნის იმიჯის თავიდან ასარიდებლად გადაიხადა. სტივენ ჯონსის აზრით, თანამედროვე ქართულმა ისტორიოგრაფიამ შექმნა მუსლიმური „სხვა“ და მასთან დაპირისპირებაში განსაზღვრა საქართველო. „პანკისის კრიზისის დროს, ხეობის მუსლიმურ „სხვად“ მონიშვნით და მასთან დაპირისპირებით განისაზღვრა საქართველოს როლი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე [2]. რადგან პანკისი სწორედ საერთაშორისო საფრთხესთანაა დაკავშირებული, ის ხშირად იქცევა პოლიტიკური ვაჭრობის თემად საერთაშორისო არენაზეც, თუმცა რეალურად ეს პოლიტიკა ხშირად პანკისელების სიცოცხლეზე გადის.

  • რადგან პოლიტიკა რეგიონებში ხშირად ეფუძნება იმ შეხედულებებს, რაც დომინანტურ ჯგუფში თემის ან რეგიონის შესახებ არსებობს, რა სახისაა პანკისის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა?

პანკისის შემთხვევაში აშკარაა რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია უსაფრთხოების ხედვაზე. გვახსოვს პანკისში ჩატარებული არაერთი მასშტაბური სპეცოპერაცია. სპეცოპერაციებისა და სადამსჯელო ღონისძიებების გარშემო გაჩენილი კითხვები კი უპასუხოდ რჩება, რაც პანკისელ მოსახლეობაში იწვევს მუდმივი უსამართლობის შეგრძნებას. როდესაც ხეობაში ძალის გამოყენების შემთხვევები ხშირია, ხოლო ძალის გამოყენების ლეგიტიმურობა ვერ მტკიცდება, მოსახლეობაში შიშის და დაუცველობის განცდა იმატებს. როცა კრიმინალი ძალადობს მოქალაქეზე, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს და ის საფრთხისგან დაიცავს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ჩადის უსამართლო ქმედებას და საპასუხოდ პრობლემის არ აღიარების პოლიტიკას ატარებს, ეს მუდმივად იწვევს დაუცველობის განცდას. ეს კი ,თავის მხრივ , პანკისელების უფლებრივ მდგომარეობას ართულებს და იწვევს მოქალაქეთა სახელმწიფოსგან გაუცხოებას. კვლევა [3] [4] აჩვენებს, რომ ქისტების 92% საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს, თუმცა ხელისუფლების მიმართ არსებობს დაახლოებით ისეთივე უნდობლობა, როგორც რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

გარდა ამისა, სახელმწიფო პოლიტიკა მოკლებულია რეალურ ინკლუზიურ პოლიტიკას, არ პასუხობს მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ წუხილებს. ძირითადი სახელმწიფო პროგრამები, რაც ხეობაში ხორციელდება არის კულტურული, ინფრასტრუქტურული, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით. ცხადია, აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია, თუმცა რეალური საჭიროებების უგულებელყოფის ფონზე, მხოლოდ ამ ვიწრო მიმართულებებით შემოფარგვლა, ვერ გამოიწვევს ხეობაში რეალურ პოზიტიურ ცვლილებებს. მოსახლეობის მიერ აქტუალური პრობლემების გაჟღერებისას პოლიტიკოსები ხშირად პასუხისმგებლობას სრულიად იხსნიან და კითხვებზე პასუხს თავს არიდებენ.

  • რა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური გავლენები აქვს არსებულ პოლიტიკას და პანკისზე გაბატონებულ წარმოდგენებს ადგილობრივი თემისთვის?

ზემოთ ჩამოთვლილ დომინანტურ მზერებში აქცენტირება კეთდება განსხვავებებზე, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შიგნით გაუცხოებას და გათიშულობას. ეს აღქმები თითქოს დამოუკიდებელი საქართველოს მძიმე ისტორიული გამოცდილების ანარეკლია. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა იყოს ინკლუზიური, მიმართული იყოს ერთიანი ეროვნული ინტერესების, სივრცის ფორმირებაზე, მოქალაქეთა თანასწორობასა და ზრუნვაზე, ის თავდაცვით რეჟიმშია და ახალისებს უნდობლობას და შიდა გაუცხოებას. ამას გარდა, პანკისის საფრთხედ აღქმამ ქისტები თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა და მათ მუდმივად უწევთ აქცენტირება და მტკიცება იმისა, რომ მათ საქართველო ძალიან უყვართ, რომ პატრიოტები არიან. სხვა სიტყვებით, მსხვერპლს უწევს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ცხოვრება და არა პირიქით.

უსაფრთხოების პოლიტიკაზე დაფუძნებული მზერა არა მხოლოდ რეპრესიული პოლიტიკით გამოირჩევა, არამედ უხეშად ერევა თემის შიდა სოციალურ ქსოვილში. ის ახდენს თემის დაყოფას მათი რელიგიური წარმოდგენების მიხედვით საშიშ და ნაკლებად საშიშ მუსლიმებად, მოკავშირედ ირჩევს რომელიმე მათგანს, რომელსაც მიაწერს უფრო „პროგრესულის“ და „განვითარებულის“ სახელს, ხოლო დანარჩენი მუსლიმები „ჩამორჩენილებად“ მოიხსენებიან. ეს, თავის მხრივ , ახალისებს შიდა გაუცხოებას, თუმცა ბოლო პერიოდში პანკისელებმა არაერთ საკითხზე მოახერხეს გაერთიანება და ერთობის დემონსტრირება. მათ შორის, შექმნეს არაფორმალური გაერთიანება „სახალხო კრება,“ სადაც ახალგაზრდები და უხუცესები გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკოსები პანკისის მოსახლეობასთან ურთიერთობის უფრო მეტად დახურულ და არადემოკრატიულ ფორმებს იყენებდნენ, რაც პროცესს გაუმჭვირვალეს და ბუნდოვანს ხდიდა. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ადგილობრივი აქტივისტების და მოსახლეობის მხრიდან ღიაობის, მეტი გამჭვირვალობის და დემოკრატიული ფორმების მხარდაჭერა. ბოლოს, კი უნდა აღინიშნოს რომ პანკისის ხეობაში დაგროვილი მძიმე გამოცდილება, სახელმწიფოს უხეში ჩარევა სოციალურ ყოფაში, დაგროვილი დაუცველობის და უსამართლობის განცდა უბიძგებს ახალგაზრდებს მიგრაციისკენ, რისი მაღალი მაჩვენებელიც ფიქსირდება დღეს ხეობაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“