საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ულოცავს ქართულ საზოგადოებას ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გაცემულ დადებით რეკომენდაციას და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებს. ევროპულმა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით გასცა დათქმით, რომელიც მოიცავს 12 პრიორიტეტის ქვეშ განახლებული რეკომენდაციების ჩამონათვალს და რომელიც 2024 წლის შემოდგომისთვის უნდა შესრულდეს, რათა ევროკავშირმა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი გახსნას. ამ პირობებში არსებითია საქართველომ უზრუნველყოს აღნიშნული რეკომენდაციებისა და პირობების რეალური შესრულება.
ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული პირველი ყოველწლიური გაფართოების ანგარიში საქართველოზე, დეტალურად აღწერს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობას და შემდგომ რეკომენდაციებს. ამასთან, კომისია საუბრობს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლის განმავლობაში შეიქმნა და მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკურ კრიტერიუმებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ქვეყანაში.
ევროპული კომისია მიესალმა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას ისახავდა მიზნად. კერძოდ, კომისიის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლითაც „პერსონალიზებული“ მიდგომა სისტემურით შეიცვალა; შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო; საქართველომ გააძლიერა საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში; მედიის თავისუფლების მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი; პარლამენტმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში; დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; საქართველომ მიიღო საკანონმდებლო აქტები და პოლიტიკის დოკუმენტები ქალთა მიმართ ძალადობაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მხედველობაში მიღებით; აირჩა ახალი სახალხო დამცველი. კომისიის შეფასებით, მიღებულ იქნა პოზიტიური ცვლილებები კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც ეხება სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე საარჩევნო სისტემას.
აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, ევროკომისიამ ვრცლად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზეც. კომისიის შეფასებით, ზოგადად, საკანონმდებლო ჩარჩო, ინსტიტუციური მოწყობა და ცოცხალი სამოქალაქო სექტორი განაპირობებს საქართველოს გარკვეულ მზაობას შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისათვის. თუმცა, მიმდინარე რეფორმის პროცესი გართულდა განგრძობითი პოლიტიკური დაძაბულობის, ღრმა პოლარიზაციის, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ეროვნული ინტერესებისათვის არსებით საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის სირთულეების გამო. ამასთან, კომისიამ ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე სამუშაო პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობაზე, რომელიც უმეტესწილად მმართველი გუნდის მიდგომებით იყო გამოწვეული. მათ შორის, აღსანიშნავია 2023 წლის მარტის მოვლენები “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელმაც, კომისიის მითითებით, გააღრმავა სამოქალაქო სექტორის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ და რეფორმებზე კონსულტაციების პროცესი დააბრკოლა.
ევროპული კომისია აღნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიზნით გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების (მაგ. საპარლამენტო ბოიკოტის დასრულება და ზოგიერთი საკანონმდებლო ინიციატივის მრავალპარტიული მხარდაჭერა) მიუხედავად, მწვავე რიტორიკა და ყალბი ინფორმაცია კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. შესაბამისად, კომისიის რეკომენდაციით, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ინკლუზიური კონსულტაციები უნდა გაღრმავდეს. კომისია ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ფართო კონსენსუსის შექმნაში აქტიური წვლილი უნდა შეიტანონ.
რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირების და საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას, კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წინა არჩევნებთან მიმართებით, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით და ასევე გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოსაზრებები დროულად, მომავალი არჩევნების ჩატარებამდე.
მართლმსაჯულების რეფორმებთან დაკავშირებით, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებმა არ მოიცვა ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კვლავ დღის წესრიგში დგას შემდგომი და გაცილებით ყოვლისმომცველი რეფორმები, რომლებიც სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუტების სრულ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.
კომისიამ ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის პროცესზე და ხაზი გაუსვა ამ პრობლემის მიმართ ხელისუფლების მიერ არჩეული სისტემური მიდგომის უპირატესობებს. თუმცა, კომისიის მოწოდებით, აუცილებელია სამოქმედო გეგმის შემდგომი დახვეწა და მისი განხორციელება, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი ინტერესებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებზე მათი საზიანო გავლენის გამოწვევასთან გამკლავება.
ანტიკორუფციული სააგენტოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის ნაწილში კომისია აღნიშნავს, რომ უნდა გაიზარდოს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და ფუნქციები, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული საქმეების განხილვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კომისია რეკომენდაციას უწევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატის შესაბამისი რესურსებით აღჭურვასა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ამ მიმართულებით, კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს 2022 წლის ODIHR-ის რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და გადახედოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონმდებლობას ვენეციის კომისიის მომავალი რეკომენდაციების შესაბამისად.
ბოლოს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ევროკომისიამ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე და მიუთითა, რომ სოციალურ უფლებებზე გარკვეული პოზიტიური ელემენტების არსებობის მიუხედავად, სტრატეგიაში მნიშვნელოვანი პრობლემები რჩება, განსაკუთრებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის მიმართულებით. ამასთან, კომისიამ მიუთითა მედია გარემოში არსებულ პოლარიზაციასა და მტრულ გარემოში მუშაობის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს კრიტიკული მედიის საქმიანობაზე. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს, რომ გააგრძელოს მუშაობა მედია-მარეგულირებლის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ და იზრუნოს მედია-სექტორთან ნდობის განმტკიცებაზე. ევროკომისია ხაზს უსვამს ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან ან მათ მიმართ განხორციელებულ მუქარის შემთხვევებთან დაკავშირებული საქმეების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მნიშვნელობას.
უმცირესობების/მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მსჯელობისას ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოში შეკრების უფლების რეალიზების მიმართულებით კვლავაც არსებობს გამოწვევები და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები დაუცველ მდგომარეობაში არიან. კომისიამ უარყოფითად შეაფასა “შეკრებებისა და მანიფესტაციების” კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს გამოძიება 2021 წლის 5-6 ივლისს Tbilisi Pride-ის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმის საქმეზე. გენდერულ თანასწორობის ნაწილში ევროკომისია მიუთითებს, რომ გაუპატიურების საკანონმდებლო დეფინიცია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სტამბოლის კონვენციასთან (თანხმობის არარსებობის ნაწილში), აგრეთვე უნდა გადაიდგას ნაბიჯები ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე შეფასებულია საქართველოს მუშაობა საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით და კომისია მიიჩნევს, რომ ამ კუთხით შეზღუდული პროგრესი იქნება მიღწეული. ევროკომისიის მიერ კრიტიკულად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის შეზღუდვებს (სანქციებს) რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, საჰაერო სივრცის დახურვის ნაწილში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველო შეუერთდა საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს, თუმცა, საქართველო არ შეუერთდა შეზღუდვებს რუსეთისა და ბელორუსიის წინააღმდეგ და არც ამ საკითხზე ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ევროკომისიის თქმით, ბოლო წელს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს შესაბამისობა არ გაუმჯობესებულა და ძირითადად იგივე დარჩა (44% 2022 წელს, 43% 2023 წლის აგვისტოში).
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ევროპულმა კომისიამ საქართველოს მისცა შემდეგი რეკომენდაციები შესასრულებლად:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ მიესალმება ევროპული კომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მოუწოდებს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას გადადგას რეალური და ქმედითი ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მიზნით. ასევე არსებითია, პოლიტიკურმა პარტიებმა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობები და როლი ამ პროცესის ხელშეწყობისთვის.
ინსტრუქცია