საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბიოლოგიური მრავალფეროვნება არის დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნება - გენების, სახეობებისა და ეკოსისტემების დონეებზე. ბიომრავალფეროვნების სამივე დონე ძალზე ღირებულია და ამავდროულად, მჭირდოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (ტყე, სანადირო სახეობები, თევზები, სამკურნალო მცენარეები და სხვ.) გამოყენებისას, ან მათზე ზეგავლენის მქონე ეკონომიკური საქმიანობების დაგეგმვისას, ყურადღება უნდა მიექცეს ბიომრავალფეროვნების ყველა დონეზე დაცვასა და შენარჩუნებას.
ადამიანები დამოკიდებულნი არიან ეკოსისტემების სიჯანსაღეზე და მათ „გამართულ“ ფუნქციონირებაზე. იმ პირდაპირ და არაპირდაპირ წვლილს, რომელიც ეკოსისტემებს შეაქვთ ადამიანის კეთილდღეობის საქმეში, შესაბამის სამეცნიერო, ასევე პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში „ეკოსისტემური სერვისები“ ეწოდება. ზოგიერთი ეკოსისტემური სერვისი ადვილად აღსაქმელია - მაგალითად, ტყე გვამარაგებს შეშით, სამასალე მერქნით, კენკრით, ხილით, სამკურნალო მცენარეებით და ა.შ. ერთი შეხედვით ნაკლებად შესამჩნევია სხვა ეკოსისტემური სერვისები, როგორიცაა ეროზიის პრევენცია, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შემცირება, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის კონტროლი და ა.შ. თუმცა, ეს არის სარგებელი, რომელსაც ვღებულობთ ეკოსისტემის მიერ სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესის რეგულირების შედეგად და მათმა დაკარგვამ ან შემცირებამ, გარემოზე მიყენებული ზიანის გარდა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.
ხშირად, გარემოს და ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია-განადგურება ეკონომიკური სარგებლის მიღების გამო ხდება: ჭრიან ტყეებს, რათა მასალის გაყიდვით შემოსავალი მიიღონ; ცხოველებს კლავენ ხორცით, ტყავით, ეშვებით ვაჭრობისათვის; ბუნებრივი ლანდშაფტებს აქცევენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად; წიაღის მოსაპოვებლად პირწმინდად იღებენ მცენარეულ და მიწის საფარს; ელექტროენერგიის მისაღებად მდინარეებს აგუბებენ, მილებში აქცევენ და ხეობას უწყლოდ ტოვებენ და ა.შ. ვინაიდან მიზეზი, რომელიც საფუძვლად უდევს გარემოს განადგურებას, ხშირად ეკონომიკურ ხასიათს ატარებს, ბუნების დაცვასთან დაკავშირებულ კვლევებსა და რეკომენდაციებში საჭიროა ეკონომიკური მეთოდების გამოყენება[1]. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება სწორედ ეკოსისტემური სერვისებისა და ბიომრავალფეროვნების ღირებულების ეკონომიკური შეფასება წარმოადგენს.
გაეცანით მიმოხილვის სრულ ვერსიას ⇓
ინსტრუქცია