საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არსებული მანგანუმის საბადოები გამოირჩევა მადნის მაღალი ხარისხით, დიდი სამრეწველო მარაგით და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობით. ჭიათურის საბადოს ექსპლუატაცია ჯერ კიდევ 1879 წელს დაიწყო. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა არაერთი საქმოსანი, რომელიც იჯარით ან შესყიდვის გზით ცდილობდა ხელში ჩაეგდო მადნიანი მიწის ნაკვეთები. მსოფლიო ბაზარზე მანგანუმზე მოთხოვნილების ზრდის გამო, მადნის მოპოვება ჭიათურაში სწრაფად გაფართოვდა. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ჭიათურაში მძლავრად იყო წარმოდგენილი ფრანგული და ინგლისური კაპიტალი, შემდგომ გამოჩნდა გერმანული კაპიტალი. რუსული სამრეწველო კაპიტალი კი ჭიათურაში XIX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს გაძლიერდა. ამ დარგს რუსეთი მხოლოდ თავისი ვიწრო ფისკალური და მეტროპოლიის (ნიკოპოლის) მარგანეცის მრეწველობისათვის მფარველობის ინტერესით უდგებოდა და ჭიათურის მარგანეცის მრეწველობის წინსვლას შეგნებულად აბრკოლებდა.
საბჭოთა რუსეთის მიერ კავკასიის ანექსიის შემდეგ, ლენინის მთავრობამ აქტიურად დაიწყო კავკასიის ქვეყნების ეროვნული სიმდიდრეების ათვისება. 1921 წლის 30 მარტს, ანუ საქართველოს სრული ანექსიიდან მალევე, ლენინი პოლიტბიუროს სახელით აგზავნის თბილისში დეპეშას: ”... ყველნაირად ეცადეთ განაახლოთ ძველი კონცესიები, რაც შეიძლება სწრაფად და ყველა საშუალებების გამოყენებით შეეცადეთ გასცეთ ახლები...”. ”ჩვენ [საბჭოთა რუსეთს] გვჭირდება ბაქოს ნავთობი და საქართველოს მანგანუმი - ლენინი, 1921 წ”.
საბჭოთა წლებში ჭიათურა მანგანუმით ამარაგებდა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ფოლადის მწარმოებელ ქარხნებს. წლების განმავლობაში მანგანუმის ინტენსიური მოპოვების მიუხედავად, დღესაც, სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, ჭიათურაში მანგანუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია ევროპაში და დაახლოებით 215 მილიონ ტონას შეადგენს...
გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას ⇓
ინსტრუქცია