საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
3 წელია აქტიურად ვმუშაობ პანკისელ (და არამარტო) ახალგაზრდებთან, ძირითადად დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან, მათ ვეხმარებით სასაუბრო ინგლისურის გაძლიერებასა და მათემატიკის შესწავლაში. ყოველ წელს, საშუალოდ, პანკისის ჯგუფს 3-4 მოსწავლე ტოვებს, მიზეზი ერთია - საზღვარგარეთ მიგრაცია. ხეობის საჯარო სკოლებში კიდევ უფრო მძიმე სურათია, რადგან ყოველწლიურად მცირდება კლასებში მოსწავლეების რაოდენობა. ერთ-ერთ სკოლაში წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, როდესაც რამდენიმე წლის წინ მათი რაოდენობა ათზე მეტი იყო. სამი სკოლა დამთავრებულიდან მხოლოდ ერთი გავიდა ეროვნულ გამოცდებზე, დანარჩენი ორი საზღვარგარეთ აპირებს წასვლას ოჯახთან ერთად. ამ დღეებშიც ერთ-ერთი სოფლიდან რვა შვილიანმა ოჯახმა დატოვა ხეობა და ჩათვალეთ მომავალ სასწავლო წელს ამ სკოლას მინიმუმ რვა მოსწავლით ნაკლები ეყოლება.
ყველაზე მტკივნეული მაინც ის არის, რომ ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები ტოვებენ პანკისის ხეობას და ქვეყანას. ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას ხშირად გაიგონებთ ფრაზას „ჰუონ დეცი ქხი ვახ დაგ?“ - შენ არ აპირებ წასვლას? იმდენად მასობრივი ხასიათი აქვს მიგრაციას მიღებული, მოლოდინი გაქვს, რომ ისიც შეიძლება წავიდეს. თითქოს, ეს ბუნებრივი პროცესია, ეს ასეც უნდა იყოს. ცხოვრობ პანკისის ხეობაში, ამთავრებ სკოლას, აბარებ უნივერსიტეტში, იღებ დიპლომს, შემდეგ ბრუნდები ხეობაში და ერთადერთი რაც გრჩება არის ქვეყნიდან წასვლა.
მიგრაციის პრობლემა მთლიანად ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ ისეთ პატარა თემებში, როგორც პანკისი და ეთნიკურად ქისტები არიან ის უფრო თვალსაჩინოა და მწვავედ აღიქმება.
მასობრივი გადინების მიზეზები ბევრია. ეს შეიძლება იყოს როგორც ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ასევე ისეთი გამოწვევები, რომლებიც უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, მათ შორის პანკისის ხეობას ახასიათებს.
მთავარი გამომწვევი მიზეზი არის უმუშევრობა, რომელიც ზოგადად საქართველოს რეგიონების პრობლემაა. იმისათვის, რომ უფრო ცხადად წარმოვიდგინოთ თუ რა ვითარებაა უმუშევრობის კუთხით გეტყვით, რომ ხეობის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოციალური შემწეობის მიმღებია.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თბილისიდან დაბრუნებული სტუდენტისთვის ძალიან რთულია საკუთარი თავის რეალიზაცია. კერძო სექტორებიდან ერთადერთი, რომელსაც ხეობაში პერსპექტივა გააჩნია არის ტურიზმი. ადგილზე წარმატებით ფუნქიონირებენ საოჯახო სასტუმროები, საცხენოსნო თუ საფეხმავლო ტურები, მაგრამ ესეც სეზონურია და ყველა ტურიზმით ვერ დაკავდება. რჩება საჯარო სექტორი, მაგრამ აქ დასაქმების ერთადერთი შესაძლებლობა არის სკოლები და საბავშვო ბაღები. თუ შენ კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდა ხარ და ხმამაღლა საუბრობ ხეობაში არსებულ გამოწვევებზე, სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემებზე მაშინ იქ დასაქმებაც პრობლემას წარმოადგენს, რადგან საჯარო სექტორში დანიშვნა არდანიშვნის საკითხი წყდება არა შენი კვლაფიკაციით და გამოცდილებით, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალურობით.
მივედით სახელმწიფო პოლიტიკამდე, რომელიც მთლიანად უსაფრთხოებაზე და კონტროლზე არის დაფუძვნებული. სწორედ სახელმწიფო პოლიტიკა ხდის რეალურად იძულებულს ახალგაზრდებს, რომ ქვეყანა დატოვონ. სახელმწიფო ქისტებს პირველ რიგში უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს და არა მოქალაქეობრივ ჭრილში, და გასაგებია, რომ შესაბამისი დამოკიდებულებები უჩნდებათ მოქალაქეებსაც. ხელისუფლების წარმომადგენელები ქისტების მიმართ დამოკიდებულებებში ხშირად გამოიყენებენ ტერმინებს „მოძმე ერი“, „ჩვენი ძმები“, რაც ასევე გვაშორებს მოქალაქეობრივ გაგებას.
უსაფრთხოების გარემოს პარალელურად პანკისელების ემიგრაციაში წასვლაზე ასევე დიდ როლს თამაშობს დაუსჯელობის გარემოც. როდესაც უყურებ სახელმწიფო პოლიტიკას, სადაც ადამიანის დასჯა დანაშაულის მიხედვით კი არ ხდება, არამედ იმის მიხედვით გყავს თუ არა ვინმე ზემდგომ ორგანოებში, თავს დაცულად ვერ იგრძნობ მსგავსი ფაქტების შემხედვარე, ამიტომაც ხშირად მშობლები თვითონ მოუწოდებენ საკუთარ შვილებს, რომ წავიდნენ ქვეყნიდან და თავი უსაფრთხო ქვეყანას შეაფარონ, სადაც თავს მინიმუმ დაცულად იგრძნობენ.
უნდა აღინიშნოს რომ მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად პანკისელები არასდროს არ ყიდიან კუთვნილ ბინებს ემიგრაციაში წასვლამდე ან შემდეგ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი დროებით მიდიან და არა სამუდამოდ. პირიქით საზღვარგარეთ წასული პანკისელები ფულს აგზავნიან და ცდილობენ რომ ხეობაში არსებული სახლები მაქსიმალურად გამართონ, რადგან მათი უპირობო მიზანი მაინც არის დაბრუნება საკუთარ სახელმწიფოში, საკუთარ მიწა-წყალზე და აქ ცხოვრების გაგრძელება. ემიგრაციაში წასული პანკისელები არ კარგავენ ერთმანეთთან კავშირებს, იქაც ჩვეულებრივად აგრძელებენ ურთიერთობებს, შეიძლება ითქვას, უფრო აქტიურადაც, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი მეობის შენარჩუნება და ეს წარმოუდგენელია საკუთარ თემთან მუდმივი კომუნიკაციისა და ურთიერთობის გარეშე.
ყველაზე მძიმე მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება მიგრაციამ გამოიწვიოს, პირველ რიგში არის ხეობის დაცლა, განსაკუთრებით ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდებისგან და მეორე, ბავშვებისა და ზრდასრულების ფისიქიკური მდგომარეობის შერყევა რაც დაკავშირებულია უცხო ქვეყანაში, სხვა კულტურის და ღირებულებების მატარებელ ქვეყნებში წასვლასთან და ადაპტაციასთან, სადაც ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო და ან გაგიმართლებს იქ და ან არა.
ჩემი მხრიდან, პირველ რიგში, სახელმწიფოს მივცემდი რეკომენდაციას, რომ ეთნიკური ქისტების მიმართ არსებულისგან განსხვავებული დამოკიდებულებები ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია ჩვენი თემი მოქალაქეობრივ ჭრილში იყოს დანახული და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ჩვენთვის თანასწორი, უსაფრთხო და ღირსეული გარემოს შექმნას. ვფიქრობ, რომ სრულყოფილი ინტეგრაცია, სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეების აღქმა ბევრად უფრო შეუწყობს ხელს მოსახლეობის გადინების შეჩერებას. ეთნიკურად ქისტ მოსახლეობას კი ვურჩევდი, რომ უფრო მეტად იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის, ეცადონ რომ რაც შეიძლება მეტი სტერეოტიპი დაამსხვრიონ, ადგილობრივად ეცადონ რომ ცვლილებები განახორციელონ, თვითონ შექმნან სამუშაო ადგილები, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმეებმა და ა.შ. რადგან სწორედ ახალგაზრდები არიან ის ძალა, რომლებსაც შეუძლია ბევრი რამის შეცვლა უკეთესობისკენ. შესაბამისად, უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რომ ადგილზე მყოფი ახალგაზრდები რამით დავაინტერესოთ და ყველას გაქცევაზე არ ეჭიროს თვალი, ხოლო იმ ახალგაზრდებს, ვინც უკვე დატოვა ქვეყანა, სამშობლოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს, რადგან თითქმის ყველა ემიგრანტი იმ იმედით მიდის რომ მალე დაუბრუნდება სამშობლოს, არავის არ აქვს იმედი რომ ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. თითქმის ყველას მიზანი ის არის რომ წავიდეს, დააგროვოს გარკვეული დანაზოგი თუნდაც სახლის ასაშენებლად პანკისში, ან რაიმე მცირე ბიზნესის დასაწყებად, რომ ისევ აქ გააგრძელონ ცხოვრება. არ მეგულება ქისტი, რომელიც მიდის იმ მიზნით რომ დარჩეს უცხო ქვეყანაში, ყველა ემიგრანტის სურვილია რომ ნორმალურ, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში იცხოვრონ და არ უწევდეთ სხვა ქვეყნებში თავშესაფრის და ხსნის ძიება.
ინსტრუქცია