საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დოკუმენტში გაანალიზებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ხედვები/წინასაარჩევნო პროგრამები მართლმსაჯულების საკითხებზე. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში განხილულია პარტიების ხედვები და სტრატეგიები სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმებზე, სამართალდამცავ ორგანოებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირებასა და ნარკოპოლიტიკის საკითხზე.
ზოგად გამოწვევას წარმოადგენს ჩამოთვლილ საკითხებზე არგუმენტირებული, რეალისტური და კონკრეტული გეგმებით გამყარებული იდეების დეფიციტი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში და სამართალდამცავ ორგანოებში არსებული სისტემური პრობლემები მუდმივად არის პოლიტიკური დღის წესრიგის წამყვანი თემები, პოლიტიკური პარტიები მხოლოდ მსხვილ მიმართულებებს ასახელებენ, რომლებზეც ახალი მოწვევის პარლამენტში აპირებენ მუშაობას. აღნიშნული ხედვები მოკლებულია დეტალურ გეგმებს, სადაც გაწერილი იქნებოდა მათი განხორციელება დროში, აგრეთვე მითითებული იქნებოდა ამისათვის საჭირო ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე. გარდა ამისა, წარმოდგენილი ხედვები რიგ შემთხვევაში ფრაგმენტულია და მათგან გამორჩენილია რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა. მაგალითად, სასამართლოს თემატიკაზე, არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ საუბრობს უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების მომავალზე, ნაკლები აქცენტია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაზე, ზოგადად იგნორირებულია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხი. ყურადღების მიღმაა დარჩენილი საპროკურორო საბჭოს მომავალი, რომელიც არსებულ კონსტიტუციურ მოწყობაში, უნდა იყოს პროკურატურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გარანტი. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ პარტიების ხედვებში სრულიად იგნორირებულია ნარკოპოლიტიკის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ არსებული პოლიტიკა კვლავაც ინარჩუნებს რეპრესიულ და უსამართლო ხასიათს და ნარკოტიკული დანაშაულისთვის კვლავაც უამრავი მოქალაქე იხდის დისპროპორციულად მკაცრ სასჯელს.
განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს „ქართული ოცნება“, რომლის წინასაარჩევნო პროგრამა, როგორც წესი, უზოგადესია და აქედან კონკრეტული ხედვების, ან გეგმების ამოკითხვა შეუძლებელია. გამონაკლის შემთხვევებში კი პარტიის პროგრამა საუბრობს ფრაგმენტულ მიმართულებებზე, მაგალითად სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში მართლმსაჯულების სწრაფად და ხარისხიანად უზრუნველყოფაზე, ისე, რომ პარტიის ხედვებში არაფერია აღნიშნული მართლმსაჯულების მიმართულებებით არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე. ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ პრობლემის არაღიარების სტრატეგიას ირჩევს და ეს მიდგომა ვრცელდება როგორც სასამართლო, ისე სამართალდამცავ სისტემაში და უსაფრთხოების სამსახურში არსებულ გამოწვევებზე.
შეფასება სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში
ინსტრუქცია