საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ლგბტ მოძრაობა (ანუ ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაციების, არარეგისტრირებული ჯგუფებისა და ინდივიდუალური აქტივისტების ერთობლიობა) საქართველოში 11 წელს ითვლის და მის ცენტრს თავიდანვე არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. ისინი ადგენდნენ თემის წევრებთან მეტნაკლებად შეთანხმებულ დღის წესრიგს და ისინი იყვნენ და არიან თემის ყველაზე ხილვადი წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე დისკუსიისათვის სივრცის გახსნა, გარკვეული სამართლებრივი წარმატებების მიღწევა, თემის საწყისი მობილიზება და მისი უზრუნველყოფა საბაზისო სერვისებისა და რესურსების ნაწილით, უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში, მათ მიმართ თემის წევრებისა და მოძრაობის სხვა აქტორების მხრიდან კრიტიკა უფრო და უფრო ხშირად ისმის. ეს კრიტიკა, ერთი მხრივ, „ენჯეოების“ წარმატებული მუშაობის შედეგიცაა იმიტომ, რომ მათ ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი აქტივისტების გაძლიერებასა და მნიშვნელოვანი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვაში. მეორე მხრივ კი, კრიტიკა გამოწვეულია მათი დღის წესრიგის ნაწილობრივი აცდენით თემის საჭიროებებთან, კომუნიკაციის ნაკლებობით თემის გარკვეულ სეგმენტებთან და ამ სეგმენტების არათანაბარი რეპრეზენტაციით მოძრაობაში.
მსგავსი კრიტიკა მნიშვნელოვანია და მიგვანიშნებს, რომ ლგბტ მოძრაობა საქართველოში იმ საკვანძო მომენტს მიუახლოვდა, როდესაც მასში შემავალმა ერთეულებმა უნდა იმსჯელონ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა, ვინ ქმნის მოძრაობაში დღის წესრიგს და რატომ? როგორ შეიძლება ეს დღის წესრიგი გახდეს არა იმდენად რეაქციული (როგორიც დღესაა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჰომოფობიის გამწვავების გამო), არამედ გრძელვადიან ცვლილებებზე უფრო მეტად ორიენტირებული? მსგავსი მსჯელობის დაწყებას დღეს შემდეგი წინაპირობები აქვს: გაიზარდა ლიბერალური პოლიტიკური პარტიების დაინტერესება თემის პრობლემებით, მედიასივრცესა და სხვა სფეროებში (როგორიცაა სპორტი) გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ხმამაღლა აკრიტიკებს ჰომოფობიას, მოხდა ლგბტ მოძრაობაში შემავალი აქტორების გამრავალფეროვნება და მათი მონაწილეობით შედგა უფრო ფართო დისკუსია 17 მაისის მნიშვნელობის გარშემო. ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოების და მთავრობის სხვადასხვა უწყების მხრიდან დაიწყო ჰომოფობიური განწყობების მზარდი გამოვლენა და გააქტიურდნენ მემარჯვენე ჯგუფები, რომელთა დღის წესრიგშიც გენდერის და სექსუალობის საკითხები სტაბილურად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს. მოვლენების მსგავსი განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება უზრუნველვყოთ ძალაუფლების და რესურსების ისეთი გადანაწილება, რომ ისინი ლგბტ თემის ფარგლებში იდენტიფიცირებული ყველა ჯგუფისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რომ თემის წევრებს ჰქონდეთ საკუთარი ხმის გაჟღერების მოტივაცია და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა სტრატეგიულად იყოს მიმართული უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
წინამდებარე სტატიაში შევეცდები, გავაანალიზო საქართველოში ლგბტ მოძრაობის განვითარების ეტაპები, მთავარი მიღწევები, კრიტიკა და წინააღმდეგობები, რომელიც მის წინაშე დგას. სტატიის ერთ-ერთი მიზანი არის იმ სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების გაანალიზება, რომელსაც ქართული ლგბტ მოძრაობა დღეს იყენებს ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან გასამკლავებლად. ჩვენ შევეცდებით, ვაჩვენოთ რითია ნაკარნახევი კონკრეტული დღის წესრიგი, რამდენად ასახავს იგი თემის საჭიროებებს და რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისთვის, რომ მივიღოთ მეტად თანმიმდევრული და მრავალმხრივი სტრატეგია და მის გარშემო მობილიზებული მოძრაობა, რომელიც იქნება არა უნიფორმული, არამედ მეტი გადაკვეთის წერტილის შემცველი მასში შემავალ ჯგუფებსა და ინდივიდებს შორის.
გაეცანით სტატიის სრულ ვერსიას⇓
ინსტრუქცია