[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

ქვეყანაში მედიის მდგომარეობა გაუარესებულია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და მედიის წარმომადგენლების წინაშე მწვავედ დგას უსაფრთხოების, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედია ლანდშაფტი გასულ წელთან შედარებით გაუარესებულია. ანგარიშის თანახმად, მედია მდგომარეობის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა. ეს მაშინ, როდესაც  2021 წლის ანგარიშით,  საქართველო 60-ე ადგილზე იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია, თუმცა, მედიაგარემო ძლიერაა პოლარიზებული, რაც უმეტესად იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანა ამჟამად ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია.  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიების მიერ მედიის მფლობელობას,  ძირითადად, თითოეული მედიის მფლობელი ღიადაა დაკავშირებული ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რაც მედიის სარედაქციო პოლიტიკაზეც აისახება.  კრიზისული პოლიტიკური გარემო კი მეტად ამწვავებს სატელევიზიო მაუწყებლების კონტროლის, სარედაქციო პოლიტიკის ერთპიროვნული განსაზღვრის პრობლემასა და შესაბამისად, პოლარიზაციას, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც ხელისუფლებას აქვს გაცხადებული ნება იმისა, რომ აკონტროლოს დამოუკიდებელი ტელევიზიები და სხვა მედია საშუალებები.[1]

ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზება ნეგატიურ გავლენას ახდენს მედიის უსაფრთხოებაზეც. კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოხატული მტრული პოლიტიკური რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან, ხშირად ჟურნალისტების მიმართ აგრესიული თავდასხმებისა და  საქმიანობის ხელშეშლის მიზეზი ხდება (მაგალითად, 2023 წლის 29 აპრილი - თავდასხმა ტვ პირველის ჟურნალისტებზე, 2023 წლის 15 მარტი - მუქარის ფაქტები ნატო გოგელიას და მისი ოჯახის წევრების მიმართ; 2022 წლის 24 ივნისი - თავდასხმა ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე; 2022 წლის 18 მარტი - თავდასხმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ზუგდიდის კორესპონდენტზე, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორზე). სამწუხაროდ, ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტები ბოლო წლებში ეფექტიანად გამოძიებული არ არის და დაუსჯელობის კლიმატი მათ უსაფრთხოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამ კუთხით განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი, 2020 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე პროკრემლისტური ძალადობრივი ჯგუფების ძალადობის ფაქტების გამოძიების საქმეს, რომელზეც მასობრივი ძალადობის ორგანიზატორებს რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დაკისრებია. პრობლემაა ოპოზიციური ტელევიზიების მენეჯერებისა და მესაკუთრეების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეები, რომელიც ხშირად დაუსაბუთებელია და მედიაორგანიზიციებზე კონტროლისა და მათი დასუსტების მიზანს უფრო ატარებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ნიკა გვარამიას საქმე. გვარამია აშკარად დაუსაბუთებელი განაჩენის საფუძველზე ამ დრომდე პატიმრობაშია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით, ევროკომისიამ მოუწოდა ქვეყანას, „გადადგას უფრო ქმედითი ნაბიჯები თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად; განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა განხორციელდეს უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად, ასევე მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების დაწყებით ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების წინააღმდეგ მიმართული მუქარის შემთხვევებში.[2]

ცალკე უნდა აღინიშნოს ჟურნალისტების კომუნიკაციის დაცულობისა და უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კრებსების გასაჯაროვების შემდეგ. აღნიშნულ საქმეზე 50-მდე ჟურნალისტს აქვს დაზარალებულის სტატუსი და როგორც გავრცელებულმა ინფორმაციამ აჩვენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს უკანონოდ მასობრივად უსმენდა, რაც მძიმე გავლენას ახდენს მათი კომუნიკაციისა და წყაროს დაცულობაზე.

მედიისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,  ჟურნალისტების მხოლოდ 12%-მა შეძლო საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში სრულყოფილი სახით მოპოვება. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები საფრთხეს უქმნის მედია საქმიანობის ეფექტიანობასაც.

მედიის წინაშე მწვავედ დგას ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და მდგრადი რესურსების არქონის საკითხი. „დოიჩე ველლე აკადემიის“ მიერ 2023 წლის მარტში გამოქვეყნებულ კვლევაში ხაზია გასმული იმ ფაქტზე, რომ ქართული მედია რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მუშაობს. გამოკითხულმა ჟურნალისტებმა თავიანთი მედიაგამოცემების ცუდი ფინანსური მდგომარეობის ერთ-ერთ მიზეზად სუსტი სარეკლამო ბაზარი დაასახელეს. „დოიჩე ველლე“ აღნიშნავს, რომ დღევანდელ დღეს საქართველოში არცერთი ტელევიზია არ არის ფინანსურად თვითკმარი. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა იმ მედიებისათვის, რომელიც არ არის აღქმული, როგორც პროსახელისუფლებო. არაერთი გამოკითხულის აზრით, არასაკმარისი შემოსავლები სარეკლამო რგოლებიდან ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანიები რეპრესიების შიშით თავს არიდებდნენ რეკლამის განთავსებას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიაში.[3]

საინტერესოა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი შეტყობინება მიიღო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, ჟურნალისტების მიმართ საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმებისა და ამგვარად, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესის შესაძლო დარღვევების შესახებ. ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 2023 წლის აპრილის თვეში პარლამენტის მიერ კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ფაქტი, ასევე  თვითნებური გადაწყვეტილებები, როცა უწყებების წარმომადგენლები კონკრეტულ შენობებში ჟურნალისტებს დაშვების უფლებას არ აძლევენ.

სახალხო დამცველმა მის წლიურ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, კრიტიკულად განწყობილი მედიისა და მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში არაერთი სარჩელი შევიდა ცილისწამების საფუძვლით.  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ცნობით, 2022 წელს, ასეთი სარჩელების რაოდენობამ 32-ს მიაღწია. მათი ინიციატორები, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები იყვნენ. ასეთი საქმეების ფარგლებში ჩნდება ეჭვები, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები უმთავრესად ემსახურება გავლენიანი პირების მიერ მედიის გადაღლას, მათთვის ფინანსური თუ ფსიქოლოგიური რესურსის გამოცლას, დაშინებას და არა, დარღვეული უფლების აღდგენას.

ცალკე უნდა აღინიშნოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებით კი აჭარის მაუწყებელში 2020 წლიდან კრიტიკული ჟურნალისტების, რედაქტორებისა და სხვა დასაქმებული პირების დევნისა და სამსახურიდან გათავისუფლების უკანონო პრაქტიკა[4], რომელიც მიმდინარე წელს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ასევე დადასტურდა. 

მედიის ჯეროვანი და დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედია ორგანიზაციებში შრომითი უფლებების გაუმჯობესება და ამ კუთხით სპეციალური შიდა ორგანიზაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც ორგანიზაციების შიგნით შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი პირობების გადახედვისთვის შიდა მონიტორინგის მექანიზმების დანერგვას დაუკავშირდება. ეს გამოწვევა ამ პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, ფორმულას ოპერატორების გაფიცვის საქმეზე.[5]  

მაშინ როდესაც მედია თავისუფლება და პლურალიზმი დემოკრატიის ფუნქციონირების საფუძველია, ჟურნალისტების უსაფრთხოების, დაცულობის, საჯარო ინფორმაციის შეუფერხებელი მიწოდების ინტერესების უგულებელყოფა ხელისუფლების მხრიდან, დემოკრატიის მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს. მეტიც, მიუხედავად იმისა, ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესში კანდიდატის სტატუსის მიღების უმნიშვნელოვანეს პროცესს გადის და ევროკავშირის რეკომენდაცია პირდაპირ მიემართება მედია მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში, ხელისუფლებას არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები, რომელიც შექმნილ ვითარებას პოზიტიურად შემოაბრუნებდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჟურნალისტებს, რედაქტორებს, ოპერატორებსა და მედია ორგანიზაციების სხვა თანამშრომლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს და შექმნილ რთულ ვითარებაში მათ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ხელმისაწვდომია: https://rsf.org/en/country/georgia#all-posts

[2]ხელმისაწვდომია:https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2022-06/Georgia%20opinion%20and%20Annex.pdf 

[3] „დოიჩე ველლე“, პოლარიზაცია, თვალთვალი და ფიზიკური თავდასხმები ხელისუფლების მხრიდან, 2023 წლის მარტი

[4] დევნის უწყვეტი პრაქტიკა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, 2022, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/devnis-utsqveti-praktika-sazogadoebriv-mautsqebelshi

[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტელეკომპანია "ფორმულადან" გათავისუფლებული ოპერატორების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს, 2023, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentri-telekompania-formuladan-gatavisuflebuli-operatorebis-interesebs-sasamartloshi-daitsavs

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“