[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / პოდკასტი

ქრისტიანობა და თანამედროვეობა - VII ეპიზოდი, მსოფლიო საპატრიარქო და სტამბოლის ქართველთა სამრევლო

ჩვენი პოდკასტების სერიის დღევანდელი ეპიზოდის თემაა - „კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო და სტამბოლის ქართველთა სამრევლო“, ხოლო სტუმარი კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.

მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც ისტორიულ კონსტანტინოპოლში (დღევანდელ სტამბოლში) რამდენიმე მოკრძალებულ შენობაშია განთავსებული, სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიებისაგან თავისი მრავალეთნიკური მორწმუნეებითა და სასულიერო დასით გამოირჩევა. მისი საეკლესიო იურისდიქციის უდიდესი ნაწილი დასავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მიგრირებული ან ადგილობრივი მორწმუნე მართლმადიდებლების სამრევლოებითა და ეპარქიების სახით არის წარმოდგენილი. აღნიშვნის ღირსია ეკლესიის მეთაურის პატრიარქ ბართლომეოსის წარმატებული დიალოგი არამარტო ქრისტიანულ ეკლესიებთან, ასევე ისლამური და იუდაური რელიგიის წარმომადგენლებთან. ეს ყოველივე კი მსოფლიო საპატრიარქოს ყოველდღიური სარწმუნოებრივი ცხოვრების ცოცხალ ნაწილად არის ქცეული.

უშუალოდ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის კურთხევითა და მხარდაჭერით 2020 წელს სტამბოლში ქართველი მართლმადიდებელი ემიგრანტებისათვის წმინდა გიორგის ქართული სამრევლო დაარსდა, რომლის წინამძღვრად ქართველი სასულიერო პირი და თეოლოგი ილია ჯინჯოლავა იქნა დადგენილი. მამა ილია ჩვენ პოდკასტშისაკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს გვიზიარებს, თუ როგორია მართლმადიდებელი მღვდლის მსახურება დიასპორაში. განსაკუთრებით ისლამურ ქვეყანაში, სადაც თავად ის და მისი მრევლის წევრები ერთდროულად რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. დიასპორის მოძღვრის თვალით ხილული და განცდილი სამღვდელო მსახურება, პასტორალური გამოწვევები, ასევე მსოფლიო საპატრიარქოს როლი და ჩართულობა ქართველთა სამრევლოში.

დღევანდელ პოდკასტში მოისმენთ წმინდა გიორგის ედირნეკაპეს სამრევლოს ყოველდღიურობას, ადგილს სადაც თურქეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები, ძირითადად საქართველოდან შრომითი მიგრაციის მიზეზით წასული ადამიანები ერთმანეთს საკუთარ სატკივარსა და სიხარულს უზიარებენ.

პოდკასტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პოდკასტში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“