საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პოდკასტების ციკლის "ქრისტიანობა და თანამედროვეობა" ფარგლებში წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პოდკასტს თემაზე: "პოლიტიკა და რელიგია საქართველოში".
პოდკასტის სტუმრები არიან თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორი ზურა ჯაში და თეოლოგი, ისტორიის მკვლევარი შოთა კინწურაშვილი. დისკუსიის მოდერატორია თამთა მიქელაძე.
ახალ პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკისა და რელიგიის დაძაბულ და რთულ ურთიერთმიმართებებზე და იმ სტრუქტურულ განსხვავებებზე, რომელიც საქართველოში ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობებში სხვადასხვა მმართველობის დროს ჩანდა.
დიალოგში ჩვენ განსაკუთრებით ვუღრმავდებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობების დინამიკას და რელიგიის საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზებისა და საპატრიარქოს კონტროლის პრაქტიკებს ხელისუფლების მხრიდან.
ამ ეპიზოდში ასევე ვმსჯელობთ ბოლო კვირებში ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, რომელიც თავად ეკლესიამ არ მიიღო და კრიტიკულად შეაფასა.
პოდკასტში ფართოდ არის წარმოდგენილი მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას მართლმადიდებლური თეოლოგია და დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა ეს პერსპექტივები. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ევროპის მართლმადიდებელი ეკლესიებისა და დიასპორული ეკლესიების გამოცდილებისა და ტრადიციების მიმოხილვა.
პოდკასტი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ, USAID პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პოდკასტში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
ინსტრუქცია