[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

კონტინგენტური სახლები: მობილობა და ხანგრძლივი დავა საქართველოს კონფლიქტურ პერიფერიაზე

შესავალი

უკვე სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველო-აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე დევნილი ქართველები კონტინგენტურობისა და ამბივალენტურობის რთულ რეჟიმში ცხოვრობენ. დაპირისპირება პოსტ-სოციალისტურ საქართველოსა და აფხაზურ ძალებს შორის 90-იანი წლების გარიჟრაჟზე ინტენსიურ ფაზაში გადავიდა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი და აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის ხსენებული ტერიტორიიდან გამოძევება მოჰყვა. ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი თბილისისკენ გამოეშურა ცხოვრების ხელახლა დასაწყებად. ოფიციალურ თბილისს დევნილთა მხარდასაჭერად არც ეკონომიკური, არც ინფრასტრუქტურული რესურსები გააჩნდა, რამაც ისინი აიძულა, უკვე ფუნქციადაკარგული ან მოძველებული საბჭოთა შენობებისთვის - სკოლების, სასტუმროების, საერთო საცხოვრებლებისთვის შეეფარებინათ თავი. იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი, ძირითადად, გალის მაცხოვრებლები, დე-ფაქტო საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში განაწილდნენ და შეეცადნენ, მილიტარიზებული საზღვრის ორივე მხარესთან შეენარჩუნებინათ კავშირი. გალიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილმა თავი ზუგდიდსა და სენაკს შეაფარა, სადაც რთულ ეკონომიკურ პირობებს მუდმივი საზღვრისპირა დაძაბულობა, მობილობის ბარიერები და ყოველდღიური ცხოვრების არასტაბილურობა ერთოდა. საქართველო-აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარზე მიმოსვლისთვის გალიდან გამოძევებულ ქართველ მოსახლეობას შანტაჟზე, კორუფციასა და თვალთვალზე დაფუძნებული არაფორმალური პროცედურებისა და “წესების” გათვალისწინება მოუწია. ასეთ პირობებში “სახლის” ცნება მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. თუკი ტრადიციულად სახლი ფიქსირებულ, მყარ, მუდმივ სამყოფელს აღნიშნავს, გალელი იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში ის საზღვრის სახიფათო ზონაში მიმოსვლის, არამყარი და არამუდმივი სამყოფლების აღმნიშვნელად იქცა.

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს გორკემ აიდემირის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგის სტატიის მიმოხილვას გალის რაიონიდან დევნილი მოსახლეობის შესახებ. სტატიის მიზანია, აჩვენოს დევნილობის გამოცდილება “სახლში დაბრუნების” ნოსტალგიური სურვილის მიღმა და თავად “სახლი” წარმოაჩინოს, როგორც არაერთი, როგორც არამყარი, როგორც არამუდმივი. დაბრუნების დომინანტური დისკურსები სახლსა და ტერიტორიას შორის ფიქსირებულ მიმართებას ეფუძნება. გალელი დევნილი მოსახლეობის შემთხვევა მცდელობაა, ეს დომინანტური დისკურსები ეჭვქვეშ დავაყენოთ, ასევე, გავაფართოვოთ და გავამრავალფეროვნოთ თავად ზემოხსენებული მიმართების მნიშვნელობა.

დე-ფაქტო საზღვარი და მობილობა

აფხაზეთის ომის შემდგომ ენგურის ხიდი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და საქართველოს გამყოფ დე-ფაქტო საზღვრად იქცა. აფხაზეთიდან დევნილი ეთნიკური ქართველებისთვის ეს ხიდი ერთდროულად კავშირის შენარჩუნებისა და კავშირის გაწყვეტის მატერიალიზებული სიმბოლოა. მაგალითისთვის, გიორგის, რომელსაც დედა და ნათესავების ნაწილი გალში, სოფელ ოტობაიაში ჰყავს, ხიდი ერთდროულად აშორებს და აკავშირებს. ენგურის ხიდის გავლით გიორგის აწვდიან პროდუქტებს, ამბებს.

მაკა, გიორგის დედა, ერთ-ერთია გალში მცხოვრებ იმ მრავალ იძულებით გადაადგილებულ პირთაგან, რომელმაც სახლი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ დატოვა, თუმცა მასთან კავშირი ბოლომდე არ გაუწყვიტავს. საბჭოთა კავშირის პერიოდში აფხაზეთი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით საარგებლობდა. ომის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს სახლებისა და მეურნეობების მიტოვება და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა მოუწიათ. თუმცა, მალევე, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, მათ გალთან, აფხაზეთის დე-ფაქტო სამხრეთ საზღვრისპირა რაიონთან კავშირი აღადგინეს. გალის რაიონი საბჭოთა პერიოდში ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული და ომის დროს შედარებით ნაკლებად დაზიანდა, თუმცა ძარცვის, სახლების დაწვის, მეურნეობების განადგურების შემთხვევები აქაც მრავლად იყო. კითხვაზე, “სად ცხოვრობ?” მაკას პასუხი რამდენადმე ყურადსაღებია: “აქაც და იქაც, გააჩნია” − შენიშნავს ის. ეს პასუხი გალში მცხოვრები ქართველების სახლთან მიმართებას ლაკონურად აჯამებს. ამავდროულად, ის გვიბიძგებს, გამოვიკვლიოთ ის პრაქტიკები და წინაპირობები, რომლებიც ხსენებულ პასუხს განაპირობებს.

იმის გამო, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ამოწურულად ვერ მიიჩნევა და ის დღესაც ახდენს გავლენას ადამიანთა ცხოვრებაზე, დევნილი მოსახლეობის ყოფა კონტინგენტურობის, არაწინასწარმეტყველებადობისა და ბუნდოვანების ბურუსშია გახვეული. ანთროპოლოგთან ინტერვიუსას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონფლიქტი არსად წასულა, მაგრამ ის ამჟამად “გაყინულია”. საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მილიტარიზებული ზონის ორივე მხარეს ცდილობენ ნავიგაციას მუდმივი ეკონომიკური სიმყიფისა და ზედამხედველობის პასიური დასწრებულობის რეჟიმებში, სადაც დროდადრო ქრება და ჩნდება ახალი გამყოფი ხაზები, ახალი დამაკავშირებელი ბილიკები.

როგორც საზღვარზე მიმოსვლის, ისე რეგიონის ეკონომიკური და სოციალური დინამიკა არაფორმალურ ურთიერთობათა ჩახლართული ქსელით ხასიათდება. ენგურის ხიდს ადამიანებთან ერთად იარაღი, ყოველდღიური მოხმარების საგნები, საკვები პროდუქტები, ამბები კვეთს. რეგიონის ეკონომიკური ცხოვრებისთვის ეს პრაქტიკა არსებითი მნიშვნელობისაა, იმდენად, რამდენადაც აქ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია. გარდა ეკონომიკური ურთიერთობების არაფორმალური რეგულირებისა, საზღვარი სამართლებრივ ბუფერულ ზონებსაც წარმოქმნის. მაგალითისთვის, საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტი, სახელდობრ, საბჭოთა პასპორტი − შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს თუ მას აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები “გავლენიანი პირის” ნებართვა არ ახლავს თან. კორუფცია საზღვრის არაფორმალური რეჟიმის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია.

გალის დევნილი მოსახლეობისთვის მობილობა არსებითი საჭიროება, ხშირად კი ეკონომიკური აუცილებლობაა. აფხაზეთის პოლიტიკურმა იზოლაციამ გალში მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებთან მიმართებით დამატებითი პრობლემები გააჩინა. ამ სერვისთა ნაწილს ისინი ზუგდიდიდან, დევნილი მოსახლეობის მიერ საზღვრის კვეთის მეშვეობით იღებენ ან თავად კვეთენ საზღვარს და იქ ჩადიან. როგორც ხათუნა, გალში მცხოვრები ქართველი აქტივისტი აღნიშნავს, “გალი არც აფხაზეთია, არც საქართველო”. აქაურ მოსახლეობას ხან ერთის, ხან მეორის დახმარება სჭირდება, რათა გადარჩეს. საზღვარზე მიმოსვლა ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავი სახლში მის ორივე მხარეს იგრძნონ და მომავალიც ორივეგან წარმოიდგინონ.

სახლი და დევნილობის გამოცდილება

მაკას პასუხი კითხვაზე − “სად არის შენი სახლი” ეჭვქვეშ აყენებს სახლის კონცეფციას დევნილობის გამოცდილებაში, სადაც მეხსიერება, ნოსტალგია და იმედი დინამიკურ, ცოცხალ მიმართებას აწარმოებს მშობლიური ადგილის ფიქსირებულ, მყარ და უძრავ ხატთან. შესაძლოა, სახლი სულაც არ იყოს ასეთი: იქნებ, ის უბრალოდ სინგულარული, სტატიკური ადგილია კი არ არის, რომელსაც ადამიანები თავიანთ განვლილ ცხოვრებას უკავშირებენ და მომავლის იმედებს ამყარებენ, არამედ მოძრავი, მობილური სივრცეა, რომელიც ურთიერთდაპირისპირებული სახელმწიფო პროექტების კონფლიქტურ ზონებში დევნილთა ხიფათითა და პრეკარიულობით გამსჭვალულ ნავიგაციას გულისხმობს? იქნებ ამ კონფლიქტმა სახლი ერთზე მეტ ადგილად გადააქცია ერთზე მეტ ტემპორალობაში? გალის მოსახლეობისთვის სახლი მოძრაობათა და პრაქტიკათა წყებაა, სადაც თემთან, ნათესავებთან, ოჯახთან კავშირები დინამიკაში დგინდება და კვლავდგინდება, იცვლება საზღვრის რეჟიმების ცვლილებასთან ერთად და ვერ დაიყვანება სახლის ფიქსირებულ იდეაზე.

“გააჩნია” და “ვინ იცის” ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზებია, რომელიც აიდემირს აფხაზეთის საზღვრისა და დევნილობის გამოცდილების ეთნოგრაფიული კვლევისას ესმოდა. ეს ფრაზები ერთდროულად განასახიერებდა როგორც ეთნოგრაფიულ სირთულეს, ისე ამ სირთულის დაძლევისთვის საჭირო ერთ-ერთ მნიშვნელოვან გასაღებსაც: ისინი მიუთითებდა სიმყიფესა და არაწინასწარმეტყველბადობაზე, პირობითობასა და კონტინგენტურობაზე. გარდა ამისა, ისინი მიუთითებდა კოლექტიურ აფექტთა მთელ წყებაზე, რომლებიც დროსა და სივრცეში იყვნენ გაბნეული − გადაღლის, იმედის, შფოთვის, ინერციის აფექტებზე, რომლებიც სახლის დინამიკური გამოცდილების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ანთროპოლოგებმა დიდი ხანია ეჭვქვეშ დააყენეს მიგრაციის კვლევებში გავრცელებული ე.წ. “სედენტარისტული” მიდგომა, რომელიც სახლის სივრცული და დროითი ფიქსირებულობის კონცეფციას ეფუძნებოდა. ამ მიდგომის დიდი ნაკლი ადამიანებისა და მათი იდენტობების კონკრეტულ ტერიტორიებთან მიბმა გახლდათ. სედენტარიზმის წინააღმდეგ შემუშავდა მიდგომა, რომლის მიხედვითაც იძულებითი თუ არაიძულებითი გადაადგილება, ისევე, როგორც ამა თუ იმ “მშობლიურ” ტერიტორიაზე დაბრუნება ტრანსფორმაციული, დინამიკური და არაერთგვაროვანი პროცესია, სადაც ადამიანები ერთზე მეტ ადგილთან ან ტერიტორიასთან მიკუთვნებულობის მრავალწახნაგოვან და არაერთგვაროვან პრაქტიკებს აწარმოებენ. თუმცა, ეს კრიტიკა ძირითადად იმ გამოცდილებებზე იყო ფოკუსირებული, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის პერმანენტულ მიტოვებას გულისხმობდა და ცდილობდა, ეკვლია სახლის გახსენებისა და წარმოსახვის პრაქტიკები მშობლიური კერისგან მოშორებით. თუკი სედენტარისტული მიდგომა დროის ხაზოვან კონცეფციას ემყარებოდა, სადაც სტაბილური სახლი წარსულს აწმყოსთან აკავშირებდა, აწმყოს კი მომავალთან, ანტისედენტარისტული კონცეფცია ეჭვქვეშ აყენებდა დროზე ამგვარ წარმოდგენას და სახლის ტემპორალურ დინამიკას იკვლევდა. სახლში ყოფნა, სახლის გახსენება, სახლის წარმოსახვა აწმყოს, წარსულისა და მომავლის ახალ-ახალ კონფიგურაციებს წარმოქმნის და თავად სახლის მნიშვნელობათა დროსა და სივრცეში ცვალებად ხასიათს უსვამს ხაზს.

გალის შემთხვევა ზემოთ ხსენებული დებატების მიღმა კონტინგენტურობისა და სახლის ტემპორალურად არახაზოვანი კონსტრუირების პროცესის მნიშვნელობას გამოკვეთს და აჩვენებს, რომ ეს პროცესი რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ცოცხალი გამოცდილების ნაწილია. ამ კონტექსტში სახლის ცნება კომპლექსური პრაქტიკებისა და საზღვრისპირა მოძრაობების ქსელში უნდა გავიაზროთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა და ყოველდღიური ცხოვრების სიმყიფე არც ე.წ. “სტაბილური” ქვეყნებისთვისაა უცხო.

დაბრუნების პრაქტიკები: თბილისისა და გალის დევნილი მოსახლეობები

2007 წლის ნოემბერში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ მომდევნო წელს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები თავიანთ სახლებს დაუბრუნდებოდნენ. დაბრუნების რიტორიკა იმდროინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი რიტორიკა გახლდათ, რომელიც ერთდროულად გულისხმობდა აფხაზეთის, როგორც დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას, ისე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მშობლიურ სახლებში დაბრუნებასაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნაცვლად დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციისა, ეს რიტორიკა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური სურვილით იყო მოტივირებული. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდგომ ინტეგრაციაზე ორიენტირებულმა დისკურსმა ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში გარკვეული ვალიდურობა და პოლიტიკური წონა შეიძინა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და “აფხაზეთის დაბრუნება” კვლავ ინარჩუნებს დომინანტური დისკურსის სტატუსს. ამ დისკურსულ პირობებში აფხაზეთი ნელ-ნელა ქრება ადამიანთა ცოცხალი გამოცდილებიდან და იქცევა მითად, რომელიც დაბრუნების მომავალში პროეცირებული სურვილითაა გამსჭვალული. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა ამჟამად დედაქალაქში, თბილისში ცხოვრობს, სახლისგან შორს. მათ თითქმის დაკარგეს ყოველგვარი პრაქტიკული და პოლიტიკური უნარი, შეენარჩუნებინათ ურთიერთობა თავიანთ მშობლიურ ტერიტორიებთან. თბილისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისგან განსხვავებით, გალიდან დევნილები საზღვართან ახლოს, მშობლიური სახლებისგან არცთუ ისე მოშორებით ცხოვრობენ და აფხაზური მხარის მიერ პოლიტიკურად სანქცირებული საზღვრის გადაკვეთის უფლებითაც სარგებლობენ. თუკი თბილისის დევნილი მოსახლეობის წამყვანი სენტიმენტი “უშრეტი სიყვარულია”, სადაც მშობლიურ კერაზე დაბრუნების ნოსტალგიით გამსჭვალული სურვილი და ამ სურვილის პრაქტიკული რეალიზების შეუძლებლობა იკვეთება, გალის დევნილი მოსახლეობისთვის დაბრუნება გადარჩენისა და ღირსეული ცხოვრების კონსტრუირებისთვის აუცილებელი გამეორებადი პრაქტიკაა, სადაც სახლში დაბრუნება მობილობათა კომპლექსურ ქსელშია ჩაბმული. საერთაშორისო რეპორტებსა და კვლევებში წარმოდგენილი გალის მოსახლეობის სტატიკური სურათი, რეალობას არ შეესაბამება. გალელები “დაბრუნებას” უკვე სამი ათწლეულია ახერხებენ. გალელებისთვის აფხაზეთი სულაც არაა მყარი, უცვლელი ტერიტორიული ერთეული, სადაც დაბრუნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის კონფლიქტის ზონაზე გავრცობითა და “ერის გამთლიანებით” გახდებოდა შესაძლებელი. ნაცვლად ამისა, გალელებისთვის დე-ფაქტო საზღვრის კვეთა ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური საჭიროებაა, რომლის მეშვეობითაც ისინი საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ოჯახებთან, ნათესავებთან, თემთან ურთიერთობას ინარჩუნებენ და საზღვრის კვეთას მუდმივად ცვალებადი რეჟიმის პირობებში აახლებენ.

დაბრუნების პირადი ნარატივები

უნდა გავიაზროთ, რომ თავად დევნილობის გამოცდილება არაერთგვაროვანი და მრავალფეროვანია და სახლთან მიმართების განსხვავებულ პრაქტიკებსა და წარმოდგენებს წარმოშობს. საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით ომის დასრულების შემდეგ გალში სპონტანურად დაახლოებით 50 000-მდე პირი დაბრუნდა. ეკა, რომელიც საზღვრიდან 50კმ-ის მოშორებით, სამეგრელოში, ქალაქ სენაკში ცხოვრობს, ერთ-ერთი მათგანი იყო. დროის სხვადასხვა მონაკვეთში ეკა აფხაზეთში, რუსეთში და საქართველოში ცხოვრობდა და მთელი ამ ხნის მანძილზე გალთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია.

1990-2000-იანი წლების მიჯნაზე, შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ, დე-ფაქტო საზღვრისპირა რეგიონებში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, მატერიალური სიდუხჭირე და უკანონობა სუფევდა. გალიდან დევნილი მოსახლეობა ამ პერიოდში ცდილობდა, ისედაც მწირი მატერიალური რესურსები საზღვრის ორმხრივი კვეთის მეშვეობით ქართული და აფხაზური “სახლებისკენ” მიემართა და ასე გადაერჩინა თავი. თხილის ბაღები აფხაზეთში ერთ-ერთი ასეთი რესურსი გახლდათ. ქართულმა მხარემ იძულებით გადაადგილებულ პირთა მხოლოდ საცხოვრისითა და მეტ-ნაკლები უსაფრთხოებით უზრუნველყოფა შეძლო. ამ დროს გალის ტერიტორია სხვადასხვა პარამილიტარულ დაჯგუფებათა და კრიმინალთა მუდმივი თავდასხმისა და ძარცვის ობიექტი იყო. ასეთ პირობებში გალის მოსახლეობის უმრავლესობას ოჯახის წევრთა ნაწილთან დროებითი გამომშვიდობება მოუწია: შედარებით ხანდაზმულები გალში დარჩნენ, რადგანაც მიიჩნეოდა, რომ კრიმინალები და მაროდიორები მათზე ნაკლებად მიიტანდნენ იერიშს. ოჯახთა ახალგაზრდა წევრები, ბავშვებთან ერთად, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში დასახლდნენ, სადაც უსაფრთხოების შედარებით მეტი გარანტიები ეგულებოდათ. ასე, მაგალითად, ეკას შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალში დარჩა მისი ბაბუა, ოთარი, რომელმაც აფხაზ მებრძოლებთან ხვეწნა-მუდარით გადაარჩინა მათი საგვარეულო სახლი ოტობაიაში. გარდა საზღვრის მიღმა დარჩენილი ადამიანების ინდივიდუალური, ჰეროიკული ძალისხმევისა, შეენარჩუნებინათ საკუთრება, რესურსები და სიცოცხლე, მნიშვნელოვანი იყო ის ურთიერთობებიც, რომლებიც გალელებს აფხაზ მეზობლებთან ომამდე დიდი ხნით ადრე ჩამოუყალიბდათ. ოთარს სამსახურის შოვნაში ოჯახის აფხაზი მეგობარი, სერგეი დაეხმარა, რომელსაც ადგილობრივი კავშირები ჰქონდა რეგიონში გავლენიან პირებთან.

ეკასგან განსხვავებით, ნათია 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სახლში სულ ცოტა ხნით დაბრუნდა. ნათიას ოჯახს აფხაზეთში კუთვნილი სახლი განადგურებული და გაძარცვული დახვდათ. 1998 წლის ე.წ. “ექვსდღიანმა ომმა” იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღა წარმოშვა და ნათიაც, თავის თანასოფლელებთან ერთად, ენგურის აქეთა მხარეს, საზღვრისპირა სოფელ შამგონაში აღმოჩნდა. მოგვიანებით ის ქალაქ ზუგდიდის გარეუბანში, საბჭოთა პერიოდში აშენებულ, ახლა უკვე მიტოვებულ ინდუსტრიულ კომპლექს “კომბინატში” დასახლდა. მას შემდეგ ნათიას გალში დაბრუნება და იქ ცხოვრების ხელახლა წამოწყება აღარ უცდია. მის მსგავსად საქართველოს სხვადასხვა ქალაქს, ყველაზე ხშირად კი თბილისს, თავი უამრავმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეაფარა. დედაქალაქში დევნილები ყოფილ საბჭოთა სასტუმროებში, მიტოვებულ სკოლებში, ერთოთახიან საერთო საცხოვრებლებში აღმოჩდნენ. ეს დროებითი თავშესაფრები გარკვეული დროის შემდგომ მათ პერმანენტულ სახლებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა საცხოვრისით უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ფონდებმა და ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწიეს, მათი ნაწილისთვის საცხოვრისის პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. ხშირ შემთხვევაში მათ თავშესაფრებად დაზიანებული ან განადგურებული საბჭოთა ინფრასტრუქტურა ხვდებოდათ, სადაც წყლის, გათბობის, კომუნიკაციის სისტემების გამართულობა ადეკვატურად არ იყო უზრუნველყოფილი. მიუხედავად ამისა, დევნილთა დიდ ნაწილს მაინც უჭირს იმ სახლების დატოვება, რომელთა გამართვა და მეტ-ნაკლებად ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა თავიანთი ძალისხმევით მოუწიათ. სოლიდარობისა და კომუნალური თანაცხოვრების კრეატიული პრაქტიკებით იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავიანთი საცხოვრისი გარდაქმნეს და მეტ-ნაკლებად ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რესურსებით აღჭურვეს. ნათიამ მუშაობა კომბინატში, საჯარო სკოლის მასწავლებლად დაიწყო. მასწავლებლის მწირი ხელფასით მან შეძლო, ბინაში სამზარეულო მოეწყო და სხვა ოთახებთან დაეკავშირებინა. “აქ სასახლეც რომ მქონდეს, ერთ იქაურ (აფხაზურ) ხეზეც კი არ გავცვლიდი, მაგრამ ისიც კი არ ვიცი, იმ ერთ ხეს იქ თუ დამანებებდნენ” − აღნიშნავს იგი. და მიუხედავად იმისა, რომ კომბინატში ნათია თავს სახლში გრძნობს, გალთან კავშირის გაწყვეტა არ სურს. თხილით ვაჭრობის სეზონზე მას გალიდან გარკვეული რაოდენობის გასაყიდი პროდუქტი ჩამოსდის, რაც მისი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამას გარდა, ნათიას დედა მის მიერ ზუგდიდიდან გაგზავნილ მედიკამენტებზეა დამოკიდებული. ნათიამ შეძლო, ზუგდიდში შეძენილი სახლის დაუტოვებლად შეექმნა მობილური კავშირები თავის მეორე, აფხაზურ სახლთან, რაც მის ყოფას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ამგვარად, ომისშემდგომი კონდიციებისა და საზღვრის ცვალებადი რეჟიმების ფონზე, დევნილობის ინდივიდუალური ნარატივების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ “დაბრუნება” ქართველებისთვის რეკონფიგურაციისა და ოპტიმიზაციის პროცესად იქცა. გადაადგილება, საზღვრის ორმხრივი კვეთა და მობილობა ამ სახლიდან სახლში დაბრუნების ამ უწყვეტი პროცესის ინტეგრალური ნაწილია.

სახლები, საზღვრები და პასპორტები: დევნილთა მობილობა 2008 წლის ომის შემდეგ

ქორწინებისა და სანქტ-პეტერბურგში სამწლიანი ცხოვრების შემდეგ ეკა გალში კიდევ ერთხელ 2016 წელს დაბრუნდა. 28 წლის ასაკში მას ცხოვრების გამოცდილება საქართველოში, აფხაზეთსა და რუსეთში დაუგროვდა, თანაც ისე, რომ კავშირი პერმანენტულად არც ერთ მათგანთან არ გაუწყვეტია. 2017 წელს, როცა საველე სამუშაოების ფარგლებში აიდემირი ეკას ზუგდიდში ეწვია, მას კომბინატში ბინა ჰქონდა ნაქირავები. ეკას მეუღლე ოტობაიაში, ეკას მამასთან მუშაობდა, ხოლო ბავშვები ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დადიოდნენ. “მსურს, ჩემმა შვილებმა ქალაქში იცხოვრონ და განათლება ნორმალურ სკოლაში მიიღონ”, − აღნიშნავდა ეკა, “არ მსურს, მათ ასეთი ცხოვრება ჰქონდეთ”.

ეკას მიერ აღნიშნული ცხოვრების "ასეთობა” ეიდემირისთვის რეპრეზენტაციულია გალის მოსახლეობისთვის საზიარო აფექტისა, რომელსაც ისინი არა მხოლოდ იცნობენ, არამედ განიცდიან კიდეც. მაგალითისთვის, ზოია, 45 წლის ქალი გალის რაიონიდან, ზუგდიდში ცხოვრობს შვილთან და მეუღლესთან ერთად. ომის დასრულების შემდგომ ოჯახი საბერიოში, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და გაძარცვული სახლის ხელახლა აშენება შეძლო. მომდევნო წლების განმავლობაში ზოიას მეუღლე აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში მშენებლობებზე მუშაობდა, თავად ზოია ე.წ. “კრიშის” (არაფორმალური მფარველობის კრიმინალური სუბიექტების მხრიდან) თანხას იხდიდა, რათა ენგურის გამშვებ პუნქტთან, საზღვარზე პატარა სურსათის მაღაზია შეენარჩუნებინა. კომპრომისსა და მსხვერპლზე დაშენებული ცხოვრება მყიფე და ბუნდოვან პირობებში პრაგმატული ნავიგაციისა და უკეთესი მომავლის მოლოდინის რეჟიმებს გულისხმობს. თხილის მოსავლის გადასარჩენად ოჯახს სახლის კარის ღიად დატოვება, კრიმინალებისთვის თანხის გადახდა და მორიგეობით დარაჯობა უწევდა. წამოწყებული მცირე ბიზნესის გადასარჩენად მათ არაფორმალურ ქსელებსა და კონტრაბანდულ საქმიანობაში ჩართვა მოუწიათ. თუმცა, ბოლო წლებში ზოიას “ასეთი” ცხოვრება აღარ სურდა და ოჯახმა სოფლის მიტოვების გადაწყვეტილება მიიღო. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მნიშვნელოვანია ის სტატუს-კვო გამოვიკვლიოთ, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შემდგომ კონფლიქტის ზონაში დადგა და რომელმაც გალში ცხოვრების ყოველდღიური დინამიკაში, ისევე როგორც საზღვრის კვეთის პრაქტიკებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

აფხაზეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის ომის შემდგომ

ფრაზა “რუსების შემდეგ” იმ ცვლილებებს მიემართება, რომელიც 2008 წლის საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ რუსეთის მიერ აფხაზეთის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებამ და საქართველო-აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარზე დამდგარმა ახალმა სტატუს-კვომ მოიტანა. საბჭოთა პერიოდში ეს საზღვარი უპილოტო ადმინისტრაციულ ხაზს წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დაქვემდებარებაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მოსახლეობის შეუფერხებელ მიმოსვლას უზრუნველყოფდა. ომის შემდეგ, წლების განმავლობაში საზღვრისპირა ზოლზე მხოლოდ აქა-იქ თუ ჩნდებოდნენ აფხაზი მეომრები. 2000-იანი წლების შუა პერიოდში, საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის გამძაფრებასთან ერთად აფხაზეთში რუსული სამხედრო კონტინგენტი გაიზარდა. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ენგურს მიღმა საზღვარს უკვე თითქმის სრულად რუსები აკონტროლებდნენ. აფხაზეთის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების კონტროლის მიზნით რუსეთმა რეგიონში სამხედრო ინფრასტრუქტურა გააძლიერა. რეგიონის მილიტარიზაციის კვალდაკვალ გალის ტერიტორიაზე ახალი გამყოფი კედლები, გამშვები პუნქტები და საზღვრის არაფორმალური კონტროლის ახალი მექანიზმები წარმოიქმნა.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გალში რუსული სამხედრო ძალების ყოფნა მხოლოდ თვალთვალს, კონტროლსა და ჩაგვრას არ გულისხმობდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ახალი რეჟიმი მეტ-ნაკლები სტაბილურობისა და საზღვარზე მიმოსვლის ფორმალიზაციისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია. მიუხედავად ამისა, ახალმა სასაზღვრო რეჟიმმა კონტინგენტურობათა და არასტაბილურობათა ახალი წყებებიც წარმოშვა და “გაყინული კონფლიქტის” პირობებში დევნილი მოსახლეობისთვის “სახლში დაბრუნება” კიდევ უფრო გაართულა. საზღვრის კვეთის ცვალებადი რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო დოკუმენტაციასაც შეეხო.

ზოიას შვილის, 19 წლის ნუკრისთვის, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საბჭოთა პასპორტი, აფხაზეთის შიდა პასპორტი, აფხაზეთის საერთაშორისო პასპორტი, ქართული პასპორტი, მამის ე.წ. “პროპუსკი” (ენგურჰესზე დასაქმებული მუშებისთვის სპეციალურად განკუთვნილი საბუთი საზღვრის გადასაკვეთად) და ე.წ. “ფორმა ნომერი 9”-ის ასლი საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი დოკუმენტი რეზიდენციის სერტიფიკატსა და ოფიციალურ საიდენტიფიკაციო მონაცემებს აერთიანებს. დოკუმენტი თავისი არსით, როგორც მატერიალურად, ისე სამართლებრივად კონტინგენტურ ხასიათს ატარებს. წლების განმავლობაში ის შეიძლება ფუნქციონირებდეს როგორც პასპორტის, ისე ვიზის ჩამნაცვლებლად და რამდენიმე თვეში ერთხელ უნდა განახლდეს. თუმცა, საზღვრის კვეთისას ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიჩნეულ იქნეს არასაკმარისად ან არავალიდურად. პასპორტისა და სარეზიდენციო სერტიფიკატისგან განსხვავებით, ფორმა ნომერი 9-ის მოპოვება შედარებით ადვილია, თუმცა მისი ვალიდურობის დადასტურება − ძნელი. თავად დოკუმენტის ასეთი ამბივალენტური, არამყარი და კონტინგენტური ხასიათი გვიბიძგებს, პარალელი გალში მცხოვრები ქართველების ყოფასთან გავავლოთ. იგი წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის, წარმატებისა და მარცხის ინდექსია.

“საბუთის არქონა” ამბივალენტური მდგომარეობაა, რომელშიც შესაძლოა იგულისხმებოდეს პასპორტის, ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის, ვიზის ან დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის არქონა. საქართველო-აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვრის ამგვარი “კაპრიზულობა” დოკუმენტაციის რეჟიმთა ხშირ ცვალებადობაში, მათი ვალიდურობის სიმყიფესა და საზღვრის კვეთის ხშირად არბიტრალურ, არაფორმალურ ფაქტორებზე დამოკიდებულებაში ვლინდება. გალის მოსახლეობისთვის, ვისთვისაც ამ “კაპრიზულ” სივრცეში მობილობა სასიცოცხლო საჭიროებაა, ოფიციალური დოკუმენტაცია დამატებით თავსატეხად იქცა, რომელიც მათი მობილობის რეჟიმთა სიმყიფეს განაპირობებს გამკაცრებული რეგულაციებისა და თამაშის ბუნდოვანი, მუდმივად ცვალებადი წესების პირობებში.

2006 წლამდე ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზები ქართველი დევნილებისთვის საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელ დოკუმენტაციად მხოლოდ ფორმა ნომერ 9-სა და საბჭოთა პასპორტს, ე.წ. “წითელ პასპორტს” აღიარებდნენ. 2007-2012 წლებში ამ ორ ზემოთ ხსენებულ დოკუმენტს შიდა, “არაღიარებული” აფხაზური დოკუმენტაცია დაემატა, რომელიც აფხაზეთის მოქალაქედ აღიარებისთვისაა აუცილებელი და მოსახლეობას საშუალებას აძლევს, შეიძინოს საკუთრება, ხმა მისცეს არჩევნებში, გადაკვეთოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი. საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ ეს პროცედურა დისკრიმინაციული და არბიტრალურია - აფხაზური პასპორტის, ე.წ. “მწვანე პასპორტის” მოპოვება მხოლოდ ნატურალიზაციის პროცედურის მეშვეობითაა შესაძლებელი. უახლესი რეგულაციების თანახმად ქართველებმა გალში მოსახვედრად უნდა იქონიონ “ფორმა ნომერი 9”, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ტერიტორიაზე 5 წელი დაყონ, ან აიღონ ვიზიტორის ვიზა, რომელიც საზღვრის სეზონური კვეთის შესაძლებლობას იძლევა.

ახალგაზრდებისთვის, რომელთაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა სურთ, საქმე კიდევ უფრო რთულდება. აფხაზეთში სამხედრო სამსახური სავალდებულოა. გალში მცხოვრებ ახალგაზრდებს წლების განმავლობაში ძალის გამოყენებით იწვევდნენ არმიაში. სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად ისინი ადგილობრივ მესვეურთა მოსყიდვას ან გალის დატოვებას მიმართავდნენ. იმისათვის, რომ რაიონში ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული კვალი არ დაეტოვებინათ, ახალგაზრდები აღარც კი ცდილობდნენ, ხსენებული დოკუმენტები მოეპოვებინათ.

დასკვნა

გალის ქართველი მოსახლეობა “სახლს” 30 წლის წინათ “დაუბრუნდა”. დაბრუნების პოლიტიკები და დისკურსები სახლისა და ტერიტორიის ურთიერთმიმართებას ფიქსირებულ, მყარ კავშირად წარმოიდგენდა. გალის შემთხვევა აჩვენებს, რომ სახლი შეგვიძლია გავიაზროთ ცხოვრების კონსტრუირების პრაქტიკად მობილობის, ქსელებისა და მიკუთვნებულობის ტრადიციული კონცეპტების გადააზრების მეშვეობით. გალის მოსახლეობისთვის სახლი “გაყინული კონფლიქტის” კონტექსტში უნდა გავიაზროთ, სადაც ტერიტორიები და საზღვრები გაურკვეველი, ძალადობითა და კორუფციით გამსჭვალული ურთიერთობებითაა კონსტრუირებული. ცხოვრების პერფორმატიული და იმპროვიზაციული ასპექტები სხვადასხვა ფაქტორთა გათვალისწინებით იძენს მნიშვნელობებს და ეს ფაქტორები ვერც “უწინ” და “ახლას” ტემპორალურ, ვერც “სახლისა” და “თავშესაფრის” ფიქსირებულ, უხეშ კატეგორიებზე ვერ დაიყვანება. სკოლაში წასვლისას გალელი მოსწავლე თავს შესაძლოა სახლში ზუგდიდში გრძნობდეს, თხილის მოსავლის აღების სეზონზე კი − გალში.

გალის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარატივები, მათი ცხოვრების მატერიალური და სამართლებრივი პრეკარიულობა, საზღვარზე მობილობის მუდმივად ცვალებადი რეჟიმები და “სახლისა” და “დაბრუნების” კომპლექსური ურთიერთმიმართება აჩვენებს, რომ “დევნილისა” და “სახლის” განსხვავება უფრო ღრმა, ნიუანსირებულ კონცეპტუალიზაციას საჭიროებს − ისეთს, რომელიც შეძლებდა, გაბატონებული ხისტი კატეგორიების მიღმა დაენახა დევნილობის გამოცდილება.

სტატიის მიმოხილვა მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“.

კონტინგენტური__სახლები_1676291226.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“