საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
როდესაც არ გაქვს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების გამოცდილება, ერთადერთი გამოსავალი კონსენსუსის ინსტიტუციონალიზაციაა. ამ ხედვაზე დაყრდნობით, კონსტიტუციონალიზმი წარმოგვიდგენს რა შეზღუდული ძალაუფლების დოქტრინას, გვთავაზობს კვალიფიციური უმრავლესობის [1] სხვადასხვა მოდელს, რომლის მიხედვითაც, წესით, ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერ უნდა შეძლოს საზოგადოების პოლიტიკურ მოწყობაში არსებითი ცვლილებების შეტანა.
კონსტიტუციონალიზმში ეს ელემენტი უპირისპირდება დემოკრატიის იმგვარ გაგებას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი უმრავლესობის უხეში ძალის მიერ საკუთარი თავის გაფორმება და რეპრეზენტაციაა და რომელიც განმანათლებლობის ერთი ძირითადი ხაზია. ამის საპირისპიროდ, ის გადაწყვეტილების ფორმირების იმგვარ წესს გვთავაზობს, სადაც მსჯელობა ემყარება საერთოს განცდას, ყველა სხვა მოთამაშის ინტერესების გათვალისწინებას. კონსტიტუციური უმრავლესობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს რწმენა, რომ მას ვერასდროს ვერავინ მოიპოვებს. სწორედ ამიტომ იმ საკითხების გადაწყვეტა, სადაც ხმების ეს რაოდენობაა საჭირო, წესით, სხვადასხვა ძალებს შორის შეთანხმებას უნდა დაეყრდნოს. სწორედ, კონსტიტუციური უმრავლესობის არ არსებობით მიიღწევა კონსენსუსი, რადგან უმრავლესობას არ შესწევს ძალა, მიიღოს გადაწყვეტილება და იძულებულია ცვლილებები შეთანხმებით აკეთოს. კონსტიტუციონალიზმი აქ ეხმიანება დემოკრატიის უძველეს ტრადიციას, სადაც საერთოს შესახებ მიღწეული შეთანხმება მომდინარეობს თანასწორობის და არა უმრავლესობის ქონის უპირატესობის განცდისგან.
კონსტიტუციის გადასინჯვა სპეციფიკური პროცედურაა, ის, როგორც წესი, განსხვავებულია ყველა ქვეყანაში და დამოკიდებულია კონკრეტულ პოლიტიკურ ამოცანებზე, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებას აქვს მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში. თუ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის კომპეტენცია წარმომადგენლობითი ორგანოსია, მაშინ ხმების იმ რაოდენობას, რომელიც ამ გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო ,,კონსტიტუციურ უმრავლესობას’’ უწოდებენ, საქართველოს შემთხვევაში ეს ერთპალატიან პარლამენტში 113 ხმაა. იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური ძალისთვის უზენაესი კანონის გადასინჯვის ბარიერად მხოლოდ უბრალო კონსტიტუციური უმრავლესობის დასახვა არაეფექტური ხერხია., რაც არ უნდა მაღალი იყოს ბარიერი მისი მიღწევა შესაძლებელია, მით უმეტეს ისეთ სისტემებში, სადაც კარტბლანში ძლიერ პარტიებს აქვთ. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს, ე.წ. პლურალური ვოტუმი, როდესაც ერთსა და იმავე პარლამენტს არ შეუძლია ცვლილებების ინიცირება და მისი დამტკიცება, ამ ორ მოვლენას შორის საჭიროა ხოლმე არჩევნები, რათა ამომრჩეველმა თავად გადაწყვიტოს, დააკომპლექტებს თუ არა ისეთ საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც წინა პარლამენტის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს დაუჭერს მხარს. ამომრჩევლის აქტიური როლის გამო ამ მოდელს კვაზირეფერენდუმსაც უწოდებენ. არის ისეთი სისტემებიც, სადაც კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭიროა არა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე საკანომდებლო ორგანოს ორივე პალატის თანხმობა, არამედ ფედერაციის სუბიექტების ლეგისლატურების დასტურიც. ჩვენს მოდელში კი, როდესაც არც ორპალატიანი პარლამენტი გვაქვს, არც ფედერალური მოწყობა, არც რეალური პლურალური ვოტუმი, კონსტიტუციური უმრავლესობა მყიფე ბარიერია და წარმოშობს საფრთხეს, ერთმა ძალამ მიიღოს გადაწყვეტილება ყველა სხვის შესახებ, რაც ძირისძირში უპირისპირდება თავად ,,კონსტიტუციური უმრავლესობის’’ იდეას, რომლის მიზანიც სწორედ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებების გამორიცხვაა.
ბუნებრივია ის სიფრთხილე, რომელსაც მის მიმართ ვიჩენთ. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის ფორმირების შიშზე, ცხადია, ეს არ ნიშნავს ამომრჩევლისთვის მოწოდებას, ხმა მეორე პოლიტიკურ პარტიას მისცეს, ვინც აბსოლუტურად უპირსპირდება პირველი პარტიის პოლიტიკას. ეს არალოგიკურიც იქნებოდა, სისულელეა ამომრჩეველს მოსთხოვო საკუთარი პოზიცია იმ პოლიტიკური ძალის საპირისპიროდ დააფიქსიროს, ვისაც გულშემატკივრობს. ბალანსი არის ღირებულება, მაგრამ არჩევნების შედეგად პოლიტიკური განწყობების საკანონმდებლო ორგანოში ასახვის პრინციპს ის ვერ გადაწონის.
ამისგან განსხვავებით კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხეებზე საუბარი იმის მუდმივი შეხსენებაა, რომ ამგვარ პოლიტიკურ რეალობაში არ უნდა მივცეთ თავს მოდუნების უფლება, მოვითხოვოთ საპარლამენტო მექანიზმების დახვეწა, პოლიტიკის ფორმირების პროცესის აღმასრულებელი ორგანოდან პარლამენტში გადმოტანა, ისეთი ინსტრუმენტების შემოღება, რომელიც უმცირესობას მეტ უფლებას მიანიჭებს, ძალაუფლება დააბალანსოს არაფორმალური მექანიზმებით და ბოლოს, მმართველ ძალას უნდა მოვთხოვოთ არ გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უმრავლესობა უზენაესი კანონის შესაცვლელად მხოლოდ საკუთარი გემოვნების მიხედვით. რადგან, როდესაც კონსენსუსის ინსტიტუციონალიზაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმი არ მუშაობს, ერთადერთი გამოსავალი კონსენსუსის პოლიტიკური დაფუძნებაა.
თვალსაზრისი პირველად გამოქვეყნდა www.liberali.ge-ზე
[1] ეს ტერმინი აღნიშნავს ყველა იმგვარ უმრავლესობას, მათ შორის კონსტიტუციურ უმრავლესობას, სადაც გადაწყვეტილება უბრალო უპირატესობით, როგორიცაა დამსწრეთა უმრავლესობა, არ მიიღება.
ინსტრუქცია