[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

კოლექტიური/სოციალური პასუხისმგებლობა? სად მაქვს მაგის თავი.....

ტიგრან თარზიანი 

ტიგრან თარზიანის ბლოგი სომხურ ენაზე შეგიძლია იხ. მიმაგრებულ ფაილში

ჯავახეთში ახლა მკაცრი ზამთარია.

ბოლო 2 დღე ძალიან ცივია, თოვს. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში არც ისე ბევრი თოვლი მოვიდა და შედარებით კარგი ამინდები იყო, ადგილობრივები არ იყვნენ კმაყოფილი დეკემბრისთვის უჩვეულო თბილი ამინდით. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თუ ზამთარი თბილია და არ თოვს, მომავალი წელი სოფლის მეურნეობისთვის მოსავლიანი არ იქნებაო.

ჩვენთან მოსახლეობა ზამთარში "ისვენებს", გასაკეთებელი არაფერია, რადგან სამუშაო ადგილები არაა.

სოფლებში, რომლებიც მდებარეობს ტბების სიახლოვეს, ადგილობრივები დაკავებული არიან მეთევზეობით. სხვებს ყოველდღიურად ერთი და იმავე საქმის კეთება უწევს - მისდევენ საშინაო მეურნეობას.

ამ დროს ასევე იყენებენ მოქალაქეობრივი საკითხების მოსაგვარებლადაც.

ზამთარი ერთადერთი სეზონია, როდესაც სამუშაო მიგრაციაში მყოფი ადამიანები ბრუნდებიან შინ. ზუსტად ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქეობის ან ბინადრობის მოწმობის აღდგენას ცდილობენ.

ზამთარში ჯავახეთში განსაკუთრებით ხალხმრავლობაა. იანვარში, როდესაც გარეთ კარგი ამინდია, სოფლის ცენტრში შესაძლებელია ბევრი ხალხის ნახვა. მოსახლეობის ძირითადი სასაუბრო თემებია პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, სოციალური პრობლემები და ადგილობრივი საკითხები.

ბოლო ორი წელია აღნიშნულ საკითხებს დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - კოვიდ-19. დღეს ყველა საუბრობს კორონავირუსზე და პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებზე.

პანდემიის გამო მოსახლეობა განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა შემოსავლების შემცირების თვალსაზრისით. უმრავლესობა ცდილობს რეგიონიდან გასვლით ოჯახის რჩენას.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ სახელმწიფომ გლეხს ხელი უნდა შეუწყოს, უნდა გაუმჯობესდეს სოფლის ინფრასტრუქტურა, აშენდეს სამედიცინო ამბულატორიები და ა.შ. აღნიშნული პრობლემების მოგვარება შეიძლება გახდეს მიგრაციის შეჩერების მიზეზი. ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ნაკლებად ისურვებს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლას.

რაც შეეხება პანდემიურ ვითარებას რეგიონში: თავდაპირველად, როდესაც დაიწყო ვირუსის გავრცელება, ბევრს არ სჯეროდა ვირუსის, სანამ არ დაიწყო ჯავახეთში დაავადების შიდა გავრცელება. აქვე მინდა ვისაუბრო იმ ძირითად საკითხებზე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსთან, ჯავახეთში დაავადების მართვასთან და საერთო მდგომარეობასთან.

საკითხის უფრო ვრცლად განსახილველად რამდენიმე ასპექტს გამოვყოფ:

პირველი პრობლემა - ვირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ინფორმაციის ნაკლებობაა. მოსახლეობაში დღემდე დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ არანაირი კორონავირუსი არ არსებობს, ყველაფერი ბიზნესია და ხალხის მართვის ერთ-ერთი საშუალებას წარმოადგენს.

როგორც ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ენობრივი ბარიერის ან ინფორმაციული ვაკუუმის ბრალია, ვფიქრობ არა. საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც არაა აღნიშნული პრობლემები იგივე მდგომარეობაა ზოგადად ვირუსის შესახებ საუბრისას. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არაა ახალი. სახელმწიფომ უფრო მეტ ძალისხმევა უნდ გაწიოს აღნიშნული გამოწვევის დროულად და ეფექტიანად გადასაწყვეტად. ეთნიკურ უმცირესობებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება თავიანთ ენაზე ძალზე მნიშვნელოვანია პანდემიის დროს. ინფორმირება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა სამედიცინო უფლებები ან ვირუსის მართვა, სწორი მკურნალობა ნაკლებად ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების ენაზე.

მეორე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ჯავახეთი მაღალმთიანი რეგიონია, მკაცრი კლიმატური პირობებით, ამიტომ ვირუსის ჩვენამდე მოღწევა რთული წარმოსადგენი ამბავი იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჯავახეთში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები არაა მაღალი. რეგიონში რეალობა სულ სხვაა. ვითარება უფრო გაუარესდა, როდესაც ჯავახეთში სახელისუფლებო პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა დაიწყეს ქორწილების და ქეიფების ორგანიზება რესტორნებში.

არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიის ფინანსური მხარდაჭერა სარესტორნო ბიზნესის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო ნინოწმინდაში. ეპოქა, რომლის შემდეგ დაიწყო ტრადიციული ხალხმრავალი ქეიფების და ქორწილების აღნიშვნა. ამ ყველაფერს დამატებული საახალწლო დღესასწაულები. მაგალითად, ნინოწმინდაში ორჯერ აღნიშნეს საახალწლო ნაძვის ხის გახსნა (25 დეკემბერს და 31 დეკემბერს).

ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობების უპასუხისმგებლობა, იმის მანიშნებელია, რომ ზოგიერთი პიროვნების ინტერესი უფრო მაღლა დგას, ხოლო მათ მიერ მიღებული რეგულაციები და კანონები ყველასთვის საერთო არაა.

ხელისუფლებასა და ბიზნეს-სექტორს არ აღმოაჩნდათ იმდენი პასუხისმგებლობა, რომ ვირუსის გავრცელება შეემცირებინათ. სახელისუფლებო პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები სარგებლის მიღების გამო თვალს ხუჭავენ ყველაფერზე. ამ მოცემულობამ მოსახლეობაში გააჩინა ეჭვი, რომ „კორონავირუსი მთავრობების მიერ შემუშავებული გეგმაა ადამიანების სამართავად ან სახლში დასარჩენად“. შედეგად, მოსახლეობა იჩენს სოციალურ უპასუხისმგებლობას და არ იკლებს ტრადიციულ ხალხმრავალ ქეიფებს.

სამთავრობო და ბიზნეს-სექტორის უპასუხისმგებლო ქმედებები მოსახლეობაში კიდევ უფრო ამყარებს მითებს კორონავირუსის არარსებობის შესახებ. შედეგად - ვირუსი უფრო ფართოდ ვრცელდება. სოფლებში ბევრს საუბრობენ მეორედ ამ მესამედ „უბრალო ვირუსით“ დაინფიცირების შემთხვევებზე.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არაა ასახული სახელმწიფო კოვიდ სტატისტიკაში. მიზეზები ცალსახაა - მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად ყველა მომსახურეობა ფასიანია (ტესტირებიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული), ამიტომაც არ მიმართავენ კოვიდ საავადმყოფოს.

მეორე მხრივ, სოფლებში დასახლებული ადამიანების უმრავლესობა თვითდასაქმებულია და მათ აქვთ თავისი შინამეურნეობა. ვინც ჯავახეთში ცხოვრობს იცის, როგორი რთული და შრომატევადი პროცესია ზამთარში საქონლის მოვლა. ესაა ასევე ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა არ მიმართავს საავადმყოფოს.

სოფელში დასახლებული ადამიანების, შემოსავლის წყარო წარმოადგენს შინამეურნეობა (მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა). კოვიდცენტრებში ტესტირებაზე მიმართვის შემთხვევაში, მოსახლეობას უწევს თვითიზოლაციაში დარჩენა, შინ მკურნალობა ან დაავადების მძიმე მიმდინარეობისა კოვიდსაავადმყოფოში მკურნალობა. ორივე შემთხვევაში მოსახლეობის შინამეურნეობა დარჩება უპატრონოდ, რაც ნიშნავს მათ ოჯახებისთვის შინამეურნეობის ან შემოსავლის დაკარგვას. ასეთი ვითარება კიდევ უფრო ამძიმებს ვირუსის გავრცელებას.

ამ ყველაფერს ემატება სოციალურ-ეკონომიკური ფონი. სახლში მკურნალობა ძვირადღირებული „სიამოვნებაა“, როდესაც ავადმყოფობა რთულად ვითარდება. საშუალოდ ერთ პიროვნებისთვის სამკურნალო პრეპარატების შეძენა და საავადმყოფოში გამოკვლევა 300-500 ლარამდე ჯდება. იმ შემთხვევაში, როდესაც ჯავახეთში მცხოვრები მოქალაქეების შემოსავლების წყარო არის მესაქონლეობა და მეკარტოფილეობა. კარტოფილის ერთი კილოგრამი 65-80 თეთრის ფარგლებში მერყეობს, რძის ფასი 1.20 თეთრია, იგივე რეალობაში კორონავირუსის სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტების ფასები ათმაგადა არის გაძვირებული. ერთ სიტყვით, სახელმწიფოში, რომელშიც უგულებელყოფილია ეთნიკური უმცირესობების და არა მარტო მათი პრობლემები, განვითარებასა და ნორმალურ, ღირსეულ ცხოვრებაზე საუბარი ზედმეტია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“