საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება “ახალი თეატრიდან” დავით დოიაშვილის გათავისუფლებას და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” რეჟიმის მხრიდან ადამიანების პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მძიმე შემთხვევა, რომლის უკანონო და დისკრიმინაციული საფუძვლები ზედაპირზე დევს.
2025 წლის 16 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა “ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, დავით დოიაშვილი. დოიაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას 2004 წლიდან იკავებდა.
“ახალი თეატრი” და მისი დასი 2023 წლის გაზაფხულის აქციების შემდეგ, აქტიურად გამოხატავდა პროტესტს “ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართ. 2024 წელს, ეგრეთ წოდებული “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირების შემდგომ, დოიაშვილმა კანონის მიმართ თავისი პოზიცია სცენიდანაც გამოხატა. თუმცა, “ახალი თეატრი” და მისი დასი, აქტივიზმის ახალ ეტაპზე 2024 წლის დეკემბერში, თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შემდგომ გადავიდა. ჭიჭინაძე 4 დეკემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების პერიოდში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
“ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით” განაცხადა “ახალი თეატრის” დასმა და 2025 წლის იანვარში საზოგადოებას მანიფესტი წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც, დასმა რეგიონული ტურნე წამოიწყო. ტურნეს მიზანი ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების გარშემო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და სოლიდარობის კონსოლიდაცია იყო. თეატრის დასი და საზოგადოება, დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზად, სწორედ მის ბოლოდროინდელ, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურ ჩართულობას მიიჩნევს.
ზემოაღნიშნული გარკვეულწილად დასტურდება დოიაშვილის გათავისუფლების ოფიციალური ვერსიითაც. სამინისტროზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეატრი ბიუჯეტიდან უწყვეტად იღებდა დაფინანსებას, თუმცა შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო, რაც, როგორც ჩანს, ოფიციალურ საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას.
აღსანიშნავია, რომ “პროფესიული თეატრების შესახებ” კანონში ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პასუხად, საჯარო სამსახურში გატარებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში შეიტანა. ეს საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წლის აპრილიდან ამოქმედდა. კერძოდ, სახელმწიფო პროფესიულ თეატრებში, გაუქმდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია და თეატრის ერთპიროვნულ ხელმძღვანელად დირექტორი განისაზღვრა. ის პირები, რომლებიც ცვლილებების ამოქმედების მომენტში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდნენ, ავტომატურად გახდნენ თეატრის დირექტორები. შესაბამისად, არსებული მოწესრიგებით, დირექტორმა შეითავსა თეატრის როგორც ადმინისტრაციული, ისე შემოქმედებითი მმართველის ფუნქცია.
ამასთან, გამარტივდა თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურაც. კერძოდ, თეატრის დირექტორი შეიძლება გათავისუფლდეს კულტურის მინისტრის მიერ, სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის, თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის, ან კულტურის მინისტრის ერთპიროვნული ინიციატივის საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლის სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა. სავარაუდოდ, დოიაშვილის გათავისუფლების საფუძვლად, სწორედ ეს უკანასკნელი იქნა მითითებული.
ამ ეტაპზე უცნობია, მიეცა თუ არა დოიაშვილს წინასწარი გაფრთხილება თეატრის სამუშაო გეგმის აღდგენის თაობაზე, ან ეცნობა თუ არა მის მიმართ მოსალოდნელი ზომების შესახებ. შემაშფოთებელია, რომ დირექტორი, რომელიც, მათ შორის, პასუხისმგებელია თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაზე, პოლიტიკური თანამდებობის პირის, მინისტრის მიერ, ერთპიროვნულად, თეატრის დასის თუ შემოქმედებითი გუნდის ჩართულობის, მათთან კონსულტაციის გარეშე გათავისუფლდა. თეატრის დასის 2025 წლის 16 აპრილის განცხადება ადასტურებს, რომ მინისტრის გადაწყვეტილება არათუ ხელს შეუწყობს სახელოვნებო პროცესის აღდგენას, არამედ პირიქით, გაამწვავებს ურთიერთობას სამინისტროსა და თეატრის შემოქმედებით კოლექტივს შორის და მაღალი ალბათობით, პროცესებს ჩიხში შეიყვანს.
საქართველოს კონსტიტუცია ყველას აღჭურავს შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებით. შეკრებისა და მანიფესტაციის გზით, პოზიციის დაფიქსირება გარანტირებულია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონითაც. დავით დოიაშვილის თეატრიდან გათავისუფლება მიუთითებს, რომ ის დაისაჯა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზების გამო და შესაბამისად, მისი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება აშკარად დისკრიმინაციული და უკანონო იყო. ამასთან, მისი გათავისუფლების ფორმა ადასტურებს, რომ სამინისტროს არ უცდია მასთან საქმიანი კომუნიკაციის დამყარება, თეატრთან დაკავშირებული საკითხების დიალოგისა და სამუშაო ფორმატში განხილვის მიზნით. პირიქით, “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ სახელდახელოდ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, გამოყენებულ იქნა კულტურის სფეროში მომუშავე საზოგადოების, განსაკუთრებით კი ზედა მენეჯერული რგოლის მუშაკების დამორჩილებისა და კონტროლის მიზნებისთვის.
თეატრი ყოველთვის წარმოადგენდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთ ეპიცენტრს და მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქვეყანაში თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. აქედან გამომდინარე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის გათავისუფლება, სწორედ კულტურის მუშაკებზე ზეწოლად და თავისუფალი სივრცეების გაქრობის და კრიტიკული აზრის ჩახშობის მორიგ მცდელობად უნდა შეფასდეს.
ინსტრუქცია