საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კოალიციის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით შემოდის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისთვის პრინციპულად შეუთავსებელი ელემენტები, უარესდება დაცვის მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და ზოგადად, საფრთხე ექმნება მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული წესის ამოქმედება მომავალში არაერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებას შექმნის, მათ შორისაა:
მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ ბრალდების მხარეს ისე, რომ დაცვის მხარე არ დაესწრება ამ პროცესს. დაცვის მხარეს არ ექნება მოწმის სანდოობის შემოწმების ეფექტური ბერკეტები. ერთხელ დაკითხული მოწმე შეზღუდულია პირველად მიცემული ჩვენებით, რომლის შეცვლაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს განზრახ ცრუ, ან არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის. ამდენად, მაგისტრატთან პირის სავალდებულო დაკითხვა აზრს უკარგავს არსებითი განხილვისას ჯვარედინ დაკითხვას.
ნებისმიერ მტკიცებულება შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანაბარი მონაწილეობით. შესაბამისად, ყველა მოწმე უნდა დაიკითხოს საქმის არსებით სხდომაზე, პირდაპირი და ჯვარედინი წესით. აღნიშნული ზოგადი პრინციპიდან შესაძლებელია კონკრეტული გამონაკლისების დაშვება, მაგრამ ეს გამონაკლისები უნდა უკავშირდებოდეს ექსტრემალურ, არაორდინალურ ვითარებებს. შემოთავაზებული კანონპროექტი კი ადგენს ფართო და ზოგად წესს, რომლის მიხედვითაც საქმის არსებით განხილვამდე, მაგისტრატ მოსამართლესთან მოწმის დაკითხვა მარტივი საფუძლებით არის შესაძლებელი. ჯვარედინი დაკითხვის პრაქტიკული მნიშვნელობის გაუქმება აზარალებს უშუალობის პრინციპს.
მაგისტრატთან სავალდებულო დაკითხვის ფართო საფუძვლები პრაქტიკულად გააქრობს სამართალდამცავების მოტივაციას ითანამშრომლონ მოქალაქეებთან, მოიპოვონ მათი ნდობა და კეთილგანწყობა და ამ გზით, ნებაყოფლობით, მიიღონ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პოლიციელი არ იქნება დაინტერესებული გაზარდოს საკუთარი საგამოძიებო უნარ-ჩვევები და პროფესიონალიზმი, რადგან მან იცის, რომ პირისგან ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარის შემთხვევაში მარტივი წესით გამოიყენებს სასამართლოში იძულებით ჩვენების მიცემის მექანიზმს.
აღნიშნულის გათალისწინებით, კოალიცია არ ეთანხმება იუსტიიცის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების ამოქმედებას და ნაცვლად ამისა, მხარს უჭერს იმ პრინციპების ძალაში შესვლას, რაც გადავადებულია ბოლო წლების განმავლობაში.
ინსტრუქცია