საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: გურამ მურადოვი
ლევან კახიშვილი არის მკვლევარი ევროპული პოლიტიკის კვლევის ჯგუფში ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტში (ETH Zurich). მან სადოქტორო დისერტაცია მოამზადა ბამბერგის უნივერსიტეტში, გერმანიაში თემაზე „პარტიული კონკურენციის ბუნება ჰიბრიდულ რეჟიმებში: საქართველოს მაგალითი.“ ლევანს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში.
2024 წელი საქართველოსთვის ჩვეულებრივზე უფრო მეტად ტურბულენტური აღმოჩნდა. ქვეყნისა და პოლიტიკური სისტემის განვითარების კურსი განსაზღვრა ოთხმა ძირითადმა პროცესმა. პირველი, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში ერთპარტიული და/ან ერთპიროვნული მმართველობის განმტკიცებისთვის საფუძველს ამზადებს. ეს ცვლილებები მოიცავს ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ოჯახური ფასეულობების დაცვის საკანონმდებლო პაკეტს, ოფშორების კანონს, წინასაარჩევნოდ მიღებული ცვლილებებს საარჩევნო პროცედურებთან და ცესკოს მუშაობასთან დაკავშირებით, არჩევნების შემდგომ ინიცირებულ ცვლილებებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცედურებში, პოლიციის შესახებ კანონში, შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მეორე, საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ამომრჩეველზე ზეწოლამ, ამომრჩევლის მოსყიდვამ და პროცედურების დარღვევამ, მათ შორის ხმის ფარულობის დარღვევამ, ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რაც, სავარაუდოდ, ბოლოს გასული საუკუნის 90-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისის შემდეგ საქართველოს არ ახსოვს. საარჩევნო პროცესის ამგვარმა მანიპულირებამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის შესახებ მნიშვნელოვანი შეკითხვები გააჩინა, რაც საჩივრების გამოუძიებლობამ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. მესამე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი,“ საბოლოოდ ცხადყოფს ქართული ოცნების მიერ არჩეულ საგარეოპოლიტიკურ კურსს. ბოლოს, ყველა აქ ჩამოთვლილი პროცესის ფონზე, ადრეული გაზაფხულიდან მოყოლებული, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საპროტესტო დემონსტრაციები, რამაც ყოველდღიური ხასიათი შეიძინა ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ. საპროტესტო აქციებზე რეაგირებამ, თავის მხრივ, იმგვარი ბრუტალური და შემთხვევითი ხასიათი შეიძინა, რომ პოლიციის ქმედებები აქტივისტების წამებად შეაფასა, როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე საქართველოს სახალხო დამცველმა.
აღნიშნული ოთხი პროცესი, ერთი მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიის განვითარებისთვის საქართველოში, ხოლო, მეორე მხრივ, საშუალებას იძლევა, რომ გავაკეთოთ დასკვნები და გამოვიტანოთ ის გაკვეთილები, რაც ქართული პოლიტიკური სისტემისა და მთავარი აქტორების შესახებ ვისწავლეთ წლის განმავლობაში. წინამდებარე სტატიაში მოცემულია ამ პროცესებთან დაკავშირებული ხუთი გაკვეთილი, რომელთა გაანალიზება მნიშვნელოვან წინაპირობებს შექმნის მასობრივი პროტესტის განვითარების თვალსაზრისით. მოცემული ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ახერხებს საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა, პრაქტიკულად, არ არსებობს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მასობრივ პროტესტს რაიმე პოლიტიკურ მიმართულებას მისცემს, სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არ დგანან. საპროტესტო მოძრაობის წარმატება გაცილებით უფრო მარტივი იქნებოდა, თუ ქვეყანაში დამოუკიდებლობა ექნებოდა ისეთი ინსტიტუტებს, როგორებიცაა პროფკავშირები, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტები და ბიზნეს ასოციაციები.
გაკვეთილი 1: ქართული ოცნება მზადაა ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს
ქართული ოცნების უმთავრესი მიზანი საქართველოში ძალაუფლების შენარჩუნებაა, რათა უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის პირადი კეთილდღეობა. ეს ქართულ ოცნებას აქცევს არა დამოუკიდებელ პოლიტიკურ აქტორად, არამედ მარტივ ინსტრუმენტად, რომელიც არის ჩანაცვლებადი, როგორც კონკრეტული პიროვნებების ჩანაცვლების, ისე ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური მოთამაშის ჩანაცვლების თვალსაზრისით. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა 2024 წლის არჩევნებამდე: „ქართული ოცნებაც ალბათ ამოუვიდა ხალხს ყელში 12 წლის განმავლობაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო, ძალიან რთულია.“ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ეს ფუნქცია და მიზანი არ არის სიახლე, 2024 წელს აშკარა გახდა, რომ ქართული ოცნება დათმობებზე წასვლას აღარ აპირებს. თუ 2019 წლის მასობრივი პროტესტის შემდეგ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და საარჩევნო რეფორმის დაპირება გაიცა, ხოლო 2023 წელს ე.წ. „რუსული კანონი“ უკან გაიწვიეს, 2024 წელს მსგავსი უკან დახევის ნიშნებიც კი არ გამოჩნდა. პირიქით, ქართული ოცნება მოქმედებს პრინციპით, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა - რაც უფრო მეტი სავაჭრო საკითხი გაჩნდება, მით უფრო ხელსაყრელია ეს ქართული ოცნებისთვის. სწორედ ამის მაგალითად შეიძლება იქნას განხილული კობახიძის მუქარა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ ჯერ კიდევ სანახავი იყო „სად გააგრძელებს ცხოვრებას [სალომე ზურაბიშვილი] – გისოსებს მიღმა, თუ გარეთ.“
ამგვარად, ქართული ოცნება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არ ერიდება არც ცალსახად ავტორიტარული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, არც მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას, ცემას, დაშინებასა და დაპატიმრებას, არც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, არც არჩევნების გაყალბებას, არც პოლიტიკოსების დაპატიმრებას, მეტიც, გასცემს მუქარას სალომე ზურაბიშვილის მიმართ და, სავარაუდოდ, მზადაა კიდევ უფრო მეტი ძალის გამოყენებისთვისაც. ქართულმა ოცნებამ, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით მოახერხა ძალოვანი სტრუქტურებსა და პარტიულ იერარქიას შორის ზღვარის მოშლა, მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები და ქმნის კვაზი-საბჭოურ სისტემას, სადაც პარტია იყო სახელმწიფო და პირიქით. ეს პროცესი თუ გაგრძელდა, სავარაუდოა, რომ ქართული ოცნება შეასრულებს დანაპირებს ქართული პოლიტიკის გაწმენდის შესახებ ოპოზიციური პარტიებისგან, რომელსაც „ნიურნბერგის პროცესად“ მოიხსენიებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეუძლებელია, საზოგადოება მშვიდად დაელოდოს მოვლენების განვითარებას, რადგან პროტესტის შეწყვეტა, პრაქტიკულად, იქნება ახალი სტატუს კვოს აღიარება. საჭიროა, ქართულ ოცნებას ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის შესაძლებლობა არ მისცეს საზოგადოებამ, რაც რთული და ხანგრძლივი პროცესი შეიძლება, აღმოჩნდეს, თუმცა მდგომარეობა არ არის უიმედო.
გაკვეთილი 2: მასობრივი პროტესტი პოლიტიკური ლიდერების გარეშე ფუჭია
2012 წლიდან მოყოლებული ქართულმა ოცნებამ მოახერხა ფრიად წარმატებული ჰეგემონური დისკურსის შექმნა, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტორი მოიხსენიება, როგორც „ნაცი,“ რაც, თავის მხრივ, არის სალანძღავი სიტყვა. სწორედ ამ დისკურსის გამოძახილია ისიც, რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2019 წლის, ე.წ. გავრილოვის ღამის, შემდეგ მასობრივი პროტესტი გახდა „არაპარტიული,“ რადგან სირცხვილად მიიჩნეოდა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობა დემონსტრაციებში. სწორედ ამ დროს, ქართულმა ოცნებამ შესანიშნავად მოახერხა პროტესტის გარშემო არსებული დისკურსის მართვა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და პროტესტის მონაწილეები, რომლებსაც თავდაპირველად უწოდებდნენ „გულანთებულ ახალგაზრდებს,“ რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდნენ „ნაციონალების დამქაშები.“ შესაბამისად, ბოლო ხუთ წელიწადზე მეტია, მასობრივი პროტესტი საქართველოში მიიჩნევა არსობრივად არასწორად ან არასანდოდ, თუ მასში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები. პარტიების წარმომადგენლების გამოჩენა დემონსტრაციებზე, როგორც წესი აღიქმება იმის წინაპირობად, რომ საპროტესტო მუხტი დაეცემა. შესაბამისად, 2019 წლის 20 ივნისის პროტესტიდან მოყოლებული „არაპარტიული“ მასობრივი პროტესტი, ერთი მხრივ, მიიჩნევა წარმატებულად საზოგადოების თვითმობილიზაციის თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული ოცნება წარმატებით ახერხებს დემონსტრანტების გაცურებას და დაპირებების გადათქმას.
მაგალითად, 20 ივნისის შემდეგ გადამდგარი კობახიძე პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ხოლო დაპირებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ოთხი წლით გადადო ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებში კვლავ მოახერხა ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარების ხარჯზე საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, ხოლო ამ ოთხი წლის განმავლობაში მოახერხა ის, რომ სათანადოდ მოემზადა პროპორციული სისტემისთვის, რომ მანიპულაციების მეშვეობით არჩევნების შედეგებზე იმგვარი გავლენა მოეხდინა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად წარმატებული არ აღმოჩნდა, რომ ლეგიტიმაციასთან შეკითხვები არ გაჩენილიყო და არჩევნების მანიპულაციას პროტესტი არ მოყოლოდა.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერი არ არის საჭირო ნებისმიერი პროტესტისთვის, თუმცა თუ მასობრივი პროტესტის მიზანია სტატუს კვოს იმგვარი ცვლილება, რომ ძალაუფლების მქონე ერთი ძალა უნდა ჩანაცვლდეს, მაშინ აუცილებლად ჩნდება კითხვა იმის შესახებ თუ ვინ ანაცვლებს არსებულ პოლიტიკურ ძალას. თუ დავუშვებთ, რომ ქართულმა ოცნებამ დანიშნა ახალი არჩევნები, ვინ და რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში? ერთი მხრივ, გადასალახია „ნაცების“ ტაბუ, რომელიც უკვე აბსოლუტურად უშინაარსო იარლიყად აქცია ქართულმა ოცნებამ, ხოლო, მეორე მხრივ, რეალურად საჭიროა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი, ასე ვთქვათ, „დაეწიოს“ სამოქალაქო საზოგადოებას. რა არის ის დამატებითი ღირებულება, რაც, შეიძლება, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ ან პარტიების კოალიციამ შესთავაზოს დემონსტრანტებს და ამომრჩეველს ზოგადად? მაშინ როდესაც, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების მთავარი დანაპირები იყო ის, რომ მათ ხმები უნდა დაეცვათ, რადგან არ იყო დრო პოლიტიკური პროგრამების შემუშავებისთვის, მათ ამ ხმების დაცვაც კი ვერ შეძლეს და მანიპულაციური სქემების სრულად ახსნა ვერ მოახერხეს. შესაბამისად, არ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანები, რომლებიც პირადი და კარიერული ცხოვრების ხარჯზე, ასობით მათგანი კი საკუთარი ჯანმრთელობისა და ფიზიკური თავისუფლების ფასად იბრძვიან ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად აღმოჩნდნენ მდგომარეობაში, როდესაც მათი ბრძოლით მოპოვებულ შესაძლებლობებით მექანიკურად ისარგებლებენ პოლიტიკური პარტიები.
ამ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს სალომე ზურაბიშვილი. ის აღმოჩნდა პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ზუსტად ესმის არა მხოლოდ დიპლომატიის მნიშვნელობა და გააჩნია რესურსი, რომ ინდივიდუალურად აწარმოოს დიპლომატია მიმდინარე პროტესტის სასარგებლოდ, არამედ ესმის ისიც, რომ მიმდინარე პროცესში აუცილებელია დელიკატური ქცევა, რომელსაც არ ექნება პროვოკაციის ელფერი და არ გამოიწვევს იმგვარ რეაგირებას ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც დააზარალებს პროტესტის მონაწილე იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად მზად არიან ფიზიკურად დაიცვან საკუთარი სიმართლე. ზურაბიშვილის საქმიანობა, შესაბამისად, ყველაზე დადებითად ფასდება საზოგადოების მიერ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით.
ამგვარად, მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მზაობას უნდა გამოხატავდეს იმისთვის, რომ მიიღოს სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც აქვს მხარდაჭერა როგორც პროტესტის მონაწილეების მხრიდან, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა განვიხილოთ, როგორც მხსნელი, თუმცა მისი ხელმძღვანელობა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება პროტესტისთვის პოლიტიკური მიმართულების მისაცემად, განსაკუთრებით, საერთაშორისო პარტნიორებთან სასაუბროდ. თუმცა ამ ყველაფრისთვის, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციური პარტიების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის ერთსულოვანი მხარდაჭერა.
რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პერსპექტივას, ქართულ პარტიებს ოთხი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება მოუწევთ. პირველი, პოლიტიკური დებატები უნდა გახდეს შინაარსობრივი და ამ შინაარსზე უარის თქმისთვის საფუძველი არ უნდა არსებობდეს, მაშინაც კი როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ხდება სამზადისი. მაგალითად, წინასაარჩევნოდაც და არჩევნების შემდეგაც ისმოდა მოწოდებები, რომ „ახლა სხვა არაფრის დრო არ არის, გარდა ერთიანობისა.“ რა თქმა უნდა, ერთიანობაც და კიდევ უამრავი სხვა ფაქტორიც მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია ამგვარ მოწოდებებს შინაარსობრივი პოლიტიკა უმაგრებდეს ზურგს. ეს განსაკუთრებით ეხება კეთილდღეობის პოლიტიკის საკითხებს, რაც საშუალო ამომრჩევლის ყოველდღიურობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია. მიუხედავად ამისა, მემარცხენე სივრცე ქართულ პოლიტიკური ლანდშაფტში მეტად ეკლექტურია (იხ. ნახ. 1). საქართველოს საარჩევნო კომპასი 2024-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ერთი პარტია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, უჭერს მხარს პროგრესულ გადასახადებს, მაშინ როდესაც, კიდევ სხვა არაერთი პარტია აფიქსირებს მხარდაჭერას ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა საყოველთაო უფასო ჯანდაცვა, სკოლებში უფასო კვება, უფასო უმაღლესი განათლება და ა.შ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული პარტიების მემარცხენე პოზიციები ხშირად პოპულიზმის ინდიკატორი უფროა, ვიდრე გააზრებული და დაგეგმილი პოლიტიკური კურსი. ეს ყველაფერი უკავშირდება მეორე მნიშვნელოვან ამოცანას, რაც პარტიებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ. ეს ეხება პარტიების უნარს რეაგირება მოახდინონ ამომრჩევლის დაკვეთაზე. ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ არის მოცემული პარტიის ამომრჩეველი და რა სურს მას. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება განგრძობადი პარტიული იდენტობის ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, რაც სტაბილური ხმის მიცემის ქცევის წინაპირობაა.
ნახ. 1. პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
წყარო: საარჩევნო კომპასი საქართველო 2024
მესამე მნიშვნელოვანი ამოცანაა შიდაპარტიული დემოკრატიის უზრუნველყოფა და პარტიის ინსტიტუციონალიზაცია. ამ ამოცანისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას გამჭვირვალე წესები პარტიული ორგანიზების სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტების წესები, პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა, წევრობის პროცედურები, პარტიის პლატფორმის განსაზღვრის წესები, კონფლიქტების გადაწყვეტის წესები. მაგალითად, 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შესწავლილი 14 პარტიიდან შიდაპარტიული დემოკრატიის ინდექსში მაქსიმალური ქულა 0,4-ზე დაბალი დაფიქსირდა მაქსიმალური 1-დან.
ბოლოს, მეოთხე მნიშვნელოვანი ამოცანაა რეგიონებთან ურთიერთობა არა მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტში, არამედ არჩევნებსშორის პერიოდშიც. რა თქმა უნდა, ყველა ქალაქსა და დაბაში ოფისის გახსნა დიდ ფინანსურ რესურსს უკავშირდება, მაგრამ აუცილებელია აქტივობის შენარჩუნება ადგილობრივ დონეზე თუნდაც პარტიის მოხალისეების მეშვეობითა და ლიდერების ხშირი ვიზიტებით. თუმცა, საქმე ის გახლავთ, რომ მოხალისეების მობილიზება და მათ პარტიაში გაწევრიანება მარტივი არ არის ქართული პარტიებისთვის. ამის მიზეზები კი ზემოთ ჩამოთვლილ სამ შესასრულებელ ამოცანას უკავშირდება. თუ ამომრჩეველი დაინახავს, რომ არსებობს მის ფასეულობებთან ახლოს მდგარი თანმიმდევრული პარტია, რომელიც რეაგირებს ამომრჩევლის მოთხოვნებზე, არის გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული, მოხალისეების მობილიზებაც გამარტივდება.
გაკვეთილი 3: მსხვილი ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს მომავლის პროგნოზირებადობის მნიშვნელობას
დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტია პროგრამული პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც პარტიები ქმნიან ფასეულობებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროგრამებს, რომელთა განხორციელების პირობასაც იძლევიან არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში. არსებობს არაერთი ახსნა იმისა, თუ როგორ გაჩნდა პროგრამები, რის ათვლის წერტილადაც მიიჩნევა 50-იან წლებში ამერიკის პოლიტიკის მეცნიერების ასოციაციის (APSA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც მოუწოდებდა პოლიტიკურ პარტიებს, გამოეჩინათ მეტი დისციპლინა პროგრამების შემუშავებასა და არჩევნების შემდეგ მათი განხორციელების თვალსაზრისით. პროგრამული პოლიტიკის განვითარებას არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, თუმცა ერთ-ერთი მათგანია ორგანიზებული კაპიტალისტური ინტერესები. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მომავლის პროგნოზირებადობა და პოლიტიკური კეთილგანწყობის ყიდვა ტრანზაქციული პოლიტიკის კონტექსტში დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მსხვილი ბიზნესი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ არსებობდეს სტაბილური პოლიტიკური გარემო, გამჭვირვალე წესები და პროგნოზირებადი მომავალი. შესაბამისად, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც პარტიები დისციპლინირებული პროგრამული პოლიტიკის კეთება დაიწყეს არის ზეწოლა მსხვილი ბიზნესის მხრიდან.
საქართველოში მსხვილი ბიზნესი დიდწილად გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან იმგვარად, რომ მხარდაჭერის სანაცვლოდ იღებს საჯარო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტებს. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბიზნესი არ არის ორგანიზებული ინტერესთა ჯგუფების სახით და არ აქვს გააზრებული გრძელვადიანი სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ხდებოდეს პოლიტიკისა და ბიზნესის ჰარმონიული და არა პარაზიტული თანაცხოვრება. შესაბამისად, ბიზნესის მთავარი ამოცანა ხდება ის, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან დაახლოება მაშინაც კი, თუ ეს ძალა შეიცვლება. ეს პრაქტიკა ერთგვარ კანონზომიერებადაა გამხდარი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, საჭიროა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა და ამაში მსხვილმა ბიზნესმაც უნდა შეასრულოს საკუთარი როლი.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი ხვდება, რა პრობლემების წინაშე დგას საქართველო და ცდილობს, მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, ამას არ აქვს სისტემური ხასიათი. შესაბამისად, საჭიროა ინტერესთა ჯგუფის სახით ორგანიზება და საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლა, რაც უნდა იყოს პროგნოზირებადი მომავალი, გამჭვირვალე თამაშის წესები, მიუკერძოებელი სამართალი. ასეთ შემთხვევაში ქართულ ოცნებაზე ზეწოლა გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა, რაც გაზრდიდა მდგომარეობის ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას.
გაკვეთილი 4: როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, საჭიროა ბრძოლა სოციალური ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის
საქართველოში შექმნილია მდგომარეობა, როდესაც ქართულმა ოცნებამ საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარა ხელისუფლების ყველა შტო - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო - და ყველა დონე - ცენტრალური და ადგილობრივი. ამ პირობებში საზოგადოებრივ პროტესტის წინააღმდეგ ქართულ ოცნებას სხვადასხვანაირი მიდგომების გამოყენება შეუძლია. მას აქვს შესაძლებლობა, რომ, მაგალითად, პროტესტი ძალადობრივად ჩაახშოს, მონაწილეები დააშანტაჟოს სამსახურიდან გათავისუფლებით, გამოიყენოს პოლიტიზირებული სამართალი, ან უბრალოდ დააიგნოროს პროტესტი. ამ მიდგომების მონაცვლეობას ვადევნებთ თვალს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
თავის მხრივ, პროტესტის მონაწილეები მრავალფეროვანი გზებით ცდილობენ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ამ მეთოდებს სხვადასხვა ტიპის წარმატება მოყვება თან. მაგალითად, გაფიცვების შესახებ მოწოდებები, თითქმის, სრულად წარუმატებელი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული ნიშნით გამართული მარშები საკმაოდ მრავალრიცხოვან ხასიათს ატარებდა. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქუჩაში გამოსვლა თუნდაც ყოველდღიურად ისეთ დროს, როდესაც ინდივიდისთვის არასამუშაო საათებია, გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ორგანიზებული და მასობრივი ხასიათის გაფიცვა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში არსებობდეს ფუნქციური და დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები. დამოუკიდებელი პროფკავშირების პირობებში გაცილებით უფრო მარტივი იქნებოდა გაფიცვების ორგანიზება და ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების პარალიზება. ამგვარი პარალიზება პრობლემა ხდება ბიზნესისთვისაც და პოლიტიკური ძალაუფლების მქონესთვისაც.
ასეთივე მაგალითს წარმოადგენს პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სახალხო ეთერის მოთხოვნით. ამ შემთხვევაშიც გარკვეულ წარმატებას მიაღწია პროტესტმა, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას ვერ ახერხებს ხალხისთვის, მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მართალია, საპროტესტო აქციების შედეგად შესაძლებელი გახდა ღია ეთერის დათმობა აქტივისტებისა თუ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისთვის, მაგრამ საეთერო დრო მალევე დაიკარგა, რადგან არხი კვლავ რჩება ქართული ოცნების პოლიტიკური გავლენის ქვეშ.
კიდევ ერთი მაგალითია სახელმწიფო უნივერსიტეტები. უნივერსიტეტები ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს სოციალურ ინსტიტუტს წარმოადგენენ. საგანმანათლებლო დაწესებულები არა მხოლოდ ინოვაციებისა და ახალი ცოდნის შექმნის კერა უნდა იყოს, არამედ მას აქვს პოტენციალი აწარმოოს სოციალურ-პოლიტიკური იდეები. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ტანდემი უნდა ქმნიდეს იმგვარ საზოგადოებრივ ძალას, რომელსაც არა მხოლოდ მობილიზაციისა და პროტესტის გამოხატვის უნარ გააჩნია, არამედ შეუძლია ახალი იდეებისა და მიდგომების გენერირება. უნივერსიტეტების როლი კიდევ უფრო იზრდება ისეთ პირობებში, როგორშიც საქართველო იმყოფება დღეს. თუმცა საუნივერსიტეტო და ზოგადად აკადემიური სფერო ვერ ახერხებს მოწოდების სიმაღლეზე დგომასა და საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურს.
ეს მაგალითები აჩვენებს, რომ აუცილებელია ბრძოლა სოციალური ინსტიტუტებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ძლიერი პროფკავშირები, ისევე როგორც დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი და თავისუფალი უნივერსიტეტები სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს საყრდენ სვეტებს უნდა წარმოადგენდნენ. არსებულ ვითარებაში ქართული სამოქალაქო საზოგადოება დიდწილად ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს. ამიტომ აუცილებელია ბრძოლა ისეთი სოციალური ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა პროფკავშირები, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტები, რათა ისინი გათავისუფლდნენ პოლიტიკური გავლენებისგან და გახდნენ ეფექტური მოთამაშეები საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ.
გაკვეთილი 5. რეგიონების გარეშე ნებისმიერი ფართომასშტაბიანი პროტესტი განწირულია წარუმატებლობისთვის
28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო მუხტი მალევე მოედო რეგიონულ ცენტრებს და ფართო მასშტაბი შეიძინა. თუმცა ამ მუხტის შენარჩუნება, თბილისისგან განსხვავებით, შეუძლებელი აღმოჩნდა რეგიონებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ, ერთი მხრივ, საპროტესტო განწყობები დედაქალაქის ფარგლებს სცდება, ხოლო მეორე მხრივ, იქ ამ განწყობების მართვა უფრო რთულ გამოწვევას წარმოადგენს. ამის მიზეზი ქვეყანაში ცენტრალიზაციის მაღალი ხარისხია. ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკას, თუმცა რეგიონული დეცენტრალიზაციისა და პარტიების რეგიონული აქტივობების მაღალი ხარისხის პირობებში, სავარაუდოდ, განსხვავებული სურათი იქნებოდა. ცენტრალიზაციის ხარისხი ეხება ეკონომიკის, განათლების, სამედიცინო და ინფორმაციულ სფეროებსაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობის კერები თბილისის ფარგლებს გარეთ მწირია და რაც არსებობს არის პოლიტიზირებული და ხასიათდება პატრონ-კლიენტური ტიპის ურთიერთობებით, ერთი მხრივ, დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებს შორის. განათლების ხარისხი როგორ სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე, რეგიონებში საშუალოდ უფრო დაბალია, ვიდრე დედაქალაქში. სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობა ხშირად რეგიონებში არ არსებობს და პაციენტების თბილისში გადაყვანა ხდება აუცილებელი. ეს ყველაფერი, თითქოს, ყველასთვის კარგადაა ნაცნობი, თუმცა რეალურად ინფორმაციის გაცვლა, განსაკუთრებით, რეგიონებიდან დედაქალაქის მიმართულებით შეზღუდულ ხასიათს ატარებს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, როგორიცაა მაგალითად, ბათუმელები, არ არსებობს რეგიონული მედია, რომელიც ინფორმაციის წყარო იქნებოდა თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვისაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნიათ, რადგან მათ, ფაქტობრივად, დედაქალაქი მართავთ. მათ ასევე არ გააჩნიათ შესაძლებლობები დასაქმების თვალსაზრისით, განათლებისა თუ სამედიცინო მომსახურების მხრივ. შესაბამისად, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები აგრძელებენ საკუთარ ყოველდღიურობას ისე, რომ ამ სიღარიბიდან ამოსვლის რეალური შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ და ამის შესახებ დედაქალაქში ინფორმაცია არ მოდის.
ამგვარ პირობებში მცხოვრები ადამიანების მიმართ არ უნდა არსებობდეს მოლოდინი, რომ ისინი თვეების განმავლობაში ყოველდღიურად გააპროტესტებენ ისეთ არამატერიალურ საკითხებს, როგორიცაა არჩევნების შედეგების პოტენციური გაყალბება ან საგარეოპოლიტიკური კურსი. შესაბამისად, საქართველოს ესაჭიროება ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობების არსებითი ტრანსფორმაცია. თუმცა ეს გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს, მიმდინარე დღის წესრიგში კი სხვა პრობლემატიკა დგას: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მჭიდრო კავშირი თბილისში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასა და რეგიონებში არსებულ ადგილობრივ ინიციატივებს შორის?
ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი თბილისელი სამოქალაქო საზოგადოების ღიაობა და რეგიონებით დაინტერესება უნდა იყოს. ეს ინტერესი კი რეგიონებში ტრენინგების ჩასატარებლად ორგანიზებულ ვიზიტებს უნდა ცდებოდეს. ხშირად, თბილისელ სამოქალაქო საზოგადოებას რეგიონებისგან აქვს სასწავლი მოქმედების ინოვაციური მეთოდები. შესაბამისად, თბილისისა და რეგიონების თანასწორ აქტორებად აღქმა და ერთმანეთის გაძლიერებაზე ზრუნვა წარმატებული აქტივიზმის წინაპირობა უნდა იყოს. მიუხედავად რუსთაველის გამზირის სიმბოლური მნიშვნელობისა, ძირეული ცვლილებები რუსთაველის გადაკეტვით არ მიიღწევა.
დასკვნა
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ქართული პოლიტიკა დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რაც მას ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ერთი მხრივ, არის ქართული ოცნება, რომლის ლეგიტიმაციას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვის ნიშანი აქვს და რომელიც მზად არის კონსტიტუციურად განსაზღვრული სახელმწიფო ინტერესები უგულებელყოს იმისთვის, რომ ძალაუფლება გრძელვადიანად შეინარჩუნოს. მეორე მხრივ, საზოგადოებაში არსებობს ავთენტური პროტესტის მაღალი მუხტი, თუმცა შექმნილია მდგომარეობა, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა ამ პროტესტს არ ყავს ლეგიტიმური და იმავდროულად პრაგმატული მოკავშირე. ამ კონტექსტში ასეთ მოკავშირეებად უნდა გვევლინებოდნენ რამდენიმე ტიპის მოთამაშეები. პირველი, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც საკუთარი პრობლემები აქვთ ამომრჩევლის მხრიდან ნდობის თვალსაზრისით და დიდწილად არაეფექტურ აქტორებს წარმოადგენენ. მეორე, მსხვილი ბიზნესი, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს მომავლის განჭვრეტადობით და სამართლიანი წესებით, მაგრამ ხშირად ქართულ ოცნებასთან არის გადაჯაჭვული ტრანზაქციული პოლიტიკის კონტექსტში. და მესამე, პროფკავშირები, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტები, რომლებიც პრაქტიკულად მიტაცებულია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირების მიერ, თუმცა მათი გათავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭიროცაა და ღირებულიც. რამდენად მოახერხებს სამოქალაქო საზოგადოება დასახული მიზნების მიღწევას და რამდენად გაამართლებენ მოლოდინებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური აქტორები ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
ინსტრუქცია