[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / შეფასება

„ქართული ოცნება“ უცხოელების სამართლებრივ მდგომარეობას კატასტროფულად აუარესებს

  1. შესავალი

„ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებას, საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, საქართველოში თავშესაფრის პროცედურების გამკაცრებას და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სასჯელების გაჩენას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებები 18 კანონში შედის, მათ შორის არსებითი ცვლილებები იგეგმება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონებში“, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებებს საბოლოოდ პარლამენტი 30 მაისს უყრის კენჭს. ცვლილებათა პაკეტი, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან  კონსულტაციების გარეშე,   ერთი პარტიის მიერ მიიღება. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთანაც კი არ განუხილავს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი კომპეტენციაა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის პროცედურის გაუმჯობესებაში, ასევე, შესაბამისი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა და ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვის კუთხით ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. პარლამენტს ასევე არ შეუფასებია სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, სადაც საუბარია თავშესაფრის მოთხოვნის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე და ზოგადად მიგრანტების სოციალური საჭიროების განმტკიცებაზე.

ამის საპირისპიროდ, „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკულად განწყობილ უცხოელებს რეპრესიული პოლიტიკა დაუპირისპირა და არსებითად გააუარესა მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო.

საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების  აქტიური გაძევება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ დაიწყო. 2025 წლის 4 იანვარს მიგრაციის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოდან გააძევეს 25 ადამიანი, რომლებსაც სხვა ქვეყნების მოქალაქეობა ჰქონდათ და საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ.[1] მიმდინარე წლის 5 თებერვალს მამუკა მდინარაძემ სხვა რეპრესიულ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად ასევე დააანონსა, რომ ცვლილებები შეეხებოდა  საქართველოში არსებულ მიგრაციის პოლიტიკას და რომ მისი გამკაცრება იგეგმებოდა.[2]

გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციის დროს ათობით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც პოლიციის მხრიდან  ძალადობისა და ცემის ფაქტებზე საუბრობდნენ. ბევრი მათგანი საქართველოში კანონის მოთხოვნის დაცვით იმყოფებოდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მათი გაძევება, სწორედ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მოითხოვა. [3]

2025 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოს საზღვრის კვეთისას, ევროპის ქვეყნებიდან ჩამომსვლელებისთვის, განსაკუთრებით კი - უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის - შექმნილი პრობლემების სულ მცირე ათობით შემთხვევა დასტურდება. გარდა ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისა, საქართველოში შემოსვლაზე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქვთ პრობლემა რუსეთის  ანტიპუტინისტ მოქალაქეებს, ბელარუს და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების თუ აქტივისტების საზღვარზე არშემოშვების სამართლებრივ საფუძვლად, შსს, როგორც წესი, იყენებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ „სხვა შემთხვევებში“. ქვეპუნქტი, რომელსაც შსს სისტემატურად იყენებს, თვითნებობის მაღალ რისკებს შეიცავს. ამ მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლებამოსილება თავად გადაწყვიტოს უცხოელის საქართველოში შემოშვების საკითხი.

შსს მიგრაციის დეპარტამენტის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 1418 ადამიანს ეთქვა უარი სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა 104 ადამიანს (აქედან 91 უკრაინელს), და 11 ადამიანს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი. 2023 წელს სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა 472 ადამიანს, ხოლო 166 ადამიანს მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი, 16 ადამიანს კი - ლტოლვილის სტატუსი. რაც შეეხება საქართველოდან გაძევების სტატისტიკას, 2022 წელს გააძევეს 165 უცხოელი, 2023 წელს - 190, ხოლო 2024 წელს - 363 პირი. ნიშანდობლივია, რომ გაძევებულ პირებს შორის, ყველაზე მეტი წილი აზერბაიჯანელებზე მოდის. როგორც ამავე სტატისტიკიდან ირკვევა, წლების განმავლობაში უცხოელებისთვის სტატუსის მინიჭების ტენდენცია იკლებს, ხოლო უარის თქმის და გაძევების ტენდენცია იზრდება.

ამასთანავე, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს  2024 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც მიმოიხილავს უკრაინიდან ლტოლვილთა სამართლებრივ-უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში, აშკარაა, რომ მათი მხარდაჭერის მიზნით ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი და პროაქტიული ნაბიჯები, რაც განგრძობადი ლტოლვილობის პირობებში, უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს მათ. მაგალითად, UNHCR-ის 2024 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების 60%-ზე მეტს არ აქვს საკმარისი საკვები, ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და ჰიგიენური ნივთები. ამავე კვლევის მიხედვით, ვითარება მკვეთრად გაუარესებულია 2023 წელთან შედარებით.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათიდან[4] ირკვევა, რომ მმართველი გუნდი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას ევროკავშირის თავშესაფრის შესაბამისი დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში დანერგვითა და   სამართალდარღვევის/დანაშაულის პრევენციის მიზნით ხსნის, თუმცა ცვლილებების ანალიზი აჩვენებს, რომ ის მკვეთრად აუარესებს უცხოელების უფლებრივ მდგომარეობას და უფრო მეტად, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტების დროს უცხოელი აქტივისტების მონაწილეობის გამოცდილებაზე რეჟიმის რეპრესიულ პასუხად გვევლინება. ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის პროცესით განსაზღვრული მოთხოვნების და სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში ჰქონდა აღებული არაერთი ვალდებულება, რომ დაეხვეწა თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და საკანონმდებლო ბაზა, შეექმნა „წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის“ სტრუქტურული ერთეული, რომელიც დეტალურად შეისწავლიდა გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობის ქვეყანაში არსებულ ვითარებას და შეაფასებდა რისკებს. სამართლიანი სასამართლოს, სამართლებრივი დახმარების უფლებები ასევე უნდა ყოფილიყო გარანტირებული ამ პროცესში. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებისას, ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ეს ვალდებულებები ნაწილობრივ შეასრულა: ევროკომისიის 2015 წლის პროგრესის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დაბალი ხარისხისაა, არ არის ინდივიდუალიზებული და დასაბუთებული და ძირითადად გამოიყენება შაბლონური ტექსტები/დასაბუთებები, ასევე, სახელმწიფო იძიებს და აანალიზებს  წარმოშობის ქვეყნის შესახებ განახლებულ ინფორმაციას, რაც კრიტიკულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, არ არის თანმიმდევრული დაცვის სტანდარტების გამოყენება და ინტერპრეტაცია. კომისიამ ასევე გააკრიტიკა სახელმწიფო გასაჩივრების სუსტი მექანიზმების, არასათანადო სამართლებრივი დახმარების, ასევე, მიმღებ დროებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გამო (ჰიგიენა, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, ინტეგრაცია). გარდა ამისა, კომისიამ აღნიშნა, რომ ევროპულ სტანდარტებთან შედარებით, საქართველოში გაცილებით დაბალი იყო თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილებების მიღების ტენდენცია.

ვიზალიბერალიზაციის ამ მოთხოვნების უგულებელყოფით, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად ამძიმებს და აუარესებს კანონმდებლობას, რაც ცალსახად ართულებს მიგრანტების უფლებრივ მდგომარეობას.

  1. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოკლე შეჯამება

ახალი სტანდარტები, რომლებსაც ადგენს ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, მკაცრია, რეპრესიული და უცხოელებს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის და დაცვის უფლების ფუნდამენტურ გარანტიებს ართმევს. საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილი ახალი წესები და შეზღუდვები ითვალისწინებს:

  • სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
  • ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 5-დან 20 წლამდე ვადით;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
  • პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის, პოლიტიკოსის სიტყვიერი შეურაცხყოფის და მანიფესტაციის შესახებ კანონის მოთხოვნის დარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით;
  • იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს. კანონიერად ყოფნის პერიოდის 3 თვით გადაჭარბებისთვის ჯარიმა 1000 ლარი ხდება და უცხოელს  საქართველოში 6 თვის ვადით შემოსვლა ეკრძალება. 3 თვიდან 1 წლამდე პერიოდის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 2000 ლარია და უცხოელს საქართველოში შემოსვლა 2 წლით აეკრძალება;
  • მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა;
  • იმ უცხოელის მიერ, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ან რომლის მიმართაც არსებობს საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა უცხოელის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურებაში ან ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისათვის თავის არიდებაში და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებაში, დაისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებით და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 6 წლამდე;
  • ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;
  • ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, განიხილება თავშესაფრის საკითხი, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
  • მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
  • ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების (ელექტრონული) წესი;
  • შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა, ან მიღებულია საქართველოდან მისი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება;
  • თავშესაფრის პროცედურის ჩამტარებელ ორგანოს უფლება ეძლევა თავშესაფრის პროცედურა ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის გარეშე აწარმოოს, თუ ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით ფერხდება თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობა.
  1. ინიცირებული საკანონმდებო ცვლილებების ნიუანსური სამართლებრივი ანალიზი

3.1. საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში გატარებული ცვლილებები, რომლებიც რადიკალურად აუარესებს თავშესაფრის მაძიებლების მდგომარეობას

  • დასაშვებობის პროცედურის შემოღება და მისი გავლენა არგაძევების პრინციპზე

კანონის პროექტის მიხედვით, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის ყველა განცხადება გაივლის დასაშვებობის პროცედურას. კერძოდ, განცხადების არსებით განხილვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, განცხადებები წინასწარ შეისწავლება და ცალკეული განცხადებები საწყის ეტაპზევე გამოირიცხება. განცხადება დასაშვებობის ეტაპს ვერ გაივლის, თუ, მაგალითად: ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის არსებობს უსაფრთხო მესამე ქვეყანა; გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის;

პროექტით ასევე გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, საქალაქო სასამართლოში, ხოლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, თუმცა  განცხადების დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ასევე, მისი საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, პირზე არ გავრცელდება  არგაძევების პრინციპი და შესაბამისი აქტის უცხოელისთვის ჩაბარების შემდეგ დასაშვები იქნება მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

რადგან ასევე უქმდება გაძევების პროცედურის არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღიანი ვადა, პირი  შეიძლება იმავე დღეს გააძევონ საქართველოდან.[5] ეს ცვლილებები,  შეიძლება ითქვას, რომ იძლევა პირის, სასამართლო კონტროლის გარეშე, მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე დაყრდნობით, ქვეყნიდან გაძევების შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, მიუხედავად იმისა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკას სახელმწიფო საკუთარი მიხედულობის ფარგლებში განსაზღვრას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აკრიტიკებს ეროვნული სასამართლოების მიდგომას, რომლებმაც მტკიცებულებათა სათანადო გამოკვლევის და ზოგადად, ასეთი ფაქტის დამდგენი მტკიცებულებების არქონის გარეშე გამოიტანეს დეპორტაციის გადაწყვეტილება, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს სასამართლოს მიერ საქმის განხილვას. [6]

ამ პროცესში პირის ქვეყნიდან გაძევება - მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე - იწვევს რამდენიმე სირთულეს. ერთი მხრივ, ეს ართულებს პროცედურას, რადგან არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევების შემთხვევაში პირს საკუთარი ხარჯით მოუწევს საქართველოში დაბრუნება იმისათვის, რათა სასამართლოში შეძლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. მეორე მხრივ, პრობლემაა ისიც, რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო ტექნიკურად იმას, რომ პირს შეეძლოს სასამართლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა.

  • საზღვარზე საერთაშორისო დაცვის განცხადებების განხილვის ახალი წესი და ფიზიკური პირობების პრობლემა

პროექტი ითვალისწინებს განცხადების განხილვის ახალ წესს, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი განცხადების საქართველოს საზღვარზე განხილვას. საზღვარზე საკითხის განხილვა, მათ შორის, სასამართლო კონტროლის ჩათვლით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 28 დღისა. იმ შემთხვევაში, თუკი პირის მიმართ საკითხის განხილვა 28 დღეში ვერ დასრულდება, მას მიეცემა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება. იმ შემთხვევაში, თუკი პირი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ან იგი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, შესაძლებელი იქნება მისი დაკავება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, დროებითი მოთავსების ოთახები, რომლებიც პირის ხანგრძლივი ყოფნისთვის იქნებოდა განკუთვნილი, ამ დრომდე არ არსებობს. სახალხო დამცველის ყოველწლიური რეკომენდაციების მიუხედავად, მის არაერთ ანგარიშში, თბილისში არსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი უზრუნველყოფის ცენტრში არსებული პირობების გამოსწორების თაობაზე, დაკავებული მიგრანტების პირობები, ხშირ შემთხვევაში, კვლავ ვერ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. ამ ფონზე, განუჭვრეტელია, რამდენად შეძლებენ შესაბამისი უწყებები სათანადო პირობების შექმნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს საზღვარზე, შესაძლოა, 28 დღის სრულად გატარება მოუწიოთ.[7]   

სახალხო დამცველის 2023-2024 წლის ანგარიშის მიხედვით, პრობლემა იყო შესაბამისი აპარატურის და თარგმანის საშუალებების არარსებობა, რომელიც გააადვილებდა დროებითი განთავსების ცენტრში ყოველდღიურ კომუნიკაციას, ასევე, მოთავსებული პირებისთვის ყოველთვის არ არის უზრუნველყოფილი თარჯიმნის მომსახურება, რაც ართულებს როგორც პერსონალთან კომუნიკაციას, ისე სამედიცინო მომსახურების მიღებას. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომები პრაქტიკაში პრაქტიკულად არ გამოიყენება. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 1 აგვისტომდე, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე სასამართლოში წარდგენილი 53 შუამდგომლობიდან, ყველა დაკმაყოფილდა. ასევე დაკმაყოფილდა ყველა შუამდგომლობა, რომელიც მიგრაციის დეპარტამენტმა წარადგინა სასამართლოში, უკვე განსაზღვრული 3-თვიანი ვადის გაგრძელების თაობაზე. ორგანიზებული საზრისიანი აქტივობების არარსებობის ფონზე, გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალებებზე წვდომისთვის მცირე დროა გამოყოფილი. ორგანიზებული აქტივობები არც არასრულწლოვნებს შეეთავაზებათ. გარდა ამისა, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრებისთვის პრობლემურია ისეთი საბაზო საკითხების მოგვარება, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მოთავსებული მიგრანტისთვის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარანტიების შექმნასა და დაცვასთან. სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში მიგრაციის დეპარტამენტს მოუწოდებს, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრისთვის შეიმუშაოს კონფლიქტების პრევენციის და მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი, აღმოფხვრას მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მკაცრი ზედამხედველობის ოთახში პირის ხანგრძლივი განთავსება და აწარმოოს რეესტრი, სადაც აღირიცხება მკაცრი ზედამხედველობის ოთახში პირის მოთავსების და იქიდან გამოყვანის ზუსტი დრო.  ამასთანავე, შემუშავდეს და დამტკიცდეს დაზიანების დოკუმენტირების ფორმა, რომელსაც შეავსებს საქართველოს ესკორტის ექიმი, თუ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ თავად დასაბრუნებელი პირი განაცხადებს, ან ექიმს წარმოეშობა ეჭვი ასეთი მოპყრობის შესახებ; ასევე, განისაზღვროს ექიმის მიერ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების წესი.

მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, უცხოელის განთავსება მკაცრი ზედამხედველობის ოთახში არა უმეტეს 10 დღის ვადით არის შესაძლებელი. ბრძანება ითვალისწინებს შესაძლებლობას, მკაცრი ზედამხედველობის ოთახში მოთავსების შემდგომ, პირს შეეზღუდოს უფლება შეხვდეს სასურველ პირს, ისარგებლოს ტელეფონით, რეკრეაციული ზონით, მიიღოს და გააგზავნოს ამანათი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, შესაძლოა, ერთბაშად შეეზღუდოს გარე სამყაროსთან კონტაქტის ყველა საშუალება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების შეზღუდვა დისციპლინური სახდელის სახით, დაუშვებელია.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებდა ამ ცენტრებში მყოფი პირების მონახულების პრობლემაზეც. გარდა ამისა, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერით სარგებლობა კვლავ დღეში ორჯერ, თითო საათით არის შესაძლებელი. სახალხო დამცველი, წლებია, გასცემს რეკომენდაციას, რომ იმ ფონზე, როდესაც ცენტრში მოთავსებულ პირებს არ შეეთავაზებათ ორგანიზებული აქტივობები და თანაც, მოკლებულნი არიან ოჯახთან ხშირი კონტაქტის შესაძლებლობას, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ცენტრში დღის განმავლობაში კომპიუტერით სარგებლობის დრო. ამასთანავე, ცენტრში ვიზიტორის მიღება შეიძლება სამშაბათს და პარასკევს - 10:00 – 13:00 საათამდე და მხოლოდ 20 წუთით, რაც შორი მანძილიდან და იშვიათად მოსულ მნახველთან შეხვედრისთვის გაუმართლებელი შეზღუდვაა.

ამ რეკომენდაციების შეუსრულებლობა და მოუგვარებლობა აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, რამდენად შეძლებენ შესაბამისი უწყებები პირების საზღვარზე განთავსებას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას. ადვოკატის პროცესიდან ჩამოშორების შესაძლებლობით და პროცესუალური გარანტიების გაუქმებით, თავშესაფრის პროცედურის ჩამტარებელ ორგანოს უფლება ეძლევა თავშესაფრის პროცედურა განხორციელოს ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის გარეშე. თავშესაფრის პროცედურის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, თუ ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, ფერხდება თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობა, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოებისას. კანონი არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რა შეიძლება მოიაზრებოდეს პროცესის შეფერხებაში.

შემაშფოთებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს,  შესაძლებლობა აქვს ადვოკატი ჩამოაშოროს პროცესს და უიმისოდ განიხილოს საკითხი, რაც არღვევს  უცხოელის უფლებას, პროცესში ჩართოს ადვოკატი. ევროპის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, სამართლებრივი დახმარება ფუნდამენტური კომპონენტია თავშესაფრის პროცედურაში, და უზრუნველყოფს მაძიებლის უფლებების დაცვას და პროცედურის გამჭვირვალობას.

კანონპროექტმა აქვე დააკონკრეტა, რომ თავშესაფრის პროცედურის ფარგლებში ადვოკატის მონაწილეობასთან დაკავშირებული ბუნდოვანების აღმოფხვრის მიზნით, კანონში მიეთითება, რომ თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოების დროს, ადვოკატის მონაწილეობას არ აქვს სავალდებულო ხასიათი. ამასთანავე, სასამართლოს დავის წარმოებაში მან მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და მისი ანკეტირებაზე, გასაუბრებაზე ან სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა არ შეაფერხებს ანკეტირების/გასაუბრების ჩატარებას, ან სასამართლოში საქმის განხილვას.

  • დაჩქარებული განხილვის საფუძვლების გაფართოება და უსაფრთხო ქვეყნის კონცეფციის გამოყენება

წარმოდგენილი კანონის პროექტით ფართოვდება განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლები. კერძოდ, განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ: 1. უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სამინისტროს წარმოშობის ქვეყნის შესახებ მიაწოდა აშკარად შეუსაბამო და წინააღმდეგობრივი, აშკარად მცდარი ან საეჭვო ცნობები, რაც მის განცხადებას არადამაჯერებელს ხდის; 2. სავარაუდოა, რომ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა არაკეთილსინდისიერად გაანადგურა ან მოიცილა თავისი საიდენტიფიკაციო ან სამგზავრო დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა მისი ვინაობის ან მოქალაქეობის დადგენა; 3. არასაპატიო მიზეზით, უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა ეფუძნება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანაში გარემოებების მნიშვნელოვნად შეცვლას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანა არის უსაფრთხო. როგორც კანონი განსაზღვრავს, თუ ეს ქვეყანა წარმოადგენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანას და მას არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება საფუძვლიანი ვარაუდისთვის, რომ ეს ქვეყანა ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის არ არის უსაფრთხო ქვეყანა,  შესაბამისი უწყებები მას უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევენ. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მიგრაციის დეპარტამენტი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში ობიექტურად და სრულად არ აფასებს წარმოშობის ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ძირითადად მოიხმობს ძველ და არასაკმარის ანგარიშებს. მაგალითისთვის, ავტორიტარული ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვათა შემთხვევებში, მიგრაციის დეპარტამენტის დასკვნა სრულად არ ასახავს საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს, რომლებიც აკრიტიკებენ ამ ქვეყნებში არსებული დემოკრატიის ხარისხს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას სასამართლო უმთავრესად უპირობოდ იზიარებს  და არ ცდილობს  შეაფასოს, რამდენად ობიექტურია მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

კანონიდან ასევე ამოღებულ იქნა ჰუმანიტარული სტატუსის ცნება და დამატებით განისაზღვრა დამატებითი დაცვის  ტერმინი.

საგულისხმოა, რომ განცხადების დაჩქარებული განხილვის საფუძვლებისა და მისი სპეციფიკური შინაარსის გათვალისწინებით, ამ პროცედურის ფარგლებში სამინისტროს მიერ პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის, ასევე, ამ კანონით დადგენილი წესით მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, პირი არ მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად, მასზე არ გავრცელდება არგაძევების პრინციპი და შესაბამისი აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვები იქნება მისი ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. მათ შორის, პირს შესაძლებლობა არ აქვს  აღსრულების შეჩერების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არ დაექვემდებაროს გაძევება/ექსტრადირება იქამდე, სანამ პირველი ინსტანციის სასამართლო მაინც არ განიხილავს მის საკითხს. 

რელევანტური საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიმოხილვა

სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების კონტექსტში რელევანტურია საზღვრების მართვის შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა თანახმად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოებს ავალდებულებს, პატივი სცენ, დაიცვან და კეთილსინდისიერად აღასრულონ ადამიანის უფლებები საზღვრების მართვის პროცესში. ამავე პრინციპების მიხედვით, სამართლიანი პროცესის უფლება ვრცელდება ყველა ადამიანზე სახელმწიფოს იურისდიქციის ან ეფექტიანი კონტროლის ქვეშ არსებულ სივრცეებში, მათ შორის, საერთაშორისო საზღვრებზე. სამართლიანი პროცესი მოიცავს ინდივიდუალური განხილვის, უფლების დაცვის სასამართლო და ეფექტიანი საშუალების, იმ გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის უფლებებზე.[8] ამავეს მიუთითებს გაეროს სარეკომენდაციო პრინციპები საერთაშორისო საზღვრებზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ: დაცული უნდა იყოს ყველა მიგრანტის სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათი სტატუსის მიუხედავად, ყველა სივრცეში, სადაც სახელმწიფო ახორციელებს იურისდიქციას ან ეფექტიან კონტროლს. ეს უფლება მოიცავს საქმის ინდივიდუალური განხილვის, სასამართლო და უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალების და გასაჩივრების უფლებებს.[9] ამავე სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ადამიანის უფლებების მოთხოვნების შესაბამისი საზღვარზე შემოსვლის პროცედურები, რათა მოახდინონ იმ პირთა ინფორმირება, რომლებსაც უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე, ზეპირად და წერილობით, მათი ექსკლუზიის მიზეზების, ასევე, ამგვარი გადაწყვეტილების სასამართლოში ან სხვა დამოუკიდებელ და ეფექტიან ორგანოში გასაჩივრების უფლების შესახებ.[10]

გარდა ამისა, თავშესაფრის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ამ პროცესში ადვოკატის მონაწილეობის არასავალდებულო ხასიათი, ასევე გასაჩივრების პროცედურების და სასამართლო კონტროლის შეზღუდვა, აჩენს იმის პრაქტიკულ რისკებსაც, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირის მიმართ დაირღვეს არგაძევების ფუნდამენტური უფლება, იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს საფრთხის მაღალი ალბათობა, მათ შორის, წამების და არადამიანური მოპყრობის რისკები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ამ მხრივ, ერთგვაროვანია და მკაცრად იცავს უცხოელების უფლებას, არ იყვნენ გაძევებული იმ ქვეყანაში, მათ წინააღმდეგ, შესაძლოა, დაირღვეს კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახელმწიფოს აკისრებს რისკების შეფასების ტვირთს, იმისათვის, რათა სწორად შეაფასოს იმ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, სადაც აპირებს პირის გაძევებას (F.G. v. Sweden, 2016). დაჩქარებული წესით განხილვა და ამ პროცესში სასამართლოს კონტროლის სრული უგულებელყოფა ზრდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არგაძევების პრინციპის დარღვევის ალბათობას.

კანონით ასევე განისაზღვრა მესამე უსაფრთხო ქვეყნის ტერმინი, რომელიც არ არის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანა, თუმცა, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირსა და ამ ქვეყანას შორის არსებული კავშირის საფუძველზე, შესაძლებელია ამ ქვეყანაში პირის კანონიერი გზით დაშვება.

კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ავტომატურ საფუძვლებს ასევე დაემატა შეთხვევები, როდესაც პირი ნასამართლევია არა მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, არამედ განზრახ მძიმე დანაშაულისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.

მიმალვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, უცხოელს, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის პერიოდში, დაეკისროს ვალდებულება: ა) არაუმეტეს კვირაში ორჯერ გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) წარადგინოს მინიმუმ 3 000 ლარის ოდენობის გარანტია; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი.

საინტერესოა, რომ კანონი  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევს უცხოელის საცხოვრებელ ადგილას ჩაატარონ ჩხრეკა სასამართლო კონტროლის გარეშე, კერძოდ თუ არსებობს ვარაუდი, რომ უცხოელმა გადამალა სამგზავრო დოკუმენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვთ საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით, სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შეამოწმონ უცხოელის საცხოვრებელი ადგილი. 

გაძევების საკითხის განხილვის დაწყების ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე ან/და განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისა და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უცხოელი შეიძლება დააკავონ და დროებითი განთავსების ცენტრში მოათავსონ, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა.

3.2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გატარებული ცვლილებები და სათანადო პროცედურების გარეშე დაწესებული რეპრესიები

ადმინისტრაციულ სამართალდაღღვევათა კოდექსის 24-ე მუხლს სახდელის  სახედ დაემატა უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. უცხოელის საქართველოდან გაძევება, უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით.

უცხოელის საქართველოდან გაძევების შეფარდებას წყვეტს სასამართლო, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე. ადმინისტრაციული სახდელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის მისი საქართველოში დარჩენა. უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოიყენება უცხოელის, ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ადმინისტრაციული სახდელის სახით შეიძლება განისაზღვროს არაუმეტეს 5 წლამდე ვადით, ხოლო ქვეყნიდან გაძევება - 3 წლამდე ვადით. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის  აკრძალვის სახდელები  იმ მუხლებს დაემატა, რომლებიც პრაქტიკაში ძირითადად აქციის მონაწილეების მიმართ გამოიყენება, მათ შორის არის - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მოთხოვნის დარღვევა, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

საკანონმდებლო პროექტის ჩანაწერი, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით“, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს სასჯელები ერთად უნდა იქნას გამოყენებული.

გაძევების პროცედურების მიზნებისთვის აქამდე შინაგან საქმეთა მიგრაციის დეპარტამენტი, მათ შორის,  აქციაზე დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავდა შუამდგომლობით, სადაც წარადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოების დასკვნას, რომელიც ხელმისაწვდომი არ  არის  პირისთვის, რომლის მიმართაც გაძევების პროცედურები დაიწყო და სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების დასკვნის საფუძველზე ითხოვდა მათ გაძევებას. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ეს პროცედურა ახლა უკვე მარტივდება და შესაძლებლობა ეძლევათ პირდაპირ სახდელის სახით მოითხოვონ ამ მექანიზმის გამოყენება და ერთი პროცესის ფარგლებში,  გააძევონ კიდეც პირი ქვეყნიდან, და თან, აუკრძალონ კიდეც   საქართველოში შემოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება პირის საქართველოში ყოფნა უსაფრთხოების ინტერესებს, პრობლემურია სწორედ ის, რომ ამ შეფასების სტანდარტები და კრიტერიუმები განუჭვრეტელია და სასამართლოს  ეძლევა ფართო დისკრეცია პირის მიმართ სახდელი გამოიყენოს ბუნდოვან ნორმაზე დაყრდნობით. ამასთანავე, თუ მსგავსი შინაარსის საქმეებში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს პრაქტიკა არ შეიცვლება და გადაწყვეტილება ძირითადად ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებულ დასკვნას დაეფუძნება, ეს კვლავ არსებითად შეზღუდავს უცხოელის უფლებებს და მძიმე სანქციის ფონზე, მათი უფლების დარღვევის რისკებსაც არსებითად გაზრდის.

რელევანტური საერთაშორისო სამართლებრივი სტადარტების მიმოხილვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს ბულგარეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეში დაადგინა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის დასახელება მოითხოვს კომპლექსურ დასაბუთებას. კერძოდ, თუ რა ხარისხითა და რა კონტექსტში უქმნის საფრთხეს განმცხადებელი ეროვნულ უსაფრთხოებას. სასამართლომ გამოიკვლია, რომ რუმინეთის ხელისუფლებას სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაუწყია განმცხადებლის წინააღმდეგ ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო. განმცხადებლის გაძევება ეფუძნებოდა მხოლოდ ზოგად მითითებას, რომ ეს უკანასკნელი საფრთხეს წარმოადგენდა ეროვნული მართლწესრიგისთვის.[11]

სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესსა და ინდივიდის უფლებების დაცვასთან მიმართებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, ZZ v. Secretary of State for the Home Department, სადაც სასამართლომ თავისუფალი გადაადგილების შესახებ დირექტივაზე  მსჯელობისას აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დააბალანსონ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესი და ინდივიდის მიერ საკუთარი თავის ეფექტიანად დაცვის მექანიზმის არსებობის მნიშვნელობა. სასამართლოს მითითებით, ეს ვალდებულება ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის 47-ე მუხლიდან გამომდინარეობს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემული ბალანსი სახელმწიფოთა შიდა სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ. აუცილებელია, რომ ეს სასამართლოები დარწმუნდნენ და უზრუნველყონ, რომ პირს ჰქონდა ინფორმაცია უშუალოდ იმ არსებითი ფაქტების შესახებ, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. ლტოლვილთა და გაძევების ევროპული საბჭო ასევე იზიარებს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს და მიუთითებს, რომ აუცილებელია თავშესაფრის მაძიებელს ჰქონდეს წვდომა მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, რადგან სხვაგვარად მისთვის დაცვის უფლების გარანტირება შეუძლებლი იქნება.[12]

მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უცხოელებს არ ანიჭებს სახელმწიფოში შესვლის და ცხოვრების უფლებას, თუმცა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (უცხოელთა გაძევების პროცედურული დაცვის მექანიზმები) მოითხოვს უცხოელთა ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მინიმალურ პროცედურულ სტანდარტებთან შესაბამისობას.[13] ევროპული სასამართლო საგანგებოდ მიუთითებს, რომ კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღონ. ამასთანავე, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას და კომპეტენტური ორგანოს წინაშე უცხოელის წარდგენას. კანონის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება კი გულისხმობს არა მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობაში საკანონმდებლო საფუძვლის არსებობას, არამედ კანონის ხარისხსაც: კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი, და უნდა აღჭურავდეს უცხოელს კონვენციით გარანტირებულ უფლებებში საჯარო ხელისუფლების თვითნებური ჩარევისგან დასაცავად. თვითნებობა წარმოადგენს კანონის უზენაესობის ნეგაციას, რომლის მიმართ შემწყნარებლობაც იმდენადვე დაუშვებელია პროცედურული უფლებების მიმართ, რამდენადაც - მატერიალური უფლებების მიმართ. ევროპული სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ კანონის ხარისხის მოთხოვნა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს კანონის უზენაესობის პრინციპიდან, ვრცელდება კონვენციის ყველა დებულებაზე, რომელიც პროცედურულ უფლებებს განამტკიცებს. მაშასადამე, კანონის შესაბამისად მიღებულმა გაძევების გადაწყვეტილებამ შეიძლება მაინც გამოიწვიოს კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა, თუ გამოყენებული კანონი არ შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს.[14]

გარდა ამისა, გაძევების გადაწყვეტილების მიღებამდე პირს აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმანი, ასევე, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მის დეპორტაციამდე, ხოლო გასაჩივრება აჩერებს დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები ასევე ავალდებულებს სახელმწიფოს გაითვალისწინოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გაძევების გადაწყვეტილების მიღებამდე (Paposhvili v. Belgium (2016)).

მაშინაც კი, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე უცხოელის გაძევების მიზანს მოპასუხე სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ინტერესით ასაბუთებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერებისა და კანონის უზენაესობის ცნებები მოითხოვს, რომ ღონისძიებები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ძირითად უფლებებზე, უნდა ექვემდებარებოდეს დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე რაიმე ფორმით შეჯიბრებითი პროცედურით განხილვას, რათა შესწავლილ იქნეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები და რელევანტური მტკიცებულებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კლასიფიცირებული ინფორმაციის შეზღუდული გამოყენებით. პირს უნდა ჰქონდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მტკიცების გასაჩივრების უფლება, რომ სახეზეა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი. მართალია, აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასებას იმის შესახებ, თუ რა არის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეები, მნიშვნელოვანი წონა ენიჭება, თუმცა დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი,  რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ ცნების გამოყენებას არა აქვს გონივრული საფუძველი საქმის ფაქტებში, ან გამოვლინდება, რომ „ეროვნული უსაფრთხოების“ ინტერპრეტაცია უკანონოა ან ეწინააღმდეგება საღ აზრს და თვითნებურია. ამგვარი დაცვის გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, პოლიციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებს ექნებათ შესაძლებლობა, თვითნებურად შელახონ კონვენციით დაცული უფლებები.[15]

საქმეში, Muhammad and Muhammad v. Romania, სასამართლომ განმარტა, რომ უცხოელი, რომლის გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღება,  ვერ შეძლებს არსებითი ფორმით გაასაჩივროს ხელისუფლების ორგანოთა არგუმენტები ეროვნული უსაფრთხოების თაობაზე, ან წარადგინოს დასაბუთებული მოსაზრებები მისი გაძევების წინააღმდეგ, თუ არ ეცოდინება რელევანტური ფაქტობრივი ელემენტები, რამაც ეროვნული ორგანოები დაარწმუნა, რომ იგი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.[16] სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ უცხოელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა იმ დოკუმენტების შინაარსსა და ინფორმაციაზეც, რომლებსაც ხელისუფლების ორგანოები დაეყრდნენ მათი გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.[17] სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელი პირი უფლებამოსილია წერილობით გაეცნოს გაძევების შინაარსობრივ მიზეზებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, ფორმალური შეზღუდვის გათვალისწინებით, ხელი უნდა მიუწვდებოდეს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციაზეც, რათა იმ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, ეფექტიანად შეძლოს საწინააღმდეგო არგუმენტების წარმოდგენა და თავის დაცვა.[18]

უცხოელთა დეპორტირების საქმეებში, სადაც სასამართლომ ქვეყნიდან გაძევების განმაპირობებელი გარემოებები სახელმწიფო უსაფრთხოებას მიკუთვნებულ ინფორმაციად მიიჩნია და გაძევებულ პირებს ამ მიზეზით ეთქვათ უარი უფლებაში ჩარევის დასაბუთებისა და მიზეზების გაცნობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ: „კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი მიუთითებს უცხოელი პირის უფლებაზე, რომ მასპინძელი ქვეყნიდან გაძევების შემთხვევაში, დეპორტაციის ზომები და მიზეზები დაექვემდებაროს შეჯიბრებით სამართალწარმოებას, რის ფარგლებშიც, საჭიროების შემთხვევაში, განმტკიცებულია შესაბამისი პროცედურული შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხოელი პირისათვის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის მექანიზმიც“.[19] ამდენად, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, უცხოელთა ქვეყნიდან გაძევების პროცედურული გარანტიები მოიცავს გაძევების საფუძვლების განსაზღვრულობის მოთხოვნას, ამ საფუძვლებთან დაკავშირებით პირის ინფორმირებულობას, ასევე პროცესში მისი ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფასა და გასაჩივრების ადეკვატური მექანიზმის შექმნას. ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნაა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელისუფლება უცხოელის გაძევების გადაწყვეტილების მიღებისას მიუთითებს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ინტერესზე, ეს მითითება უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული შინაარსით და არ უნდა იყოს აბსტრაქტული.

განსაკუთრებით პრობლემურია, რომ არსებული სასამართლო სისტემისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ეს ცვლილებები  ბერკეტი ხდება სახელმწიფოსთვის, ქვეყნიდან გააძევოს საქართველოში კანონიერად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ცვლილებების პაკეტი პირდაპირი სიგნალია არაერთი უცხოელი აქტივისტისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ საქართველოში რჩებიან, რომ მათ შესაძლოა მოუწიოთ ქვეყნის დატოვება და ხელახალი მიგრაცია, თუკი „ქართული ოცნებას“ გააკრიტიკებენ ან პოლიტიკური შინაარსის აქციებში მიიღებენ მონაწილეობას.

 3.3. სისხლის სამართლის კოდექსში გატარებული ცვლილებები და გაძევების და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის დამატებითი აგრესიული სასჯელები

სისხლის სამართლის კოდექსს ასევე დაემატა ახალი სასჯელი - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, რაც შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.  უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ათ წლამდე ვადით; ბ) მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ხუთიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, როგორც სასჯელის სახე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ საქმის გარემოებებისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის მისი საქართველოში დარჩენა.

ამასთანავე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლისთვის ითვალისწინებს პასუხიმგებლობას, კერძოდ უცხოელი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ან რომლის მიმართაც არსებობს საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა უცხოელის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურებაში ან ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისათვის თავის არიდებაში ანდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებაში, – ისჯება საქართველოდან გაძევებით და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ექვს წლამდე.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ  ნებისმიერი სახის დანაშაულის შემთხვევაში, მათ შორის გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისას, პირს, შესაძლოა, საქართველოში შემოსვლა  2-დან  10 წლამდე ვადით აეკრძალოს. ამასთანავე, სასჯელის ფართო  არეალი, რომელიც მოსამართლეს უტოვებს შესაძლებლობას, რომ პირს 2-დან 10 წლამდე და 5-დან 20 წლამდე შეუზღუდოს ქვეყანაში შემოსვლა, სასამართლოს განუსაზღვრელად ფართო დისკრეციას ანიჭებს და უფლების ბოროტად გამოყენების მაღალ რისკებს ქმნის.

  1. დასკვნა

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ქვეყანაში უფლებრივ მდგომარეობას და არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთ სტანდარტს და აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას. როგორც ზემოთ იყო ახსნილი, თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის სამართლიან სასამართლოსა და სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე არგაძევების პრინციპის დაცვა და დროული სამართალწარმოება ის მინიმალური სტანდარტებია, რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში ევალებოდა. გარდა ამისა, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ჟენევის 1951 წლის კონვენციასთან ლტოლვილთა სტატუსის განსაზღვრის შესახებ, სადაც ასევე განსაზღვრულია ის მინიმალური სტანდარტები, რაც სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავშესაფრის მაძიებელ უცხოელებთან მიმართებით, მათ შორის: სამართლიან სასამართლოსა და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა, გასაჩივრების უფლება. კონვენციით ასევეა განსაზღვრული მთელ რიგ სოციალურ უფლებებზე ხელმისაწვდომობის ვალდებულება, მათ შორის საცხოვრისზე, საკვებსა და სოციალურ დაცვაზე. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება არგაძევების პრინციპის დარღვევის რისკები, რაც წინააღმდეგობაში მოდის წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის უფლებასთან. აბსოლუტური უფლების დარღვევის ამ მასშტაბის რისკების გაჩენა საკანონმდებლო დონეზე იმთავითვე მიუთითებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ აპირებს მიიღოს ის ზომები, რომლებიც არგაძევების პრინციპის დაცვას უდევს საფუძვლად, მათ შორის, ჯეროვნად შეაფასოს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პირის გაძევებასთან დაკავშირებით.

საქართველოში მცხოვრები უცხოელების ისედაც მოწყვლად სოციალურ მდგომარეობაში ყოფნის ფონზე, და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული მათი დაცვის სტრატეგია და პოლიტიკა, საკანონმდებლო ცვლილებებით ცხადი ხდება, რომ მათ მიმართ პოლიტიკა და დამოკიდებულება კიდევ უფრო რეპრესიული და მკაცრი გახდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აძლიერებს მიგრანტების და უცხოელების მიმართ მტრული პოლიტიკის დისკურსს და რეპრესიულ მიდგომებს ირჩევს მაშინ, როცა საქართველოში მიგრაციას ძირითადად უსაფრთხო თავშესაფრის ძიების კონტექსტი აქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც გამოექცა ომს ან ავტორიტარული რეჟიმების რეპრესიებს, მათ შორის, მეზობელი სახელმწიფოებიდან. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკვე წლებია ლოიალურ პოზიციას ავლენს ამ სახელმწიფოების მიმართ, და არგაძევების პრინციპის დარღვევითაც კი ცდილობს ამ მხარდაჭერის შენარჩუნებას, რაც უკვე საკანონმდებლო დონეზეც მყარდება.

ცხადია, რომ მოცემული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ განიხილება იზოლირებულად და უნდა შეფასდეს იმ ზოგადი საკანონმდებლო ტენდენციის ფარგლებში, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში მიიღო.

ცვლილებების ფონზე, საქართველოში ჯერ კიდევ მყოფი აქტივისტები, რომლებიც, ერთი მხრივ, გამოექცნენ რუსეთის, აზერბაიჯანის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების რეჟიმებს და საქართველოს აფარებდნენ თავს, გაძევების რეალური საფრთხის წინაშე დადგებიან, თუკი ისინი გაბედავენ ღიად გამოხატონ პოლიტიკური რეჟიმის საწინააღმდეგო პოზიცია ან/და მონაწილეობას მიიღებენ საპროტესტო აქციებში. ამასთანავე, გამკაცრებული საერთაშორისო დაცვის პროცედურები ფაქტობრივად გამორიცხავს  აქტივისტებისთვის/ჟურნალისტებისთვის და სხვა კრიტიკული აზრის მქონე პირებისთვის, მათ შორის, უფლებადამცველებისთვის, საქართველოში თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] რადიო თავისუფლება  https://www.radiotavisupleba.ge/a/33264992.html

[2] რადიო თავისუფლება https://www.radiotavisupleba.ge/a/33304338.html

[3] რადიო თავისუფლება https://www.radiotavisupleba.ge/a/33225179.html

[4] განმარტებითი ბარათი https://www.parliament.ge/legislation/30617

[5] უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, უცხოელის მოთხოვნის შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების გონივრული ვადა − 7-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, მუხლი 54)

[6] C.G. and Others v. Bulgaria, N1365/07, §5

[7] შსს დროებითი განთავსების ცენტრის მონიტორინგის ანგარიში, სახალხო დამცველი 2023 წელი https://ombudsman.ge/geo/spetsialuri-angarishebi/shss-droebiti-gantavsebis-tsentris-monitoringis-angarishi

[8]United Nations, Office of the High Commissioner on Human Rights, Handbook on Human Rights and Screening Border Security and Management,  3. https://www.un.org/sites/www.un.org.counterterrorism/files/1806953-en-ctitf-handbookhrscreeningatborders-for-web2.pdf

[9] United Nations, Office of the High Commission of Human Rights (OHCHR), Recommended Principles and Guidelines on Human Rights at International Border, 8.

[10] იქვე, 28

[11] Lupsa v. Romania, N10337/04, ECHR 2006-VII.

[12] ZZ v. Secretary of State for the Home Department (CJEU, C-300/11).

[13] European Court of Human Rights (ECtHR), Muhammad and Muhammad v. Romania [GC], no. 80982/12, 2020, § 114, 117.

https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-205509

[14] Ibid, § 118

[15] ECtHR, Liu v. Russia, no. 42086/05, 2007, § 122 https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-83824

[16] Muhammad and Muhammad v. Romania, § 125

[17] Ibid, § 126

[18]Ibid, §128- §129

[19] ECtHR, Ljatifi v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 19017/16, 2018, § 35

https://hudoc.echr.coe.int/eng/?i=001-182871

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“