[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

“ქართული ოცნება”აგრძელებს კრემლის ინტერესების გატარებას და საქართველოში არ უშვებს ანტიპუტინისტ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებს

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კრემლის რეჟიმის ინტერესების გატარებას და რუსეთში მზარდი შეზღუდვების, დევნისა და შევიწროების ფონზე საქართველოში შემოსვლის მსურველ აქტივისტებს, ჟურნალისტებს და ოპოზიონერებს ქვეყანაში არ უშვებს.  უკრაინის ომის შემდეგ მედია წყაროებით იდენტიფიცირებულია მინიმუმ 25 შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ რეჟიმის მოწინააღმდეგე რუს და ბელორუს აქტივისტებს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა. ეს მაჩვენებელი სინამდვილეში უფრო მაღალია, რადგან აქტივისტების დიდი ნაწილი მათი პირადი უსაფრთხოების გამო საკუთარ გამოცდილებას არ ასაჯაროებს. აქტივისტების ნაწილს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სამართლებრივად ეხმარება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს რუსი აქტივისტის, მაქსიმ ივანცოვის სამართლებრივ ინტერესებსსაც.  2024  წლის 25 თებერვალს   რუსეთის მოქალაქე, სამოქალაქო აქტივისტი მაქსიმ ივანცოვი, ვილნიუსიდან საქართველოში ბრუნდებოდა,  თუმცა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუსაბუთებლად,  გაურკევევლი მიზეზით საქართველოში არ შემოუშვა. მაქსიმ ივანცოვი საქართველოში 2020 წლიდან ცხოვრობს. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „Frame“-ის  კოორდინატორია. ორგანიზაცია,  წლების მანძილზე საქმიანობდა რუსეთში სამოქალაქო განათლების მიმართულებით. 2012 წელს, როცა  კრემლმა მაქსიმ ივანცოვი „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, გუნდმა ორგანიზაცია დროებით  დახურა, მოგვიანებით ხელახლა გახსნა, თუმცა  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვითარება უფრო გართულდა, რის გამოც “Frame”-ი საქართველოში გადმოვიდა. 2020 წელს, თბილისში გადმოსვლის შემდეგ მაქსიმ ივანცოვმა და მისმა  გუნდმა სახლი იქირავა ბეთლემის ქუჩაზე და იქ განაგრძო საქმიანობა.  ამავე სივრცეში, რომელსაც „სახლი ბეთლემზე“ უწოდეს, შეხვედრების ოთახის გვერდით და გარე პერიმეტრზე გაიხსნა კაფე-ბარიც. ორგანიზაცია პერიოდულად აწყობდა  დისკუსიებს, დებატებს, კინოჩვენებებს. 2024 წლის 25 თებერვლამდე მაქსიმ ივანცოვი პერიოდულად ტოვებდა საქართველოს  და უკან შეუფერხებლად ბრუნდებოდა. მას საზღვრის კვეთის დროს პრობლემა არასდროს შეჰქმნია. 

მაქსიმ ივანცოვის  არშემოშვების ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, 17 იანვარს, რუსეთში  ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა  ბორის ნადიჟენმა განაცხადა, რომ მისმა კამპანიამ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად დასარეგისტრირებელი ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყო. ნადჟეინის შტაბს ფართი არასამთავრობო ორგანიზაცია “Frame”-მა გამოუყო.  მაქსიმ ივანცოვი მიიჩნევს, რომ მისი საქართველოში არშემოშვების ფაქტი, სწორედ ანტიპუტინისტურ განწყობებს და ბორის ნადიჟენისთვის  ხელმოწერების შესაგროვებლად ფართის გამოყოფას უკავშირდება.

მაქსიმ ივანცოვს უკვე გავლილი ჰქონდა პასპორტ კონტროლი და ბარგს ელოდებოდა, როდესაც ის უკან დააბრუნეს და  არ მისცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება. მის მიმართ, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან,  აეროპორტში ასევე ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. მას შემდეგ, რაც მას  გადასცეს დოკუმენტი,  მაქსიმ ივანცოვი  ადგილზე მყოფმა აეროპორტის რამდენიმე თანამშრომელმა და პოლიციის წარმომადგენელმა უხეშად, ხელის კვრით წაიყვანეს თვითმფრინავისკენ. ამ დროის განმავლობაში ის ითხოვდა მიეცათ საშუალება, გასაუბრებოდა ადვოკატს და აეხსნათ, თუ რა საფუძვლით არ  ეძლეოდა  საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება.  თვითმფრინავში აყვანის შემდეგ ივანცოვმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, პოლიციის მხრიდან მოპყრობა იყო შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი,  უყვიროდნენ,  დასცინოდნენ. ვინაიდან  მაქსიმ ივანცოვმა უარი განაცხადა სხვა ქვეყანაში გაფრენაზე, იგი მოათავსეს ოთახში, სადაც 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. იქამდე კი გაჩხრიკეს. არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით კი, მომდევნო დღეს იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში გაფრენილიყო.  მოკვლევა დაიწყო, თუმცა  თითქმის ორი თვის გასვლის შემდეგაც  შედეგების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. 

მაქსიმ ივანცოვმა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით 25 თებერვლის შსს-ს გადაწყვეტილება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა, თუმცა  საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მაქსიმ ივანცოვის საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილებაში, არ შემოშვების საფუძვლად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტია მითითებული,  რომლის თანახმადაც, უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“. ეს ნორმა შსს-ს  მიერ სისტემატურად გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი, ისე, რომ ის სხვა საკანონმდებლო აქტზე მითითება არ კეთდება და ამგვარად, განსახილველ ნორმას სრულიად თვითნებური ინტერპრეტაციას ეძლევა. ეს მიდგომა შსს-ს საზღვრის კვეთის პროცესში თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების ფართო დისკრეციას და უკონტროლო ძალაუფლებას ანიჭებს. ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი ამ თვითნებური პრაქტიკის დისკრიმინაციული მოტივებით გამოყენების შესახებაც.[1]  

განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს რუსი და ბელორუსი ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების არშემოშვების ფაქტების ანალიზისას. მაქსიმ ივანცოვის საქმეშიც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის საქართველოში მხოლოდ იმის გამო არ შემოუშვეს, რომ  კრემლის საწინააღმდეგო საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული. 

საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარს ეუბნება რუს და ბელარუს აქტივისტებს საქართველოში შემოშვებაზე და ამისთვის ბუნდოვან და არაგანჭვრეტად პრაქტიკას იყენებს. არსებული მოწესრიგების ფარგლებში  შსს-ს განმარტებით, უცხოელები საქართველოში შემოსვლის დროს  სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცემული სიების მიხედვით მოწმდებიან, რაც, როგორც წესი, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას ეფუძნება. სასამართლო განხილვის ფარგლებშიც კი სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა უფლების დარღვევის მსხვერპლსა და მათ ადვოკატებსაც არ აქვთ. შესაბამისად, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება მხოლოდ მოსამართლის  კეთილსინდისიერებაზეა  დამოკიდებული.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, რუსეთის მიმართ გატარებული სანქციების შიშმა, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების შემზღუდავმა „უცხო აგენტების შესახებ“ კანონის გამკაცრებამ და სამხედრო მობილიზაციის დაწყებამ რუსეთში მცხოვრებთა ნაწილს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგა და ამას მიგრაციული ტალღები მოჰყვა. საქართველოს საზღვრის კვეთაზე განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს. მხოლოდ მედიაში ხელმისაწვდომი   ინფორმაციით, ჩვენ დავადგინეთ, რომ 2022-2024 წლებში საქართველოში 25 რუსი და ბელარუსი აქტივისტი არ შემოშვეს, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ  პროტესტს, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსული პოლიტიკის მიმართ (იხილეთ დანართი, საქმეების მიმოხილვით).

საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, არ შემოუშვას რუსეთის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტები, 15 მაისს დადებითად  შეაფასა რუსმა  პროპაგანდისტმა  ვლადიმირ სოლოვიოვმა.   სოლოვიოვი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ქვეყანაში მცხოვრები რუსების საკითხზე ესაუბრა. მისი მტკიცებით, საქართველოში დროებით მცხოვრები რუსების გამოძევებას აპირებენ, რომლებიც რუსული კანონის საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას. უცნობია, ვინ არიან საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ვინც რუს პროპაგანდისტებს ხვდება, ან როდის და რა პირობებში შედგა საუბარი.

ცხადია, რომ ეს პრაქტიკა კრემლის რეჟიმის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ლოიალობას აჩვენებს და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის  ეჭვებსაც კი წარმოშობს. რუსი და ბელორუსი აქტივისტების მიმართ გატარებული დისკრიმინაციული და შემზღუდავი პოლიტიკა სიმპტომატური ხდება და კიდევ ერთი მაჩვენებელია უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა. საქართველო ისტორიულად იყო მეზობელი ავტორიტარული რეჟიმებიდან დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების პოლიტიკური თავშესაფრის ადგილი, როგორც უფრო უსაფრთხო ქვეყანა, მაგრამ ბოლო წლებია ჩვენი ქვეყანა რეგიონში ამ აღქმას და მისიას კარგავს, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლება აჩვენებს მზარდ ლოიალობას მეზობელი ავტორიტარული რეჟიმების მიმართ  და სულ უფრო და უფრო ემსგავსება მათ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაქსიმ ივანცოვის, ისევე როგორც სხვა აქტივისტების ინტერესების დაცვას სასამართლოში განაგრძობს.

2022-2024 წლებში რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი და ბელორუსი აქტივისტების საქართველოში არშემოშვების საჯაროდ დოკუმენტირებული ფაქტები იხ. მიმაგრებულ ფაილში.

GEO_დანართი_1717571676.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელიც უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე თვითნებური უარის ადმინისტრაციულ პრაქტიკა გაასაჩივრა. სარჩელში სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტით აღიარებულ თანასწორობის პრინციპთან, ისე კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ პუნქტთან (სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების პრინციპი) მიმართებით არის გასაჩივრებული. https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentri-utskhoelebistvis-sakartveloshi-shemosvlaze-uaris-tvitnebur-praktikas-sakonstitutsio-sasamartloshi-asachivrebs

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“