[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებისთვის საზღვრის კვეთის თვითნებურ პრაქტიკაზე სარჩელი განსახილველად არ მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთი პრობლემური გადაწყვეტილება მიიღო და უარი თქვა უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე თვითნებური უარის პრაქტიკასთან დაკავშირებით სიციალური სამართლიანობის ცენტრის კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და ის ასობით ადამიანს, დარღვეული კონსტიტუციური უფლებების ეფექტიანი რეალიზაციის  ბერკეტს ართმევს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.

აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ: „უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“  ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე ჩვენი დაკვირვება და ჩვენს წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ გადაწყვეტილებებში თითქმის არასდროს უთითებენ კონკრეტულად რომელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით ეუბნებიან უცხოელს  საქართველოში შემოსვლაზე უარს. სადავო ნორმა, კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლის მითითების გარეშე, უშვებს უცხოელისთვის საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის თქმის არაგანჭვრეტად და თვითნებურ შესაძლებლობებს, რის გამოც სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამტკიცებდა, რომ  ის არღვევდა თანასწორობისა და ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანად განხილვის კონსტიტუციურ უფლებებს.

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი სამართლებრივი დასაბუთება და 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით ის არსებითად განსახილველადაც კი არ მიიღო.[1]

ქვემოთ წარმოდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი არგუმენტები და მათზე ჩვენი პასუხი და დასაბუთება.

  1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ გამოჰყოფს იდენტიფიცირებად შესადარებელ პირთა ჯგუფს და განმარტა, რომ სადავო ნორმა, ყველა პოტენციური ადრესატისთვის ერთგვაროვან უფლებრივ რეჟიმს აწესებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, ის უცხოელები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ, კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი განუჭვრეტადი საფუძვლით, ხოლო, მეორე მხრივ, პირები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ კანონის სხვა ისეთი საფუძვლებით, რომელიც უარის ზუსტ და  განსაზღვრულ საკანონმდებლო პირობებს ადგენს, არ ექცევიან განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმში. სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში შესადარებელი ჯგუფები საერთოდ არ მოიაზრება, რადგან გასაჩივრებული ნორმა,  მიუთითებს „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაზე“, ხოლო, „სხვა შემთხვევა“ შეიძლება თანაბრად მიემართებოდეს ნებისმიერ უცხოელს, მისი ამა თუ იმ კუთვნილების მიუხედავად. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთების მიხედვით, სადავო ნორმა არ შეიცავს იმგვარ მოწესრიგებას, რომელიც გაითვალისწინებდა უცხოელთა რომელიმე წინასწარ იდენტიფიცირებადი ჯგუფისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას მხოლოდ კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლით. [2]

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრატიკა ცხადყოფს, რომ სადავო ნორმა უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის დამოუკიდებელ თვითკმარ საფუძვლად გამოიყენება, რომელზე დაყრდნობითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტული კანონის ნორმაზე მითითების გარეშე, იღებს უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის გადაწყვეტილებას. სადავო ნორმის ამგვარი გამოყენება,  ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს შეუზღუდავ დისკრეციას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად დაადგინოს უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის საფუძველი, რის შედეგადაც, უცხოელისთვის, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი სადავო ნორმის საფუძველზე ეთქვა, სრულიად გაურკვეველი რჩება მის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და სამართლებრივი დასაბუთება. ეს უცხოელ პირს  უზღუდავს  შესაძლებლობას თავისი ქცევა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს, ან/და ჯეროვნად იდავოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

მეორე მხრივ, ცალსახაა, რომ უცხოელებს, რომლებსაც საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვათ კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული სხვა რომელიმე ქვეპუნქტის ან ამავე კანონის მე-3 მუხლის „ლ“ პუნქტის საფუძველზე, შესაძლებლობა აქვთ, იცოდნენ მათ მიმართ შეფარდებული საკანონმდებლო ნორმა და ზუსტად გაიგონ, საქართველოს კანონმდებლობის რომელ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ, შეუსაბამონ თავისი ქცევა კანონმდებლის მოთხოვნებს, წარადგინონ საზღვრის კვეთისთვის აუცილებელი დოკუმენტები და მიიღონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის უფლება ან/და სასამართლოში გაასაჩივრონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება და ამტკიცონ, რომ მათ უკანონოდ ეთქვათ უარი საქართველოში შემოსვლაზე.

ამრიგად, თანასწორობის უფლებასთან კავშირში ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სადავო ნორმა, განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს პირთა არსებითად თანასწორ ჯგუფებს და, კანონი ერთის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ბლანკეტურ მექანიზმს იყენებს, მეორის მიმართ კი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის მითითების ვალდებულებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა შინაარსით ნეიტრალურია, იგი შედეგობრივად, განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს არსებითად თანასწორ პირებს. შესაბამისად, სახეზეა ჩარევა კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებაში.

  1. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი დასაბუთება იმის თაობაზე, რომ, ერთი მხრივ, სადავო ნორმას ცალკეულ პირთა შორის დისკრიმინაციულად გამოყენების პოტენციალი გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ, გასაჩივრებული რეგულაცია, პრაქტიკაში, პირთა რაიმე ნიშნით გამოკვეთილი ჯგუფისთვის საქართველოში შემოსვლის უარის თქმის მექანიზმად გამოიყენება.

საზღვრის კვეთის კონტექსტში დისკრიმინაციული მოპყრობის მომეტებული რისკების საჩვენებლად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, სარჩელში წარადგინა შესაბამისი დასაბუთება, სწორედ იმის სამტკიცებლად, რომ სადავო ნორმას ცალკეულ პირთა შორის, კონკრეტული ნიშნით გამოკვეთილი ჯგუფისთვის, დისკრიმინაციულად გამოყენების პოტენციალი გააჩნია.

კერძოდ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კონსტიტუციურ სარჩელში  წარადგინა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის შედეგები, რომელშიც გამოიკვეთა, რომ უცხოელები საქართველოს საზღვრის კვეთის პროცესში ისეთ დაბრკოლებებს აწყდებიან, როგორიცაა, საზღვარზე დაყოვნების პრაქტიკა, არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები, უფლებების განმარტებაზე უარი, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პრობლემურობა.[3] ამასთან, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ  უცხოელებისათვის  ბუნდოვანია საქართველოში შემოსვლაზე უარის მიზეზები, რის გამოც გამოთქვამენ შიშებს იმის თაობაზე, საქართველოს დატოვების შემთხვევაში,  შესაძლოა ვეღარ მოახერხონ ქვეყანაში კვლავ შემოსვლა.[4]

დამატებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი უთითებდა  ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევაზე, რომელიც  აჩვენებს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის საფუძვლად კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გამოყენება დამკვიდრებული პრაქტიკაა აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რაც მისი გამოყენების დისკრიმინაციული ბუნების შესახებ ეჭვს ქმნის[5]

სარჩელში ნაჩვენები იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო წლებში დამკვიდრებული საეჭვო პრაქტიკაც, როდესაც საზღვრის კვეთაზე უარს დაუსაბუთებლად ეუბნებიან მაგალითად, რუსეთის და ბელორუსის ავტორიტარული რეჟიმისებიგან დევნილ რუს მწერლებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს.[6]

რაც, შეეხება სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენების სტატისტიკას. კონსტიტუციურ სარჩელში  სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხაზს უსვამდა იმ პრობლემაზე, რომ შსს არ აწარმოებს მონაცემების აღრიცხვას უარის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლ(ებ)ის მიხედვით, რაც შეუძლებელს ხდის იმის დაზუსტებას, თუ რამდენ უცხოელს ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე უარი სადავო ნორმის საფუძველზე.კონსტიტუციურ სარჩელში წარმოვადგინეთ, სახალხო დამცველის 2022 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც მიუთითებს, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემები არასრულყოფილად აღრიცხავს საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციას. მაგალითად, 2022 წელს საქართველოში 3 246 757 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 21 698 უცხოელს შეეზღუდა საქართველოში შემოსვლა.[7] 

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საკონსტიტიცუციო სასამართლოს მტკიცება, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი დასაბუთება სადავო ნორმის დისკრიმინაციული გამოყენების პოტენციალის თაობაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა.

  1. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს არ დაუდასტურებია,  რომ სადავო ნორმა უშუალოდ მის მიმართ რაიმე ფორმით დისკრიმინაციულად იქნა გამოყენებული.

იმის  საილუსტრაციოდ, რომ სადავო ნორმა უშუალოდ მოსარჩელის მიმართ იქნა დისკრიმინაციულად გამოყენებული, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კონსტიტიუციურ სარჩელში,  მოსარჩელის საქმის გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ 2018 წლის 7 ნოემბრამდე მოსარჩელეს გადმოკვეთილი ჰქონდა საქართველოს საზღვარი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი აკმაყოფილებდა საზღვრის კვეთის წინაპირობებს.[8] თუმცა, 2018 წლის 7 ნოემბერს მაშინ, როდესაც იგი განმეორებით შეეცადა საქართველოში შემოსვლას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მას, საქართველოში შემოსვლაზე უარი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით ეთქვა უარი. სწორედ ამ კონტექტსში, კონსტიტუციურ სარჩელში მივუთითეთ, ეჭვზე რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი შესაძლოა სწორედ მის კრიტიკულ ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირდა და დისკრიმინაციული იყო.

სარჩელში სოციალური სამართლიანობის ცენტრი უთითებდა, რომ ამგვარი თვითმიზნური შეზღუდვის შესაძლებლობების დაშვება (და ამავდროულად მისი გასაჩივრების მექანიზმის მოჩვენებითობა და შეზღუდულობა), თავისთავად აჩენდა დისკრიმინაციის რისკებს და შეუძლებელს ხდიდა სამართალდამცავი ორგანოებისგან მომდინარე თვითნებობის რისკების პრევენციას. .[9]

  1. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის რისკს

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისთვის სადავო ნორმით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდულია, ის კონკრეტულ ფარგლებშია მოქცეული და ამავდროულად სასამართლო კონტროლს ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, საერთო სასამართლოების მიერ განხორციელებული სასამართლო კონტროლი საკმარისი იქნება იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა ხელისუფლების ორგანომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი დისკრეციული უფლებამოსილება ბოროტად, არასათანადოდ, სამსახურებრივი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, დისკრიმინაციული მოტივით და დაირღვა თუ არა სამართლის წინაშე ყველას თანაბარი მოპყრობის კონსტიტუციური მოთხოვნა კონკრეტულ შემთხვევაში.[10]

კონსტიტუციურ  სარჩელში სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გაანალიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ სადავო ნორმამ შეიძინა იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამინისტროს ანიჭებს აბსოლუტურად შეუზღუდავ დისკრეციას კონკრეტულ პირებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უთხრას უარი საქართველოში შემოსვლაზე და  სადავო ნორმის საფუძველზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაშიც კი ამ პირებს არ აქვთ წვდომა იმ ინფორმაციაზე/მონაცემებზე, რაც საფუძვლად დაედო მის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

სარჩელში ყურადღება გამახვილებული იყო იმაზეც, რომ  სადავო ნორმა არ შეიცავს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო რაიმე მითითებას ან სახელმძღვანელო წესს,  რაც საქმის განმხილველ მოსამართლეს ართმევს ყოველგვარ ბერკეტს იმისა, რომ  გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე სასამართლო კონტროლს ეფემერულს ხდის.  იმდენად, რამდენადაც, საქმის გარემოებების შეფასებისას, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფაქტები, მაშინ როდესაც არ არსებობს სამართლებრივი შინაარსი - ნორმის შემადგენლობის ელემენტები, რაც აუცილებელი წინაპირობაა მოსამართლის მიერ სუბსუმფციის განხორციელებისა და სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისთვის.

შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში ნათლად იქნა დასაბუთებული, რომ სარჩელში განხილულ შემთხვევაში, სასამართლო კონტროლი  ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს აბსოლუტური დისკრეციის  გამოყენების თვითნებურობის ჯეროვან კონტროლს და შესაბამისად, შესადარებელ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის რისკების ეფექტიან პრევენციას.

  1. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმა არ იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას

სადავო ნორმის, კონსტიტუციურობის შეფასებისას, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ იგი შეუსაბამო იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სასამართლოს დასაბუთებაა, რომ  სადავო ნორმა განსაზღვრავს უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტულ, მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს,  რომ  სადავო ნორმა არ აწესრიგებს ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და იგი არ არეგულირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომლის მიერ უცხოელის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების საპროცესო წესს. სასამართლოს აზრით, სადავო ნორმის რეგულირება შემოიფარგლება უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელი სახის მატერიალურ საფუძვლის დადგენით.

ამის საპირისპიროდ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ კანონის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს უცხოელის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ უარის თქმას კონკრეტული საკანონმდებლო ნორმის მითითების გარეშე, პირდაპირ კავშირშია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირთან დაკავშირებული საქმის სამართლიანად განხილვის შესაძლებლობასთან.

პირველ რიგში, აღსანიშანვია, რომ სადავო ნორმის განუსაზღვრელი შინაარსი, უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის ბლანკეტურ საფუძველს ქმნის, რაც სრულად გამორიცხავს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რაც, თავის მხრივ, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების განუყოფელი კომპონენტია.

უდავოა ისიც, რომ შეუძლებელია ინდივიდს ჰქონდეს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობის აღქმა, როდესაც მისთვის ცნობილი არ არის არც ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა და არც შესაბამისი სამართლებრივი ნორმა, რომელმაც მის მიმართ ასეთი გადაწყვეტილების მიღების კანონიერი შესაძლებლობა შექმნა.

ამასთან, სადავო ნორმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის აბსოლუტური დისკრეციის მინიჭების შედეგად, არაფერი აზღვევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საზღვრის კვეთის პროცესში თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის დისკრიმინაციული პრაქტიკის დამკვიდრების რისკებს. ამ ფონზე, ინდივიდს ერთმევა ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობაში საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვის ყველანაირი პროცესუალური ბერკეტი და იძულებული ხდება მის მიმართ წარმოებულ პროცესში აქტიური მონაწილეობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ორგანოს ერთპიროვნული გადაწყვეტილების პასიური მიმღები გახდეს.

სადავო ნორმის გამოყენების შედეგად უკიდურესად შეზღუდული ფორმით რეალიზდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების უფლებაც, ვინაიდან შეუძლებელია ინდივიდმა სადაოდ გახადოს ისეთი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, რომლის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაციას არც კი ფლობს.

ანალოგიური მიზეზით, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებაში ჩარევა ნეგატიურად აისახება უცხოელის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზეც. უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საერთო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაშიც, მოსარჩელეს რჩება ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ მხოლოდ ჰიპოთეტური არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა, რაც მისთვის უფლების დაცვის ყოველგვარი პროცესუალური გარანტიის წართმევას უტოლდება.

დასკვნა

სამწუხაროდ, ბოლო წლებში მიღებული სხვა პრობლემური და სუსტი გადაწყვეტილებების მსგავსად, უცხოელების მიმართ საზღვრის კვეთის პროცესში გამოვლენილ თვითნებურ და დისკრიმინაციულ ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯეროვანი გადაწყვეტილება არ მიიღო და საკმარისი დასაბუთების გარეშე, სარჩელი დაუშვებლად ცნო. ამ მიდგომით საკონსტიტუციო სასამართლომ საზღვრის კვეთის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის ისედაც „ნაცრისფერი ზონა“ საკონსტიტუციო კონტროლის გარეშე დატოვა და ისეთი არსებითი არგუმენტებიც კი არ მიიღო მხედველობაში, რომელიც ნორმის განჭვრეტადობის საბაზისო პრობლემას უკავშირდებოდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ სადავოდ გამხდარი საკანონმდებლო ნორმა მუდმივად ხდება კრიტიკული ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის, მკვლევრებისთვის, პოლიტიკოსებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი, ისე რომ სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი სხვა საფუძვლით არ უშვებენ აღნიშნულ პირებს არც კი ასაბუთებენ და ხშირად შსს-ს და სუს-ს მიერვე შექმნილი ე.წ. „სიების“ საფუძველზე პოლიტიკური და იდეოლოგიური მოსაზრებების გამო, კონკრეტული პირების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავენ. ბოლო წლებში ამ საფუძვლით საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს არა ერთ რუს,[11] ბელორუს, აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ჟურნალისტს, ასევე საქართველოსთან ისტორიულად დაკავშირებული თემების წევრებს.

სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მრავალმხრივი სისტემური კრიტიკა არსებობს, რაც მის ეფექტიანობასა და სანდოობას სამართლიანად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. სასამართლოს საქმიანობის მთავარი კრიტიკა საქმეთა გაჭიანურებას მიემართება. დაგვიანებული საქმისწარმოების პროცესი, მნიშვნელოვნად აფერხებს დაინტერესებულ პირთა უფლებას დაიცვან საკუთარი უფლებები და რაც, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუტი ჯეროვნად ვეღარ ასრულებს მის ძირითად ფუნქციას, რომ დროულად და ეფექტიანად შებოჭოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება კონსტიტუციური სტანდარტების დაცვით. [12] ამასთან, პრობლემურია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მეტწილად სწორედ,  საზოგადოებისათვის აქტუალურ და პოლიტიზირებულ საქმეების განხილვას აჭიანურებს, ანდა დაუსაბუთებელი არგუმენტებით უარს ამბობს ამგვარი საქმეების არსებით განხილვაზე, რაც ნეგატიური ტენდენციაა ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური უფლებების  და კანონის უზენაესობის  დაცვის კუთხით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5esyrjGL

[2] საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე: „ასლანბეკ დადაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილის, პარა №5.

[3]საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „დაბრკოლებები საზღვრის კვეთის დროს და საქართველოში ცხოვრებისას იდენტიფიცირებული პრობლემები“, 2022, გვ.9, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/GesennZL

[4] იქვე. გვ.38

[5]ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, „უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა და რასიზმი საქართველოში“, 2022, გვ.14, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/EeseEGqv

[6] იქვე. გვ.18

[7] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2022 წელი, გვ.309, ხელმისავწდომია: https://cutt.ly/AeseKtpK

[8]კონსტიტუციური სარჩელი "ასლანბეკ დადაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,პარა №1.3, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/4esrWIv2

[9] იქვე.

[10]საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე: „ასლანბეკ დადაევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილის, პარა №7, 13.

[11]სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება „რუსი“ქართული ოცნება”აგრძელებს კრემლის ინტერესების გატარებას და საქართველოში არ უშვებს ანტიპუტინისტ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებს“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Pef6oUFH

[12] საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქმიანობის 10 წლის მიმოხილვა 2012-2023 წლები, გვ.82, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/HegqbcbX

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“