საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
2023 წლის ბოლოს ჩვენი საზოგადოება შეძრა გალის რაიონში ქალთა მკვლელობების შემზარავმა ფაქტებმა, რომელიც აფხაზეთში ქალთა მძიმე, მაგრამ არაღიარებულ პრობლემებს აჩვენებს და რომელიც, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკაში ამ საკითხის პრიორიტეტიზაციას ითხოვს.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია სამაგიდო კვლევის მეშვეობით აჩვენოს აფხაზეთში ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს.
პოსტ-კონფლიქტურ გარემოში, განსაკუთრებით კი, იმ რეგიონებში, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, ოჯახში ძალადობის პრაქტიკა მძიმე ფორმებს იღებს. კონფლიქტის ტრავმა და მისგან გამოწვეული მძიმე სოციალური პირობები პირდაპირ აისახება ქალების და ბავშვების ყოველდღიურობაზე, უსაფრთხოებაზე და მომავალზე.[1] გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წელს კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში 600 მილიონზე მეტი ქალი და გოგონა ცხოვრობდა, რაც 2017 წლის შემდეგ 50%-იან ზრდაზე მიუთითებს.
რეგიონის საერთაშორისო პოლიტიკური იზოლაციის ფონზე, აფხაზეთში უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შეფასება რთულია.[2] ერთადერთი ყოვლისმომცველი ანგარიში აფხაზეთის რეგიონში არსებული უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2017 წელს, თომას ჰამერბერგის, მაგდალენა გრონოს და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომდგენლის ინიციატივით შეიქმნა.[3] გარდა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არ არსებობისა, აფხაზეთში როგორც წესი არ იქმნება ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და რაოდენობრივი კვლევები, რომელიც ადგილზე არსებულ მდგომარეობას და ტენდენციებს რეალურად აჩვენებდა. ეს ვაკუუმი ორივე მხარეს მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ართულებს მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სისტემური ცვლილებების ადვოკატირების მიმართულებით მუშაობას.
ქვემოთ წარმოდგენილი შეფასება მეტწილად საქართველოს სახალხო დამცველისა და აფხაზეთის ადამიანის უფლებების დაცვაზე უფლებამოსილი პირის ანგარიშებს, ასევე ამ თემებზე მომუშავე სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებებს ეფუძნება.
[1] ქალთა და ბავშვთა უფლებების კონფლიქტის დაზარალებულ რეგიონებში 2014-2015 წწ. მიმოხილვა., საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში., საქართველოს სახალხო დამცველი., 2017
[2] შენიშვნა: ამჟამინდელი მდგომარეობით აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციები არ ოპერირებენ. აღსანიშნავია, რომ 2010 წლამდე გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატი, ევროპის საბჭოს ადამიანს უფლებათა კომისარიატი და ეუთოს უმცირესობათა საკითხების კომისარიატი დაუბრკოლებლად შედიოდნენ, როგორც აფხაზეთის, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისები გაეროს ეგიდით ფუნქციონირებდა, სოხუმსა და გალში, მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციის ვეტოს საფუძველზე მისიის მანდატი არ შეწყდა (ქალთა და ბავშვთა უფლებების კონფლიქტის დაზარალებულ რეგიონებში 2014-2015 წწ. მიმოხილვა., საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში., საქართველოს სახალხო დამცველი., 2017).[2]
[3] Hammarberg T., Grono M., Human rights in Abkhazia Today., Report., 2017.
ინსტრუქცია