[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / კვლევა

იზოლაციისა და გაუცხოების მზარდი პოლიტიკა - გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკები განგრძობადი კონფლიქტების კონტექსტში

Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი:   თამთა მიქელაძე

გვერდების რაოდენობა:  111

გამოცემის წელი:  2024

მკვლევრები:  თეონა ფირანიშვილი

გადაადგილების_თავისუფლება_-_GEO_1715156147.pdf

კვლევის მიზანია, განგრძობადი კონფლიქტის კონტექსტში გააანალიზოს გადაადგილების თავისუფლების განხორციელების უფლებრივი და პოლიტიკური განზომილებები და სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა აქტორებს შესთავაზოს ალტერნატიული ხედვები და რეკომენდაციები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. კვლევა აჩვენებს იმ პოლიტიკურ და უფლებრივ რეალობას, რომელშიც კონფლიქტით დაზარალებულ სხვადასხვა ჯგუფს უწევს გადაადგილება კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიებს შორის, თუ საზღვარგარეთ. აქ გაანალიზებულია თუ რა გავლენას ახდენს მოუგვარებელი კონფლიქტები, იზოლაციონისტური პოლიტიკა და გადაადგილების შემზღუდავი რეჟიმები კონფლიქტით დაზარალებული სხვადასხვა ჯგუფის უფლებების რეალიზებაზე და თემთაშორის ურთიერთობაზე. ასეთ ჯგუფებად კვლევის მიზნებისთვის მიჩნეულები არიან: დევნილები, გამყოფ ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა; კონფლიქტის რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა და ამავე რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა (გალის და ახალგორის მოსახლეობა).

კვლევაში წარმოდგენილია გადაადგილების თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების და მსგავს კონტექსტებში სხვა ქვეყნების გამოცდილების ანალიზი. სწორედ ადგილობრივ კონტექსტსა და პოზიტიურ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები.

კვლევისას გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის:

  1. სამაგიდო კვლევა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შევისწავლეთ ღია და სარწმუნო წყაროები, რომლებიც კონფლიქტის რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე მიუთითებენ. მათ შორის იყო, ადგილობრივი უფლებადამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი ანგარიშები, კვლევები, ასევე, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.
  2. საერთაშორისო უფლებრივი სტანდარტების მიმოხილვა, რომელიც მეტწილად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტურ გადაწყვეტილებებს ეფუძნება.
  3. ინტერვიუები და საველე სამუშაოები. მკვლევართა ჯგუფმა წინასწარ შედგენილი კითხვარის საფუძველზე ჩაატარა საველე სამუშაოები, რაც გულისხმობდა კონფლიქტით დაზარალებულ სხვადასხვა ჯგუფთან ჩაღრმავებული ინტერვიუების აღებას, ფოკუს ჯგუფების ჩატარებას და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ვიზიტებს. საველე კვლევა ჩატარდა 2023 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა უშუალოდ კონფლიქტის რეგიონებში ვიზიტის განხორციელება და ადგილზე პირისპირ ინტერვიუების ჩატარება. თუმცა, საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით, დისტანციურად ჩატარდა ინტერვიუები აფხაზეთისა (4 ინტერვიუ) და ცხინვალის რეგიონიდან (3 ინტერვიუ) სხვადასხვა მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროებით გადმოსულ რესპონდენტებთან (გალი, ტყვარჩელი, ცხინვალი, ახალგორი). უტყუარი და სანდო ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდნენ ანონიმური საკონტაქტო პირები კონფლიქტის ზონებიდან (სოხუმი - 2, ოჩამჩირე - 1, ცხინვალი - 1), რომლებიც გვაწვდიდნენ მათ ხელთ არსებულ, განახლებად ინფორმაციას გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და განვითარებებზე. მკვლევართა ჯგუფი დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა გამყოფი ხაზის მიმდებარე 16 სოფელში. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: განმუხური, შამგონა, ხურჩა, ახალი აბასთუმანი; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: ფახულანი, წყოუში, მუჟავა, ფოცხო-ეწერი; გორის მუნიციპალიტეტი: ერგნეთი, ნიქოზი, გუგუთიაანთკარი, კოშკა, ზარდიაანთაკარი, კირბალი, მეჯვრისხევი, პატარა ხურვალეთი (ბობნევი). მთლიანობაში გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ 29 მცხოვრებთან ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ, მათგან 7 პირს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი ჰქონდა. 3 ინტერვიუ ჩატარდა იმ პირებთან, რომლებიც კონფლიქტის რეგიონებში, განსაკუთრებით კი, აფხაზეთის ტერიტორიაზე, სხვადასხვა პროფესიით არიან დასაქმებულნი და რომლებსაც დღემდე მჭიდრო კავშირი აქვთ შენარჩუნებული დანარჩენ საქართველოსთან. ინტერვიუებისას შევისწავლეთ შემდეგი საკითხები: 1. გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და პროცედურები; 2. კონფლიქტის ტერიტორიებზე მცხოვრები პირების საერთაშორისო გადაადგილების შესაძლებლობები და გამოწვევები; 3. გამშვები პუნქტების ფუნქციონირება; 4. უსაფრთხოება, უკანონო გატაცებების და დაკავებების პრაქტიკა; 5. ბორდერიზაციის განგრძობადი შედეგები.
  4. საველე ვიზიტები მოქმედ და გაუქმებულ გამშვებ პუნქტებთან და ჩართული დაკვირვება. ვიზიტები განხორციელდა თითქმის ყველა მოქმედ და გაუქმებულ გამშვებ პუნქტზე, განხორციელდა დაკვირვება და ადგილზე გასაუბრება მოსახლეობასთან. მათ შორის, უშუალოდ ენგურის ხიდზე, სადაც მოქალაქეები ორივე მიმართულებით აქტიურად გადაადგილდებიან. ამ პროცესში აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით 43 რესპონდენტი გამოიკითხა (14 კაცი და 29 ქალი).
  5. ინტერვიუები ექსპერტებთან. ანგარიშის მომზადებისას გამოიკითხნენ ის უფლებადამცველები და ექსპერტები, რომლებიც წლებია მუშაობენ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან და ჩართულნი არიან სამშვიდობო პროცესებში. ამ მიზნით ჩატარდა 7 სიღრმისეული ინტერვიუ.
  6. სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია. ანგარიშის მომზადებისას ასევე გაანალიზდა სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია და სტატისტიკა. ეს უწყებებია: შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების საერთაშორისო ცენტრი, სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის მიღება სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა, რამაც გაართულა მთელი რიგი მონაცემების გადამოწმება.

გადაადგილების_თავისუფლება_-_GEO_1715156147.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“