საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
II მსოფლიო ომის შემდგომ ევროპის კონტინენტზე დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონფლიქტი აღარ მომხდარა. ევროპულმა დემოკრატიებმა წარსულში მოიტოვეს იმპერიული თუ ლოკალური ომები და გზა გაუხსნეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ევროპულ თანამეგობრობას, რასაც დღეს ევროკავშირის სახელით ვიცნობთ.
1945 წლის შემდეგ დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკოსები მუდმივად ცდილობენ გამიჯნონ წარსული და აწმყო, ისტორია და პოლიტიკა და, შესაბამისად, სახეზეა ორი გარდამტეხი პროცესი: 1. დემოკრატიულ სახელმწიფოებში შუა საუკუნეებისა თუ ადრეული ახალი პერიოდის ტერიტორიული კონფლიქტები და ისტორიული ტრავმები ბზარს აღარ აჩენს მეზობელ სახელმწიფოებს შორის და მონარქიულ წარსულში წამოწყებული ომები საისტორიო მეცნიერების ისტორიის კვლევის საგნად გადაიქცევა ხოლმე. 2. წარსულის შესახებ დისკუსიას, კრიტიკასა და განხილვას პოლიტიკოსების ნაცვლად ითავსებენ ისტორიკოსები, ფილოსოფები, მწერლები, რეჟისორები, ჟურნალისტები და ა.შ. - მარტივად რომ ვთქვათ, ყველანი გარდა პოლიტიკოსებისა.
საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის რღვევის შემდეგ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მეზობელ სახელმწიფოებს ერთმანეთთან მძიმე ისტორიული წარსული აკავშირებდათ, თუმცა პოლონელმა და ლიეტუველმა, ისევე როგორც უკრაინელმა და პოლონელმა პოლიტიკურმა ელიტებმა მძიმე წარსული „მოკლე მეოცე საუკუნეში“ მოიტოვეს და 1989-1991 წლების შემდგომ ისტორიის სუფთა ფურცელი გადაშალეს.
თანამედროვე საქართველოში ისტორიის პოლიტიზება და წარსულის გაცოცხლება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ პროცესში ჩართულები არიან პოლიტიკური ელიტები და, რაც ყველაზე სამწუხაროა, პოლიტიკური ინსტიტუტები. ისტორიით მანიპულირების პროცესში დღის შუქზე გამოდიან ძველი გმირები ახალი შინაარსით; გარდასულ საუკუნეებში მცხოვრები მეფეების წარსულიდან გამოხმობით, ავტორიტარიზმის მსახური პოლიტიკოსები ცდილობენ „უკეთ ახსნან“ აწმყოსეული მოვლენები.
ავტორიტარიზმითა და პოპულიზმით შეპყრობილი პოლიტიკოსები მეფეებსა და დედოფლებს, წმინდანებსა და ბრძოლის ველზე დაცემულ ასობით უსახელო მეომარს გამოგონილი მტრებისგან, „უსამშობლო აგენტებისგან“ და „უცხო ძალების მსახურებისგან“ იცავენ. ავტორიტარიზმისკენ შემობრუნებისას პოპულიზმის მორევში პოლიტიკოსებს ხშირად ისტორიული ფაქტები ერთმანეთში ერევათ და მარტივი ქრონოლოგია ავიწყდებათ. ისინი ხშირად ვერ მიჯნავენ XVII და XVIII საუკუნეში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს, რაც მთელ ამ პროცესს ტრაგიკომედიურ ელფერს სძენს.
ერეკლე II ქართველი ხალხის კულტურულ მეხსიერებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. Google-ის მიხედვით, ქართულ ენაზე ერეკლე II-ის შესახებ დაახლოებით 143 000 შედეგი იძებნება (შედარებისთვის: თამარ მეფე - 230 000 შედეგი, დავით აღმაშენებელი - 194 000). ორ წელზე მეტია მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ერეკლე II-ის სახელს აქტიურად იყენებს პოლიტიკური პროპაგანდისთვის. 2022-2024 წლებში ერეკლე მეფის სახელი ხშირად ჩანს ისეთი პოლიტიკური სლოგანების გვერდით, როგორიცაა - მშვიდობა, ერთიანობა, სწორი გეოპოლიტიკური არჩევანი, კეთილდღეობა და ა.შ.
სტალინიზმის ეპოქიდან მოყოლებული, ერეკლე II-ის ცხოვრება არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგანი. 1943 წელს გამოიცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომლის რედაქტირების პროცესში მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა საქართველოს პირველი პირებიც: იოსებ სტალინი, ლავრენტი ბერია და კანდიდ ჩარკვიანი, ამ სახელმძღვანელოში 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ ვკითხულობთ: „საქართველოს წინაშე მაშინ ალტერნატივა იდგა - მას შაჰის სპარსეთი ან სულთანის ოსმალეთი დაიპყრობდა, ან უნდა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ შესულიყო... მეორე პერსპექტივა მაინც უმცირესი ბოროტება იყო“.
ერეკლე II-ის ფიგურა წარსულიდან მორიგ ჯერზე 1983 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავზე, გამოიხმეს. საბჭოთა საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ტრაქტატის 200 წლის იუბილე ზარ-ზეიმით აღნიშნა და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ურყევ მეგობრობას. ამ თარიღის აღსანიშნავად კავკასიის სამხედრო გზაზე, სოფელ გუდაურთან მოზაიკა აღიმართა, ხოლო გიგა ლორთქიფანიძემ და ამირან დარსაველიძემ გადაიღეს ფილმი „წიგნი ფიცისა“, სადაც რუსეთ-საქართველოს 200 წლიანი ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილშია აღწერილი.
და მაინც, ცოტა ხნით მზერა მივაპყროთ 1740-1790-იანი წლების აღმოსავლეთ საქართველოს და დავინახავთ, რამდენად არამეცნიერული და არაისტორიულია ერეკლე მეფით მანიპულირება თანამედროვე საქართველოში.
„ქართული ოცნება“ ერეკლე II-ის შესახებ საუბრისას ახსენებს ქვეყნის ერთიანობას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ XVIII საუკუნის საქართველო ტერიტორიულად დანაწევრებული ქვეყანაა - ერეკლე II მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარს მართავდა. 1829 წლამდე სამხრეთ საქართველოს ოსმალეთის იმპერია აკონტროლებდა, ხოლო 1879 წლამდე აჭარაში ოსმალური ჯარი იდგა. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში, მიუხედავად სოლომონ I-სა და სოლომონ II-ის მეფობისა, ხშირი იყო თავადების მიერ ძალაუფლების გამყარება და მეფისადმი დაუმორჩილებლობა. ცხადია, ერეკლე II ძალ-ღონეს არ იშურებდა ქვეყნის ერთიანობისთვის, თუმცა ის ისე დაიღუპა, რომ ვერ შეძლო დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ინტეგრირება ერთიან ქართულ მონარქიაში.
პარადოქსულია ერეკლე II-ისა და მშვიდობის დაკავშირებაც - ერეკლე მეფე 15 წლის იყო, როდესაც პირველად წავიდა საბრძოლველად და ცხოვრების ბოლომდე უწევდა ბრძოლა, როგორც იმპერიულ სახელმწიფოებთან, ისე ჩრდილოკავკასიურ ტომებთან და სამხრეთკავკასიურ სახანოებთან. ისტორიის მოტყუებაა, როცა საუბრობენ მშვიდობაზე ერეკლე II-ის კონტექსტში და ივიწყებენ, რომ მეფე ერეკლე ერთადერთი ქართველი მეფეა, რომელმაც ყველაზე შორს ილაშქრა და მოგოლთა იმპერიის დედაქალაქი დელი (დღევანდელი ინდოეთი) დალაშქრა სპარსულ კოალიციურ ლაშქართან ერთად. ერეკლე II-ის სამხედრო ექსპედიცია ინდოეთის სუბკონტინენტზე არაერთი წყაროთი დასტურდება.
1783 წლამდე ერეკლე II ურყევად ცდილობდა ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარებას, თუმცა გასათვალისწინებელია XVIII საუკუნის კონტექსტი, იმპერიული პოლიტიკური სისტემის განუყოფლობა, პოლიტიკური ნებისა და საგზაო ინფრასტრუქტურების არარსებობა. 1770-1780-იან წლებში, როდესაც ერეკლე II ევროპასთან დაახლოებას ცდილობდა, საფრანგეთი აქტიურად ეხმარებოდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ამერიკელებს ინგლისელებთან ბრძოლაში და მის ინტერესებში არ მოიაზრებოდა კავკასიური პოლიტიკა, ისევე როგორც პრუსიის სამეფოს პოლიტიკურ გეგმებში - შავიზღვისპირეთი და მისი აღმოსავლეთ ნაწილი.
ერეკლე II-ს რომ ნამდვილად სურდა ქართლ-კახეთის სამეფოს ევროპულ მოდელზე მოდერნიზაცია, აღიარებდნენ თავად XVIII საუკუნეში მცხოვრები რუსი სამხედრო ელიტებიც. სტეფანე ბურნაშევი, რუსეთის იმპერიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ერეკლე II-ისა და იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე, წერდა, რომ ერეკლე II-ის უმთავრესი მიზანი მისი სამეფოს გაევროპელება იყო. სწორედ XVIII საუკუნის კულტურულ-რელიგიური და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტა ერეკლე II-მ სპარსულ-ოსმალური გეოპოლიტიკური სივრციდან ქართლ-კახეთის გამოხსნა და რუსეთის იმპერიასთან 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადება, რადგან მისი აზრით, რუსეთის იმპერია ერთადერთი შუამავალი იყო ევროპასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის იმ კონკრეტულ ისტორიულ ეპიზოდში. ისტორიკოსების შეფასებით, გეორგიევკის ტრაქტატი ქართლ-კახეთის მეფის იძულებითი ნაბიჯი იყო და არა თავდაპირველი გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები მუდამ გვერდს უვლიან XVIII საუკუნის გლობალურ, რელიგიურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტს და ერეკლე II-ს საკუთარი პრორუსული დღის წესრიგის ლეგიტიმაციისთვის იყენებენ, რაც ისტორიული მეცნიერების გადმოსახედიდან ისტორიის არასწორი წაკითხვაა, პოლიტიკური პრიზმიდან კი - ისტორიით მანიპულირება.
2024 წელს ევროპას თავად სურს გახდეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი დემოკრატიზაციის პროცესში და XVIII საუკუნისგან განსხვავებით, საქართველოს უკვე პირდაპირ შეუძლია აწარმოოს ევროპულ სახელმწიფოებთან პოლიტიკური მოლაპარაკებები და ითანამშრომლოს ევროკავშირთან. გარდა ამისა, 1991 წლის შემდეგ, ევროპულ სახელმწიფოებსა და კავკასიის რესპუბლიკებს შორის არნახულად გაიზარდა სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. დღეს ევროპული სახელმწიფოები ჩვენ გვერდით არიან, „ქართული ოცნების“ ლიდერები კი, მათ ხელს კრავენ და ყოველდღიურად ემიჯნებიან.
ერეკლე II-ს და მის წინამორბედ მეფეებს არ ჰქონიათ რუსეთთან ურთიერთობის იმხელა გამოცდილება, რაც 1783-2024 წლების საქართველოს გააჩნია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი საერთაშორისო ხელშეკრულება იყო, რომელიც რუსეთის იმპერიამ 1801 წელს დაარღვია.
შესაბამისად, „ევროპისგან მიტოვებული და რუსეთისგან გადარჩენილი საქართველოს“ იდეით მანიპულირება კრიტიკას ვერ უძლებს.
2024 წლის აგვისტოში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახეთის გზატკეცილზე ერეკლე II-ის ძეგლი აღიმართება. ავტორიტარული მმართველობისკენ აგრესიულად მიმავალმა პოლიტიკურმა გუნდმა გააცნობიერა მოსახლეობის განწყობები ერეკლე II-ის მიმართ და ცდილობს ის ხილული გახადოს ყოველი მოქალაქისთვის, რათა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გული მოიგოს და თავი „ეროვნული ღირებულებისა და წარსულის დამცველ“ პოლიტიკურ პლატფორმად წარმოისახოს. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქციოს ერეკლე II-ის ცხოვრება და მის გარშემო შექმნას მცდარი, არაისტორიული რიტორიკა და პოლიტიკური დღის წესრიგი.
ცხადია, ერეკლე II იმსახურებს ძეგლს თანამედროვე საქართველოს მოქალაქეებისგან, თუმცა გასათვალისწინებელია, ვინ აღმართს ძეგლს და რა ისტორიულ-სიმბოლური მოტივაციით. ისტორიული ფიგურებისა და მოვლენისადმი მიძღვნილი ძეგლები ტოტალიტარულ რეჟიმებშიც არაერთხელ აღმართულა, თუმცა მათი ფუნქცია ისტორიულ-კულტურული კი არა, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული იყო.
და ბოლოს ჩნდება კითხვა, როგორია ერეკლე II-ის პოლიტიკური ბიოგრაფია „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მიღმა? ამ კითხვაზე სრული პასუხის გასაცემად, შესაძლოა, წიგნების ტომეულებიც კი დაიწეროს, თუმცა ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ერეკლე II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა უნდა აღვიქვათ მე-18 საუკუნის კონტექსტში და აღმოვაჩენთ, რომ ერეკლე II იყო ქართლ-კახეთის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეფე და გვიანი შუა საუკუნეების კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო ავტორიტეტი ევროპასა და აზიაში.
ერეკლე II-ის სახელს უკავშირდება სამხედრო, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური რეფორმები. ის არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში სახელგანთქმული მხედართმთავარი იყო, არამედ მისი სახელი იცოდნენ მონარქებმა და დიპლომატებმა დასავლეთ ევროპიდან ინდოეთის სუბკონტინენტამდე. ერეკლე II-ის ცხოვრებისეული ისტორია სავსეა გამარჯვებებით, უანგარო საქმიანობითა და პოლიტიკური შემწყნარებლობით, რაც უჩვეულო ფაქტია მე-18 საუკუნის მონარქიულ სახელმწიფოებში, სწორედ ამ პოლიტიკური და ადამიანური ისტორიების გამო, ერეკლე II გულწრფელად იმსახურებს სახალხო სიყვარულს და მას არ ესაჭიროება დაცვა პოლიტიკური ტრიბუნიდან, მით უმეტეს ავტორიტარული ინსტინქტების მქონე ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ისტორიას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს.
ინსტრუქცია