[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / ანალიტიკური დოკუმენტები

ინსტიტუციური ჩარჩო და ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილებების გადანაწილება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) უსახლკარობასთან ბრძოლის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტს აქვეყნებს.

პოლიტიკის დოკუმენტში საერთაშორისო სტანდარტების, ქვეყნების პრაქტიკისა და საქართველოში არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ერთი მხრივ, შეფასებულია, უსახლკარო პირის ცნება და პირის უსახლკაროდ მიჩნევის კრიტერიუმები, ხოლო, მეორე მხრივ, ინსტიტუციური ჩარჩო და ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილების გადანაწილების საკითხები.

პოლიტიკის დოკუმენტის - "ინსტიტუციური ჩარჩო და ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილებების გადანაწილება უსახლკარობასთან ბრძოლის სფეროში" - მთავარი მიგნებები შემდეგნაირია:

  • საქართველოში უსახლკარობასთან ბრძოლის სფეროში ცენტრალური ხელისუფლების ვალდებულებები არასაკმარისია და ნათლად არ არის გაწერილი. ცალკეული ფუნქციები, რომელიც კანონმდებლობაში გვხვდება, პრაქტიკაში აღუსრულებელია (მაგ. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქცია, აწარმოოს უსახლკაროთა ერთიანი რეესტრი. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია უსახლკარო პირთა რაოდენობის შესახებ);
  • მუნიციპალიტეტების გარკვეული ფუნქციები კანონმდებლობით დარეგულირებულია, თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არასათანადოდ ან საერთოდ არ ხორციელდება. განსაკუთრებით პრობლემურია პირის უსახლკაროდ მიჩნევის კრიტერიუმების არაერთგვაროვნება, რაც ერთი და იმავე საჭიროებების მქონე ჯგუფების მიმართ არასათანადო მიდგომების საფუძველს ქმნის. გამოწვევაა ადგილობრივ დონეზე საცხოვრისის სერვისების არარსებობა ან არასაკმარისობა;
  • დეცენტრალიზაციის პოლიტიკის განხორციელების პარალელურად, უმნიშვნელოვანესია ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტების ჯეროვანი მხარდაჭერა და მათი უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის რესურსებით, ასევე, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციისა და გამოცდილების გაზიარების ფორმატების შექმნა;
  • სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიისა და სამუშაო ჯგუფის მიერ საცხოვრისის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ამ ეტაპისთვის არ არის ინკლუზიური (სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით), ასევე, უმეტესწილად არაეფექტიანია და რისკის ქვეშ აყენებს ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში - 2020 წლის დეკემბრამდე - დასრულების საკითხს.

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით, პროექტის - „კვლევისა და ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა“ - ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური უფლებების კუთხით მდგარი მთავარი გამოწვევების - შრომის, დასაქმებისა და უსახლკარობის პოლიტიკის პოზიტიური და სამართლიანი ტრანსფორმაციების ხელშეწყობა.

ინსტიტუციური_ჩარჩო_(1)_1594200361.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“