საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბოლნისის სოფელ ცურტავში საველე ვიზიტისას ახალგაზრდა კაცი ფარიზი გავიცანით. ფარიზი ენთუზიაზმით გვესაუბრებოდა საკუთარ პროფესიაზე, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდზე და იდეებზე, რომლის განხორციელებაც სურდა სამსახურის დაწყებასთან ერთად. ის პროფესიით გეოგრაფია და დროის დიდ ნაწილს, საკუთარი პროფესიით სამსახურის ძიებაში ატარებდა. მაშინ გულდაწყვეტილმა გაგვიმხილა, რომ თუ უახლოეს პერიოდში ვერ შეძლებდა დასაქმებას, მასაც მიუწევდა უარი ეთქვა პროფესიულ განვითარებაზე, საკუთარ იდეებსა და ოცნებებზე, რადგან ოჯახის სარჩენად პოლონეთში ან თურქეთში მოუწევდა წასვლა.
ქვემო ქართლში აზერბაიჯანული თემით დასახლებულ სოფელებში ვიზიტისას არაერთ ახალგაზრდას შევხვდი, რომლებმაც „1+4 სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამით“ ჩააბარეს საქართველოს უნივერსიტეტებში, დაასრულეს სწავლა, თუმცა ვერ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და დასაქმება.
„1+4 სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამა“ ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისთვის ამოქმედდა 2010 წელს. აღნიშნული პროგრამა ადგენს საშეღავათო პირობებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის და მათ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენებზე ერთი გამოცდის ჩაბარებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აძლევს. ჩარიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში სტუდენტები გადიან სახელმწიფო ენის სწავლების კურსს, რის შემდგომაც ისინი ირიცხებიან სასურველ ფაკულტეტზე.[1]
პროგრამით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვი ყოველ წელს ორმაგდება. 2010 წელს პროგრამით ჩარიცხულ სტუდენტების რიცხვი 247-ს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს სტუდენტთა რაოდენობა 1231-მდე გაიზარდა.[2] უნდა აღინიშნოს, რომ დიდი წილი ჩარიცხული სტუდენტებისა ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები არიან.[3] გეოგრაფიული და სოციალური ფაქტორები და ფინანსური მხარდაჭერის არ არსებობა სახელმწიფოს მხრიდან, ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებს ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. ეთნიკურად აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლეებთან საუბრისას ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ თითოეული მათგანი მიისწრაფის უმაღლესში ჩაბარებისკენ, ვინაიდან სწავლა მათი განვითარებისთვის, ინტეგრაციისა და კარიერული წინსვლისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ესახებათ. „ჩემს სოფელში, დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლეს სურს უნივერსიტეტში ჩაბარება. მშობლების დიდი ნაწილიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქში ახალგაზრდების სწავლის და ცხოვრების ხარჯები დაფარონ, თუმცა უმეტესობა ოჯახებისთვის გაწეული ხარჯი ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, ბევრი სტუდენტი წყვეტს სწავლას და ბრუნდება სოფელში. მეორეს მხრივ, დიდი დემოტივატორია იმ ახალგაზრდების ხილვა, რომლებმაც დაამთავრეს უნივერსიტეტი და დაბრუნდნენ სოფელში ისე რომ ვერ დაიწყეს მუშაობა საკუთარი პროფესიით. ასეთი ახალგაზრდების რიცხვი კი საკმაოდ დიდია“ - ინტერვიუირებისას აღნიშნა სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებმა რესპოდენტმა.
„ხშირად ჩვენზე ამბობენ, რომ შვილები არ გვიყვარს, ადრე ვაოჯახებთ მათ და სწავლის საშუალებას არ ვაძლევთ, თუმცა არავინ კითხულობს რატომ ხდება ასე. განა ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, განათლებული ადამიანები იყვნენ. სამი შვილი მყავს და მთელი ჩემი ოჯახის შემოსავალი მათ სწავლას ხმარდება, უფროსი სტუდენტია უკვე, უმცროსი ბავშვები კი მეზობელ სოფელში დამყავს ქართულის მასწავლებელთან. ჩვენს სოფელში უმეტესობას არ შეუძლია ამხელა ხარჯის გაწევა, ვერც ჩემი ოჯახი შეძლებდა უცხოეთიდან ნათესავები რომ არ გვეხმარებოდნენ მატერიალურად.“- აღნიშნა ერთ-ერეთი სტუდენტის მშობელმა. მშობლების უმეტესობა ინტერვიუირებისას აღნიშნავდა, რომ თითოეული მათგანის მიზანია იხილონ სტუდენტი შვილები, თუმცა ქალაქში სწავლა მათი ოჯახებისთვის არარაციონალურ ხარჯთანაა დაკავშირებული. ამასთან, როგორც ისინი აღნიშნავენ, ახალგაზრდებისთვის სტუდენტობის შემდგომი დასაქმება პრობლემურია, კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი სახლში ბრუნდება, პროფესიით ვერ საქმდება და იმგვარ შრომაში ერთვება, რასაც საუნივერსიტეტო განათლება არ სჭირდება.
„1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს, გამარტივებულ შესაძლებლობას აძლევს ჩააბარონ უნივერსიტეტში, თუმცა პროგრამის ფინანსური პოლიტიკა არ მოდის თანხვედრაში მის მიზნებთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამის ყველა საფეხური ეთნიკური უმცირესობებისთვის ფასიანია. ისინი სრულად იხდიან უნივერსიტეტში სწავლის საფასურს, როდესაც პროგრამის პირველ სასწავლო წელს, მხოლოდ სახელმწიფო ენას ეუფლებიან. გარდა ამისა, მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ (უფასო) ფაკულტეტზე ჩარიცხვისას, ქართულენოვანი სტუდენტებისგან განსხვავებით, მათ მაინც უწევთ გადაიხადონ სწავლის საფასური. ამგვარ ფინანსურ პოლიტიკას სახელმწიფოს მხრიდან, საფუძვლად უდევს მარტივი მიდგომა - რადგან „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ეთნიკური უმცირესობები აბარებენ მხოლოდ ერთ გამოცდას, კონკურენციის პრინციპიდან გამომდინარე მათთვის სწავლის გადასახადი სრულია.[4] თუმცა აღნიშნული ლოგიკა უგულებელყოფს იმ სტრუქტურულ მიზეზებს, რატომაც გახდა საჭირო ზემოაღნიშნული პროგრამის არსებობა. უმთავრესი მიზეზი წლების განმავლობაში ეთნიკურ უმცირესობებზე მიმართული ხარვეზული განათლების პოლიტიკაა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს უმცირესობებისთვის განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, არ პასუხობს მათ საჭიროებებს და ადგილობრივ კონტექსტს და რაც მთავარია ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის სწავლებას.[5] არაერთი კვლევის თანახმად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სტუდენტების მხრიდან სწავლის მიტოვების.[6] ამ მოცემულობაში, სახელმწიფო „1+4 პროგრამის” პირველ წელს, მხოლოდ ქართული ენის სწავლაში, უნივერსიტეტის სრული კურსის საფასურს ახდევინებს სტუდენტებს. ამგვარი გაუაზრებელი და არასამართლიანი ფინანსური პოლიტიკა, აზიანებს სტუდენტებს და მნიშვნელოვან რესურსს აკარგვინებს სახელმწიფოს.
რესპოდენტების დიდი ნაწილი, რომლებიც დღეს სტუდენტები არიან, საუბრობდნენ უდიდეს იმედგაცრუებაზე, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ეჯახებიან. „სკოლაში სწავლისას, მეგონა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მარტივი იქნებოდა, ვინაიდან ჩემს სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე მივხვდი ჩემი სასკოლო განათლების ხარისხით ერთი ორად ჩამოვრჩებოდი თანაკურსელებს. მომიწია საკუთარ თავზე ათმაგად ბევრი მემუშავა, იმისთვის რომ ჩემს ქართველ თანაკურსელებს ძალიან არ ჩამოვრჩენოდი. თუმცა რთულია ერთ წელში ქართული ისწავლო ისე, რომ შემდეგ შენ პროფესიას დაეუფლო სრულყოფილად და სამუშაოს ძიებისას კონკურენცია გაუწიო შენს ქართველ კოლეგებს“ - საუბრისას აღნიშნა ფარვინმა. მან ასევე დასძინა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის უნივერსიტეტში სწავლა და შემდგომ დასაქმება მარათონს გავს, რომლის მონაწილეებიც სრულიად განსხვავებული ნიშნულიდან ერთვებიან მასში. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალია იზრუნოს შექმნას უმცირესობებისთვის განათლების ერთიანი სტრატეგია და ხედვა იმისთვის, რომ საწყისი პოზიცია, ყველასთვის საერთო გახდეს.
მიუხედავად ხარვეზებისა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკას გააჩნია, „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“ ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის, როგორც სახელმწიფო ენის სწავლის თვალსაზრისით, ასევე საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების კუთხით. თუმცა სახელმწიფო საშეღავათო პოლიტიკა, მხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარების და სწავლის საკითხებს მოიცავს. რაც შეეხება პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების პოლიტიკას, მიუხედავად ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთეული პროექტებისა, ამ მიმართებით განხორციელებული აქტივობები არათანმიმდევრული, ფრაგმენტული და ფასადურია.[7]
უკანასკნელ წლებში თითქოსდა გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე სტუდენტების დასაქმებასთან მიმართებით. კერძოდ, შეიქმნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები და სტაჟირება საჯარო სამსახურებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით (1+4) მოსარგებლე პირებისათვის. აღნიშნული სტაჟირების პროგრამა შემუშავდა სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, შემდგომ კი მზა სახით გადაეცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამის წარმატებით გახორციელებას. პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ 1-დან 6 თვემდე სტაჟირების პროცესში სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. თუმცა აღწერა, თუ რა ცვლილება მოუტანა სტაჟირებაში მონაწილე პირს ამ პროექტმა არ ხდება არც ერთი ორგანოს მიერ, ასევე არ ხდება იმის აღრიცხვა, შეძლო თუ არა პირმა სტაჟირების შემდგომ დასაქმება, ან რა მიმართულებით სურდა სტაჟირების მონაწილეს განვითარება და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. სტაჟირების პროცესზე, აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებთან ინტერვიუს აღებისას რესპონდენტების დიდი ნაწილი ამ პროგრამას არ ახასიათებდა დადებით სამუშაო გამოცდილებად.
ახალგაზრდა ქალმა ნურიემ აღნიშნა - „სტაჟირების პროგრამა გავიარე ჩემს მუნიციპალიტეტში, დღემდე არ ვიცი რას ვაკეთებდი, ძირითადად უსაქმოდ ვიჯექი, ხანდახან ყავას ვაკეთებდი ან ქსეროქსს ვიღებდი, თავად სამუშაო პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია. თუმცა ზოგიერთ ჩემს კურსელს მაშინ უფრო გაუმართლა და სტაჟირებისას შეძლეს რაღაც ესწავლათ.“ ნაშირმა კი დასძინა „სტაჟირების პროგრამაში არ მიმიღია მონაწილეობა, ვერ მივხვდი რატომ უნდა დამეხარჯა ჩემი დრო და რესურსი. არცერთ ჩემს მეგობარს არ მოეწონა იქ მიღებული გამოცდილება და ყველამ მირჩია არ მიმეღო მონაწილეობა ამ პროგრამაში. ყველამ აღნიშნა რომ ტყუილად დაკარგეს დრო, ჯობდა რომელიმე მაღაზიაში დაეწყოთ მუშაობა, ხელფასს მაინც აიღებდნენ.“ რამდენიმე რესპოდენტმა ისიც აღნიშნა, რომ სტაჟირების პროგრამის დიდი ნაწილი მათ სამუშაო ადგილზე არ უვლიათ, ვინაიდან ვერ დაინახეს ცოდნის მიღებისა და განვითარების შესაძლებლობა, თუმცა სტაჟირების წარმატებით დასრულების სერთიფიკატი გადაეცათ. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ზერელე დამოკიდებულებაზე, რომელიც პროექტის განმახორციელებელ უწყებას გააჩნია თავად ამ პროექტისა და მისი მონაწილეების მიმართ.
უკანასკნელ წლებში ჩატარებული არაერთი კვლევა საუბრობს იმაზე, რომ უკიდურესად პრობლემურია ეთნიკური უმცირესობების დასაქმება საჯარო სამსახურში. მწვანე კავკასიის კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების მხოლოდ 17%-ს შეადგენენ, მაშინ როცა ისინი რეგიონის 49%-ს წარმოადგენენ. საყურადღებოა, რომ მოსახლეობის რაოდენობასა და საჯარო მოხელეების რაოდენობას შორის ყველაზე დიდი დისპროპორცია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩანს. კვლევის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების რაოდენობასა (69%) და მერიის ადმინისტრაციაში მათ ხვედრით წილს (11%) შორის დისბალანსი 58%-ია. მარნეულის მუნიციპალიტეტში კი ეს რიცხვი 54%-ია.[8]
სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) 2017 წლის კვლევაში “1+4 პროგრამის“ სტუდენტები საუბრობენ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ახალკურსდამთავრებულის დასაქმების პერსპექტივაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ. საგულისხმოა რომ სტუდენტები, დასაქმების მთავრ განმაპირობებელ ფაქტორად ძლიერ სანაცნობო წრეს მიიჩნევენ. ისინი აღნიშნავენ, რომ დასაქმებისათვის ნეპოტიზმი განათლების დონესა და პროფესიონალიზმზე უფრო მნიშვნელოვანია. აღნიშნული კვლევის მონაწილეთა ინფორმაციით, თვითმმართველობისა და რეგიონულ უწყებებში განსხვავებული ეთნიკური ნიშნის გამო სამუშაო ადგილზე მიღების ნაკლები შესაძლებლობაც ძალიან ხშირია. ამასთან, რეგიონებში საჯარო სამსახურების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების რიცხვი მწირია და ყოველთვის არის ეჭვი, რომ გამოცხადებულ ვაკანსია ფორმალურ ხასიათს ატარებს და უკვე შერჩეულია დასაქმების კანდიდატი.[9]
სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) 2019 წლის კვლევაშიც “1+4 პროგრამის“ კურსდამთავრებულები საუბრობენ უკიდურესად მძიმე და ღირსებისშემლახავ გამოცდილებებზე, რომლებსაც ისინი წააწყდნენ სამსახურის ძიების პროცესში: „გვარის გადმოქართულება მომთხოვეს, თუკი სამსახურში ამიყვანდნენ.“ „დისკრიმინაცია არის პრობლემა, ძირითადად გვარს რომ უყურებენ მაშინვე უარს ამბობენ. ვაკანსიებზე გასაუბრება უნდა იყოს გამოყოფილი ეთნიკური უმცირესობისთვის ცალკე და ქართველების ცალკე“[10]- აღნიშნული მცირე ამონარიდია, კვლევაში ასახული მძიმე გამოცდილებებისა.
„1+4 პროგრამის“ კურსდამთავრებულებთან საუბრისას, არაერთმა ახალგაზრდამ ჩემთანაც აღნიშნა, რომ დასაქმება მათთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის მოლოდინები, რაც სწავლის დაწყებისას ჰქონდათ, არ გამართლდა. უნივერსიტეტში სწავლის პროცესმა ვერ უზრუნველყო ისინი პროფესიული და პრაქტიკული ცოდნით, ვერ შესძინა ის პროფესიული თუ სოციალური უნარები, რაც საჭიროა შემდგომი დასაქმებისთვის. სწავლის დასრულების შემდგომ სოფელში დაბრუნებულები კი, ძირითადად სოფლის რუტინულ შრომაში ჩაერთვნენ და შეძენილ განათლებასა და უნარებს სათანადოდ ვერ იყენებენ.
„ადრე ვისაც სწავლა უნდოდა ბაქოში მიდიოდა, ეხლა უკვე ყველას, აქ უნდა სკოლის დამთავრება და სწავლის გაგრძელება, აქ უნდა დამკვიდრება, მუშაობა, თუმცა რეალურად ძალიან რთულია სამსახურის დაწყება. დაამთავრებ უნივერსიტეტს, ბრუნდები სოფელში და ელოდები რომელიმე ხანდაზმული მასწავლებელი თუ დატოვებს სკოლას, იქ რომ დაიწყო მუშაობა.“ აღნიშნა ერთ-ერთმა რესპოდენტმა. მისი თქმით, ქალაქში სწავლა, მისი ოჯახისთვის უდიდესი მატერიალური ხარჯი იყო, მისი მშობლები იკლებდნენ ყველაფერს, აკლებდნენ ოჯახს, იმისთვის რომ მას შესაბამისი განათლება მიეღო. დაბრუნებული კი არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამსახურს ვერ იწყებს. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა თავისთავად აფიქრებს მშობლებს გააგრძელებინონ თუ არა სწავლა სხვა შვილებსაც.
ინტერვიუირებისას რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მთავარი პოტენციური დამსაქმებელი კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სკოლა უნდა გახდეს, ვინაიდან შეძენილი ცოდნითა და გამოცდილებით, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიონ სკოლის მოსწავლეთა მომავლის განსაზღვრაში, სოფლის ცხოვრებასა თუ თემის განვითარებაში. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა ასაკის, კვალიფიკაციისა და სახელმწიფო ენის ცოდნის დონიდან გამომდინარე დღის წესრიგში დგას მათი ახალი თაობის მასწავლებლებით ჩანაცვლება.[11] თუმცა, რესპოდენტების თქმით, საჯარო სკოლებში მძიმე კორუფციული და ნეპოტისტური პრაქტიკებიდან გამომდინარე მასწავლებლების ჩანაცვლება „1+4 პროგრამის“ კურსდამთავრებულების რესურსით მარტივად განსახორციელებელი მიზანი არ არის.
სკოლაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამა, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება. მის ფარგლებში „1+4“ პროგრამის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად იმუშაონ დამხმარე მასწავლებლად. რაც არაერთი კურსდამთავრებულისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. თუმცა არსებობს არაერთი დაბრკოლება, რომელსაც ისინი დამხმარე მასწავლებლად მუშაობისას აწყდებიან. პროგრამის პირველი ხარვეზია, რომ დამხმარე მასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი არ გააჩნიათ, შესაბამისად მათ არ განესაზღვრებათ სტაჟი, რაც თავისთავად გულისხმობს რომ ვერ გაიზრდება მათი კვალიფიკაცია, ვერ მოხდება მათი პროფესიული განვითარება და სტატუსის ზრდა. ასევე, დამხმარე მასწავლებლების უფლებამოსილებები სკოლაში უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვა მასწავლებლების და ხშირად არ აღიქმებიან კოლექტივის ნაწილად სკოლის დირექტორების მხრიდან.[12]
„რაოდენ კარგადაც არ უნდა სწავლობდე, როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, თუ ხელის შემშველებელი არ გყავს, დაიკარგები. სწავლის შემდგომ დაუბრუნდები სოფელს და ორი გზა რჩება ან დაოჯახდები ან სამუშაო ემიგრაციაში მოგიწევს წასვლა” ინტერვიუსას აღნიშნა ჰამიდმა და ყურადღება გაამახვილა იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს უშლის ხელს, უნივერსიტეტში სწავლის შემდგომ დასაქმებაში. იმის მიღმა, რომ სამუშაო ადგილებისა და გამოცხადებული ვაკანსიების სიმცირეა, მწირ არჩევანშიც უპირატესობა მას ენიჭება ვინც უფრო ახლოს დგას ძალაუფლების ადგილობრივ ღერძებთან.
მან ასევე დასძინა, რომ „ბოლო პერიოდში, სოციალურ პლატფორმებზე და ტელევიზიაში გამოჩნდნენ ახალგაზრდა აზერბაიჯანელები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებზე. ხალხს ჰქონია რომ უმეტესობა ჩვენგანი არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული, თუმცა რეალურად არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ახალგაზრდები ერთეულები არიან. უმეტესობა ჩვენგანი კი სწავლის დასრულების შემდგომ წლობით ეძებს სტაბილურ სამსახურს, მერე კი ნებდება.“ ჰამიდის თქმით, სტუდენტების დიდი ნაწილი სასურსათო ქსელებში მუშაობს, რაც მათ ერთდროულად სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა სავაჭრო ცენტრში, დაბალ ანაზღაურებაზე მუდმივად ვერ იმუშავებ, როდესაც დიდ ქალაქში ცხოვრებას დიდი შემოსავალი სჭირდება.
სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) 2017 წლის კვლევაში “1+4 პროგრამის“ სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ნახევარზე მეტი (50,8%) მათი დასაქმების ერთ-ერთ მთავარ ბარიერად „ეთნიკური უმცირესობების მიმართ, დამსაქმებლის მიკერძოებულ/ნეგატიურ დამოკიდებულებას მიიჩნევს“ ხოლო, გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ დასაქმების ბაზარზე არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიმართ საშეღავათო პოლიტიკა არსებობა აუცილებელია. ჩემი რესპოდენტებიც აღნიშნავენ, რომ მათთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე ქართველი ახალგაზრდებისთვის. მთავარი და უპირველესი გამოწვევა სასკოლო განათლების დაბალი ხარისხია, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს კონკურენტუნარიანს ვერ ხდის ქართველ ახალგაზრდებთან მიმართებით. ინტერვიუირებისას ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ დასაქმებისას საშეღავათო პოლიტიკის საჭიროება, მაშინ აღარ იდგება თუ სახელმწიფო იმგვარი განათლების მიღების შესაძლებლობას შექმნის მათთვის, როგორიც ქართულენოვანი სკოლებისთვისაა.[13]
ეთნიკური უმცირესობებისთვის დასაქმების საშეღავათო პოლიტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი, „ევროპის საბჭოს განმარტებით, საჯარო სამსახურები უნდა ასახავდეს საზოგადოების მრავალფეროვნებას, შესაბამისად, სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ საჯარო სექტორში უმცირესობების დასაქმებას, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. სასურველია, პერიოდულად მოწმდებოდეს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გასაზრდელად გატარებული ღონისძიებები და მათი მეთოდები, რათა შესაძლებელი იყოს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების და უმცირესობების საჭიროებების ადეკვატური ასახვა. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების პერიოდული შეგროვება და ანალიზი უმცირესობების წამომადგენლებთან ერთად, პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში არსებული ნაკლოვანებებისა და საჭიროებების ასახვის მიზნით“.[14]
შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “1+4 პროგრამის კურსდამთავრებულთა წინაშე მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. ეს ტენდენცია იწვევს მზარ უიმედობას და სოციალურ სკეპტიციზმს უმაღლესი განათლების მიღების მიმართ. სახელმწიფოს არ აქვს თანმიმდევრული და სისტემური სტრატეგია და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების განათლებას, დასაქმებასა და განვითარებას შეუწყობდა ხელს. ეთნიკური უმცირესობები საწყისი ეტაპიდანვე ეჯახებიან სისტემურ უთანასწორობას, მათ ხელი არ მიუწვდებათ თანასწორ განათლებაზე, ხოლო მათ მიერ გაწეული ფინანსური და სოციალური ხარჯი, როგორც სასკოლო განათლების მიღების პერიოდში, ასევე საუნივერსიტეტო განათლების მიღებისას არასამართლიანი და არათანაზომიერია. ამასთან, საუნივერსიტეტო განათლება ვერ სძენს მათ იმ სოციალურ და პროფესიულ უნარებს, რომელიც შემდგომ პროფესიული რეალიზებისა და დასაქმებისთვის არის საჭირო. დასაქმებისას კი ისინი ეჯახებიან სტრუქტურულ უსამართლობებს (ირიბი დისკრიმინაცია, ნეპოტიზმი, სოციალური მიუღებლობა) საჯარო სამსახურში დასაქმების კუთხით. ეთნიკური უმცირესობების თემში თითოეული ახალგაზრდა ძლიერადაა შეკავშირებული საკუთარ თემთან, სოფელთან. მისი წარმატება სოფლის წარმატებად აღიქმება, მის მიერ განვილი გზა კი მისაბაძი ხდება. წარუმატებლობა ასევე პირდაპირ აისახება თემის განწყობებზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაზომოს ის გრძელვადიანი სოციალური გავლენები, რომელიც 1+4 პროგრამის მონაწილეების დასაქმებისა და მხარდაჭერის პრობლემას თან ახლავს. ამ გამოწვევების მიუხედავად, ხაზი უნდა გაესვას „1+4 პროგრამის კურსდამთავრებულების“ სოციალურ აქტივიზმს და მათ მცდელობას მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ეთნიკური უმცირესობების სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ინკლუზიის პროცესში. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამ რესურსისა და ხმების აღიარება სუსტია და პოლიტიკურ და საკონსულტაციო ფორმატებშიც კი სახელმწიფო უწყებები ამ ორგანიზებულ სამოქალაქო და სათემო აქტორებს არ უშვებენ. ამ რეალობაში არსებითია სახელმწიფომ დაინახოს უმცირესობების წინაშე მდგარი განათლებისა და დასაქმების პრობლემები და შეიმუშაოს მდგრადი, გრძელვადიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც შექმნის სამართლიან და თანასწორ გარემოს უმცირესობებისთვის.
[1] „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ. გვერდი, იხ: https://www.smr.gov.ge/ge/page/58/saganmanatleblo-programa
[2] „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ. გვერდი, იხ: https://www.smr.gov.ge/ge/page/58/saganmanatleblo-programa
[3] საშეღავათო პოლიტიკის ეფექტურობისა და შედეგების კვლევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2010-2019; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი; თბილისი, 2020, გვ. 53-54;
[4] საშეღავათო პოლიტიკის ეფექტურობისა და შედეგების კვლევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2010-2019; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი; თბილისი, 2020, გვ. 53-54
[5] ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2020
[6]ეთნიკური უმცირესობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობები და პერსპექტივები, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი თბილისი 2017
[7] ეთნიკური უმცირესობების დასაქმების პოლიტიკა, უცხოური გამოცდილების მიმოხილვა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თბილისი, 2021, იხ.
[8] მწვანე კავკასია, 2016, ხელმისაწვდომია: http://www.ivote.ge/GREENCAUCASUS/wp-content/uploads/2017/01/Minorities-inKvemo-Kartli-Municipal-Administrations_-research-presentation-16092016.pdf
[9] ეთნიკური უმცირესობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობები და პერსპექტივები; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი; თბილისი 2017, ხელმისაწვდომია: https://www.cciir.ge/images/pdf/CCIIR%20research%20report_2017.pdf
[10] „1+4 პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმებისა შესაძლებლობების კვლევა ზოგადი კონტექსტისა და კონკრეტული მაგალითის ანალიზის საფუძველზე“; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებაშორისი ურთიერთობების ცენტრი, თბილისი 2019, ხელმისაწვდომია: https://www.cciir.ge/images/Research-cciir-2018-14.pdf
[11] „1+4 პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმებისა შესაძლებლობების კვლევა ზოგადი კონტექსტისა და კონკრეტული მაგალითის ანალიზის საფუძველზე“; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებაშორისი ურთიერთობების ცენტრი, თბილისი 2019, ხელმისაწვდომია: https://www.cciir.ge/images/Research-cciir-2018-14.pdf
[12] „1+4 პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმებისა შესაძლებლობების კვლევა ზოგადი კონტექსტისა და კონკრეტული მაგალითის ანალიზის საფუძველზე“; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებაშორისი ურთიერთობების ცენტრი, თბილისი 2019, ხელმისაწვდომია: https://www.cciir.ge/images/Research-cciir-2018-14.pdf
[13] ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2020. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/etnikuri-umtsiresobebis-mimart-ganatlebis-politikis-sistemuri-gamotsvevebi
[14] ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერება მარნეულის მუნიციპალიტეტში, პოლიტიკის დოკუმენტი, თბილისი, 2020, EMC;
ინსტრუქცია