[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

გიორგი მუმლაძის მიმართ ჩადენილ პოლიტიკურ დანაშაულს შსს დემონსტრაციულად არ იძიებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს 2024 წლის 9-10 მაისს პოლიტიკოსისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძის, მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების პროცესს და მიიჩნევს, რომ გამოძიება არსებითად ჭიანურდება, იგი ფორმალურია და რეალური სამართლებრივი შედეგის დადგომას მიზნად არ ისახავს.

როგორც ცნობილია, 2024 წლის მარტში და მაისში, ქვეყანაში „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას, სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ მართული კერძო ძალადობრივი ჯგუფები არაერთ სამოქალაქო აქტივისტს და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში ორგანიზებულად ხვდებოდნენ და მათზე ძალადობდნენ. სწორედ ამ კონტექსტში 2024 წლის 9 მაისს, გიორგი მუმლაძეს, ქვემო ქართლში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან (სადაც მშობლებთან, მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს) ჯგუფურად თავს დაესხა 4 პირი, რომლებმაც მასზე იძალადეს და წაიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. კერძოდ, შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები გ. მუმლაძეს სხეულის სხვადასხვა არეში ფეხებით, ხელებით ურტყამდნენ, რის შედეგადაც გ. მუმლაძემ ცხვირისა დაზიანება და ტვინის შერყევა მიიღო. ფიზიკური ძალადობა მათ გ. მუმლაძის მეზობლებმა შეაწყვეტინეს და თავდამსხმელებმა მათი კუთვნილი ავტომობილით დატოვეს ტერიტორია. მოგვიანებით, გ. მუმლაძეზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რასაც თან ახლდა შეურაცხმყოფელი და პოლიტიკური კონოტაციის მქონე კომენტარები. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 10 მაისს, სავარაუდოდ იმავე პირთა ჯგუფი სხვა ავტომობილით კვლავ ელოდებოდა გ. მუმლაძეს საკუთარი სოფლის შესასვლელთან, რა დროსაც კვლავ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას შეეცადნენ და შემდეგ მანქანით დატოვეს ტერიტორია. გ. მუმლაძე და მისი თანმხლები პირები საკუთარი ავტომობილით გაჰყვნენ უკან იდენტიფიცირების მიზნით და გზად შემხვედრ საპატრულო პოლიციის ავტომობილს აგრეთვე მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა გ. მუმლაძეზე თავდამსხმელების ავტომობილი არ შეაჩერეს.

გ. მუმლაძის მიმართ ცემის ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გ. მუმლაძის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს და ჩვენთვის გაზიარებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ცხადი ხდება, რომ გამოძიება ფორმალურია, ვინაიდან გამოძიების დასაწყისშივე არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და მათ ჩატარებას შსს არც ჩვენი არაერთი მიმართვის შემდგომ უზრუნველყოფს. კერძოდ,

  1. გამოძიების დაწყების შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ გ. მუმლაძემ და მასზე ძალადობის შემსწრე პირებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას თავდამსხმელებისა და მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, გამოძიებას არ უცდია სატრანსპორტო საშუალებისა და შემდგომ 2024 წლის 9 -10 მაისს ამ საშუალებით მოსარგებლე პირების იდენტიფიცირება.
  2. საგამოძიებო ორგანომ, მომხდარიდან დაახლოებით 1,5 - 2 თვის შემდეგ შეისწავლა მომხდარის ახლომახლო განთავსებული ვიდეოკამერების მონაცემები და დაადგინა, რომ 2024 წლის 9 ივნისის ჩანაწერები არ იძებნებოდა. 10 მაისს, მარნეულის ცენტრში მდებარე ვიდეოკამერები, რომლებზეც შესაძლოა დაფიქსირებული ყოფილიყო ავტომობილი, რომელშიც გიორგი მუმლაძეზე თავდამსხმელები იმყოფებოდნენ, ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული და შესწავლილი.
  3. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში ვიდეოს განთავსების შემდგომ საგამოძიებო ორგანომ არ უზრუნველყო იმ გვერდის მონაცემების (მათ შორის IP მისამართის) დადგენა, სადაც თავდაპირველად აიტვირთა ვიდეო და გვერდის მფლობელის იდენტიფიცირება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით აგრეთვე იყო შესაძლებელი გ. მუმლაძეზე თავდამსხმელების ან მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა.
  4. საგამოძიებო ორგანომ აგრეთვე არ დაიწყო გამოძიება მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილი იყო, რომ გ. მუმლაძის კუთვნილი მობილური ტელეფონი თავდამსხმელებს ჰქონდათ და მობილური ტელეფონი რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიური იყო, არ ჰქონიათ მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის გარკვევის მცდელობა.
  5. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები გ. მუმლაძის მიმართ დანაშაულის სიძულვილის მოტივით (პოლიტიკური ნიშნით) ჩადენაზე მიუთითებს, თუმცა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ არის მოტივი გამოკვეთილი.

მითითებული გარემოებების იდენტიფიცირების შემდგომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთი შუამდგომლობით მიმართა საქმის ზედამხედველ პროკურორს და ითხოვა საქმეზე საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ზედამხედველი პროკურორის პასუხით გვეცნობა, რომ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა გამოძიების ფარგლებში, თუმცა გამოძიების დაწყებიდან 5 თვის თავზეც საგამოძიებო მოქმედება არ არის ჩატარებული, არ იწყება გამოძიება მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე და ამ დრომდე არ ხდება საქმეში სიძულვილის მოტივის გამოკვეთა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ გ. მუმლაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს და მის მიზანს დანაშაულის ჩამდენ პირთა რეალური იდენტიფიცირება არ წარმოადგენს. ცხადია, მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანია და როგორც ჩანს საგამოძიებო ორგანოები ავლენენ პოლიტიკურ დაინტერესებას მასობრივი აქციების დროს ჩადენილი პოლიტიკური სიძულვილის დანაშაულების მიმართ, რაც ცხადყოფს ამ ინსტიტუტების პოლიტიზების და დამოუკიდებლობის პრობლემას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია ჩანს სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, 2024 წლის აპრილში და მაისში ,,რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების, სამოქალაქო აქტივისტების ცემის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი მუმლაძეს, ნიკო მანაგაძეს, გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს, ზურაბ ბერძენიშვილს და სხვებს. ყველა შემთხვევაში ადამიანებს რამდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფები უპირისპირდებოდნენ, ძალადობა უმეტესად დაზარალებულების საცხოვრებელ სახლებთან, სამუშაო ადგილებზე ან სხვა საჯარო სივრცეებში დემონსტრაციულად ხდებოდა და როგორც წესი ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში თავსდებოდა შეურაცხმყოფელი შინაარსის კომენტარებით, რაც ძალადობის პოლიტიკურ შინაარსს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენდა. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში იკვეთებოდა პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები და მნიშვნელოვანი იყო საქმეთა დროული გამოძიება.

პოლიტიკური მიზნით გამოყენებული ამგვარი დაქირავებული ძალადობრივი კერძო ჯგუფები ბოლო პერიოდის პოლიტიკურ ლიტერატურაში ცნობილია როგორც „ტიტუშკები.” ეს ტერმინი უკრაინაში 2013 - 2014 წლების ევრომაიდნის პროტესტების დროს გაჩნდა და ავტორიტარული რეჟიმების მიერ პოლიტიკური ძალადობის ტაქტიკის აღსაწერად დღემდე გამოიყენება. უფრო ზუსტად, აღნიშნული ტერმინი უკავშირდება უკრაინელ სპორტსმენ ვადიმ ტიტუშკოს, რომელიც 2013 წლებში ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებში იყო ჩართული. “ტიტუშკები” როგორც წესი პროტესტების ჩასაშლელად, ოპოზიციის დაშინების მიზნით ან ძალადობის პროვოცირებისთვის გამოიყენება. ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იმოსებიან, რათა რიგით მოქალაქეებად მოჩანდნენ და თავიანთი მიზნების მისაღწევად ძალადობის ინიციირებას ახდენენ. ისინი ხშირად პროტესტანტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმას ახდენენ, რათა სამართალდამცავებს ძალის გამოყენების საბაბი მისცენ. მიუხედავად იმისა, რომ “ტიტუშკები” ფორმალურად კერძო პირები არიან, ისინი ხშირად ხელისუფლების ან პრო-სამთავრობო ძალების მიერ ორგანიზებულნი არიან. ამგვარად, ხელისუფლებას საშუალება აქვს ძალადობისგან დისტანცირება მოახდინოს, თუმცა ამავე დროს ისარგებლოს მათი საქმიანობით. ცხადია, რომ “ტიტუშკების” გამოყენება სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის პრინციპს, ასევე მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ქართულ რეალობაში, გაზაფხულის მასობრივი პროტესტების დროს, კერძო ძალადობრივი ჯგუფების მიერ ოპოზიციონერებზე და აქტივისტებზე თავდასხმის ათეულობით შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ სწორედ "ტიტუშკების" პრაქტიკა გამოიყენა. ძალადობის აღნიშნული ეპიზოდების ჩადენის დრო, სცენარები და ტაქტიკა პრაქტიკულად ემთხვეოდა ერთმანეთს და კარგად ორგანიზებულს ჰგავდა. განსაკუთრებით საეჭვო იყო ის, რომ აღნიშნულმა ჯგუფებმა იცოდნენ კონკრეტული პირების საცხოვრებელი მისამართები და მათი გადაადგილების ზუსტი დრო. ცხადია, რომ ამგვარი ძალადობის წახალისებით ხელისუფლების მიზანი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაშინება და მათი წინააღმდეგობის ჩახშობა იყო. ასევე ნათელია, რომ ამას ოპონენტების დამცირებისა და უფრო ფართო საზოგადოების დაშინებისა და გაჩუმების ამოცანაც ჰქონდა.

სამოქალაქო აქტივისტებზე და პოლიტიკოსებზე ძალადობას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. არაერთი ევროპულ ქვეყნის უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისა და გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ. აღსანიშნავია, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, სამართლებრივი შედეგი და დამნაშავეთა იდენტიფიცირება ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა. ამგვარი ძალადობის ფაქტების დემონსტრაციული გამოუძიებლობა აშკარად აჩვენებს ძალადობრივი ჯგუფებისთვის ხელის დაფარებისა და პოლიტიკური ძალადობის მიმართ „ქართული ოცნების" ხელისუფლების ლოიალობას.

შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მოუწოდებს

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

უზრუნველყოს საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარება, მათ შორის ყველა გიორგი მუმლაძის საქმეზე ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების დროულად ჩატარება;

  • საქართველოს პროკურატურას

უზრუნველყოს საქმეზე „პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო“ სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და გამოძიების პროცესის ჯეროვანი ზედამხედველობა.

არსებითია მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში შეისწავლოს პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე იდენტური თავდასხმის ორგანიზატორებსა და ჯგუფებს შორის კავშირები და მათი ორგანიზების, დაქირავებისა და მართვის სქემები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“