საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სტატიის პირველადი ვერსია გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე The New School-ის Democracy Seminar-ის პლატფორმაზე 2024 წლის 22 ოქტომბერს სახელწოდებით: “Georgia’s Turn Toward Illiberalism and the “Uses and Abuses” of History”. წინამდებარე ტექსტი, ძირითადად, ინგლისური პუბლიკაციის თარგმანს წარმოადგენს. ინგლისური ტექსტი იხილეთ ბმულზე: https://democracyseminar.newschool.org/essays/georgias-turn-toward-illiberalism-and-the-uses-and-abuses-of-history/
მეხსიერების კონსენსუსის ეროზია
პოლიტიკური და სიმბოლური წარმოდგენები, “მეხსიერების კონსენსუსი” საქართველოს ევროპულ და ზოგადად დასავლურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ბოლო წლები ისეთი მტკიცე არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ეს კონსენსუსი ყველაზე მკაფიოდ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გამყარდა, რომელიც ქართულ საზოგადოებას მოდერნიზებას და საბჭოთა “რთული” წარსულის მემკვიდრეობასთან ყველა შესაძლო კავშირის გაწყვეტას ჰპირდებოდა. ბოლო წლებია მმართველი პარტია, ქართული ოცნება, საქართველოს პრო-ევროპულ ნარატივს სისტემატურად აყენებს ზიანს. დასავლური გეზის შესახებ საზოგადოებაში თითქოს მყარად ფესვგადგმული განწყობის ეროზია 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც ქართულმა ოცნებამ შედარებით ინკლუზიური პოლიტიკური კოალიციიდან უნიფიცირებულ კონსერვატორულ და მემარჯვენე ძალად გარდაქმნა დაიწყო. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დემოკრატიის რეგრესი მკაფიოდ ვლინდება მმართველი ელიტის მიერ ეთნოცენტრული ნაციონალიზმის, მემარჯვენე პოპულიზმის, კონსერვატიული ღირებულებების, ლგბტ თემზე თავდასხმის წახალისებასა და ასევე, განათლების, სასამართლოს, კულტურის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში გადადგმულ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მთელ წყებაში. ქართული ოცნება ახლა თანამედროვე რუსეთის მოკავშირედ მოჩანს, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგ კულტურულ და ცივილიზაციურ ომს აწარმოებს.
დასავლური გეზის შესახებ აღნიშნული კონსენსუსის ეროზია თვალსაჩინოდ გამოჩნდა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრისა და იქ გამანადგურებელი ომის გაჩაღების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, თავშეკავებული შეხვდა მოსკოვის იმპერიული პოლიტიკისგან დისტანცირების მოწოდებას. ამ დროიდან მოყოლებული ქართული ოცნება დასავლეთთან ანტაგონიზმის გზას დაადგა. ამ მიმართულებით, მისი პოლიტიკური და სიმბოლური არსენალის ნაწილი სწორედ ქართული კოლექტიური მეხსიერების ფრაგმენტაცია გახდა, რომელიც ქართველების დასავლურ მისწრაფებებს ასაზრდოებს. ქართული ოცნება მიზანმიმართულად მანიპულირებს ისტორიული თემებით და ტროპებით, რომელიც ქართული საზოგადოების ისტორიულ წარმოსახვებში ღრმად არის გამჯდარი. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ახალი “მეხსიერების რეჟიმის” (Hodgkin and Radstone, 2003) დამკვიდრების მცდელობასთან, რომელიც რუსეთისკენ ქართული ოცნების გეოპოლიტიკურ შემოტრიალებას ისტორიული არგუმენტებით გაამყარებდა. მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურების რეპერტუარიდან ერეკლე II (1720–1798) და ილია ჭავჭავაძე (1837–1907) ქართული ოცნების მეხსიერების პოლიტიკის მთავარ სამიზნეებს შორის მოხვდნენ.
ქართველების ისტორიულ წარმოდგენებში და მეხსიერებაში ქართლ-კახეთის (1762-1801) მეფე ერეკლე II უცხოელ დამპყრობლებთან დაუღალავი მებრძოლის და, ასევე, რუსეთის იმპერიასთან პრაგმატული პოლიტიკური ალიანსის ინიციატორად არის წარმოჩენილი. 1783 წლის 24 ივლისს მან ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, „მეგობრობით ხელშეკრულებას“, რომლის პირობებით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის სამუდამო მფარველობის ქვეშ მოექცა. ტრაქტატის თანახმად, რუსეთის იმპერატორს ქართლ-კახეთის სამეფო გარეშე მტრებისგან უნდა დაეცვა. გეორგიევსკის ტრაქტატმა, როგორც შემდეგ დრომ აჩვენა, რუსეთს მე-19 საუკუნის განმავლობაში ქართული სამეფო-სამთავროების სრული ანექსიის და გაუქმებისკენ გზა გაუკვალა. ერეკლე მეორის „დამცველი“ ზოგი „კონსერვატორი“ ისტორიკოსი მის გადაწყვეტილებას სწორ ნაბიჯად აფასებს. ამ პერსპექტივით, რთულ საგარეო პირობებში მართლმადიდებელ ქრისტიანულ იმპერიასთან დაკავშირება მაშინ გამართლებული იყო, ვინაიდან ქართლ-კახეთის სამეფოს მაჰმადიანი სპარსეთის და ოსმალეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევდა არსებობა.
აღნიშნული შეხედულების საპირისპიროდ, „ლიბერალურ“ წრეებში გეორგიევსკის ტრაქტატამდე ერეკლე მეორის ევროპასთან დაკავშირების მრავალ, მაგრამ უშედეგო მცდელობებს უსვამენ ხაზს. ერეკლესთვის, რომელიც მთელი ცხოვრება თავისი სამეფოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა არ იყო საუკეთესო გამოსავალი და მისთვისაც პრიორიტეტი ევროპასთან ალიანსი იქნებოდა.
ერეკლე მეორის გადაწყვეტილების გარშემო აზრთა სხვადასხვაობა ასახულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილ პოემაში ბედი ქართლისა (1939), რომელიც შექმნილი დილემის გამო ერეკლეს შინაგან ბრძოლას აღწერს. არჩევანი იდგა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობასა და სამეფოს ქვეშევრდომების უსაფრთხოებას შორის. ეს პოემა, როგორც წესი, თითოეულმა სკოლის მოსწავლემ კარგად იცის, რადგან ის, ტრადიციულად, ზოგად-საგანმანათლებლო სკოლების სასწავლო გეგმის აუცილებელი ნაწილია. ბოლო წლებში საქართველოსა და რუსეთს შორის „დამთბარი“ ურთიერთობის და ამის პარალელურად კრემლიდან მომავალი რეალური საფრთხეების ზრდის ფონზე, ცხადია, საზოგადოებაში იმატა შიშმა დასავლური გეზის რეალური შეცვლის და რუსეთის „უკანა ეზოდ“ გადაქცევის პერსპექტივის გამო. ამ ეგზისტენციალური საფრთხის გაცნობიერება, ასევე, კოლექტიურ მეხსიერებაში ფიქსირებული ისტორიული ტროპების აქტუალიზებას უწყობს ხელს.
ილია ჭავჭავაძე (1837–1907), მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ქართული ეროვნული წარმოსახვის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლური ფიგურაა. იგი ქართული ლიბერალური აზრის მთავარ წარმომადგენლად და თანამედროვე ქართველი ერის დამფუძნებელ მამად არის აღიარებული. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის აღმავლობის ფონზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შეირაცხა, როგორც “წმინდა ილია მართალი”. მისი ცნობილი ტრიადა “მამული, ენა და სარწმუნოება” ქართველობის განმსაზღვრელ ნიშნად იქცა.
ქართული ოცნების მიერ ერეკლე II-ს და ილია ჭავჭავაძის “სიმბოლურ ხატების” ინსტრუმენტალიზება ტიპოლოგიურად თავსდება “რუსული სამყაროს” იდეოლოგიურ მოდელში, რომელიც დასავლური ლიბერალიზმის საპირისპიროდ მართლმადიდებლური ქრისტიანობის და ტრადიციული ღირებულებების დამცველად გამოდის.
ქართული პრო-დასავლური იდენტობა: ისტორიული კონტექსტი
საქართველოს ევროპული მემკვიდრეობის ნარატივის ფორმირება მხოლოდ პოსტ-საბჭოთა პროცესებს არ უკავშირდება. მას წარსულში უფრო ღრმა ფესვები აქვს. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, ქართველების ისტორიული და კოლექტიური მეხსიერება ყალიბდებოდა იმპერიის - ცარისტული რუსეთის და საბჭოთა კავშირის - ფარგლებში და ასევე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პერიოდებში, პირველი რესპუბლიკის არსებობის დროს (1918-1921) და 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
რუსეთის იმპერიის კონტექსტში, ქართველები ცივილიზაციური მისიის იმპერიულ ნარატივს უნდა მორგებოდნენ. რუსეთი ევროპული იდეების შემომტან და განმანათლებელ იმპერიად იყო წარმოდგენილი. თუმცა, პარალელურად, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, თერგდალეულებად ცნობილმა ქართველი კულტურული და საჯარო ფიგურების ჯგუფმა, რომელიც ილია ჭავჭავაძის გარშემო იყო შემოკრებილი, გადამწყვეტი როლი შეასრულა „წარმოსახვითი“ (Andesrson 1983) ქართველი ერის ჩამოყალიბებაში.
ილია ჭავჭავაძე რუსეთსა და ევროპას შორის განსხვავებას მკაფიოდ ხედავდა. იგი ერთმანეთისgან გამოარჩევდა ლიბერალიზმის და კონსერვატიზმის ზომიერ ევროპულ და უკიდურეს რუსულ ფორმებს. რუსეთში „მამებმა” ძველი წყობის ყველაფრის ფასად დაცვა დაიწყეს და ნებისმიერ ახალ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ. რუსი ლიბერალები კი, ასევე, სრულად უარყოფდნენ ყველაფერ ძველს. მისი აზრით, ქართველებს სხვა გზა ჰქონდათ გასავლელი. ეს გზა ევროპასთან უფრო ახლოს იყო სადაც კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი თანაარსებობდა და ამ ორს შორის, “მარცხნივ და მარჯვნივ ბევრნაირი სხვადასხვა აზრის ნაკადულებია კიდევ”.
ილიას შეხედულებით, ევროპაში “ძველის მცველები” ყველაფერ ძველს არ იცავდნენ და ბევრი ახლის დამკვიდრებისთვის თავსაც გადადებდნენ. ღირებულ ძველს კი “ჭეშმარიტი ლიბერალი” ძალიან გაუფრთხილდებოდა. მაგალითად, კონსერვატორი ირლანდიელისთვის ინგლისისგან განთავისუფლება ყველაზე დიდი ახალი საქმე იქნებოდა. ისევე როგორც, ინგლისელი ლიბერალი, არავითარ შემთხვევაში, არ დათმობდა ინგლისის “დიდ ხარტიას”.
ქართველ ლიბერალებსაც დასუსტებული ეროვნული ვინაობის აღდგენაზე და გამოცოცხლებაზე უნდა ეზრუნათ. ილიასთვის სამაგალითო იყო ჩეხი ლიბერალების მოღვაწეობა, რომლებმაც საკუთარი ხალხის ენა გააძლიერეს, გმირული წარსული შეისწავლეს და ამით ეროვნული იდენტობა აღადგინეს.
თერგდალეულების ყოვლისმომცველი ‘ნაციონალური პროექტი’ ამავე პერიოდში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მულტი-ეთნიკური იმპერიების ფარგლებში მიმდინარე კულტურული ნაციონალიზმის აღმავლობის ზოგადი ტენდენციის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ (Hroch, 1985).
თერგდალეულებმა დიდი შრომა გასწიეს ‘ნაციონალური’ ქართული ენის სტანდარტიზაციის, საზიარო ისტორიის განცდისა და სოციალურად შემაკავშირებელი კულტურული იდენტობის ფორმირებაში. მათ დააფუძნეს კულტურული და საგანმანათლებლო ორგანიზაციები მათ შორის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი სოციალური მექანიზმი იყო, თერგდალეულების მიერ დაარსებულ ჟურნალ-გაზეთებთან ერთად („საქართველოს მოამბე“, „მნათობი“, „დროება“, „ივერია“), რუსული იმპერიული მმართველობის პირობებში მოდერნული ქართველი ერის „ვინაობის“ აღდგენისა და გაძლიერებისთვის.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი, ნოე ჟორდანია (1869-1953) ერთა თვითგამორკვევას ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევდა. მისი შეხედულებით მარქსისტული პერსპექტივითაც „ბრძოლა ერის თავისუფლებისათვის დამპყრობელთა წინააღმდეგ ნიშნავს ბრძოლას მუშათა გათავისუფლებისთვისაც. ესეც პროლეტარული ბრძოლაა“ (ჟორდანია 2018, 71). უცხოელ დამპყრობელში იგი ბოლშევიკურ რუსეთს გულისხმობდა. „ბოლშევიზმი ნაციონალურ საკითხშიაც, ისე როგორც პოლიტიკურში და ეკონომიურში, სავსებით გამოეყო სოციალიზმს და აშკარად ააფრიალა იმპერიალისტური დროშა“ (იქვე, 75). ჟორდანია დიქოტომიურ პრიზმაში განიხილავდა, ერთი მხრივ, ევროპას და საქართველოს, და მეორე მხრივ, რუსეთს. მისი პერსპექტივით, საქართველოს ადგილი ევროპაში იყო, რუსეთს კი გეზი აზიისკენ ჰქონდა აღებული. იგი აფრთხილებდა მაშინდელ საზოგადოებას, ბოლშევიკების მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემთხვევაში დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო გაქრებოდა და ევროპასთან კავშირიც გაწყდებოდა.
1921 წლის თებერვალში წითელი არმიის ინტერვენციის შედეგად ბოლშევიკური რუსეთის მიერ პირველ რესპუბლიკის ანექსია და „ძალდატანებითი გასაბჭოება“ (თოიძე 1991) მოხდა. საბჭოთა მოდერნიზაციის გეგმა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობის რადიკალურ ტრანსფორმაციას ისახავდა მიზნად. ინდუსტრიალიზაციას, კოლექტივიზაციის და ტექნოლოგიური პროგრესის გარდა, გრანდიოზული განახლების ყოვლისმომცველი საბჭოთა პროექტი იდეოლოგიური, კულტურული და მორალური აღზრდის გზით ახალი სოციალისტური მოქალაქის შექმნასაც გულისხმობდა (Kotkin 1995).
1920-იანი წლებიდან საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის, ე.წ. კორენიზაციის, დეკლარირებული მიზანი იყო, ასევე, ე.წ. “ჩამორჩენილი” ეთნო-ლინგვისტური ჯგუფების ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის „განვითარება“. საბჭოთა მარქსისტული პერსპექტივით ყველა ხალხს არ გააჩნდა ეროვნული იდენტობის მკაფიო ნიშნები, რაც, ისტორიის მარქსისტული გაგების თანახმად, აუცილებელი პირობა იყო სოციალიზმის ეტაპზე გადასასვლელად. ამგვარად, “სახელმწიფო ევოლუციონიზმის” (Hirsh 2005) პოლიტიკა სუსტი ეროვნული იდენტობის მქონე, მაშასადამე განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომად კატეგორიზებული, ჯგუფების კულტურული და ეროვნული მახასიათებლებს გაძლიერებას ან შექმნასაც კი ისახავდა მიზნად. იქნებოდა სკოლები ადგილობრივ ენებზე, აგრეთვე, ლიტერატურა, ისტორიოგრაფია, თეატრი, ოპერა, და რიგი სხვა ტიპის საგანმანათლებლო და კულტურული ინსტიტუტებისა.
საბჭოთა ხელისუფლება ამასთანავე განსაკუთრებულად უდგებოდა მულტი-ეთნიკური იმპერიის ფედერალური მოწყობის საკითხს. არარუსი ხალხების განვითარების ტემპის დაჩქარებულ, ასევე, ადმინისტრაციულ დაყოფაში უნდა ასახულიყო.
საბჭოთა იდეოლოგია ერის ეთნოცენტრულ, პრიმორდიალურ გაგებას ეყრდნობოდა, რომლის საილუსტრაციოდ გამოდგება სტალინის მიერ შემოთავაზებული ერის ცნობილი დეფინიცია: „ერი არის ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოშობილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქიკური წყობის ბაზაზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა (სტალინი 1953, 315-319). ამ განმარტების შესაბამისად, თითოეულ მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი არარუსი ეთნიკურ ჯგუფისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული ტერიტორია იყო გამოყოფილი. ე.წ. „სატიტულო“ და „კულტურულად განვითარებულმა“ ხალხებმა მიიღეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (სსრ) სტატუსი, რომელიც საბჭოთა კონტექსტში ეროვნულობის ყველაზე მაღალი ადმინისტრაციული, კონსტიტუციური და ლეგალური გამოხატულება იყო. სხვა ეთნო-ლინგვისტური ჯგუფებისთვის, „მეორე რიგის“ სატიტულო ხალხებისთვის, ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) ან ავტონომიური ოლქის სტატუსი (აო) განისაზღვრა. მთლიანობაში, ბოლშევიკური პროპაგანდა საბჭოთა კავშირს ხალხთა „მეგობრობის“ და „ძმობის“ გაერთიანებად წარმოაჩენდა.
ამ, თითქოს „პარადოქსული“, ეროვნული პოლიტიკის გამო საბჭოთა კავშირს ე.წ. “აფირმაციული მოქმედების იმპერიაც[1]” კი უწოდა ზოგიერთმა თანამედროვე მკვლევარმა (Martin 2001). თუმცა საბჭოთა იმპერიული და ტოტალიტარული სისტემის მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი იყო კოერსია, რეპრესიები, ტერორი, მასობრივი მკვლელობები, პოლიტიკური წმენდები, ოპონენტებისთვის განსაზღვრული სადამსჯელო ბანაკების, გულაგების, მთელი ქსელი.
ამ კონტექსტში, ერთა თვითგამორკვევის საბჭოთა გაგება, ცხადია, ძალიან ლიმიტირებული და ფორმალური იყო. როგორც ცარიზმის დროს, საბჭოთა იმპერიის ბირთვი, რუსეთი და მოსკოვი, ცივილიზაციური მისიის მატარებლის მთავარ როლში გამოდიოდა. ცენტრი-პერიფერიის იმპერიული სისტემის ფარგლებში საყოველთაო თანასწორობის დეკლარირებული იდეა პროგრესის იერარქიული ხედვით შეიცვალა. საბჭოთა სისტემა დამორჩილებული არარუსი ერების სტრუქტურულ თუ სიმბოლურ უთანასწორობას და რუსულ კულტურულ და პოლიტიკურ ჰეგემონიას უზრუნველყოფდა (Hirsh 2005). ეროვნული დამოუკიდებლობის ნების ყველა გამოვლინება სისხლში იყო ჩახშობილი. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება საქართველოში, რომელსაც ბოლშევიკური რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა. შემდგომ ათწლეულებშიც საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეა პერიფერიული, რეპრესირებული და საჯარო სივრცეში უჩინარი იყო.
საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის და კოლაფსის ფონზე პირველი რესპუბლიკის მეხსიერება ეროვნული დამოუკიდებლობის ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი და სიმბოლური საფუძველი გახდა. დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას (1939-1993) დროს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობა თანამედროვე ქართველი “ერის მშენებლობის” ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებოდა. ამიტომაც უწოდეს 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დამოუკიდებლობის “აღდგენის” აქტი. გამსახურდია ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოაცხადა და ეს აქტი ახლაც ძალაშია. იგი რუსეთის ხელისუფლებისგან საბჭოთა პერიოდში კრემლის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციის აღიარებას მოითხოვდა.
შესაბამისი პოლიტიკური გარემოს დადგომის შემთხვევაში უწყვეტი და მყარი ქართული კულტურული ნაციონალიზმი პრო-ევროპული ორიენტაციის გამოხატვის და რეალიზების საფუძველს ქმნიდა. ასეთი შესაძლებლობა სწორედ მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დაწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ შექმნა. ამ დროიდან საქართველოს ეროვნული და პოლიტიკური სუვერენულობის ცნება რუსეთის იმპერიასთან დაპირისპირების და ევროპასთან ისტორიულ, ცივილიზაციურ და პოლიტიკური კუთვნილების იდეას დაუკავშირდა. ამავე პერიოდში იწყება ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის აღმავლობა და ნაციონალური წარსულის საკრალიზაცია. მართლმადიდებლური ქრისტიანობა ქართული ეროვნული იდენტობის უმთავრეს საფუძვლად და მახასიათებლად გამოცხადდა.
მთლიანობაში, პოსტ-საბჭოთა საქართველოს ისტორიული ნარატივში აქცენტირებულია უძველეს ცივილიზაციებთან და ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან საქართველოს კავშირები; ქრისტიანულ მემკვიდრეობა და ქართული კულტურის დასავლურობა. ამის საწინააღმდეგოდ, კომუნისტური მმართველობის შვიდი ათეული წელი ცალსახად ნეგატიურად, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდად არის შეფასებული.
1992 წლის იანვარში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გზით დამხობის შემდეგ, ძალაუფლება საბჭოთა კავშირის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მანამდე საქართველოს სსრ-ს ცკ-ს პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ გადაიბარა. მისი მმართველობის პერიოდი (1992-2003) გამოირჩეოდა საქართველოში სამოქალაქო არეულობით და პოლიტიკური ქაოსით. 1992 წელს დაიწყო აფხაზეთში ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტი. რუსეთის რეგულარული არმიის, კაზაკების და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების თუ დაქირავებული მებრძოლების მიერ აფხაზური მხარისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ომის მიმდინარეობაზე. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი სოხუმის დაცემით და ქართველების ეთნო-წმენდით დასრულდა 1993 წლის სექტემბრის ბოლოს.
იმავე წლის ოქტომბერში, შევარდნაძემ რუს ადმირალ ბალტინის ჯარების დახმარებით მოახერხა სამხედრო გადატრიალების შედეგად დევნილ ზვიად გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგობის გატეხვა. ამ ყველაფრის ფონზე საქართველოზე კრემლის გავლენა და ზეწოლა იზრდებოდა. მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტისა, რუსების ზეწოლით თუ ნებით, შევარდნაძე დათანხმდა საქართველოს შესვლას მოსკოვის ეგიდით შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ). ომებით დასუსტებულ ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსის პირობებში უწევდა არსებობა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალში ე.წ. „რუსი სამშვიდობოების“ ჩაყენებამ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნას ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნა.
ამ პირობებში, შევარდნაძის ხელისუფლებამ რადიკალური გეოპოლიტიკური რეპოზიციონირება სცადა, როდესაც საქართველომ “ნატოს კარებზე დაკაკუნება” გადაწყვიტა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს. შევარდნაძემ, როგორც ჩანს, დასავლეთთან ალიანსში დაინახა საქართველოში სტაბილურობის მიღწევის და ქვეყნის წინაშე მდგარი რიგი ეგზისტენციალური პრობლემების (საზოგადოებრივი პოლარიზაცია, ეკონომიკური დაღმასვლა, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები და სხვ.) მოგვარების გზა.
შევარდნაძის ხელისუფლებაში დასავლური ორიენტაციის საკითხის აქტუალიზება მმართველი პარტიის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ (სმკ) რეფორმატორულ ფრთას უკავშირდება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია წარმოადგენდნენ. 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი გახდა, რომლის საპარლამენტო ასამბლეაზე ზურაბ ჟვანიამ ცნობილი ფრაზა წარმოთქვა „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
მიუხედავად აღნიშნული მცდელობებისა, მზარდი კორუფცია, გაუარესებული კრიმინალური მდგომარეობა, მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და სიღარიბის ზრდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას ბუნდოვანს და ნაკლებად რეალურს ხდიდა (Cornell 2001). ხელისუფლების მიმართ საზოგადოების განწყობა სულ უფრო კრიტიკული ხდებოდა. 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მძიმე დარღვევებით ჩატარებას და საბოლოო შედეგების მნიშვნელოვნად გაყალბებას ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. რამდენიმე კვირიანი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე 2003 წლის 23 ნოემბერს შევარდნაძე იძულებული გახდა გადამდგარიყო.
2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოვიდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (2003-2004) ხელმძღვანელობით. სააკაშვილის ადმინისტრაციამ და პოსტ-რევოლუციურმა პოლიტიკურმა ელიტამ თავის დეკლარირებულ მიზნად საბჭოთა მემკვიდრეობასთან ყველა კავშირის გაწყვეტა და ახალი საძირკვლიდან თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა. ძირეული რეფორმები გატარდა სახელმწიფო მმართველობის (კორუფციის საწინააღმდეგო და საჯარო ადმინისტრაციის დარგში), განათლების, სამართალდამცავი სტრუქტურების, სამხედრო და სხვა მნიშვნელოვან სფეროში.
რეფორმების მთავარი სამიზნედ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან ერთად საბჭოთა ცნობიერება დასახელდა. „მენტალური რევოლუცია“ განისაზღვრა დასავლური სივრცეში, კერძოდ ნატოში და ევრო კავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ ძირითად პირობად. მთლიანობაში, ქართველი ერის მისწრაფება „დაბრუნებოდა“ ევროპას და ზოგადად დასავლურ სამყაროს ეროვნული წარმოსახვის უმთავრესი ტროპი გახდა. შესაბამისად, ახალი მეხსიერების კონსენსუსიც რუსეთისგან და რუსული სამყაროსგან საქართველოს ფუნდამენტური განსხვავების ხაზგასმას დაეფუძნა.
2010 წელს შეიქმნა „ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია“, რომელიც “საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიან პოლიტიკასა და მის შედეგებზე მუშაობდა” (ნეტგაზეთი, 12 იანვარი 2011). კომისიას უნდა გამოეაშკარავებინა ისტორიული ფაქტები 1801 წლიდან მეფის რუსეთის და საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
2011 წლის 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად წარმოთქმულ სიტყვაში სააკაშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ იდენტობას და მომავალს. მან აღნიშნა, რომ ქართველები საკუთარ თავს ყოველთვის მიაკუთვნებდნენ ევროპას. მისი თქმით, ქრისტიანული რელიგია, ბიზანტიური სივრცის ნაწილად ყოფნა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში პროგრესული იდეების საფუძველზე დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გამოცდილება ამაზე მიუთითებდა.
პატარა დემოკრატიულ საქართველოსა და რუსეთის დესტრუქციულ იმპერიას შორის ეპიკური კონფრონტაციის, როგორც ბიბლიურ დავითსა და გოლიათს შორის დაპირისპირების ნარატივმა ახალი შინაარსი შეიძინა 2008 წლის აგვისტოში. ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში ქართულ ჯარსა და ოს შეიარაღებულ ჯგუფებს შორის შეტაკებების ესკალაციის კვალდაკვალ დაიწყო რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია საქართველოში. პუტინი ამტკიცებდა, რომ მისი მიზანი იყო ნატოს და დასავლეთის მიერ რუსეთის კავკასიიდან გაძევების მცდელობის აღკვეთა, ვინაიდან სააკაშვილი ამერიკის მიერ დანიშნული მარიონეტი იყო. რუსეთის ეს ქმედითი ნაბიჯი გაფრთხილება იქნებოდა მათთვის, ვინც მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. ომი ხუთ დღეს გაგრძელდა. ათი ათასობით ეთნიკური ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. 2008 წლის 26 აგვისტოს, ქართველების აგრესიისა და გენოციდისგან ოსების დაცვის საბაბით კრემლმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ პერიოდიდან, რუსეთი ახორციელებს სრულ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტროლს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებზე და მათი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების ადვოკატირებას ცდილობს. ამავდროულად, ქართული კანონმდებლობით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ეს რეგიონები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილება.
არალიბერალური შემოტრიალება და ავტორიტარიზმის კონტურები
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული კოალიცია „ქართული ოცნება“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, რითაც დასრულდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხრა წლიანი მმართველობა. პროევროპული პოლიტიკური კონსენსუსის ეროზია ქართული ოცნების მემარჯვენე პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა. ეს პროცესი შეუქცევადი გახდა მას შემდეგ რაც, კოალიციას ლიბერალური პროფილის პარტიები ჩამოსცილდნენ.
საქართველოში ლიბერალური პარადიგმის რღვევის ანალიზისთვის შეიძლება გამოდგეს მაქს ვებერის (1972) ცნება „შერჩევითი ნათესაობა“ [გერმანულად: “Wahlverwandtschaft”., ინგლისურად: “elective affinity”] რომელიც იდეების, ღირებულებების, სოციალური ჯგუფების და ინსტიტუტების ბუნებრივ, ტიპოლოგიურ დაახლოებას და შეკავშირებას აღწერს. ვებერის თვალსაზრისით, შერჩევითი ნათესაობის ბმები და კავშირები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კონკრეტული კულტურული ღირებულებების და სოციალური სტრუქტურების თანხვედრა და ურთიერთგაძლიერება ხდება. მაგალითად, პროტესტანტული ეთიკა, რომელიც შრომას და მომჭირნეობას ანიჭებს უპირატესობას შერჩევით ნათესაობას ავლენს კაპიტალიზმის სულთან, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ეკონომიკური წარმატება და კაპიტალის დაგროვება. ვებერი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ “შერჩევითი ნათესაობის” კავშირები კონკრეტული ისტორიული კონტექსტის გავლენით ყალიბდება.
შერჩევითი ნათესაობის კონცერტის შუქზე საინტერესოდ ჩანს თუ რატომ და როგორ უახლოვდება ქართული ოცნების ხელისუფლება ავტორიტარულ რეჟიმებს და განსაკუთრებით პუტინის რუსეთს. მმართველი პარტია კვლავაც ამტკიცებს, რომ არ აპირებს გადაუხვიოს ევროპულ გზას. თუმცა, ხელისუფლებისთვის ბოლო წლებში პრიორიტეტულია ევროპის არალიბერალურ ნაწილთან, კერძოდ ვიქტორ ორბანის უნგრეთთან, ურთიერთობის გაღრმავება. თუმცა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის გამოცდილებამ გარკვეული კულტურული და სტრუქტურული პირობები ჩამოაყალიბა, რაც ქართულ ოცნებას უადვილებს უფრო მჭიდრო კავშირში იყოს ავტორიტარულ რუსეთთან.
საქართველოს მთავრობა და მასთან დაახლოებული მემარჯვენე რადიკალური ძალები ისტორიულ პროპაგანდის ისეთ ხერხებს და დისკურსულ პრაქტიკებს იყენებენ, რომელიც რუსული სამყაროს იდეოლოგიისთვის არის დამახასიათებელი, მიუხედავად პუტინის რუსეთისგან მომავალი ეგზისტენციალური საფრთხისა, რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონები, ქართული ოცნება, პარადოქსულად, პოზიტიური დასავლური სიმბოლიზმის დეკონსტრუქციას შეუდგა. ხელისუფლების მიდგომა ფაქტობრივად ძირს უთხრის დეკლარირებულ ტრაექტორიას ევროკავშირისკენ. რეალურად მისი მისწრაფებები ენათესავება ყოფილი თუ რევიზიონისტული იმპერიული ცენტრის, მოსკოვის ინტერესებს.
მმართველი ისტებლიშმენტის ნარატივის მიხედვით, ქართული იდენტობა არსებითად წინააღმდეგობაში მოდის ისტორიული პროგრესის ლიბერალურ გაგებასთან როგორიცაა სეკულარიზაცია, პატრიარქალური ტრადიციების დასუსტება და ლგბტ თემის უფლებების დაცვა. ამ დისკურსს ქართული ოცნება არალიბერალური საკანონმდებლო ინიციატივების არგუმენტირებისთვის და „მავნე“ დასავლური ღირებულებების დემონიზაციისთვის იყენებს. გარდა ამისა, მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“ - დასავლური კოალიცია, რომელიც საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვისკენ უბიძგებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა მაღალი რანგის წევრები ამერიკულ, ევროპულ და უკრაინულ ელიტებს და ქართულ ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან ალიანსში ადანაშაულებენ.
2024 წლის აპრილიდან მოყოლებული ივანიშვილი თავის გამოსვლებში „გლობალური ომის პარტიას“ ახასიათებს როგორც ძალას, რომელსაც ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ადმინისტრაციებზე დიდი გავლენა აქვს. მან დასავლეთი ღიად დაადანაშაულა 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტში საქართველოს ჩართვაში. მისი თქმით, დასავლეთმა ახლა უკრაინა ჩაითრია რუსეთთან დამანგრეველ ომში (Castillo, 2024). 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო ინტენსიურად დაიწყო დასავლეთის დადანაშაულება ქართული „რადიკალური ოპოზიციის“ და მისი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასა და საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის დაგეგმვაში. ამ ვითარებაში მთავარ წინასაარჩევნო დაპირებებს შორის არის რადიკალური ოპოზიციის აკრძალვა და ამ გზით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა “ლიბერალური ფაშიზმისგან”.
2024 წლის მაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ის წყალგამყოფი მოვლენა გახდა, რომელმაც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ბევრს დაანახა, რომ საქართველოში ისედაც სუსტი დემოკრატიის საბოლოო და შეუქცევადი უკუსვლა რეალობა გახდა. ამ კანონს ჩვეულებრივ “რუსულ კანონად” მოიხსენებენ ვინაიდან ის პირდაპირ აირეკლავს პუტინის რუსეთის სამართლებრივ მექანიზმებს, რომელიც ოპოზიციის და განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. კანონი ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელი მედიას, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრში უცხოური გავლენის აგენტად. ამ შემთხვევაში, მთავარი სამიზნე არის დასავლური დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციები თუ ინდივიდები. კანონი უშვებს სენსიტიური პერსონალური მონაცემების შეგროვებას, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური იდენტობის, რელიგიური მრწამსის და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით.
2024 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”. კანონი არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, შვილად აყვანა, არასრულწლოვანთა მინდობით აღზრდა, სქესის შეცვლა, ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერული იდენტიფიკაცია, საჯარო დემონსტრაციები, შრომითი ურთიერთობები, ლბტ პროპაგანდა. კანონმდებლობა 17 მაისს ასახელებს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ (Georgia Today, 13 სექტემბერი, 2024 წ.). ეს სამართლებრივი ინიციატივები მკაფიოდ მიანიშნებს, რომ საქართველო რუსულ ორბიტაში ექცევა ლიბერალური „დასავლური“ სივრცისგან დისტანცირების პარალელურად.
დემოკრატიული უკუსვლა თვალნათლივ ჩანს ავტორიტარიზმის და მემარჯვენე პოპულისტურ პოლიტიკის ზრდაში. ქართული ოცნება აქტიურად იყენებს სხვადასხვა მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მიზნით. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, „ალტ-ინფო“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ და ხელისუფლების სხვა “პროქსი” ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთელი ქართველი ერის ნებას გამოხატავენ. აღნიშნული ჯგუფები საკუთარ მისიად “ქართველი ხალხის” რეალურ თუ წარმოსახვით „მტრებთან“ ბრძოლას მიიჩნევენ. ეს მტრები შეიძლება იყვნენ ლგბტ თემი, ემიგრანტები აზიიდან და, რაც მთავარია, ლიბერალური დასავლეთი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ალტ-ინფომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე აქტიური კამპანიის წარმოება დაიწყო. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება უკეთ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, ვიდრე ამჟამინდელი პროდასავლური კურსი. ალტ-ინფო ღია მხარდაჭერას უცხადებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
2021 წლის ივლისში „ქართული ოცნების“ წევრებისგან შეიქმნა საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალა“, რომელიც მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელ სუბიექტად მათი პოზიციონირება ცხადია ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება საზოგადოების თვალში. თუმცა ფორმალურად მათი, როგორც ცალკე პარტიის მიერ ეევროკავშირის ღია და მწვავე კრიტიკაში კარგად აირეკლება ქართული ოცნების თავიდან ლატენტური, მაგრამ სულ უფრო ხილული და გაბედული დისტანცირება დასავლეთისაგან.
ე.წ. „რუსული კანონის” შემოღებამ გააძლიერა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა, მაგრამ სხვა, პრორუსული ჯგუფები უფრო თამამი გზავნილებით ცდილობენ თავიანთი პოზიციების განმტკიცებას საქართველოს პოლიტიკურ ველზე. არალიბერალური რიტორიკის ინტენსიფიკაციის გზით ისინი ხელს უწყობენ საზოგადოების რადიკალურ ფრაგმენტაციას საქართველოს დასავლური მისწრაფებების საკითხის გარშემო.
2024 წლის აგვისტოში ახალმა პრორუსულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა სწრაფად აღედგინათ დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. პარტიამ აუცილებლად მიიჩნია რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უთანხმოებების გადალახვა და დასავლეთის წინააღმდეგ გაერთიანება “ყოველგვარი წინაპირობების გარეშე”. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთს რუსული ცივილიზაციის „განადგურების“ სურვილი ამოძრავებს და საქართველოსაც რუსეთთან ომისკენ უბიძგებს. გამოსავალი “ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი” შეიძლება იყოს. როგორც 1783 წელს, ახლაც უნდა შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო-პოლიტიკური სივრცე ორივე ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად - აღნიშნულია პარტიის მოწოდებაში (Civil.ge, 5 აგვისტო, 2024).
პოპულისტური “კულტურული შემოტევა”
როგორ უპირისპირდება ქართული ოცნების ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული მემარჯვენე რადიკალური ჯგუფები პროდასავლურ კოლექტიურ მეხსიერებასა და პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც დიდი ხანია ქართველების ისტორიული წარმოსახვის საფუძველია? რომელი აქტორები მართავენ ახალი მეხსიერების პოლიტიკას? როგორი მექანიზმები გამოიყენება ჯერ კიდევ დომინანტური პრო-დასავლური ისტორიული ნარატივის ეროზიის მიზნით?
არალიბერალური პოლიტიკური ელიტები ძალაუფლების მოსაპოვებლად ან მისი შენარჩუნების მიზნით თავიანთ პოპულისტურ რიტორიკაში ხშირად მიმართავენ ეროვნული კულტურის და “ხალხის სუვერენიტეტის” დაცვის არგუმენტებს (Arato and Cohen 2021). პოპულისტები, როგორც წესი, ჰომოგენური და „სუფთა ხალხის“ სახელით ლაპარაკობენ (Laclau, 2005; Mudde, 2004). ისინი ქმნიან “მეგობრისა” და “მტრის” დიქოტომიას და მკაფიო მიჯნას ავლებენ “ჩვენ” ხალხსა და „სხვებს“ შორის. სხვები შეიძლება გულისხმობდნენ შიდა ან უცხოელ ოპონენტებს, როგორიცაა პოლიტიკური ოპოზიცია, იმიგრანტები, ლგბტ თემი, ან დასავლეთის მიერ დაფინანსებული კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები.
დღევანდელი ქართული პოლიტიკური ელიტაც აქტიურად იყენებს კულტურას, როგორც ინსტრუმენტს დასავლური დონორებისგან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზაციისა და ძალაუფლების გაძლიერების მიზნით. ყველაფერი ეს კი ისედაც სუსტი დემოკრატიის მიზანმიმართული განადგურების გამართლებას ემსახურება. ქართული ოცნების რიტორიკა „სუვერენიტეტის“ შესახებ ერთი შეხედვით პარადოქსულად გამოიყურება, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობას გულისხმობს. თუმცა მსგავსი დამოკიდებულება არც თუ ისე პარადოქსული ჩანს თუ გავითვალისწინებთ საბჭოთა გამოცდილებას. როგორც აღვნიშნე, საბჭოთა პერიოდში ეროვნულობის გამძაფრებული განცდა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა იმპერიის ნაწილად ყოფნასთან. ერთის მხრივ, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის 20% მიიტაცა. მეორე მხრივ, ქართული ოცნების წევრების პოლიტიკა და რიტორიკა ცხადყოფს, თუ როგორ ცოცხლდება საბჭოთა იმპერიული ცენტრი-პერიფერიის ურთიერთობები “რუსული სამყაროს” და მისი იდეოლოგიის ქართული იმიტაციით. ქართული ოცნების მიერ ტრადიციებისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის დაცვის კოლექტიური სენტიმენტების გაღვივება ქართულ საზოგადოებაზე მოსკოვის რბილი ძალის პროექციას და გაძლიერებას მნიშვნელოვნად აადვილებს.
ამჟამინდელი რეჟიმი აქტიურად იყენებს კომპლექსურ “მნემონიკურ” მემკვიდრეობას, რომელიც ცარისტულ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებში სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში ყალიბდებოდა. კოლექტიური მეხსიერებაში დალექილი მთავარი ისტორიული მოვლენებისა და ფიგურების გარშემო შექმნილი მყარი ტროპები ქმნის იმ მზა კონსტრუქციებს, რომლებიც თანამედროვე პოლიტიკური მიზნებისთვის საჭირო მნიშვნელობებით შეიძლება დაიტვირთოს.
ქართული ოცნების მთავრობა და მისი “პროქსი” მემარჯვენე რადიკალური ჯგუფები შერჩევით „იცავენ“ ისტორიულ ფიგურებს, რომელთა მიღვაწეობა წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ნაბიჯებით გამოირჩევა ან ერის ისტორიაზე მათი ღრმა გავლენის გამო პოლიტიკური მიზნებისთვის ადვილად გამოსაყენებელია. მეფე ერეკლე II და ილია ჭავჭავაძე იდეალური ისტორიული ფიგურები არიან პოპულისტური მანიპულირებისთვის, რადგან ორივეს სიმბოლურ ხატს ქართველების კოლექტიურ მეხსიერებაში უზარმაზარი ადგილი უკავია.
მეფე ერეკლე II-ს ინსტრუმენტალიზება
მეფე ერეკლე II-ს გადამწყვეტი როლი მიუძღვის თავისი სამეფოს რუსეთის იმპერიის პროტექტორატად გადაქცევაში. ემპირიული ფაქტია, რომ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით საქართველოზე რუსეთის ხანგრძლივ ჰეგემონიას ჩაეყარა საფუძველი. შესაბამისად, ერეკლე II, ალბათ, ყველაზე “სასარგებლო” ისტორიული ფიგურაა “კარის ისტორიკოსების” და ოფიციალური „მეხსიერების სპეციალისტებისთვის“, რომლებიც გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნებისთვის მეფის სიმბოლური ხატით მანიპულირებას ცდილობენ.
საბჭოთა ხელისუფლება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე „რუსულ-ქართული მეგობრობის“ იუბილეებს ზეიმობდა. რუსეთის, როგორც „უფროსი ძმის“ ხატი, რომელმაც ქართველები სპარსული და ოსმალეთის უღლისაგან იხსნა, აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა მეხსიერების პოლიტიკაში. საბჭოთა ისტორიკოსები ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შეყვანას იმ წყალგამყოფ ნაბიჯად აფასებდნენ, რამაც რუსეთის იმპერიის და მოგვიანებით საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში ისტორიული ქართული მიწების გაერთიანებას შეუწყო ხელი. ეს სიმბოლური ტროპი არაერთხელ გათამაშდა ზოგიერთი თანამედროვე ანტილიბერალური ქართველი ისტორიკოსის რიტორიკაში. იგივე პერსპექტივა დღევანდელი მმართველი პარტიის პრორუსულ დისკურსაც განსაკუთრებით შეეფერება.
ერეკლე II-ის შესახებ დამკვიდრებული ტროპების ინსტრუმენტალიზება ხელს უწყობს საბჭოთა ნოსტალგიის და პრორუსული სენტიმენტების გაღვივებას და, რაც არ უნდა პარადოქსული ჩანდეს, ამავე დროს, აძლიერებს ეროვნული პატრიოტიზმის განცდას. ყველაფერი ეს კი საზოგადოებაში დასავლური მისწრაფებების შესუსტებას ისახავს მიზნად.
2023 წლის იანვარში, მემარჯვენე რადიკალურმა ჯგუფმა ალტ-ინფომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის და ხელისუფლების კრიტიკოსის ლევან ბერძენიშვილის ლექცია ჩაშალა, რომელიც ყვარელში, ევროკლუბში უნდა გამართულიყო. ულტრაკონსერვატიული ჯგუფების და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ბერძენიშვილი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში ერეკლე II-ს მიერ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერა ღალატის ტოლფას ნაბიჯად შეაფასა. 2022 წლის მაისში ბერძენიშვილი ამტკიცებდა, რომ ერეკლე მეორემ თავისი სამეფოს დამოუკიდებლობა დათმო. მან პარალელი გაავლო საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინას და ფაქტობრივად რუსეთის მოკავშირე გამოდის. ალტ-ინფომ ბერძენიშვილი დასავლეთის “აგენტობაშიც” დაადანაშაულა (Khincha, 2024).
2024 წლის ზაფხულში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემაზე გამართულ კონფერენციაზე ისტორიკოს ნუკრი შოშიაშვილის ახლად გამოქვეყნებული ბროშურა წარადგინა სახელწოდებით საქართველო მე-18 საუკუნეში - ერეკლე II. ავტორის თქმით, ბროშურაზე მუშაობა ერეკლეს მიმართ ბოლოს დროს გახშირებული შეტევების გამო გადაწყვიტა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მას მოღალატეც კი უწოდეს. ეს კი ისტორიულ მეხსიერების წყვეტას ნიშნავს. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენელ მერაბ ჭიკაშვილის თქმით, ბროშურა ეწინააღმდეგება ერეკლეს მემკვიდრეობის დამახინჯების მცდელობებს. შოშიაშვილი განიხილავს ერეკლეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც მისი მტკიცებით საქართველო გადაარჩინა. ავტორი 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სამ ძირითად მიზანს გამიყოფს: პირველი, ქართული იდენტობის დაცვა, მეორე, იმდროინდელი გაგებით ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და მესამე, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლემ ეს მიზნები ბოლომდე ვერ განახორციელა, შოშიაშვილი თქმით, მეფის პოლიტიკამ მომავალში მათი რეალიზებისთვის მყარი საფუძველი შექმნა. ამ ისტორიული არჩევანის წყალობით საქართველო უფრო უსაფრთხო გახდა. გამოსწორდა დემოგრაფიული მდგომარეობა. 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგა. აჭარა, რომელიც ადრე ოსმალეთის ტერიტორია იყო, საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ქართული ეთნოსის ერთი სივრცეში მოქცევამ გააძლიერა ქართული კულტურული იდენტობა, მათ შორის ქართული ენაც. ამრიგად, როგორც ავტორის მთავარი არგუმენტიდან ჩანს, ერეკლეს მიზნები საბოლოოდ მიღწეული იქნა ქართველების რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და ქვეშევრდომობაში ყოფნის დროს.
ღონისძიების მემარჯვენე და კონსერვატიულმა აუდიტორიამ მაღალი შეფასება მისცა ბროშურას. შეხვედრის მონაწილეებმა აღიარეს, რომ ერეკლეს პოლიტიკამ საქართველოს, ქართული სამეფო-სამთავროების, რუსეთის იმპერიაში შესვლა განაპირობა. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს ფაქტი პოზიტიურად მოვლენად ჩათვალეს. მთლიანობაში წიგნის წარდგენის დრამატურგია ორგანულად თავსდებოდა საბჭოთა ნარატივის სქემაში ქართულ-რუსული მეგობრობის შესახებ. შოშიაშვილის დასკვნით, ილუზიებმა და ისტორიის არასწორმა შეფასებამ მიგვიყვანა ომებამდე და საქართველოს ტერიტორიების დაკარგვამდე. მისი თქმით, აუცილებელია ქართულმა საზოგადოებამ წარსული უფრო პრაგმატულად შეაფასოს. მონაწილეები ვარაუდობდნენ, რომ ბროშურა ქართული საზოგადოების გაღვიძებას ემსახურება. ზოგიერთი დამსწრის მოსაზრებით, კარგი იქნება თუ ეს გამოცემა უფასოდ დაურიგდებათ სტუდენტებს, როგორც სასწავლო რესურსი (სოლიდარობა მშვიდობისთვის, 2024). მთლიანობაში, როგორც ჩანს, წიგნის წარდგენის ე.წ. პრაგმატული გზავნილი ეხმიანება ქართული ოცნების მიერ შეთავაზებულ “ომის ან მშვიდობის” მოდელს. ეს პოლიტიკურ დისკურსი ფარულად თუ ცხადად სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და დასავლური ორიენტაციის იდეის შესახებ სკეპტიციზმს თესავს და მას „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ქართული საზოგადოების მოსატყუებლად შექმნილ ილუზიად აფასებს.
2024 წლის აგვისტოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე თბილისში კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, საზოგადოების მოვალეობაა სათანადო პატივი მიაგოს საქართველოს ისტორიას და ეროვნულ გმირებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქართული “ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით” (ნეტგაზეთი, 26 აგვისტო, 2024).
პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს ძეგლის დადგმის გეგმა. ზოგიერთი გამოხმაურების თანახმად, ეს სიმბოლური ჟესტი დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთთან ალიანსის მანიშნებელია. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ქართული ოცნება ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას აპირებს და ეს ნაბიჯი მიზანმიმართული სიგნალია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები თავს არიდებენ ასპინძის ბრძოლის ხსენებას (1770 წლის 20 აპრილი), როდესაც რუსმა გენერალ-მაიორმა გოთლიბ ტოტლებენმა ერეკლე II მოულოდნელად მიატოვა. გეგმის მიხედვით, იგი ქართლ-კახეთის მეფეს ოსმალეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში უნდა შეერთებოდა, რომელიც სამხრეთ საქართველოში იმართებოდა. 1760-იან წლებში ერეკლე და მისი მამა, თეიმურაზ II-მ (1680-1762 წწ.) ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებას ცდილობდნენ. 1769 წლის რუსეთ-თურქეთის ომის დროს იმპერატრიცა ეკატერინემ II ქართველების დასახმარებლად ტოტლებენი გაგზავნა 1200 კაცთან ერთად. ერეკლე II-სა და ტოტლებენს შორის სამხედრო ტაქტიკაზე უთანხმოების ფონზე, 19 აპრილს, რუსმა გენერალ-მაიორმა მოულოდნელად უარი თქვა ბრძოლაში მონაწილეობაზე. ერეკლე ოსმალებთან პირისპირ მარტო დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლემ გაიმარჯვა, ტოტლებენის ქმედება ქართულ ისტორიულ წარმოდგენებში რუსეთთან ალიანსის არასაიმედოობის სიმბოლოდ იქცა.
„ქართული ოცნების“ სრულ არალიბერალურ რეჟიმად ტრანსფორმაციამდე, პარტიის ლიდერებიც აღნიშნავდნენ რუსეთის არასანდოობას. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ქადაგიშვილი მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავის საიუბილეო გამოცემაში 1783 წლის ტრაქტატთან დაკავშირებით წერდა: “შეთანხმების თანახმად, ქართლ-კახეთის სამეფო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და რუსეთის იმპერიასთან სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეობაში შედიოდა. რაც სამწუხაროდ, მოკლედ ხანში მუხანათურად იქნა დარღვეული რუსეთის იმპერიის მიერ” (ქადაგიშვილი, 2020). იგულისხმება 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება. თუმცა, ეს ისტორიული ეპიზოდები ახლა აშკარად არ არის ქართული ოცნების ნარატივის ნაწილი. სამაგიეროდ, საბჭოთა ეპოქის ნარატივი ქართულ-რუსული მეგობრობის შესახებ და ერეკლეს როლზე ამ „ძმური“ კავშირების განვითარებაში უკეთ ერგება პარტიის ამჟამინდელ პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ილია ჭავჭავაძის ინსტრუმენტალიზება
პოლიტიკურ ლიდერებს ზოგჯერ ისტორიულ პერსონაჟებს ადარებენ. სააკაშვილმა ილია ჭავჭავაძის პორტრეტი ახალი საქართველოს სიმბოლოდ მიჩნეულ, 2009 წელს გახსნილ პრეზიდენტის სასახლის კედელზე ჩამოკიდა. ამ აქტით მან ჭავჭავაძის ლიბერალურ მემკვიდრეობასთან მის კავშირს გაუსვა ხაზი.
ბიძინა ივანიშვილი, ასევე, ხშირად ლაპარაკობს ილია ჭავჭავაძეზე როგორც მისთვის როლურ მოდელზე. 2012 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ იგი საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ილია ჭავჭავაძის მედლით დააჯილდოვა. ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ დადგა დრო ერის მამის “ნაოცნებარი ავახდინოთ”, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართველი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრს და მუშაობას მიუძღვნა (NewPosts, 8 ნოემბერი, 2012 წ.).
2016 წელს გამოქვეყნებულ საჯარო წერილში ივანიშვილი ცდილობდა ეჩვენებინა მკვეთრი კონტრასტი სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის. მან სააკაშვილის ეპოქა დაახასიათა, როგორც რეპრესიების და მზარდი ავტორიტარიზმის ხანა და ის დაუპირისპირა ქართული ოცნების მთავრობის მმართველობას, რომელიც, მისი თქმით, დემოკრატიული გარდაქმნებით გამოირჩეოდა. თავის წერილში ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტორიტარიზმში დაბრუნება იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური უკუსვლა, არამედ “კულტურული და მენტალური ტრაგედია”, რადგან ავტორიტარიზმი ძალადობას ემყარება და ახშობს პოლიტიკურ, რელიგიურ და საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას.
ივანიშვილის სიტყვებით, საქართველოს განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა თავისუფლებაში, დემოკრატიასა და ტოლერანტობაში მდგომარეობს. ეს ღირებულებები ბუნებრივად აყალიბებს ქართული საზოგადოების მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტებია. ეს კურსი ასახავს საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, რომელიც დაფუძნებულია დასავლეთთან ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე, რაც არაერთხელ დადასტურდა გამოკითხვებითა და პლებისციტით (ტაბულა, 30 მაისი, 2016, ა). პარლამენტის წევრმა მანანა კობახიძემ აღნიშნული წერილი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ მემკვიდრეობას შეადარა, რითაც ორ ფიგურას შორის პარალელი გაავლო (ტაბულა, 30 მაისი, 2016, ბ).
2024 წლის 25 აპრილს, უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ (CPAC) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აუდიტორიას ტრადიციული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა და ისეთი საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა “ლგბტ პროპაგანდა“ და „უკონტროლო მიგრაცია“. კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპასა და აშშ-ში ფესვგადგმული ლიბერალური იდეოლოგია საქართველოსთვის რეალური საფრთხეა. მისი კრიტიკის თანახმად, ქართველი ლიბერალებიც საფრთხეს უქმნიან ქრისტიანობას, ეროვნული იდენტობასა და სახელმწიფო სუვერენიტეტს რაც, მისი მტკიცებით, სამ საყრდენზე არის აგებული - „მამული, ენა, სარწმუნოება“. კობახიძემ დაგმო ქართველი ლიბერალები ილია ჭავჭავაძის მიერ შემოფარგლული ქართული ეროვნული იდენტობის მარკერებს შორის „სარწმუნოების“ „ერთობით“ ჩანაცვლების გამო. იგი 2024 წლის 19 აპრილს ახალგაზრდული საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედებებს გულისხმობდა, რომლებიც “რუსული კანონის” ხელახალი შემოღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. აქციის დროს დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის ტრიადას მეოთხე კომპონენტი, “ერთობა”, შემატეს. ამით ახალგაზრდებმა საქართველოს მრავალრელიგიურ საზოგადოებას უფრო ინკლუზიური ფორმულა შესთავაზეს (Civil.ge, 25 აპრილი, 2024 წ.). თავის პოპულისტურ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ჭავჭავაძის საკრალიზებულ ხატს გაუსვა ხაზი, რომელიც ეთნორელიგიური ნაციონალიზმის დისკურსში თავსდება და, ასევე, მკაფიოდ ავლენს მმართველი პარტიის მზარდ ავტორიტარულ მისწრაფებებს.
2024 წლის 28 სექტემბერს, თელავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია „პოლიტიკურ სარკომას“ შეადარა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უნდა ამოიკვეთოს. თავის სიტყვაში მან ისტორიულ ინსინუაციებსაც მიმართა.
მან მოუწოდა “პატარა კახის, დიდი ერეკლეს შთამომავლებს” და მთლიანად საზოგადოებას გაუფრთხილდნენ ამ კუთხის შვილის, ილია ჭავჭავაძის მიერ განსაზღვრულ სამ ღვთაებრივ საუნჯეს მამულს, ენას და სარწმუნოებას. ივანიშვილის თქმით, ისევე როგორც ილიას დროს, ქართველები ახლაც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. კერძოდ, სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და რადიკალური ოპოზიცია დიდ საფრთხეს უქმნიან ქართულ ტრადიციებს, ისტორიის, კულტურას და რწმენას.
ივანიშვილმა ოპოზიცია ირანის ყაჯართა დინასტიის (1742–1797) დამაარსებელ აღა მაჰმად ხანს შეადარა, რომლის შემოსევებს კახეთი გადაურჩა, მაგრამ ქართულ ვაზს “თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო” ნაციონალური მოძრაობა მოევლინა. ისტორიულად, აღა მაჰმად ხანს კახეთში არ ულაშქრია თუმცა, ამ შემთხვევაში, მთავარია ივანიშვილის მიერ უცხოელ დამპყრობლებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შედარებების გაკეთება. მან ოპოზიცია საქართველოს მეღვინეობის ეკონომიკის - ქართული კულტურული იდენტობის არსებითი ელემენტის განადგურებაში დაადანაშაულა. ივანიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული დესტრუქციული ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნება (Interpressnews, სექტემბერი 28, 2024).
დასკვნა: ისტორიის გადაწერის მცდელობა?
ევროპისა და აშშ-ს მსგავსად, თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტზე სულ უფრო მეტად ძლიერდებიან მემარჯვენე რადიკალური და პოპულისტური პარტიები და მოძრაობები. 2014 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით ლიბერალური და პროდასავლური პარტიების და დანარჩენი ნაწილის პოლიტიკური სქიზმის შემდეგ, არალიბერალური რიტორიკა ქართულ პოლიტიკურ დისკურსში სტაბილურად მატულობს. ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, მმართველი პარტია მკაფიოდ ემიჯნება საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს და ცდილობს რადიკალურად შეცვალოს პრო-დასავლური პარადიგმა და მეხსიერების კონსენსუსი. ქართული კულტურისა და „სუვერენიტეტის“ ერთადერთი დამცველის როლში, ქართული ოცნება აგრძელებს მასთან დაკავშირებული მემარჯვენე რადიკალური და კონსერვატიული მოძრაობების მხარდაჭერას.
სამართლებრივი ინიციატივები, როგორიცაა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ტიპოლოგიურად ირეკლავს განსხვავებული აზრის ჩახშობის კრემლის ლეგალურ ტაქტიკას, რომელსაც მნიშვნელოვანი სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური შედეგები მოჰყვება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის თვალსაზრისით. თუმცა, ამ მყისიერი და ფუნდამენტური რღვევების მიღმა, ჩვენ ვხედავთ უფრო ღრმა სიმბოლურ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს ევროპისადმი მიკუთვნებულობის შესახებ ისტორიული წარმოსახვის მთელ ქსოვილს არღვევს. ქართული ოცნების მიერ ჯერ კიდევ დომინანტური პროდასავლური ისტორიული ნარატივის მოდიფიკაციის მცდელობები პირდაპირ აზარალებს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს და მის ბრძოლას ავტორიტარული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. საქართველოში ისტორია და მეხსიერება არის ის ბრძოლის ველი სადაც ავტორიტარული ლოგიკა სიმპტომურად იშლება, როგორც ეს ხდება რუსეთში, უნგრეთსა და სხვა არალიბერალური რეჟიმების ქვეყნებში.
კონსერვატიული ღირებულებების და ისტორიის ინსტრუმენტალიზება სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან “შერჩევითი ნათესაობის” გამყარებას ემსახურება. ქართული პოლიტიკური ელიტა სულ უფრო ინტენსიურად ითვისებს კრემლის კულტურული და იდენტობის პოლიტიკის არსენალში არსებულ სიმბოლურ რეპერტუარს. მართლმადიდებლური ქრისტიანობაზე, ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებზე და ანტი-ლგბტ პოზიციაზე ხაზგასმით ქართულ ოცნების რიტორიკა ბუნებრივად ენათესავება „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას.
მეხსიერების ახალი რეჟიმი, რომლის დაკანონებას ცდილობს ქართული ოცნების მთავრობა კომპლექსური მნემონიკური მემკვიდრეობის ინსტრუმენტალიზების მეშვეობით, მიზნად ისახავს 2003 წლის შემდგომი კონსენსუსის მოშლას . მეფის რუსეთის ეპოქაში და საბჭოთა პერიოდში ქართველებს იმპერიული ჰეგემონიის პირობებში უწევდათ თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის თუ გაძლიერებისთვის ზრუნვა და ბრძოლა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქართველები იძულებული იყვნენ მორგებოდნენ იმპერიული მეტროპოლიის ცივილიზაციური მისიის ნარატივს. ამ სიტუაციაში, ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებების რეალიზება რთული იყო. ეროვნულობის და გამოკვეთილად განსხვავებული კულტურული იდენტობის განცდა ეთნოფედერალური იმპერიის, მაგალითად საბჭოთა კავშირის, შემადგენლობაში, ყოფნასთან თანაარსებობდა. „ქართული ოცნების“ პოპულისტური რეპრეზენტაციები ერთდროულად ეროვნული სუვერენიტეტისა და რუსეთთან ურთიერთობის დათბობის შესახებ სწორედ საბჭოთა პერიოდის მსოფლაღქმას შეესაბამება.
ისტორია მნიშვნელოვანი იარაღია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ისტორიული ფიგურების, ერეკლე II-ს და ილია ჭავჭავაძის სიმბოლური ხატების ინსტრუმენტალიზებით და კოლექტიური მეხსიერების შერჩევითი მანიპულაციით, ხელისუფლება საბოლოოდ ასუსტებს ფუნდამენტურ პროევროპულ კონსენსუსს. ისტორიული თემები და ფიგურები ის „ცარიელ აღმნიშვნელებია“, რომლებიც პოლიტიკური ელიტის მიზნებისთვის სასარგებლო შინაარსით ივსება.
ბიბლიოგრაფია:
თოიძე, ლევან. 1991. ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც. თბილისი
ნეტგაზეთი. 2024. კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება – კობახიძე. 26 აგვისტო, 2024. https://netgazeti.ge/news/739280/
ნეტგაზეთი 2011. ისტორიული სიმართლის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. 12 იანვარი, 2011. https://netgazeti.ge/news/8647/
NewPosts. 2012. “ბიძინა ივანიშვილი - დადგა დრო, რომ ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ”. 8 ნოემბერი, 2012. https://old.newposts.ge/?newsid=2138-2012,11,08,15,36,29.
ჟორდანია, ნოე. 2018. “ერის თვითმყოფადობა“. საქართველოს სახელმწიფო ხელმძღვანელები. ნოე ჟორდანია. პოლიტიკური ემიგრაცია. გვ. 70-77, ტომი. XV. თბილისი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სოლიდარობა მშვიდობისთვის. 2024. ნუკრი შოშიაშვილის ბროშურის პრეზენტაცია - “საქართველო XVIII საუკუნეში – ერეკლე II”. YouTube. Solidarity for Peace. 6 აგვისტო, 2024. https://www.youtube.com/watch?v=vgMBudqT404
სტალინი, იოსებ. 1953. „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“. თხზულებანი. ტომი 2. 1907-1913, თბილისი: სახელგამი.
ტაბულა. 2024. პრორუსული პარტია რუსეთს და საქართველოს ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას სთავაზობს. 5 აგვისტო, 2024. https://tabula.ge/ge/news/721291-prorusuli-partia-rusets-sakartvelos-akhali
ტაბულა. 2016 (a). ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი - “დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ”, 30 მაის, 2016. https://tabula.ge/ge/news/586417-bidzina-ivanishvilis-ghia-cerili-darcmunebuli-var
ტაბულა. 2016 (b). “ივანიშვილის ღია წერილმა მანანა კობახიძეს ილია ჭავჭავაძე გაახსენა”. 30 მაისი, 2026. https://tabula.ge/ge/news/586455-ivanishvilis-ghia-cerilma-manana-kobakhidzes-ilia.
ქადაგიშვილი, ირაკლი. 2020. “ერეკლე მეფის საიუბილეოდ!”. ლიტერატურული ჟურნალი ოლე. N 4 (47). მეფე ერეკლე - 300. თელავი: მწერალთა ასოციაცია “ლიტერატურული კახეთი”.
Arato, Andrew, and Jean L. Cohen. 2021. Populism and Civil Society: The Challenge to Constitutional Democracy. New York: Oxford University Press.
Castillo, Nicholas. 2024. “A Second Front and the ‘Global War Party’: How Georgian Dream Talks about the West, Russia and the Russia-Ukraine War.” The Russian Program, The George Washington University. August 26, 2024. https://therussiaprogram.org/georgian_dream.
Civil.Ge. 2024. “CPAC: PM Kobakhidze Defends Christianity, Identity from ‘So-Called Liberals,’” April 25, 2024. https://civil.ge/archives/601368.
Civil.Ge. 2024. “Pro-Kremlin Party Urges Georgian, Russian Authorities to ‘Unite’ against West,” August 5, 2024. https://civil.ge/archives/618959.
Cornell, Svante E. 2001. Small Nations and Great Powers: A Study of Ethnopolitical Conflict in the Caucasus. Routledge.
Hirsch, Francine. 2005. Empire of Nations: Ethnographic Knowledge and the Making of the Soviet Union. Ithaca, NY: Cornell University Press, 2005.
Hodgkin, Katharine, and Susannah Radstone, eds. 2003. Regimes of Memory. 1st edition. Abingdon/New York: Routledge.
Hroch, Miroslav.1985. Social Preconditions of National Revival in Europe. New York:Colombia University Press.
Jones, F. Stephen. 2005. Socialism in Georgian Colors. The European Road to Social Democracy, 1883–1917. Cambridge: Harvard University Press
Georgia Today. 2024. “Legal Issues Committee Supports Family Values Bill in Third Reading,” September 13, 2024. https://georgiatoday.ge/legal-issues-committee-supports-family-values-bill-in-third-reading/.
Interpressnews. 2024. “Bidzina Ivanishvili on the ‘National Movement’: These Stateless People Must Answer for the Most Serious Crimes - Society Must Cut This Political Sarcoma from Its Own Body,” September 2024. https://www.interpressnews.ge/en/article/133614-bidzina-ivanishvili-on-the-national-movement-these-stateless-people-must-answer-for-the-most-serious-crimes-society-must-cut-this-political-sarcoma-from-its-own-body/
Khincha, Shota. 2024. “Shota’s Newsletter.” Ivanishvili Really Struggles to Sell Russia to Georgians (blog). August 5, 2024. Linkedin.com https://www.linkedin.com/pulse/ivanishvili-really-struggles-sell-russia-georgians-shota-kincha-vx2wf/?trackingId=WnneNqAvSTGq7bkbvWJDHw%3D%3D.
Kotkin, Stephen.1995. Magnetic Mountain: Stalinism as a Civilization. Berkeley: University of California Press.
Laclau, Ernesto. 2005.On Populist Reason. London: Verso.
Martin, Terry. 2001.The Affirmative Action Empire: Nations and Nationalism in the Soviet Union, 1923–1939. Ithaca, NY: Cornell University Press.
Mudde, Cas. 2004. “The Populist Zeitgeist”. Government and Opposition, 39 (4), 541–563.
Weber, Max. 1978. Economy and Society: An Outline of Interpretive Sociology. Edited by Guenther Roth and Claus Wittich. Berkeley: University of California Press.
[1] „აფირმაციული მოქმედების“ პოლიტიკა ისეთი პოლიტიკური და სოციალური მექნიზმების შემუშავებას გულისხმობს, რომლებიც კონკრეტული მარგინალიზებული ჯგუფების ისტორიული და სისტემური დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად არის მიმართული განათლების, დასაქმების და სხვა სფეროში. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა რასა, სქესი და ეთნიკური წარმომავლობა. აფირმაციული მოქმედების პოლიტიკის კლასიკური ნიმუშია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც სამოქალაქო უფლებების მოძრაობიდან (1950-1960) დაწყებული აქტიურად მიმდინარეობს რასობრივი სეგრეგაციის და უთანასწორობის აღმოფხვრაზე სისტემური მუშაობა.
ინსტრუქცია