[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

ილიაუნისთვის ავტორიზაციის მინიჭება მონიტორინგის პირობით  უკანონოა და პოლიტიკური შევიწროების მიზანს ატარებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭება მონიტორინგის პირობით უკანონო და დაუსაბუთებელია, რაც მთავრობის მიერ უნივერსიტეტის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და აკადემიურ თავისუფლებაში ჩარევის სერიოზულ რისკებს აჩენს. მზარდი ავტორიტარული ტენდენციებისა და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და კულტურული სივრცეების შევიწროების საერთო კონტექსტში, ჩნდება ვარაუდი, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელი უნივერსიტეტების შევიწროებას გეგმავს და მათ კრიტიკული სამოქალაქო პოზიციების გამო სჯის. 

2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ (შემდგომში საბჭო) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს  6  წლის ვადით ავტორიზაცია მიანიჭა, თუმცა, დამატებით მოთხოვნად ერთი წლის ვადაში  ანგარიშის წარმოდგენა განუსაზღვრა.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს  კანონის თანახმად, ავტორიზაციის საბჭო  უმაღლესი დაწესებულების ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს  გადაწყვეტილებას ავტორიზაციის, ავტორიზაციაზე უარის და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. კანონმდებლობა ე.წ „პირობითი ავტორიზაციის“ ტერმინს არ იცნობს, თუმცა  განათლების მინისტრის ბრძანება აზუსტებს, რომ  ავტორიზაციის მინიჭების შემთხვევაშიც საბჭო უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ დაწესებულებას განუსაზღვროს ვადა მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. ასევე ის უფლებამოსილია,  მიიღოს დაწესებულების ავტორიზაციის გადაწყვეტილება და მიმართოს ცენტრს შუამდგომლობით დაწესებულების მონიტორინგის შესახებ, ან მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ, ან უარი უთხრას ავტორიზაციაზე. ამდენად, საბჭო უფლებამოსილია, რომ უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნა მიიღოს ცნობად, ან მიმართოს ცენტრს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, ავტორიზაციის პირობების შესრულების შესამოწმებლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ავტორიზაციის საბჭო ილიას უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი  თვითშეფასების  ანგარიშს  ცნობად არ მიიღებს,  უნივერსიტეტი  კვლავ  გაივლის ავტორიზაციას ზოგად ავტორიზაციის სტანდარტებთან და საბჭო უნივერსიტეტთან მიმართებით  ხელახალი შეფასების ფარგლებში  უფლებამოსილი იქნება მიიღოს ზემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი, მათ შორისგაუუქმოს უნივერსიტეტს ავტორიზაცია.[1]

ავტორიზაციის ექსპერტების ჯგუფის შეფასებით, უნივერსიტეტი შესაბამის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მეტიც, ექსპერტების აზრით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  საუკეთესო პრაქტიკის მაგალითია.  ექსპერტებმა უნივერსიტეტს მხოლოდ ტექნიკური რჩევები მისცეს. მნიშვენელოვანია განიმარტოს, რომ რჩევა არის არასავალდებულო სახის შეთავაზებები,  რეკომენდაციები არის სავალდებულო, და ნიშნავს რომ უნივერსიტეტმა ის უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ სტანდარტთან მოვიდეს შესაბამისობაში.  

ამის მიუხედავად, საბჭომ დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებები რამდენიმე კომპონენტში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეცვალა, ექსპერტების ჯგუფის ზემოაღნიშნული რჩევები ყოველგვარი ახსნის გარეშე რატომღაც რეკომენდაციად გადააკვალიფიცირა და მიიჩნია, რომ ავტორიზაციის სტანდარტის ცალკეულ კომპონენტებში  ნაცვლად − „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, უნდა შეფასებულიყო როგორც − „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“. ამასთან აღსანიშნავია რომ ექსპერტთა მიერ გაკეთებული რჩევები მექანიკურად არის გადატანილი რეკომენდაციებში და მათ შორისა, გადატანილია ისეთი რჩევები, რომელიც უნივერსიტეტის მიერ უკვე შესრულებული იყო.

სამწუხაროდ, ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში არათუ არ არის მოცემული ექსპერტთა მიერ შემუშავებული რჩევების რეკომენდაციებში გადატანის საფუძველი, არამედ პრობლემურია ის, რომ არასავალდებულო ხასიათის რჩევები საბჭომ  ისეთ სავალდებულო რეკომენდაციებად აქცია, რომელიც ავტორიზაციის სტანდარტით არ მოითხოვება და ამით საკუთარი  უფლებამოსილების ფარგლებიდან გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს სისტემაში პრობლემურია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ინსტიტუციური მოდელიც,  განსაკუთრებით კი − ავტორიზაციის საბჭოს მუდმივი და მოწვეული წევრების პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნის და გათავისუფლების წესი,[2] რაც ავტორიზაციის პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს და  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თავისუფლებისა და   ინსტიტუციური ავტონომიის შესახებ საერთაშორისო  და რეგიონულ სტანდარტებთან მოდის წინააღმდეგობაში.  

ცხადია, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თვითნებური და აშკარად უკანონო შინაარსი, ისევე როგორც ავტორიზაციის საბჭოს წევრების პრემიერ-მინისტრის მხრიდან დანიშვნის სისტემა, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, ის პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული.

ამის ნათელი მაგალითია სხვა  უნივერსიტეტების შეფასების პროცესზე დაკვირვება და შედარება. ავტორიზაციის საბჭოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების ანალიზი აჩვენებს, რომ საბჭოს განსხვავებული და უფრო ლოიალური მიდგომა ჰქონდა, მაგალითად, აკაკი წერეთლის, გრიგოლ რობაქიძისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების შეფასებასთან მიმართებით, სადაც ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტების მიერ მითითებული რეკომენდაციები, პირიქით, რჩევაში გადაიტანა და მიიჩნია, რომ ეს არ იყო რეკომენდაცია. ასევე, 2021 წელს, როდესაც ვებსტერის უნივერსიტეტს  ავტორიზაცია  მიენიჭა, უნივერსიტეტი, ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, 7 კომპონენტიდან ოთხში საერთოდ არ შეესაბამებოდა კანონით მოთხოვნილ სტანდარტს, მაგრამ ავტორიზაციის საბჭომ მას მაინც მიანიჭა სრულფასოვნად ფუნქციონირების უფლება.

იმას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკან, შესაძლოა, პოლიტიკური დაინტერესება იდგეს, ადასტურებს „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებებიც.

გაზაფხულის პროტესტებთან კავშირში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი  წინასაარჩევნო  დაპირება განათლების ფუნდამენტური რეფორმის გატარება იქნება, რომელიც განათლების სისტემაზე პოლიტიკურ გავლენებს შეამცირებს. მისი თქმით,საბოლოოდ, ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო განათლების სისტემა […] საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც შედეგად მივიღებთ არა განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა.. ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე“.

ილიას უნივერსიტეტი ერთ-ერთი იყო იმ საჯარო უნივერსიტეტებს შორის, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს რექტორთა განცხადებას, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებით სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ ბოიკოტს ეხმიანებოდა. განცხადებაში ეწერა, რომ  „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“ და რომ „მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე“. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციების დროს განათლების განვითარების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გააკეთა და უნივერსიტეტები მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას გაფიცვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე გააფრთხილა. თუკი ეს ვალდებულებები არ შესრულდებოდა, ცენტრი უნივერსიტეტებს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში პრობლემების შექმნის საფრთხეზე აფრთხილებდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ, ერთი მხრივ, მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, უკანონობა და მეორეს მხრივ, ავტორიზაციის პროცესის ინსტიტუციური მოწყობის არსებული მოდელი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უფრო მეტად პოლიტიკური დაინტერესებით იყო  მოტივირებული. ამ ეჭვებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მაღალი თანამდებობის პირებისა და განათლების განვითარების ხარისხის ეროვნული ცენტრის კრიტიკული და არადემოკრატიული განცხადებები უნივერსიტეტებთან დაკავშირებით.

ავტორიზაციის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნის უგულებელყოფა და ამით საკუთარი პრაქტიკიდან გადახვევა, კითხვის ნიშნებსაც აღარ ტოვებს მათი გადაწყვეტილების მიზანზე − სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შევიწროებისა და მასზე „მსუსხავი ეფექტი“ საუნივერსიტეტო სფეროზეც გაავრცელონ. სხვაგვარად უბრალოდ ვერ აიხსნება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც დასაბუთების გარეშე, თვითნებურად,  ცვლის დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას მაშინ, როდესაც ისინი არათუ დარღვევებზე, არამედ უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკებზე ამახვილებდნენ ყურადღებას და აშკარა მოწონებას გამოხატევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოს დააკმაყოფილოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი და აღმოფხვრას ის უკანონობა და თვითნებობა, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ მის პირველად გადაწყვეტილებაში დაუშვა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მისცეს უპირობო ავტორიზაცია.

ილიაუნის-საქმე_1729836875.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანების 79-ე , 791, 80 მუხლები

[2]  უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, მუხლი 56​2, პუნქტი 21.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“