[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

სტრასბურგის სასამართლომ აგენტების კანონის გამო რუსეთის მიერ უფლებების დარღვევა კიდევ ერთხელ დაადასტურა

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების უფლებების დარღვევას ადგენს. ჩვენი შეხედულებით, ამ საქმეში სასამართლოს განმარტება ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს, რომ  საქართველოში მოქმედი რუსული კანონი ანალოგიურად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. შესაბამისად, ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმეზე ევროპულ სასამართლოში იგივე შედეგი დადგება.

გუშინ, 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთში მოქმედ ე.წ. აგენტების კანონზე.[1] სასამართლოს შეფასებით, ეს კანონი არის მასტიგმატიზირებელი და უხეშად არღვევს გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლებებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. გუშინდელი გადაწყვეტილება არ არის პირველი, რომელიც ევროპულმა სასამართლომ რუსეთში „აგენტების“ კანონთან დაკავშირებით მიიღო. 2022 წელს “ეკო დიფენსის” საქმეზე[2]  სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების (გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა. კანონის მიღების შემდეგ ეტაპობრივად რუსეთში მოქმედი კანონი სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, ემატებოდა დამატებითი შეზღუდვები აგენტის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის, აგრეთვე მკაცრდებოდა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს  კანონში განხორციელებულ ცვლილებებსა და დამატებით შეზღუდვებზეც დასჭირდა მსჯელობა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.[3] მან აღნიშნა, რომ არც ერთი ის საკითხი, რომლის გამოც ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა (აგენტის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების, საარჩევნო კომისიებში მონაწილეობის, არასრულწლოვნებთან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების და სხვა უფლებების შეზღუდვა) ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონში არ იყო გათვალისწინებული. შალვა პაპუაშვილი დამატებით არგუმენტად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლითაც არ დადგინდა რუსული კანონის არაკონსტიტუციურობა.  

მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან უჩვეულო არ არის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების არასწორი ინტერპრეტაცია, თუმცა პაპუაშვილის ეს განცხადება განსაკუთრებით მანიპულაციურია და არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოს განმარტებასთან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ ევროპული სასამართლო ცხადად გამოხატავს პოზიციას აგენტების კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომლებიც აგრეთვე არის განსაზღვრული ქართული ოცნების მიერ მიღებულ „რუსულ კანონში“. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის გადაწყვეტილებაში ევროპულ სასამართლოს უკვე ჰქონდა შეფასებული „აგენტების“ კანონის ძირითადი პრობლემები, ახალ გადაწყვეტილებაში განმეორებით გაუსვა ხაზი რამდენიმე  საკითხს:

  • კანონის მასტიგმატიზირებელი ეფექტი - სასამართლომ განმარტა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციების „უცხოურ აგენტებად“ დასახელება არამარტო გაუმართლებელი და ხელისშემშლელი იყო მათი საქმიანობისთვის, არამედ, მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტიგმატიზირებელი ეფექტიც ჰქონდა.
  • აუდიტისა და ანგარიშგების მოთხოვნები - სასამართლოს განმარტებით, ანგარიშგებისა და ხშირი შემოწმების ვალდებულება განმცხადებელ ორგანიზაციებს არაპროპორციულ ფინანსურ და ორგანიზაციულ ვალდებულებას უწესებდა, რაც გამჭვირვალობის მომეტებული საჭიროებით ვერ აიხსნებოდა.
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - სასამართლოს შეფასებით, პირადი მონაცემების რეესტრში გასაჯაროება „უცხოური აგენტის“ მასტიგმატიზირებელ იარლიყთან ერთად, უნდა ჩაითვალოს განმცხადებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევად.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი “აგენტების” კანონის ცალკეულ საკითხებზე მსჯელობისას პირდაპირ მიუთითა ვენეციის კომისიის განმარტებაზე. კომისიას ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონიც პრობლემურად აქვს შეფასებული თანაზომიერების პრინციპის დარღვევის გამო. შესაბამისად, მაღალია შანსი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებას გაიზიარებს.

ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ორივე გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს, რომ გამჭვირვალობის სახელით მიღებული ასეთი კანონები აღვივებს უნდობლობასა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ, რისი მიზანიც თავისუფალი სივრცეების ჩახშობაა. ევროპული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა აქვთ ანტიდემოკრატიული ნორმატიული აქტების მიმართ და შესაბამისად, "ქართული ოცნების” მიერ მიღებული “რუსული კანონი” ცალსახად არის როგორც დემოკრატიის დამაზიანებელი, აგრეთვე გადაულახავი ბარიერი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.  

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] CASE OF KOBALIYA AND OTHERS v. RUSSIA. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/UeDcyfZZ

[2] ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/2eDcuISX

[3] შალვა პაპუაშვილი პოსტი სოციალურ ქსელში. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/MeDchpfp

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“