საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გოტა ჭანტურია,
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი,
განათლების კოალიციის დირექტორი
შესაძლოა, მკითხველთა უდიდესმა ნაწილმა იფიქრა, რომ ეს ტექსტი ზუსტად ასახავს განათლების სისტემაში არსებულ რეალობას. პრინციპში, ეს ასეც არის, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მოცემული ტექსტი ფრაგმენტია ქართული ოცნების 2012 წლის საარჩევნო პროგრამიდან, რომელშიც აღწერილია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა.
ამ სტატიაში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების ჭრილში შევეცდები ქართული ოცნების 12-წლიანი განათლების პოლიტიკის (მეტწილად ზოგადი განათლების) გაანალიზებას და მისი ძირითადი მახასიათებლების, თუ შეცდომების გამოყოფას. ცხადია, ძალიან ბევრიც და ბევრნაირადაც შეიძლება დაიწეროს, მაგრამ რადგან ეს არ არის აკადემიური სტატია, ლანა ღოღობერიძის წიგნის არ იყოს, დავწერ „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“.
განათლება, როგორც ძალაუფლების განმტკიცების ინსტრუმენტი
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ერთ-ერთი მთავარი დაპირება განათლების სისტემის ავტონომიურობის გაძლიერება და პარტიული წნეხის შემცირება იყო. 2012 წელს სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა, რომელიც განათლების სისტემაში პოლიტიკური შეხედულებების გამო განთავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს შეისწავლიდა (იხ. კომისიის ანგარიში). გარდა ამისა, დაიწყო დიმიტრი შაშკინის (რომლის მმართველობის პერიოდი შეგვიძლია ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდად შევაფასოთ) დროს შექმნილი მანდატურის სამსახურის რეფორმაც. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისათვის რთული აღმოჩნდა სკოლებზე კონტროლის შემცირება და მათთვის ავტონომიის მინიჭება. მაგალითად, დღემდე მოქმედებს 2010 წელს მიღებული ბრძანება №837, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს ნებართვის გარეშე სკოლებს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა ეზღუდებათ. ამავე დროს, სისტემაში კვლავ რჩებიან ადამიანები, რომლებსაც მისი კონტროლი ევალებოდათ ყოფილი ხელისუფლების დროსაც. მაგალითად, განათლების მინისტრის მოადგილე, გელა გელაძე, რომელიც დიმიტრი შაშკინის პერიოდში მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, იქამდე კი - ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა.
სკოლებზე კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი იყო დირექტორთა შესარჩევი კონკურსი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდმა კარგად აჩვენა, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, ეს ინსტრუმენტი სწორედ ამ მიზნით გამოიყენებოდა და პროცესი, უამრავი კრიტიკის მიუხედავად, სრულიად გაუმჭვირვალედ ჩატარდა (იხ. განათლების კოალიციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებები). შედეგად, ვხედავთ გაზრდილ წნეხს დირექტორებსა და მასწავლებლებზე, რათა ისინი ჩაერთონ ქართული ოცნებისადმი მხარდამჭერ საქმიანობაში. ეს წნეხი განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს რეალური პროფკავშირი, ინსტიტუცია, რომელიც, ერთი მხრივ, დაიცავდა და, მეორე მხრივ, საზოგადოების დღის წესრიგში წინ წამოსწევდა მასწავლებელთა უფლებრივ საკითხებს.
საგულისხმოა, რომ მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მასწავლებელთა შრომითი პირობები და სოციალური მდგომარეობა ქართული ოცნების პირობებში ფაქტობრივად არ გაუმჯობესებულა. 2024 წლის მონაცემებით, განათლების სექტორში, სხვა სექტორებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა.
წყარო: საქსტატი
განათლების იდეა და ფუნქცია
ის, რომ განათლების სისტემა, განათლების ამოცანების ნაცვლად, პარტიული ამოცანებით იმართება, ვფიქრობ, მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს, მაგრამ რა არის თავად განათლების ამოცანები და როგორ აღიქმება ის გადაწყვეტილების მიმღებთათვის?
ამერიკელი განმანათლებლის, ჯონ დიუის მოსაზრებით, განათლების მიზანი თავად განათლებაა (Noddings, 1995). ბიესტა (2009) კი, სამ ძირითად მიზანს გამოყოფს. პირველი, ეს არის კვალიფიკაცია, რაც გულისხმობს ცოდნის მიცემას, უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებას; მეორე - სოციალიზაცია, როდესაც განათლების პროცესის შედეგად, ჩვენ ვხდებით საზოგადოების წევრები; და მესამე - სუბიექტივიზაცია, სხვა სიტყვებით - ინდივიდუალიზმის, ავტონომიისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.
გარდა ამისა, განათლება უნდა განვიხილოთ სოციალური წინსვლის ინსტრუმენტადაც, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებები - მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციის მატარებელ ინსტიტუციებად. ამ ფუნქციებს შორის არის, მაგალითად, თემის განვითარება. თუკი განათლების სისტემას ამ პერსპექტივით შევხედავთ, ცხადი ხდება, რომ ის თავის როლს და ფუნქციას ვერ ასრულებს.
ბოლო წლების განმავლობაში, განათლების იდეის შესახებ დისკუსიები საკმაოდ მწირი იყო და ფაქტობრივად არასდროს ყოფილა წახალისებული. არადა, ამ ტიპის დისკუსიები მნიშვნელოვანია, როგორც განათლების სისტემის, ისე თავად საზოგადოების განვითარებისათვის. მაგალითად, მასწავლებლებისაგან ხშირად მოისმენთ ფრაზას, „ჩვენ ვამზადებთ მოსწავლეებს მომავლისათვის“. პრინციპში, ამ სიტყვებში არაფერია არასწორი, მაგრამ თითქმის არასდროს მოისმენთ, რომ განათლების მიზანი არა მხოლოდ მომავალზე სწორება, არამედ აწმყოც არის. ანალოგიურად, მოისმენთ ფრაზებს, რომ სკოლა დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისაგან.[i] სხვა მაგალითიც რომ მოვიყვანო, რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ უნივერსიტეტების რექტორთა განცხადებაც, რომელშიც ისინი რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს ეხმიანებიან და უნივერსიტეტს „პოლიტიკისაგან თავისუფალ“ სივრცეს უწოდებენ. იმავე პოლიტიკის გაგრძელება იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მუქარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისადმი (საბედნიეროდ, ეს მუქარა სამინისტროს უკანვე შემოუტრიალდა, როდესაც განცხადებას ცენტრის თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი გაემიჯნა). სასკოლო დონეზე, კიდევ უფრო საგანგაშო იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლადო მგალობლიშვილის მოწოდება მშობლებისადმი, რომ დაასმინონ მასწავლებლები, თუკი ისინი პოლიტიკაზე ესაუბრებიან მოსწავლეებს. თითოეული ეს მაგალითი კარგად აჩვენებს ქართული ოცნების არასწორ და ვიწრო გაგებას თავად განათლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების დანიშნულების თაობაზე. შესაბამისად, პოლიტიკის ცვლილება, სწორედ განათლების მიზნებსა და დანიშნულებაზე მსჯელობით უნდა დაიწყოს.
განათლება, როგორც ბაზარი
სტატიაში განათლების მარკეტიზაციის შესახებ (2014), მაია ჩანქსელიანი წერს, რომ 2012 წელს, დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში, განათლების სისტემამ მარკეტიზაციის ზენიტს მიაღწია. სწორედ ასეთი სისტემა გადაიბარა ქართულმა ოცნებამ, რომელთანაც, პრინციპში, არანაირი იდეოლოგიური წინააღმდეგობა არ ჰქონია.
მარკეტიზაცია, მარტივად რომ ვთქვათ, სისტემის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნება, ამ პრინციპებით ხელმძღვანელობაა. მაგალითად, თითქმის ყველა მინისტრის რიტორიკაში მოისმენდით, რომ „კონკურენტული მოქალაქის“ აღზრდა იყო მათი მთავარი მიზანი, რომელიც ბოლო წლებში „ადამიანური კაპიტალის განვითარებით“ შეიცვალა. ამ სისტემაში, სტუდენტი/მოსწავლე აღიქმება „პროდუქტად“, ხოლო განათლება - „სერვისად“, რომელსაც, თუ ერთგან ვერ იყიდი, წახვალ და სხვაგან შეიძენ.
ფოტო: ახალი მათრახის გვერდიდან
ამგვარ სისტემებსა თუ რეფორმებს ზოგიერთი მკვლევარი „ეპიდემიადაც“ მოიხსენიებს (ლევინი, 1998), რომელსაც, საბოლოოდ, როგორც ინსტიტუციურ, ისე ინდივიდუალურ და ღირებულებით შიზოფრენიამდე მივყავართ (ბოლი, 2003). ლიოტარი ამას წინააღმდეგობების კანონს ეძახის (the Law of contradiction), როდესაც პრიორიტეტული საკითხების ნაცვლად, მეორეხარისხოვან საკითხებზე ხდება ფოკუსირება. მაგალითად, მასწავლებლების შემთხვევაში, როდესაც ისინი არა სწავლა-სწავლებაზე, კურიკულუმის განვითარებასა თუ ერთმანეთთან თანამშრომლობაზე, არამედ იმიჯის წარმოჩენაზე, ან ე.წ. კრედიტების დაგროვებაზე არიან ორიენტირებულნი. უნივერსიტეტების შემთხვევაში, კვლევის ნაცვლად მარკეტინგსა და სტუდენტების მოზიდვაზე ხდება ფოკუსირება. ქართული ოცნების პოლიტიკა სწორედ ასეთი მენეჯერიალისტური მიდგომებით ხასიათდება, სადაც პროფესიონალიზმი, გამოცდილება და თანამშრომლობა მეორეხარისხოვანია.
(უ)თანასწორობის გაკვეთილები
განათლების სისტემის შეფასებისას, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი თანასწორობაა - რამდენად ქმნის სახელმწიფო თანაბარ პირობებს მოსწავლეთათვის? რამდენად აძლევს მათ თანაბარ შესაძლებლობებს?
სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობის პირველ წლებში ქართულმა ოცნებამ დაიწყო უთანასწორობის აღმოფხვრასა თუ მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება. მაგალითად, უფასო სახელმძღვანელოებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამები, რეგიონის სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების გაგზავნა, მათთვის უკეთესი პირობების შესათავაზებლად (პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“). გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინკლუზიური განათლების განვითარების მხრივაც. შედეგად, თუ 2009 წელს რეგისტრირებული იყო 160 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე, ეს რიცხვი 2013 წლისთვის 1,613 გახდა, 2019 წლისთვის კი - სსსმ მოსწავლეთა რაოდენობამ 7 000-სს გადააჭარბა (ჭანტურია, ქადაგიძე და მელიქაძე, 2020).
მიუხედავად ამისა, თუკი დღეს სისტემას თანასწორობის კრიტერიუმითაც შევაფასებთ, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, სისტემა ერთ-ერთი ყველაზე არასამართლიანი და უთანასწოროა. ეს ვლინდება როგორც მოსწავლეთა შეფასებებში, ისე სხვა მაჩვენებლებში.
მოსწავლეთა შეფასების მხრივ, მნიშვნელოვანი განსხვავებებია როგორც სკოლის ტიპის (კერძო/საჯარო), ისე ადგილმდებარეობის (თბილისი/სხვა ქალაქები/დაბა/სოფელი) და სწავლის ენის მიხედვით (ქართულენოვანი/რუსულენოვანი/აზერბაიჯანულოენოვანი). კონკრეტულად, კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად უფრო მაღალ შედეგებს აღწევენ შეფასების სამივე სფეროში (მათემატიკა, კითხვა, საბუნებისმეტყველო საგნები), ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეები. საინტერესოა, რომ თუ შევხედავთ ერთი და იმავე სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მოსწავლეთა შედეგებს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლაში, მათ შორის განსხვავებას ფაქტობრივად ვერ დავინახავთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს განსხვავება მეტწილად სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით არის გამოწვეული და არა სკოლის ტიპით. ანალოგიურად, თბილისში მცხოვრები მოსწავლეები უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე სხვა ქალაქებში, დაბასა თუ სოფლებში, ხოლო ქართულენოვანი მოსწავლეები უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე - არაქართულენოვანი. ამგვარი ტენდენცია ვლინდება როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ შეფასებებში.
წყარო: მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022
საინტერესოა, რომ 2012 წლის შემდგომ, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა არც ეროვნული გამოცდების რეფორმის თვალსაზრისით, რომელიც, მიუხედავად მაღალი სანდოობისა, უთანასწორობის ერთ-ერთი წყაროც არის (Chakseliani, et. al, 2020). არსებული ცენტრალიზებული გამოცდების პირობებში, ქალაქის სკოლის მოსწავლეებთან კონკურენციის გამო, სოფლის და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მოსწავლეებს, როგორც უნივერსიტეტში მოხვედრის, ისე დაფინანსების მოპოვების გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ. ეს ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული, მაგალითად, საცხოვრისის მაღალი ხარჯები ან გამოცდებისათვის მომზადების ხარჯი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ სისტემა ამგვარ უთანასწორობას ხელს უწყობს და ახალისებს.
ცხადია, უთანასწორობა ვლინდება სხვა მაჩვენებლებშიც, მაგალითად, სკოლაში კვების მხრივ. გაეროს ბავშვთა ფონდის მიხედვით, სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად მოსწავლეთა მხოლოდ 27% იკვებება. არასდროს არ იკვებება 35%, ხოლო მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია და 45%-ს აღწევს.
და ბოლოს, უთანასწორობის ყველაზე ნათელი ილუსტრაცია COVID პანდემიის დროს გამოჩნდა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი რეაგირების კომპენსაცია შინამეურნეობებს მატერიალური სახით მოუწიათ (მაგ,. ინტერნეტისა თუ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შესყიდვა, რეპეტიტორებისათვის დამატებითი სახსრები და ა.შ.). დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებმა ვერ შეძლეს ამ ხარჯების გაღება, რის გამოც სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდათ წვდომა ონლაინ სწავლებაზე. მაგალითად, ქალაქისა და სოფლის მოსწავლეთა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას შორის სხვაობა 20% იყო, ხოლო ღარიბი ოჯახებიდან მოსწავლეთა მხოლოდ 52% სარგებლობდა ინტერნეტით, მაშინ როცა ქალაქში ეს მაჩვენებელი 94% იყო. ამ პერიოდში განსაკუთრებით პრობლემური იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.
სტაბილური არასტაბილურობა
სტატიაში, რომელიც ცოტა ქაოსური გამომივიდა, შევეცადე განათლების სისტემა ისეთი მახასიათებლების ჭრილში წარმომედგინა, როგორიც არის განათლების მიზნები და უთანასწორობა. ცხადია, გვაქვს სხვა მახასიათებლებიც. მაგალითად, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის საქართველოს ანგარიშში ვკითხულობთ, „საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებმაც სტაბილურობა აჩვენეს და შედეგები 2018 წელთან მიმართებაში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ შეცვლილა“. ეს აზრი კიდევ უფრო უკეთ გადმოსცა განათლების მინისტრის მოადგილემ, როდესაც თქვა, რომ არ არის გაუმჯობესება, მაგრამ არც გაუარესებაა. ნამდვილად, სტაბილურობა განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სტაბილურად ხშირად იცვლებიან განათლების მინისტრები (2012 წლის შემდგომ მინისტრი უკვე 7-ჯერ შეიცვალა); ასევე სტაბილურად ხშირად იცვლება რეფორმები, რომელთა მხოლოდ სახელებიღა თუ რჩება მეხსიერებაში. შესაბამისად, თუ სისტემას შევხედავთ, როგორც პაციენტს, შეიძლება ვთქვათ, რომ „მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“. ხოლო თუ სისტემის გაუმჯობესება გვსურს, მნიშვნელოვანია როგორც მართვის პრინციპების შეცვლა, ისე მისთვის სოციალური ფუნქციის დაბრუნება.
გამოყენებული ლიტერატურა:
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). (2023). ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში 2023.
პაპიაშვილი და ბეჟანიძე. (2022). უმაღლესი განათლება და სოციალური სამართლიანობა. სტუდენტთა სოციალური საჭიროებების კვლევა.
ქადაგიძე. (2021). COVI 19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება.
ჩახაია, ლ. (2019). სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში.
ჭანტურია, ქადაგიძე და მელიქაძე. (2020). სასკოლო განათლების ისტორია: 1990-2020.
Ball, S. J. (2003). The teacher's soul and the terrors of performativity, Journal of Education Policy, 18:2, 215–228, DOI: 10.1080/0268093022000043065
Chankseliani, M. (2014). Georgia: Marketization and Education Post-1991. Education in Eastern Europe and Eurasia, 277–302. https://doi.org/10.5040/9781472593474.ch-014
Chankseliani, Maia; Gorgodze, Sophia; Janashia, Simon; Kurakbayev, Kairat (2020). Rural disadvantage in the context of centralised university admissions: a multiple case study of Georgia and Kazakhstan. Compare: A Journal of Comparative and International Education, (), 1–19. doi:10.1080/03057925.2020.1761294
Gert Biesta (2009). Good education in an age of measurement: on the need to reconnect with the question of purpose in education. , 21(1), 33–46. doi:10.1007/s11092-008-9064-9
Levin, B. (1998). An epidemic of education policy: what can we learn for each other? Comparative Education, 34(2), 131-142.
Lyotard, J.-F. (1984) The Postmodern Condition: a report on knowledge, vol. 10 (Manchester: Manchester University Press).
Noddings, N. (1995). Philosophy of Education. http://ci.nii.ac.jp/ncid/BB06490876
Tabatadze, Shalva; Gorgadze, Natia (2017). School voucher funding system of post-Soviet Georgia: From lack of funding to lack of deliverables. Journal of School Choice, (), 1–32. doi:10.1080/15582159.2017.1408000
[i] მასწავლებელთა გარკვეულ ჯგუფში ამგვარი აღქმის ფორმირებაში ან/და განმტკიცებაში, მცირე წვლილი, შესაძლოა, ჩვენც, განათლების კოალიციასაც მიგვიძღოდეს. უფრო კონკრეტულად, 2020-2021 წლებში ვაწარმოებდით „სკოლების დეპოლიტიზების კამპანიას“, რომლის მიზანიც სკოლების ავტონომიის ხელშეწყობა და მავნე პარტიული წნეხის შემცირება იყო. ტერმინში, „დეპოლიტიზება“, სწორედ ეს იგულისხმებოდა და ქართულ ოცნებას თავის პროგრამულ დანაპირებს ახსენებდა. მიუხედავად ამისა, რიგ შემთხვევებში სხვაგვარი აღქმაც გამოიწვია. საბოლოოდ, ისევ კოლეგებთან და მასწავლებლებთან დისკუსიების შედეგად, კამპანიის სახელწოდება შეიცვალა „მასწავლებლები დემოკრატიისათვის“ სახელით.
ინსტრუქცია